დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№17611-13 21 ივნისი, 2013 წელი
ლ-ი ლ.-17611-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ გ. ფ-ის
მსჯავრდებულ _ ლ. ლ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ლ. ლ-ის საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 თებერვლის განაჩენით ლ. ლ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2011 წლის 20 დეკემბრიდან.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №... დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ლ. ლ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მაისის განჩინებით იმავე სასამართლოს 2012 წლის 27 თებერვლის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ლ. ლ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 5 წელი, 6 თვე და განესაზღვრა 4 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 20 დეკემბრიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მაისის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
რუთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ლ. ლ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სასჯელისგან გათავისუფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირი – გ. ს-ი გარდაცვლილია, მისმა მეუღლემ უარი განაცხადა სასამართლო გზავნილის ჩაბარებაზე, ხოლო ტელეფონის ნომერი, რომელიც ეკუთვნის გ. ს-ის შვილს, გამორთულია. ამდენად, სასამართლოსათვის დაზარალებულის პოზიცია უცნობია.
რადგან ამნისტიის კანონის მე–11 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, ხოლო მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს დაზარალებულის თანხმობა, მსჯავრდებულ ლ. ლ-ის მიმართ ამ მუხლის გამოყენება ვერ მოხერხდა, რის გამოც რუსთავის საქალაქო სასამართლომ კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე–16 მუხლით და მსჯავრდებულს ერთი მეოთხედით კანონიერად შეუმცირა დანიშნული სასჯელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მაისის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ. ლ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი