დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 01.02.2024
საქმის ნომერი
ბს-846(კ-23)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.02.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ბს-846(კ-23) 1 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ძ-ა, ი.ა-ე, ა.ძ-ა, ლუ.ძ-ა, ნ.ძ-ა, ნ.ქ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ.ძ-ამ, ი.ა-ემ, ა.ძ-ამ, ლუ.ძ-ამ, ნ.ძ-ამ და ნ.ქ-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 4 თებერვლის №03-778/ო ბრძანება; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელეების - ლ.ძ-ას, ი.ა-ის, ა.ძ-ას, ლუ.ძ-ას, ნ.ძ-ას, ნ.ქ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით ლ.ძ-ას, ი.ა-ის, ა.ძ-ას, ლუ.ძ-ას, ნ.ძ-ას, ნ.ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 4 თებერვლის №03-778/ო ბრძანება. დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - მოსარჩელე ლ.ძ-ას (განაცხადით გათვალისწინებული პირების) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორის მოსაზრებით, სააგენტომ როგორც ადმინისტრაციული წარმოებისას, ასევე სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა მოსარჩელეთათვის უარის თქმის მართებულობა. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დეტალურად იქნა შესწავლილი მოსარჩელის ოჯახის წევრთა ვინაობა და მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი. აღნიშნულის დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილ იქნა მონიტორინგის ოქმი, სადაც მითითებულია მოსარჩელის ფაქტობრივი მისამართი, ქ. თბილისი, ..., მე-2 კვარტ., კორპ. 2, ბინა ... მითითებულია ასევე მისამართზე მუდმივად მცხოვრებ პირთა ვინაობა. თავად მოსარჩელე განმარტავს, რომ დედა - ნ.ქ-ა, რომელიც განაცხადში შეჰყავს, ცხოვრობს სხვა მისამართზე წლების განმავლობაში. საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ბაზიდან (მის: თბილისი, ..., მე-2 კვარტ., კორპ. 2, ბინა ...) და დაფიქსირებულია ოჯახში მუდმივად მცხოვრებ პირთა ვინაობა. გარდა ამისა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან ნ.ქ-ას თაობაზე. წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მოსარჩელის დედა 2011 წლიდან რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში მისამართზე: წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ... და აღნიშნული მისამართი წარმოდგენს მის ფაქტობრივ საცხოვრებელს. გარდა ამისა, 2021 წლის 14 სექტემბერს ლ.ძ-ას დამატებითი მოკვლევის მიზნით მონიტორინგი განხორციელდა ნ.ქ-ას საცხოვრებელ მისამართზე: ..., სოფელი ... და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ლ.ძ-ა და ნ.ქ-ა ცალკე ოჯახს წარმოადგენენ. სასამართლო კი მიუხედავად არაერთი მტკიცებულებისა, არ თვლის დადასტურებულად და მართებულად ოჯახის ხელოვნურად გაერთიანებას და მტკიცების ტვირთს სრულად ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს, იმ პირობებში, როდესაც მოწინააღმდეგე მხარეს საპირისპირო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დგინდება, რომ სააგენტომ მოსარჩელის საკითხის განხილვისას სწორად გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ოჯახს აერთიანებს დედასთან, რომელიც ცხოვრობს ...ში თავის ყოფილ საკუთრებაში, რომელიც ნათესავზე აქვს გასხვისებული. შესაბამისად, სააგენტოს მიაჩნია, რომ სათანადოდ და დამაჯერებლად არის დასაბუთებული ადმინისტრაციული ორგანოს უარი მოსარჩელეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ მიზეზით: ოჯახის ხელოვნური გაერთიანება (დედასთან ნ.ქ-ასთან). ადმინისტრაციული ორგანო აღნიშნული საკითხის შესწავლისას ხელმძღვანელობდა მოპოვებული წერილობითი მტკიცებულებებით, რაც აძლევდა გონივრული ეჭვის საფუძველს ამ ეტაპზე არსებითად არ ემსჯელა ლ.ძ-ას ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. მოსარჩელე ცდილობს ოჯახის ხელოვნურად გაერთიანებას და იმაზე მეტი ფართის მიღებას, ვიდრე მას ეკუთვნის. პირი განიხილება კონკრეტული ოჯახის წევრად იმ შემთხვევაში, თუ იგი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მუდმივად ცხოვრობს განცალკევებულ ფართში და მათთან ერთად ეწევა შინასამეურნეო საქმიანობას. მოცემულ შემთხვევაში კი საქმეში წარმოდგენილია მონიტორინგის სამმართველოს მიერ შედგენილი მონიტორინგის აღწერის ფორმა, საიდანაც დასტურდება, რომ მოსარჩელე ლ.ძ-ა მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, მეუღლის დედის საკუთრებაში, ხოლო დედის - ნ.ქ-ას საცხოვრებელ ადგილს, წარმოადგენს ..., სოფელი ... ჯერ კიდევ 2011 წლიდან.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ლ.ძ-ა, მისი არასრულწლოვანი შვილები: ა.ძ-ა, ლუ.ძ-ა, ნ.ძ-ა, და დედა - ნ.ქ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. დევნილობამდე მუდმივი საცხოვრებელია: ოჩამჩირე, სოფელი ..., დროებითი საცხოვრებელი: სამეგრელო-ზემო სვანეთი, .... ფაქტობრივი საცხოვრებელი: ქ. თბილისი, ...ის რაიონი, ... მე-2 კვარტალი, კორპუსი: 1ა, ბინა №.... აღნიშნულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია ე.მ-ის საკუთრების უფლება, ეს უკანასკნელი კი მხარის განმარტებით არის ი.ა-ის დედინაცვალი. 2012 წლის 25 ნოემბრიდან ი.ა-ე (არადევნილი) და ლ.ძ-ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. თანაცხოვრებისას შეეძინათ სამი შვილი: ... წლის ... ...ს დაბადებული ნ.ძ-ა, ... წლის ... ...ს დაბადებული ა.ძ-ა, ... წლის ... ...ს დაბადებული ლუ.ძ-ა. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის მიხედვით, 2021 წლის 16 მარტის მდგომარეობით, ოჯახის სარეიტინგო ქულაა - 32210. ოჯახის საცხოვრებელი მისამართია: ქ. თბილისი, ...ის რაიონი, ... მე-2 კვარტალი, კორპუსი: 1ა, ბინა №... (ს.ფ 15-23, 229); ბ) საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, განცხადებას აკეთებს ლ.ძ-ა, მისი ოჯახი შედგება 6 წევრისაგან: თავად განმცხადებელი, მეუღლე - ი.ა-ე, შვილები - ა.ძ-ა, ლუ.ძ-ა, ნ.ძ-ა, მშობელი - ნ.ქ-ა. ოჯახი შეფასდა 6 ქულით: 1.50 ქულა - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად; 2,50 ქულა - სოციალური კრიტერიუმი, 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით; 2 ქულა - 18 წლამდე ასაკის წევრი არასრულწლოვნები. დამატებით მითითებულია: სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს დედა, სამი შვილი, და და დისშვილი. განაცხადს აკეთებს დედასთან, სამ შვილთან არადევნილ მეუღლესთან ი.ა-ესთან ერთად. მესამე შვილი განაცხადში IDP ბაზის საფუძველზე დაემატა. განაცხადში შეყვანილი განმცხადებლის მამა ა.ძ-ა გარდაიცვალა და განაცხადი შეფასდა მის გარეშე. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს არაერთი განცხადებით მიმართა მოსარჩელემ, მიუთითა ოჯახის სოციალური მდგომარეობა, არასრულწლოვანთა ინტერესი და ითხოვა დახმარება, როგორც დევნილმა, ვინაიდან ოჯახი ცხოვრობს 24 კვადრატულ მეტრ ფართში, ახლობლის ბინაში, რომელსაც აქვს ფსიქიკური პრობლემები, რომელთან ერთადაც არასრულწლოვანი ბავშვების ცხოვრება არის მიზანშეუწონელი და საფრთხის შემცველი (ს.ფ 62, 95, 106, 123, 130-131, 143, 149, 157); გ) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, მონიტორინგი განხორციელდა 2021 წლის 9 აგვისტოს, თბილისში, ..., II კვარტალი, კორპუსი 1ა, №... ბინაში (24 კვადრატული მეტრი). მისამართზე იმყოფებოდა განმცხადებლის არადევნილი მეუღლე ი.ა-ე. მისი განცხადებით, დედამთილმა ნ.ქ-ამ საკუთრება ...ში, სოფელი ...ში გაყიდა მეუღლის, ა.ძ-ას ავადმყოფობის გამო, რომელსაც გადატანილი ჰქონდა სამი ინსულტი. სახლის ამჟამინდელი მეპატრონეა რ.მ-ა, რომელიც არის ნ.ქ-ას შორეული ნათესავი (ს.ფ 190-193); დ) გასაუბრების ოქმით, 2021 წლის 14 სექტემბერს ლ.ძ-ას ოჯახის დამატებითი მოკვლევის მიზნით მონიტორინგი განხორციელდა წალენჯიხის რაიონში, სოფელი ...ში. სახლში იყო ლ.ძ-ას დედა - ნ.ქ-ა, მისი რძალი ი.ა-ე, ასევე შვილიშვილები: ან., ლ. და ნ. ძ-ები. ნ.ქ-ას განმარტებით, მონიტორინგის მისამართზე არსებული სახლი ეკუთვნოდა მის მშობლებს, გაფორმებული იყო მის სახელზე და გასხვისა ოჯახის ახლობლის რ.მ-ას სახელზე დაახლოებით 7-8 წლის წინ. რძალი და შვილიშვილები იმყოფებოდნენ მასთან სტუმრად. ბავშვები სწავლობენ ქ. თბილისში №... სკოლაში, უმცროსი კი - №... საბავშვო ბაღში, ლ.ძ-ა იმყოფებოდა ქ. თბილისში, რადგან მუშაობს (ს.ფ 194); ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის №79 ოქმით დგინდება, რომ კომისიამ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად განიხილა, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, ლ.ძ-ას (სარეგისტრაციო ნომერი ...) უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო (ს.ფ. 195-201). სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 4 თებერვლის №03-778/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ლ.ძ-ას, ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო, უარი ეთქვა ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე (ს.ფ 202); ვ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2022 წლის 12 აპრილის №04/3737 მიმართვით ნ.ქ-ას (პ/ნ...) ოჯახი (წევრები: ნ.ქ-ა პ/ნ ..., ა.ძ-ა პ/ნ ..., ლე.ძ-ა პ/ნ ..., ლ.ძ-ა პ/ნ ...) 2006 წლის 29 მარტიდან 2011 წლის 7 ოქტომბრამდე რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მისამართზე: წალენჯიხის მუნიპალიტეტი, სოფელი .... 2011 წლის 7 ოქტომბრიდან 2015 წლის 18 ივლისამდე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის (მისამართი: წალენჯიხის მუნიპალიტეტი, სოფელი ...) წევრებად ფიქსირდებიან: ნ.ქ-ა, ა.ძ-ა და ლე.ძ-ა. 2015 წლის 18 ივლისიდან 2018 წლის 9 იანვრამდე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის (მისამართი: წალენჯიხის მუნიპალიტეტი, სოფელი ...) წევრებად ფიქსირდებიან: ნ.ქ-ა და ა.ძ-ა. 2018 წლის 9 იანვარს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება განხორციელდა მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის რ-ნი, ..., მე-2 კვარტალი, კორპ. 2, ბინა ...), სადაც წევრებად ფიქსირდებოდნენ 9 მოქალაქე (ნ.ქ-ა, მ.ჯ-ა, ლე.ძ-ა, ლ.ძ-ა, ი.ა-ე, ი.ჯ-ა, ა.ძ-ა, ლუ.ძ-ა და ა.ჯ-ა), თუმცა 2018 წლის 9 თებერვალს დეკლარაცია წაიშალა ქულის დათვლის გარეშე. 2019 წლის 29 აპრილიდან დღემდე ნ.ქ-ა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია მისამართზე: წალენჯიხის მუნიპალიტეტი, სოფელი ..., ოჯახში ფიქსირდება ერთი წევრი: ნ.ქ-ა (ს.ფ 218-219).

საკასაციო სასამართლო „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი). „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შინასამეურნეო საქმიანობა (საერთო საოჯახო მეურნეობა) განმარტებულია როგორც ოჯახის კეთილდღეობის უზრუნველყოფისაკენ მიმართული საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელი ადგილის ერთობლივ გამოყენებას, მოვლა-პატრონობას, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებათა მოპოვებას და ამ საშუალებების (შემოსავლები და ხარჯები) ოჯახის საკეთილდღეოდ განკარგვა-განაწილებას.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1), რომლის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.

იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, პირი კონკრეტული ოჯახის წევრად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ იგი ოჯახის სხვა წევრებთან მუდმივად ცხოვრობს განცალკევებულ ფართში და მათთან ერთად ეწევა შინასამეურნეო საქმიანობას. ამასთანავე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მიზნებისათვის, არსებითი მნიშვნელობა აქვს დევნილი ოჯახის წევრთა რაოდენობას, რამდენადაც, აღნიშნულმა გარემოებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ამავე „წესით“ განსაზღვრულ ქულათა რაოდენობასა და გადაცემული ფართის ოდენობაზე. დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, გადაამოწმოს განმცხადებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და დაადგინოს, ვინ არიან განმცხადებელთან მუდმივად მცხოვრები პირები, ადგილი ხომ არა აქვს ოჯახის ხელოვნურ გაყოფას ან გაერთიანებას.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეთათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ - ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება ოჯახის ხელოვნური გაერთიანების თაობაზე.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების №9 დანართით დამტკიცებულია „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“, რომლის მიხედვითაც 5-6 მოსახლეზე გათვალისწინებულია 70-დან - 80მ2-მდე ფართობის სამოთახიანი ბინა.

საკასაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე არ იზიარებს სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად მითითებულ გარემოებას ოჯახის ხელოვნური გაერთიანების თაობაზე. დროებით, მონიტორინგის განხორციელების მომენტისათვის ნ.ქ-ას წალენჯიხის რაიონ, სოფელ ...ში ყოფნის ფაქტი არ ადასტურებს მისი ცალკე ოჯახად მუდმივად ცხოვრების ფაქტს. დადგენილია, რომ ლ.ძ-ას ოჯახი არ არის მუდმივი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი. ასეთ პირობებში კი დროის კონკრეტულ მომენტში ნ.ქ-ას ...ში ყოფნა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მითითებული მისამართი არ ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებას, ოჯახების ხელოვნურ გაერთიანებასთან დაკავშირებით.

ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოქმედი წესის შესაბამისად 5 და 6-სულიან ოჯახზე გათვალისწინებულია ერთი და იგივე 70-დან 80 კვადრატულ მეტრამდე ფართი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ოჯახების ხელოვნურ გაერთიანებასთან მიმართებით მოსარჩელეთა ინტერესის არარსებობაზე.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელის (განცხადებით გათვალისწინებული პირების) მიმდინარე ეტაპზე გრძელვადიანი განსახლების წინაპირობები, რის გამოც მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე