დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 11.11.2005
საქმის ნომერი
ას-445-724-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.11.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-445-724-05 11 ნოემბერი, 2005წ.,ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),რ. ნადირიანი

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება; ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 14 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ა. გ-ემ მოპასუხეების _ ზ. და ნ. შ-ეების მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ბათუმში, ... მდებარე ¹5 ბინიდან მოპასუხეების გამოსახლება. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ზ. შ-ეს ემართა მისი ვალი _ 6000 აშშ დოლარი, რის გამოც მისმა ძმამ, გ. გ-ემ, ვალის სანაცვლოდ გადაუფორმა ბათუმში, ... მიუხედავად იმისა, რომ ბინა მის საკუთრებას წარმოადგენდა, მოპასუხეები უარს აცხადებდნენ ბინის გათავისუფლებაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა ნ. შ-ემ მოპასუხეების _ ა. გ-ის, გ. გ-ის, მესამე პირის _ ნოტარიუს მ. ბ-ის მიმართ. მან მოითხოვა 1999წ. 22 აპრილს ა. გ-ესა და გ. გ-ეს შორის გაფორმებული, ბათუმში, ... მდებარე ¹5 ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მის მიერ აღნიშნული ბინის ნასყიდობაზე გაცემული თანხმობის ბათილად ცნობა. იგი მიუთითებდა, რომ მისი მეუღლე ზ. შ-ე ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას. საქმის კონკრეტული ვითარება მისთვის უცნობი იყო. 1997 წლიდან მის მეუღლეს საქმიანობაში წარმოეშვა პრობლემები. 1999წ. აპრილში იგი მისი მეუღლის მეგობრის _ თ. ს-ის ცოლმა და დამ მანქანით წაიყვანეს ნოტარიუსთან და სთხოვეს ბინის გასხვისებაზე თანხმობის მიცემა, თან იმუქრებოდნენ მისი მეუღლის ფიზიკური ანგარიშსწორებით. მან საშიშროება რეალურად ჩათვალა და დაწერა თანხმობა. მისი მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 16 იანვრის გადაწყვეტილებით ა. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ. შ-ეს კი უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. და ნ. შ-ეებმა.

აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 8 აპრილის განჩინებით გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 9 დეკემბრის განჩინებით ა. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 8 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში, 2004წ. 6 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ზ. შ-ემ მოპასუხეების _ ა. და გ. გ-ეების, მესამე პირის _ ნოტარიუს მ. ბ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მის მიერ 1999წ. 25 მარტს გ. გ-ეზე გაცემული მინდობილობისა და 1999წ. 22 აპრილს გ. გ-ესა და ა. გ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება. მოსარჩელის განმარტებით, 1997 წელს მისმა მეგობარმა თ. ს-ემ, ერთობლივი კომერციული მიზნებისათვის, გ. გ-ისაგან ისესხა 2000 აშშ დოლარი, რომელიც ვერ გადაიხადა. მოგვიანებით თ. ს-ე ქალაქიდან მიიმალა, რის გამოც მოსარჩელემ, გ. გ-ისაგან თავის დაღწევის მიზნით, გასცა მინდობილობა თავის საცხოვრებელ ბინაზე და გამსესხებელს დაჰპირდა, რომ თანხას გადაუხდიდა ექვსი თვის შემდეგ. მოპასუხე ეუბნებოდა, რომ მინდობილობა სჭირდებოდა მხოლოდ გარანტიის მიზნით. სუბიექტური მიზეზების გამო მოსარჩელემ აღნიშნული თანხის მოპასუხისათვის დაბრუნება ვერ შეძლო. მოგვიანებით გაარკვია, რომ გ. გ-ეს ვალის დასაფარავად ბინა გადაფორმებული ჰქონდა თავის დაზე _ ა. გ-ეზე. მისი მოსაზრებით, აღნიშნული გარიგება დადებული იყო მოჩვენებითად.

აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 16 აპრილის განჩინებით ზ. შ-ისა და ნ. შ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა შეჩერდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ზ. შ-ის მიერ აღძრული სარჩელის გადაწყვეტამდე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 28 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმში, ... მდებარე ¹5 ბინა ირიცხებოდა მოსარჩელე ზ. შ-ის საკუთრებაში, რომელიც ბინაში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. 1995წ. 25 თებერვალს მოსარჩელემ მოპასუხე გ. გ-ეს მისცა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა აღნიშნული ბინის გაყიდვის უფლების მინიჭების შესახებ. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ აღნიშნული მინდობილობა მხარეებმა მოსაჩვენებლად დადეს იმ განზრახვის გარეშე, რომ შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა. მოსარჩელეს არ ჰქონდა წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები და ვერც მის მიერ მოყვანილი არგუმენტები ასაბუთებდა ამ მტკიცებას. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ გ. გ-ესაგან თანხა ისესხა არა მან, არამედ მისმა მეგობარმა თ. ს-ემ, რომ მასა და გ. გ-ეს შორის სასესხო ურთიერთობა ფაქტობრივად არ არსებობდა ადგილი. მოსარჩელის მოთხოვნა მინდობილობის ბათილად ცნობის შესახებ არ შეესაბამებოდა სკ-ის 56-ე მუხლის მოთხოვნებს. მოსარჩელე ასევე ვერ ასაბუთებდა საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც თვალთმაქცური გარიგების, ბათილობის საფუძვლების არსებობას.

საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. შ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება. აპელანტის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში საქმის განმხილველმა სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 393-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტი, არასწორად განმარტა სკ-ის 56-ე მუხლი. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ფაქტობრივად, არსებობდა სასესხო და იპოთეკის ურთიერთობას, ხოლო კანონის შესაბამისად აღნიშნული გარიგებების დადებას მათი მხრიდან არ მომხდარა. აპელანტის განმარტებით, გ. გ-ესა და ზ. შ-ეს შორის დადებული გარიგება იყო თვალთმაქცური, რამდენადაც სესხის ხელშეკრულების ნაცვლად მხარეთა შორის დაიდო ბინის გაყიდვის უფლების მიმცემი გარიგება, რა დროსაც ზ. შ-ე მოტყუვდა და დათანხმდა ასეთი გარიგების დადებაზე, ხოლო ამით ისარგებლა გ. გ-ემ და ბინა გადააფორმა დაზე _ ა. გ-ეზე. ამასთან, მინდობილობის მიცემით, ფაქტობრივად, მოხდა ვალის უზრუნველყოფა. მოქმედი კანონმდებლობით დაუშვებელი იყო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გადაცემა კრედიტორის საკუთრებაში, რაც არ გაითვალისწინა საქმის განმხილველმა სასამართლომ.

აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 6 ოქტომბრის განჩინებით საქმეები ზ. შ-ისა და ა. გ-ის სარჩელებისა გამო გაერთიანდა ერთ წარმოებად იმ საფუძვლით, რომ ორივე საქმე იყო ერთგვარ და ერთმანეთთან არსებითად დაკავშირებული, მათ გაერთიანებას მოჰყვებოდა დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვა.

აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 1 თებერვლის განჩინებით ზ. შ-ისა და ნ. შ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 16 იანვრისა და 2004წ. 28 ივნისის გადაწყვეტილებები. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გარიგება მხარეთა შორის დადებული იყო ურთიერთნდობით. სადავო მინდობილობა რეგისტრირებული იყო რესტრში და დამოწმებული იყო ნოტარიუსის მიერ. მინდობილობის თანახმად, გ. გ-ეს გადაეცა ზ. შ-ის საკუთრებაში არსებული სადავო ბინის გასხვისების უფლება. აღნიშნულ მინდობილობას თან ერთვოდა ზ. შ-ის მეუღლის _ ნ. შ-ის განცხადება, რომლითაც იგი თანხმობას აცხადებდა, ზ. შ-ეს გაეყიდა ან სხვა პირისათვის გასაყიდად გადაეცა საერთო საკუთრებაში არსებული სადავო ბინა. აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში უდავოდ გამოირიცხებოდა მხარეთა შორის თვალთმაქცობის ან დაძალების არსებობა. მინდობილობის მიღების შემდეგ გ. გ-ეს სრული უფლება ჰქონდა, გაეყიდა მასზე გადაცემული ბინა, რომელიც მან მიჰყიდა თავის დას _ ა. გ-ეს. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების განმარტება, რომ მხარეებმა მინდობილობა გააფორმეს სესხის ხელშეკრულების დაფარვის მიზნით. საქმის მასალების თანახმად, სესხის ხელშეკრულება ზ. შ-ესა და ა. გ-ეს შორის არ ყოფილა დადებული და ამას არ უარყოფდა თვით ზ. შ-ეც. რაც შეეხებოდა ზ. შ-ის განცხადებას იმის თაობაზე, რომ გ. გ-ეს მისთვის არ მიუცია ბინის გაყიდვის შედეგად აღებული თანხა, აღნიშნული წარმოადგენდა სხვა სასარჩელო გარემოებას და აპელანტები არ იყვნენ შეზღუდული, ამ საკითხზე ახალი სარჩელით მიემართათ სასამართლოსათვის. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. შ-ის მოთხოვნა საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ უსაფუძვლო იყო და არ გამომდინარეობდა სკ-ის 56-ე მუხლის მოთხოვნიდან, არ არსებობდა არც მოჩვენებითი და არც თვალთმაქცური გარიგების ნიშნები. აქედან გამომდინარე, სკ-ის 170-ე მუხლის შესაბამისად, საფუძვლიანი იყო ა. გ-ის მოთხოვნა ზ. შ-ისა და ნ. შ-ის ოჯახის წევრებთან ერთად ბინიდან გამოსახლების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზ. შ-ემ და ნ. შ-ემ, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება. კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა დაუსაბუთებელი განჩინება, არასწორად განმარტა სკ-ის 56-ე მუხლი, არ გამოიკვლია და შეფასების გარეშე დატოვა საქმის გარემოებები. სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ შეისწავლა საქმისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, თუ საიდან და რა სახით წარმოიშვა ზ. შ-ის ვალდებულება მოპასუხე გ. გ-ის მიმართ, აღნიშნული ვალის არსებობის გარეშე საერთოდ შესაძლებელი იქნებოდა თუ არა მათ შორის მინდობილობის გაფორმება. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 56-ე მუხლი. ზ. შ-ის მიერ მინდობილობა გაიცა მხოლოდ სესხის დაბრუნების გარანტიის მიზნით. სააპელაციო სასამართლომ საერთოდ ყურადღება არ მიაქცია ა. გ-ის სასარჩელო განცხადებას, სადაც მითითებული იყო, რომ ბინის მის სახელზე გადაფორმება მოხდა არსებული ვალის სანაცვლოდ. სააპელაციო სასამართლოს სათანადო სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცა ამ გარემოებისათვის და უნდა დაედგინა, რომ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გამოყენებულ იქნა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად. უზრუნველყოფის საშუალების პირდაპირ კრედიტორის საკუთრებაში გადასვლა კი, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დაუშვებელი იყო. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა როგორც სესხის, ისე _ იპოთეკის წესები, ვინაიდან მათ შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა, ფაქტობრივად, იპოთეკას წარმოადგენდა, მის საკუთრებაში არსებული ნივთი გამოყენებულ იქნა სესხის უზრუნველსაყოფად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. და ნ. შ-ეების საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სადავო მინდობილობა დამოწმებული იყო სანოტარო წესით და რეგისტრირებული იყო რესტრში; მინდობილობის თანახმად, გ. გ-ეს გადაეცა ზ. შ-ის საკუთრებაში არსებული სადავო ბინის გასხვისების უფლება; ზ. შ-ის მეუღლე ნ. შ-ემ წერილობით თანხმობა განაცხადა, ზ. შ-ეს გაეყიდა ან სხვა პირისათვის გასაყიდად გადაეცა საერთო საკუთრებაში არსებული სადავო ბინა; ზ. შ-ე და ნ. შ-ე პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას უარყოფდნენ, რომ ზ. შ-ე უშუალოდ იმყოფებოდა სასესხო ურთიერთობაში გ. გ-ესთან ან ა. გ-ესთან, ისინი მიუთითებდნენ, რომ გ. გ-ისაგან თანხა ისესხა ზ. შ-ის მეგობარმა, ვინმე თ. ს-ემ, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენიათ.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარში ასეთი პრეტენზია წამოყენებული არ არის.

საკასაციო საჩივრის საფუძველია სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო დარღვევა იმ თვალსაზრისით, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არ დაადგინა ზ. შ-ესა და გ. გ-ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა, ყურადღება არ მიაქცია ა. გ-ის სარჩელს, სადაც მითითებულია, რომ ზ. შ-ეს ჰქონდა ა. გ-ის ვალი და გ. გ-ემ ამ ვალში გადაუფორმა ბინა. აღნიშნული გარემოებების გამორკვევა, კასატორების მოსაზრებით, გამოიწვევდა სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემის აუცილებლობას _ სადავო მინდობილობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების აღიარებას მოჩვენებით და თვალთმაქცურ გარიგებებად სკ-ის 56-ე მუხლის საფუძველზე.

სსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. მართალია, ა. გ-ე თავის სასარჩელო განცხადებაში მიუთითებს, რომ ზ. შ-ეს ჰქონდა მისი ვალი, მაგრამ თუკი სააპელაციო სასამართლო გაიზიარებდა აღნიშნულ გარემოებას და დადგენილად ჩათვლიდა, აღნიშნული, ისევე, როგორც ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის დადგენა, უშუალოდ ა. შ-ესა და გ. გ-ეს შორის გავლენას ვერ მოახდენდა იარსებებდა. ორივე შემთხვევაში სახეზე იქნებოდა ვალდებულების შეწყვეტის წინაპირობები ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის გზით, რასაც ითვალისწინებს სკ-ის 442-ე მუხლი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორები ვერ ადასტურებენ მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგების საფუძვლების არსებობას, რის გამოც, სსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. და ნ. შ-ეების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ-ის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 1 თებერვლის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.