დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 06.02.2024
საქმის ნომერი
ბს-416(კ-23)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.02.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-416(კ-23) 6 თებერვალი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

კასატორები - ნ.ქ-ე, ს.ქ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო, სს „პ...“, კ.კ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 26 მარტს ნ.ქ-ემ და ს.ქ-ემ სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარის და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიმართ. ამასთან, მესამე პირად განისაზღვრა - სს „პ...“.

მოსარჩელეების განმარტებით, ისინი ხელვაჩაურის რაიონის დაბა ...ში ფლობენ და სარგებლობენ 600 კვ.მ. დანიშნულების მიწის ნაკვეთითა და მასზე განთავსებული 220 კვ.მ. საცხოვრებელი სახლით, რომლის გამოთავისუფლებისა და მასზე გადაცემის მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა კ.კ-ემ.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურმა თანასაკუთრებაში მყოფი უძრავი ქონება აღრიცხა ერთი პირის სახელზე, ხოლო სს „პ...ს“ 2007 წლის 21 თებერვლის №17236 ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება მთლიან ქონებაზე იპოთეკის რეგისტრაციის შესახებ. აღნიშნულის შემდგომ, 2013 წლის ნოემბერში სადავო უძრავი ქონება გასხვისდა, რაც განხორციელდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით, ვინაიდან მოსარჩელეებისთვის არ იყო ცნობილი სააღსრულებო წარმოების დაწყების, ქონების დაყადაღების და აუქციონზე სარეალიზაციოდ მისი გატანის შესახებ, ამასთან, მოსარჩელეებს არ გაუციათ თანხმობა ბანკიდან სესხის აღებაზე.

მოსარჩელემ რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 თებერვლის №... გადაწყვეტილების, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 29 დეკემბრის №... -028/001 განკარგულების ბათილად ცნობა, დაბა ...ში მდებარე სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, სააღსრულებო წარმოების გაუქმება, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისისთვის, დაბა ...ში მდებარე სადავო უძრავ ქონებაზე ნ.ქ-ისა და ს.ქ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება კ.კ-ე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით ნ.ქ-ისა და ს.ქ-ის სარჩელი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს და მესამე პირის, სს „პ...სა“ და კ.კ-ის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ.ქ-ემ და ს.ქ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ნ. და ს. ქ-ეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით, სოფელ ...ში მდებარე უძრავი ნივთის, 600 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული, 216.3 კვ.მ შენობა-ნაგებობის მესაკუთრედ აღირიცხა ჯ.ქ-ე. ამასთან, აღნიშნული ქონება სს „პ...სა“ და ჯ.ქ-ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 22 თებერვლის რეგისტრაციის შესახებ №... გადაწყვეტილებით, დაიტვირთა იპოთეკით. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, საჯარო რეესტრის 2007 წლის 22 თებერვლის ამონაწერის თანახმად №... საკადასტრო კოდით აღრიცხული უძრავი ნივთის მესაკუთრეს წარმოადგენდა ჯ.ქ-ე და მასზე დარეგისტრირდა იპოთეკის უფლება შემდეგი შინაარსის ჩანაწერით: იპოთეკარი: სს „პ...“; მსესხებელი: „ი.მ. ჯ.ქ-ე“.

პალატამ სსიპ საჯარო რეესტრის 2011 წლის 9 ნოემბრის ამონაწერის შესაბამისად ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ დაბა ...ში მდებარე 600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 216.30 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობის თანამესაკუთრეებად ჯ.ქ-ესთან ერთად ხელვაჩაურის რაიონის სახელმწიფო არქივის №5 საარქივო ცნობის საფუძველზე აღირიცხნენ ნ.ქ-ე, რ.ქ-ე და ს.ქ-ე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2005 წელს მხოლოდ ჯ.ქ-ემ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით საკომლო ქონების საკუთრებაში აღრიცხვის მოთხოვნით, რის გამოც მესაკუთრედ აღირიცხა მხოლოდ ჯ.ქ-ე, კომლის სხვა წევრთა - თანამესაკუთრეთა მითითების გარეშე. შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული რეგისტრაცია სადავო პერიოდში მოქმედი სამართლებრივი ნორმების სრული დაცვით განხორციელდა. ხოლო სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ 2007 წლის 22 თებერვლის №... გადაწყვეტილების საფუძვლად დადებული 2007 წლის 21 თებერვლის იპოთეკის ხელშეკრულება, მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ არ გამხდარა, რაც გამორიცხავდა დასახელებული გადაწყვეტილების უკანონოდ მიჩნევას. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ასევე არ დასტურდებოდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №... და 2018 წლის 21 თებერვლის №... გადაწყვეტილებების კანონწინააღმდეგობა და უსაფუძვლო იყო მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, ამ აქტების ბათილად ცნობისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ახალი აქტის გამოცემაზე, დაბა ...ში მდებარე სადავო უძრავ ქონებაზე, ნ.ქ-ისა და ს.ქ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

რაც შეეხება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განხორციელებული მოქმედებების კანონიერებას, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრისაგან №... საკადასტრო კოდით აღრიცხულ უძრავ ნივთზე თანამესაკუთრეთა შესახებ ინფორმაციის მიღების შემდგომ, №... წერილებით, როგორც ჯ.ქ-ეს, ასევე ბ.ქ-ეს და რ.ქ-ეს ეცნობათ, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში არსებული ვალდებულების შესახებ, რაც პირადად ჩაბარდა ერთ-ერთ მოვალეს, ჯ.ქ-ეს. აღნიშნულის შემდგომ, სააღსრულებო ბიუროს მიერ მოვალეებს, ჯ.ქ-ეს, ბ.ქ-ეს, რ.ქ-ესა და ნ.ქ-ეს ასევე გაეგზავნათ წინადადებები გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. მოსარჩელე ნ. და ს. ქ-ეებს არ გამოუთქვამთ სააღსრულებო ბიუროს მიმართ რაიმე სახის პრეტენზია და არც აღმასრულებლის რომელიმე ქმედება გაუხდიათ სადავოდ. ამასთან, 2013 წლის 20 დეკემბრის №... წერილებით მოვალეებს - ჯ.ქ-ეს, ნ.ქ-ეს, რ.ქ-ესა და ს.ქ-ეს ეცნობათ, თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გზით რეალიზაციის შესახებ, რის შემდეგაც, 2014 წლის 7 მაისს, ჯ.ქ-ემ განცხადებით მიმართა სააღსრულებო ბიუროს, აუქციონის შედეგად ნაშთის სახით დარჩენილი თანხის მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის მოთხოვნით. ამდენად, პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეებს ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია, სააღსრულებო წარმოების შესახებ, თუმცა რაიმე პრეტენზია მათი მხრიდან აუქციონის დასრულებამდე არ გაცხადებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს №2-326-09 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კანონმდებლობის სრული დაცვით დაიწყო სააღსრულებო წარმოება, აუქციონი ჩატარდა კანონიერად და უძრავი ქონების მესაკუთრე კანონიერად აღირიცხა კ.კ-ე, შესაბამისად, არ არსებობდა №... განკარგულების ბათილობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ.ქ-ემ და ს.ქ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორების განმარტებით ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა აქცენტი გააკეთეს იპოთეკის რეგისტრაციის კანონიერების გამორკვევის მნიშვნელობაზე, თუმცა მხედველობაში არ მიიღეს, რომ საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველს წარმოადგენდა იპოთეკის ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ იპოთეკარის, მსესხებლის და თვით მარეგისტრირებელი სამსახურისათვის ცნობილი იყო, რომ უძრავი ქონება წარმოადგენდა თანამესაკუთრეთა საკუთრებას.

კასატორებმა მიუთითეს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილებისა და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის დეკრეტზე, რომლის საფუძველზეც 1993 წლიდან საკოლმეურნეო კომლი გაუქმდა და სამოქალაქო კოდექსის 1964 წლის რედაქციის 122-ე და 125-ე მუხლების თანახმად, კომლის ქონება თანასაკუთრების უფლებით გადანაწილდა კომლის წევრებზე, მათ შორის - ნ. და ს. ქ-ეებზე, რაც გარანტირებული იყო „საკუთრების უფლების შესახებ“ საქართველოს 1993 წლის 15 ივლისის კანონითა და 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციით. კასატორებმა აღნიშნეს, რომ განსახილველ შემთხვევაში - ჯ.ქ-მ საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში საკუთრების უფლების შესახებ №... სარეგისტრაციო განაცხადს უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად დაურთო საკომლო წიგნის ამონაწერი, რათა სააგენტოს იპოთეკით დაეტვირთა მისი კუთვნილი ქონების წილი. შესაბამისად, საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურმა „სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულების შესაბამისად, 2007 წლის 22 თებერვლის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით იპოთეკით დატვირთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების, ჯ.ქ-ის კუთვნილი ქონება (1/4 წილი).

კასატორები მიიჩნევენ, რომ განსახილველ შემთხვევაში იძულებითი აღსრულება იმგვარად განხორციელდა და სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაჩქარებული წესით ისე გაასხვისა იპოთეკით დატვირთული ქონება, რომ საქმესთან დაკავშირებული გარემოებები არ გამოუკვლევია.

ამასთან, კასატორების მითითებით იძულებითი აღსრულება განხორციელდა დაუზუსტებელი სახით რეგისტრირებულ ქონებაზე, მესამე პირების უფლების ან ვალდებულების არსებობის ფაქტის გამოკვლევის გარეშე. გარდა ამისა, საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ როგორც ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, აგრეთვე სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 10 ოქტომბრის №74141 წერილით დასტურდება, რომ მოვალე მხარეებს წარმოადგენდნენ არა ნ. და ს. ქ-ეები, არამედ ჯ., ბ. და რ. ქ-ეები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ.ქ-ისა და ს.ქ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.ქ-ისა და ს.ქ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 თებერვლის №... გადაწყვეტილების, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 29 დეკემბრის №... განკარგულების და დაბა ...ში მდებარე სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, სააღსრულებო წარმოების კანონიერება. ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისისთვის, დაბა ...ში მდებარე სადავო უძრავ ქონებაზე ნ.ქ-ისა და ს.ქ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საკითხი.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები თავის მხრივ განსაზღვრავს, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო სარეგისტრაციო დოკუმენტაციას წარმოადგენს რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები. ამავე კანონის 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები კი ითვალისწინებს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებს. სასამართლო დამატებით მიუთითებს დასახელებული კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ბათილად, ძალადაკარგულად ან არარად ცნობა იწვევს, რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადებას.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ (ძალადაკარგულია - 31.12.19 №487) საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-18 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომლითაც დგინდება, რომ 2005 წელს ჯ.ქ-ემ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით საკომლო ქონების საკუთრებაში აღრიცხვის მოთხოვნით და საკუთრების უფლების შესახებ, №... სარეგისტრაციო განაცხადს უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად დაურთო, საკომლო წიგნის ამონაწერი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით, სოფელ ...ში მდებარე უძრავი ნივთის, 600 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული, 216.3 კვ.მ შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი: ... ) მესაკუთრედ აღირიცხა ჯ.ქ-ე.

ასევე დადგენილია, რომ 2007 წლის 22 თებერვალს ჯ.ქ-ემ მოითხოვა მის მიერ სს „პ...სთან“ გაფორმებული №17236 იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავ ნივთზე იპოთეკის უფლების რეგისტრაცია, რაც სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 22 თებერვლის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა და ...ში მდებარე 600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ, 216.3 კვ.მ შენობა ნაგებობაზე დარეგისტრირდა იპოთეკის უფლება. ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ამონაწერში აღინიშნა, რომ იპოთეკარს წარმოადგენდა სს „პ...“, ხოლო მსესხებელს ჯ.ქ-ე. საქმეში არსებულ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 9 ნოემბრის ამონაწერით კი, ნ.ქ-ე, რ.ქ-ე და ს.ქ-ე, ჯ.ქ-ესთან ერთად ხელვაჩაურის რაიონის სახელმწიფო №5-ქ საარქივო ცნობის საფუძველზე, აღრიცხულ იქნენ ხელვაჩაურის რაიონში, დაბა ...ში მდებარე 600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 216.30 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობის თანამესაკუთრეებად.

დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინებით (რომლის საფუძველზე გაიცა სააღსრულებო ფურცელიც) მხარეთა მორიგების გამო შეწყდა საქმის წარმოება. სს „პ...ს“, ჯ.ქ-ეს, ბ.ქ-ეს და რ.ქ-ეს შორის არსებული მორიგების თანახმად კი, დასახელებულ ფიზიკურ პირებს დაევალათ სს „პ...ს“ სასარგებლოდ დავალიანების, 31 673,17 აშშ დოლარისა და ამ თანხაზე გრაფიკით დარიცხული პროცენტის გადახდა, მორიგების აქტში მითითებულ ვადაში, მითითებული გრაფიკის მიხედვით. ამასთან განისაზღვრა, რომ მორიგების დარღვევის ან/და ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, მორიგების აქტი მიექცეოდა იძულებითი წესით აღსასრულებლად და იგი განხორციელდებოდა, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, ასევე, მოვალეების საკუთრებაში რიცხული სხვა უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით. აღსანიშნავია, რომ 2010 წლის 22 ნოემბერს, კრედიტორმა, სს „პ...მა“ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა სააღსრულებო წარმოების განხორციელება, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ გაცემული №2-326-09 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომლითაც დადგენილი იყო იპოთეკის საგნის, დაბა ...ში მდებარე 600 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 216.30 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობის რეალიზაცია.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს N... წერილებით, ჯ.ქ-ეს, ბ.ქ-ეს და რ.ქ-ეს ეცნობა, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში არსებული ვალდებულების შესახებ, რაც 2011 წლის 17-18 ოქტომბერს პირადად ჩაბარდა მოვალეს, ჯ.ქ-ეს. ამასთან, მოვალეებს, ჯ.ქ-ეს, ბ.ქ-ეს, რ.ქ-ესა და ნ.ქ-ეს ასევე, გაეგზავნათ წინადადებები, სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.

დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 29 ნოემბრის N... განკარგულებით, ჯ.ქ-ის, ნ.ქ-ის, რ.ქ-ისა და ს.ქ-ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე დაბა ..., საკადასტრო კოდი: ..., შემძენი, 11/11/2013-19/11/2013 წელს ჩატარებული განმეორებით იძულებით აუქციონზე გახდა, კ.კ-ე. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 20 დეკემბრის N...-წერილით კი, მოვალეებს ეცნობათ მათ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონზე 36 000 ლარად რეალიზაციის შესახებ.

ასევე დადგენილია, რომ 2014 წლის 7 მაისს, ჯ.ქ-ემ განცხადებით მიმართა სააღსრულებო ბიუროს, აუქციონის შედეგად ნაშთის სახით დარჩენილი თანხის მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის მოთხოვნით, 2014 წლის 3 სექტემბერს კი, მან სააღსრულებო ბიუროს წარუდგინა რ.ქ-ის, ს. და ნ. ქ-ეების მიერ მის სახელზე გაცემული მინდობილობა, №10070464 სააღსრულებო საქმესთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტს წარმოადგენს რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება, თუმცა სადავოდ არ არის გამხდარი 2007 წლის 21 თებერვლის იპოთეკის ხელშეკრულება. აღნიშნულ ხელშეკრულებაზე, როგორც რეგისტრაციის საფუძვლად არსებულ აქტზე მსჯელობის შეუძლებლობა კი, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი მოწესრიგების მხედველობაში მიღებით, გამორიცხავს სააგენტოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერების შეფასების შესაძლებლობასაც. ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ 2005 წელს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენით და ქონების საკუთრებაში აღრიცხვის მოთხოვნით მიმართა ჯ.ქ-ემ და არ დასტურდება აღნიშნული რეგისტრაციის შესახებ 2007 წლის 22 თებერვლის №... გადაწყვეტილების, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №... და 2018 წლის 21 თებერვლის №... გადაწყვეტილებების კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით მიღება.

რაც შეეხება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 29 დეკემბრის №... განკარგულების კანონიერებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ აქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააღსრულებო ბიუროს მიერ განხორციელებული მოქმედებები თანხვედრაში იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის განჩინებასთან და მხარეთა შორის მორიგებით გათვალისწინებულ პირობებთან. ასევე, დადგენილია ბიუროს მიერ 2011 წლის 8 ივნისის №... წერილით ჯ.ქ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების და მასზე არსებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაციის მოძიების, ასევე ჯ., ბ. და რ. ქ-ეებისთვის სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მათი ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების (აღნიშნული შეტყობინება პირადად ჩაბარდა ერთ-ერთ მოვალეს - ჯ.ქ-ეს) და დასახელებული პირებისთვის, ასევე ნ.ქ-ისთვის გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების გაგზავნის (ჩაბარდა ჯ.ქ-ეს როგორც პირადად, ასევე როგორც დანარჩენი მოვალეების ოჯახის წევრს), ქონების რეალიზაციის შესახებ მოვალეებისთვის ინფორმაციის მიწოდების ფაქტები. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სააღსრულებო წარმოების შესახებ, შესაბამისი ინფორმაციის მიღების მიუხედავად, კასატორების მხრიდან სადავოდ არ გამხდარა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განხორციელებული არცერთი მოქმედება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების მოსაზრებას, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს №2-326-09 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად დაიწყო სააღსრულებო წარმოება და ჩაატარა აუქციონი, რომლის შედეგად, უძრავი ქონების მესაკუთრე კანონიერად გახდა კ.კ-ე და განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთებოდა №... -განკარგულების ბათილობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ნ.ქ-ისა და ს.ქ-ის საკასაციო საჩივარზე 09.03.2023წ. №... საგადახდო დავალებით ს.ქ-ის (პ/ნ...) მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ს.ქ-ეს (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ქ-ის და ს.ქ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განჩინება;

3. ს.ქ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 09.03.2023წ. №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე