დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 25.11.2005
საქმის ნომერი
ას-451-774-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.11.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-451-774-05 25 ნოემბერი, 2005წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),რ. ნადირიანი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 7 მაისს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ედუარდ ს.-მ მოპასუხე შპს “დ.-ის” მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ ავტომანქანის ღირებულების ანაზღაურების დაკისრება 11 000 აშშ დოლარის ოდენობით, შემდეგი საფუძვლებით: 2001წ. დეკემბრის თვეში მან გერმანიიდან ჩამოიყვანა ავტომანქანა “მერსედესი-124” რეალიზაციის მიზნით, რომელიც განათავსა მოპასუხის ავტოსადგომზე, სადაც ასევე მოწყობილი იყო ავტობაზრობა. ავტომანქანა დაფიქსირდა მოპასუხის სააღრიცხვო ჟურნალში, რომელსაც აწარმოებდნენ მოპასუხის დაცვის თანამშრომლები. 2002წ. 8 აპრილს, ავტოსადგომზე მისულ მოსარჩელეს ავტომანქანა არ დახვდა. აღნიშნულ ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს 2002წ. 10 ოქტომბრის დადგენილებით შეჩერდა პასუხისგებაში მისაცემი პირის დადგენამდე. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მოპასუხესა და მას შორის დადებული იყო ნივთის მიბარების ხელშეკრულება, მოპასუხე ვალდებული იყო ნივთი შეენახა კეთილსინდისიერად, მაგრამ გამოიჩინა უხეში გაუფრთხილებლობ, რის შედეგადაც დაკარგა ნივთი. მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა სკ-ის 763-ე, 764-ე, 774-ე მუხლების საფუძველზე.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ს.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებულობის მოტივით.

რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ს.-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ, საქმეზე დართულ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მხარეთა ახსნა-განმარტებებს. სააპელაციო სასამართლოში მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებითა და სისხლის სამართლის საქმეში არსებული მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდებოდა, რომ ავტომანქანა მას ეკუთვნოდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 9 მარტის გადაწყვეტილებით ე. ს.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ე. ს.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს “დ.-ს” დაეკისრა ე. ს.-ის სასარგებლოდ 11000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ე. ს.-მა 2001წ. 17 დეკემბერს გერმანიის რესპუბლიკაში 19000 მარკად შეიძინა ავტომანქანა “მერსედესი-124”, რომელიც ჩამოიყვანა საქართველოში. 2002წ. 5 აპრილს მან ავტომანქანა დააყენა შპს “დ.-ის” ავტოსადგომზე, რაც რეგისტრირებულ იქნა მანქანების აღრიცხვის ჟურნალში. 2002წ. 8 აპრილს ე. ს.-ს ავტომანქანა ავტოსადგომზე აღარ დახვდა, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ მიმართა სამართალდამცავ ორგანოს. ავტოსადგომიდან მანქანის დაკარგვის ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც 2002წ. 10 ივლისის დადგენილებით შეჩერდა ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემი პირის დადგენამდე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სკ-ის 763-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის შემნახველს ეკისრებოდა პასუხისმგებლობა ნივთის დაკარგვის ან დაზიანებისათვის. სკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეეძლო მოეთხოვა ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო მიბარებული ნივთის შენახვა (დაცვა), რის გამოც მოსარჩელისათვის უნდა აენაზღაურებინა ამით მიყენებული ზიანი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “დ.-მ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მან არაჯეროვნად შეასრულა მიბარების ხელშეკრულება, რის გამოც ეკისრებოდა პასუხისმგებლობა სკ-ის 394-ე მუხლის საფუძველზე. კასატორის განმარტებით, ე. ს.-მა 2002წ. 5 აპრილს გაიყვანა ავტომანქანა ავტობაზრობის ტერიტორიიდან, რის შემდეგაც მას ავტომანქანა შესანახად აღარ ჩაუბარებია. აღნიშნული საკითხი, ასევე მოწმეთა ჩვენებები შეფასების გარეშე დატოვა სააპელაციო სასამართლომ. გარდა ამისა, სასამართლომ ისე დააკისრა მოპასუხეს 11 000 აშშ დოლარის გადახდა, რომ არ გამოარკვია, ე. ს.-ის მიერ ავტომანქანაში გადახდილი 19 000 მარკა ნამდვილად 11 000 აშშ დოლარს შეადგენდა თუ არა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “დ.-ის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 9 მარტის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ე. ს.-მა 2001წ. 17 დეკემბერს გერმანიის რესპუბლიკაში 19000 მარკად შეიძინა ავტომანქანა “მერსედესი-124”, რომელიც ჩამოიყვანა საქართველოში. 2002წ. 5 აპრილს მან ავტომანქანა დააყენა შპს “დ.-ის” ავტოსადგომზე, რაც რეგისტრირებულ იქნა მანქანების აღრიცხვის ჟურნალში. 2002წ. 8 აპრილს ე. ს.-ს ავტომანქანა ადგილზე აღარ დახვდა. ავტოსადგომიდან მანქანის დაკარგვის ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც 2002წ. 10 ივლისის დადგენილებით შეჩერდა ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემი პირის დადგენამდე.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ზემოაღნიშნული გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის. კასატორს წამოყენებული არა აქვს დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მასალების საფუძველზე ფაქტობრივი გარემოებების არასწორ დადგენას დაასაბუთებდა. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ ავტომანქანა არ იყო აღრიცხული ავტოსადგომის ჟურნალში 2002წ. 5 აპრილის შემდეგ, რაც შეფასების გარეშე დატოვა სააპელაციო სასამართლომ. საქმის მასალებით, კერძოდ, შპს “დ.-ის” ავტოსადგომზე მიბარებულ ავტომანქანათა აღრიცხვის ჟურნალით დასტურდება, რომ აღნიშნულ ჟურნალში 2002წ. 5 აპრილს გაკეთდა ჩანაწერი მოსარჩელის მიერ ავტოსადგომზე ავტომანქანის დაყენების შესახებ. ამის შემდგომ ავტომანქანის გაყვანის ჩანაწერი აღრიცხვის ჟურნალში არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, ავტომანქანა მოპასუხეს ჰქონდა მიბარებული მთელი ამ ხნის განმავლობაში და პასუხისმგებელი იყო მის შენახვაზე. ამასთან, აღნიშნული ჟურნალი წარმოადგენს სწორედ იმ სახის მტკიცებულებას, რომლის მეშვეობით, უწინარეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს ავტოსადგომზე ავტომანქანის მიბარების პერიოდი. ზემოაღნიშნული გარემოებები სწორად აქვს გამორკვეული სააპელაციო სასამართლოს და სწორად აქვს მიცემული სამართლებრივი შეფასება სკ-ის 763-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე.

სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო მსჯელობს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტების მიმართ, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში კასატორი სადავოდ არ ხდიდა ავტომანქანის ღირებულებას. იგი ვერ ადასტურებს, რომ დაკისრებული 11000 აშშ დოლარი არ იყო ავტომანქანაში გადახდილი 19000 მარკის ეკვივალენტური თანხა და არ მოხდა მისი დაკისრება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილია კანონიერი გადაწყვეტილება და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს “დ.-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 9 მარტის გადაწყვეტილება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.