გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 04.08.2006
საქმის ნომერი
ას-53-502-06
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.08.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-53-502-06 4 აგვისტო, 2006 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი დავის საგანი: სს „ჭ-ის“ ზარალის შემფასებელი კომისიის 2003წ. 25 თებერვლის სხდომის ოქმი ¹3 და მასთან დაკავშირებული აქტების გაუქმება; ზარალის მეორე ნახევრის გადაანგარიშება და ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ბ. გ-იამ 2005წ. აპრილში სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სს «ჭ-ის» ზარალის შემფასებელი კომისიის 2003წ. 25 თებერვლის სხდომის ოქმი ¹3 და მასთან დაკავშირებული აქტების გაუქმება, მოპასუხისათვის ზარალის მეორე ნახევრის მყარ ვალუტაში გადაანგარიშების დავალება. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ ჭიათურის რაიონის სოფ. ...ში ფლობს საცხოვრებელ სახლს, დამხმარე ნაგებობებსა და მიწის ნაკვეთს. მისი კუთვნილი ნაგებობები დაზიანდა სს «ჭ-ის» ...ის მაღაროთა სამმართველოს მიერ მიწისქვეშა სამუშაოების წარმოების შედეგად. ზარალის შემფასებელმა კომისიამ მისთვის მიყენებული ზარალი 1993წ. 13 იანვარს გაცემული ზარალის აქტის საფუძველზე შეაფასა 418051,50 მანეთად. 1993წ. 15 იანვრისათვის მოპასუხემ ნებაყოფლობით აუნაზღაურა ზარალის თანხის ნახევარი _ 209025 მანეთი. ზარალის თანხის მეორე ნახევარი მას არ მიუღია და მიუხედავად მისი არაერთგზისი მოთხოვნისა, სს «ჭ-მა» აღნიშნული თანხა მყარ ვალუტაში არ გადაანგარიშა. მოსარჩელის მითითებით, სს «ჭ-ის» შემფასებელმა კომისიამ მისთვის შეუტყობინებლად 2003წ. 25 თებერვალს ჩაატარა სხდომა, სადაც მიიღო გადაწყვეტილება მისი 1993წ. 13 იანვრის ზარალის აქტის გაუქმების შესახებ, თანხით 418051 მანეთი. ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და წინააღმდეგობაში მოდის მოპასუხის ზარალის შემფასებელი კომისიის 1992წ. 18 დეკემბრის დასკვნასთან.

ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 8 ივნისის გადაწყვეტილებით ბ. გ-იას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; გაუქმდა სს «ჭ-ის» ზარალის შემფასებელი კომისიის 2003წ. 25 თებერვლის ¹3 ოქმი; მოპასუხე სს «ჭ-ს» დაევალა მოსარჩელე ბ. გ-იას ზარალის თანხის მეორე ნახევრის გადაანგარიშება მყარ ვალუტაში.

ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 8 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს «ჭ-მა».

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს «ჭ-ის» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 8 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. გ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 8 ივნისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე _ იურიდიული თვალსაზრისით. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა მიიჩნია დელიქტური ურთიერთობიდან წარმოშობილ ვალდებულებად და ჩათვალა, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას უნდა გამოყენებულიყო სამოქალაქო სამართლის კოდექსი (1964წ. რედაქცია), რომლის 75-ე და 80-ე მუხლების თანახმად ბ.გ-იას სასარჩელო მოთხოვნა თანხის ნაწილის მიღების ნაწილში ხანდაზმულია. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს 1993წ. 19 იანვრის ზარალის აქტით განსაზღვრული ბ.გ-იაას მიერ მიუღებელი თანხის მყარ ვალუტაში გადაანგარიშების მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივრი შეიტანა ბ. გ-იას წარმომადგენელმა ა. ს-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ბ.გ-იას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება. კასატორის მითითებით, სააპელაცო სასამართლოს არ უმსჯელია ფაქტობრივ გარემოებაზე იმის შესახებ, იყო თუ არა სს «ჭ-ის» ზარალის შემფასებელი კომისიის 1993წ. 13 იანვრის აქტით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურების ვადა, სასამართლოს არ გამოურკვევია თუ რა შემთხვევაში მიეცემოდა დაზარალებულ მოსახლეობას ზიანის თანხის მეორე ნახევარი, ასევე არ უმსჯელია იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ შეასრულა და ამჟამადაც თავს არიდებს სს «ჭ-ი» ბ.გ-იასათვის უსაფრთხო ადგილზე სანაცვლო ნაკვეთის გამოყოფას და მის კეთილმოწყობას საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1978წ. 23 ოქტომბრის ¹1359გ განკარგულების შესაბამისად, სასამართლოს არ უმსჯელია სს «ჭ-ის ზარალის შემფასებელი კომისიის 2003წ. 25 თებერვლის სხდომის ოქმი ¹3-ის საფუძვლიანობის შესახებ. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სკ-ის 1507-ე მუხლი და სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ. რედაქცია) 75-ე და 80-ე მუხლების მოთხოვნები, არ გამოიყენა ამ კოდექსის 83-ე მუხლი. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატის განმარტება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, რადგან ბ.გ-იამ მართალია 1993წ. 15 იანვარს მიიღო ზარალის თანხის პირველი ნახევარი, მას საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1978წ. 23 ოქტომბრის ¹1359გ განკარგულების შესაბამისად დღემდე არ გამოყოფია სანაცვლო სამოსახლო მიწის ნაკვეთი. ამასთან, არც ზარალის აქტში და არც სხვა რაიმე დოკუმენტში არ იყო განსაზღვრული ვადა, რა პერიოდში უნდა გამოყოფოდა დაზარალებულს სანაცვლო მიწის ნაკვეთი და რა დროში უნდა დაეცალა მას დაზიანებული შენობა-ნაგებობები უსაფრთხო მიწის ნაკვეთზე გადასვლის მიზნით. ბ.გ-იას მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ. რედაქცია) 75-ე და 80-ე მუხლების თანახმად ვერ წარმოეშობოდა 1993-96 წლებში, არამედ წარმოეშვა 2005 წელს, როდესაც შეიტყო მისი უფლების დარღვევის შესახებ, აღნიშნულიდან გამომდინარე მის მიერ სარჩელის აღძვრის ვადა გაშვებული არ არის. კასატორის მოსაზრებით სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ. რედაქცია) 83-ე მუხლი, რომლის თანახმად სს»ჭ-ის» 2003წ. 25 თებერვლის სხდომის ოქმი ¹3 და მიღებული გადაწყვეტილება მოპასუხის მხრიდან 10 წლის შემდგომ უნდა ჩაითვალოს მის მიერ ამ დრომდე მოვალეობის აღიარებად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ საქმის მასალების განხილვის ბ. გ-იას საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საწარმოო გაერთიანება „ჭ-ის“ ზარალის შემფასებელმა კომისიამ 1993წ. 13 იანვრის აქტში მიუთითა, რომ შეამოწმა სოფ. ...ში მცხოვრები ბ. გ-იას საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები, რომლებიც ზიანდებიან ¹1 საწარმოო უბნის მიერ მარგანეცის ფენის მიწისქვეშა წესით დამუშავების შედეგად. ამავე აქტში მითითებულია, რომ ბ. გ-იას საცხოვრებელ სახლზე და დამხმარე შენობა-ნაგებობებზე მიყენებული ზიანის მთლიანი ღირებულება შეადგენს 418051 მან. 05 კაპ. ამ აქტში აღნიშნულია, რომ ბ. გ-იას მიეზომა სამოსახლო მიწის ნაკვეთი უსაფრთხო ადგილას. საქმეში წარმოდგენილი ცნობის თანახმად, ბ. გ-იას ...ის მაღაროთა სამმართველოდან მარგანეცის ფენის დამუშავების შედეგად შენობებზე მიყენებული ზიანის საზღაური მიღებული აქვს 1993წ. 15 იანვარს 209025 მან. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ ბ. გ-იას უსაფრთხო ადგილზე სამოსახლო არ ჰქონია მიზომილი, ვინაიდან გამოყოფილ ტერიტორიაზე არ იყო დასასახლებლად საჭირო პირობები, არ იყო გზა, წყალი და ელგაყვანილობა.

სს „ჭ-ის“ ზარალის შემფასებელმა კომისიამ 2003წ. 25 თებერვალს გააუქმა ბ. გ-იას 1993წ. 13 იანვრის ზარალის აქტი თანხით 418051 მან. იმ საფუძვლით, რომ დღევანდელი მდგომარეობით სახლი დაზიანებული არ არის და მიუთითა, რომ 1993 წელს ზარალის აქტი არ უნდა გაფორმებულიყო უსაფუძვლობის გამო. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბ. გ-იამ სარჩელით მოითხოვა სს „ჭ-ის“ ზარალის შემფასებელი კომისიის 2003წ. 25 თებერვალის სხდომის ოქმის ¹3 და მასთან დაკავშირებული აქტების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ იგი შედგენილია ყოველგვარი მტკიცებულებების მოპოვებისა და შეფასების გარეშე. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ბ. გ-იას სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულია და შესაბამისად არ არსებობს 1993წ. 13 იანვრის ზარალის აქტით განსაზღვრული, ბ. გ-იას მიერ მიუღებელი თანხის მყარ ვალუტაში გადაანგარიშების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ არ გამოარკვია, განსაზღვრული იყო თუ არა მოპასუხე ორგანიზაციის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესრულების კონკრეტული ვადები; სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოპასუხე ორგანიზაციამ 2003წ. 25 თებერვლის ოქმით უარი განაცხადა მოსარჩელის წინაშე იმ ვალდებულების შესრულებაზე, რომელიც მან იკისრა 1993წ. 13 იანვრის აქტით. ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელის უფლება ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაირღვა სწორედ ამ აქტის გაუქმების შედეგად, რის გამოც არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატას დასაბუთებულად მიაჩნია ბ. გ-იას საკასაციო საჩივრის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია სს «ჭ-ის ზარალის შემფასებელი კომისიის 2003წ. 25 თებერვლის სხდომის ოქმი ¹3-ის საფუძვლიანობის შესახებ. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნას იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბ. გ-იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.