დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№17821-13 26 ივნისი, 2013 წელი
გ-ე ნ.- 17821-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ნ. ჯ-ის
მსჯავრდებულ _ ნ. გ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ნ. გ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 მარტის განაჩენით ნ. გ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2006 წლის 19 ივნისიდან იმავე წლის 21 ივნისის ჩათვლით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა -10 000 ლარი.
ამავე სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ნ. გ-ეს ერთი მესამედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი (გარდა ჯარიმისა) და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით, 2 წლისა და 8 თვის გამოსაცდელი ვადით; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ნ. გ-ე საჩივრით ითხოვს სასჯელისაგან გათავისუფლებას იმ მოტივით, რომ ყველა დაზარალებულს აუნაზღაურა ზიანი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებული, რომელმაც ჩაიდინა სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, უნდა გათავისუფლდეს სასჯელისაგან, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამაზე თანხმობას განაცხადებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი ყველა დაზარალებულის ან მათი ოჯახის სრულწლოვანი წევრის თანხმობა მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის გამოყენების თაობაზე, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ნ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინება ნ. გ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი