დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 08.07.2005
საქმის ნომერი
ას-535-872-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.07.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-535-872-05 8 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი),რ. ნადირიანი

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 20 აგვისტოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა თ. ფ-მა მოპასუხე სს “ა.” მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: 1997 წლის 9 ივნისიდან 2004 წლის აგვისტომდე პერიოდის მიუღებელი ხელფასის _ 26000 ლარის ანაზღაურება; 2004 წლის აგვისტოდან იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით სს “ა.” გენერალური დირექტორის 2004 წლის 2 აგვისტოს ¹161 ბრძანების აღსრულებამდე. მოსარჩელის მოთხოვნები შემდეგ გარემოებებს დაემყარა: 1996 წლის 5 აპრილიდან მუშაობდა სს “ა.” (ყოფილ სს “ქ.”) მეორეული ლითონების, მასალებისა და ტექნოლოგიური ნარჩენების გადამამუშავებელ საამქროში ბუღალტრად. საამქრო წარმოადგენდა სრულ სამეურნეო ანგარიშზე მყოფ სტრუქტურულ ერთეულს და მასზე არ ვრცელდებოდა კომბინატში დადგენილი საშუალო ხელფასის ზღვარი. სს “ქ.” 1997 წლის 9 ივნისის ¹388 ბრძანებით გაუქმდა აღნიშნული საამქრო და გამოთავისუფლებული მუშების შრომითი მოწყობა დადგინდა გაერთიანების სხვა საამქროებში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე. მოსარჩელე კვლავ ასრულებდა ბუღალტრის მოვალეობას. სს “ა.” 1999 წლის 9 ივნისის ¹217 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რის შესახებაც შეიტყო 2002 წელს. 2002 წლის 13 დეკემბერს შრომის დავის კომისიამ განიხილა თ. ფ-ის განცხადება და როგორც არაკანონიერად გათავისუფლებული, აღადგინა სამუშაოზე, ასევე, დაადგინა მისთვის ერთი წლის ხელფასის ანაზღაურება. შრომის დავის კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება არ შესრულებულა. 2004 წლის ივლისში მოსარჩელემ მიმართა სს “ა.” დირექტორს 2002 წლის 13 დეკემბრის შრომის დავის კომისიის დადგენილების აღსრულების მოთხოვნით. სს “ა.” გენერალური დირექტორის 2004 წლის 2 აგვისტოს ¹161 ბრძანებით მოსარჩელე აღდგენილ იქნა სამუშაოზე; ამავე ბრძანებით დადგინდა, რომ შრომის დავის კომისიის დადგენილების გამოტანიდან _ 2002 წლის 13 დეკემბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე მოსარჩელეს ანაზღაურებოდა ხელფასი მისთვის საშტატო განრიგით დადგენილი თანამდებობრივი განაკვეთის მიხედვით, რომლითაც განსაზღვრული იყო ყოველთვიური სარგო _ 55 ლარი. მოსარჩელე არ დაეთანხმა ბრძანებას იძულებითი განაცდურის ყოველთვიური ხელფასის 55 ლარის ოდენობით ანაზღაურების ნაწილში. იგი მიუთითებდა, რომ მისი საშუალო ხელფასი 1996-1997 წლებში შეადგენდა 300 ლარს, რაც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისას, ამასთან, ანაზღაურება უნდა მომხდარიყო არა 2002 წლის 13 დეკემბრიდან, არამედ _ 1997 წლის 9 ივნიიდან, საწარმოს ლიკვიდაციიდან, რაც 2004 წლის აგვისტომდე შეადგენდა 26100 ლარს. მოსარჩელე, ასევე, ყოველთვიურად 300 ლარის ანაზღაურებას მოითხოვდა სამუშაოზე აღდგენის შესახებ ბრძანების აღსრულებამდე.

მოპასუხემ _ სს “ა.” სარჩელი არ ცნო და, თავის მხრივ, 2004 წლის 30 სექტემბერს შეგებებული სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე თ. ფ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოსარჩელის მიერ საამქროში მუშაობის პერიოდში მიღებული ხელფასიდან თვითნებურად ზედმეტად დარიცხული თანხის _ 2722,7 ლარის უკან დაბრუნება. მოპასუხე მიუთითებდა, რომ მეორეული ლითონების, მასალებისა და ტექნოლოგიური ნარჩენების გადამამუშავებელი საამქროს უფროსსა და სს “ა.” გენერალურ დირექტორს შორის 1996 წლის 1 მაისს დადებული ხელშეკრულების თანახმად, საამქროს ინჟინერ-ტექნიკურ და მუშა პერსონალზე დასარიცხი ხელფასის ფონდი განისაზღვრებოდა საამქროს შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლის 40%-ით. 2004 წლის 3 სექტემბერს აღნიშნული საამქროს ყოფილი უფროსის მიერ სს “ა.” მთავარი ბუღალტრის მოადგილისათვის მიღება-ჩაბარების აქტით წარდგენილი დოკუმენტებიდან ირკვეოდა, რომ საამქროში ბუღალტერი ხელფასების დარიცხვას ახდენდა თვითნებურად, ფინანსური დისციპლინის, საამქროს დებულებისა და ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მოთხოვნათა დარღვევით. ხელფასის დარიცხვის უწყისებს არ ახლდა თვის შესრულებული სამუშაოდან გასანაწილებელი თანხების კოეფიციენტებით განაწილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნებოდა როგორც ჯამური კოეფიციენტი, ისე _ ერთეული კოეფიციენტის ღირებულება, რომელთა მეშვეობით უნდა გამოეყვანათ თითოეული სამუშაოს შემსრულებელზე დასარიცხი თანხა. ასევე, წარმოდგენილი სატაბელო ფურცლები არ იყო დადასტურებული პასუხისმგებელი პირის _ საამქროს უფროსის ხელმოწერით, არ იყო შეთანხმებული სს “ა.” შრომის ორგანიზაციისა და ხელფასების გამყოფილებასთან. გარდა ამისა, თ. ფ-ის თვიური სარგო, სამუშაოზე მიღების ბრძანების თანახმად, შეადგენდა 55 ლარს და მას უფლება არ ჰქონდა, ესარგებლა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით დადგენილი, შესრულებული სამუშაოს შემოსავლის 40%-ის მიღების უფლებით. აღნიშნული უფლება ვრცელდებოდა მხოლოდ საამქროს ინჟინერ-ტექნიკურ და მუშა პერსონალზე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამა თუ იმ სამუშაოს შესრულებაში. არასწორი დარიცხვის შედეგად თ. ფ-ს ყოველთვიურად ასაღები 55 ლარის ნაცვლად, საიდანაც ხელზე ასაღები თანხა 46 ლარს შეადგენდა, 1996 წლის აპრილში აღებული ჰქონდა 244,80 ლარი, მაისში _ 308 ლარი, ივნისში _ 338,80 ლარი, ივლისში _ 292,60 ლარი, აგვისტოში _ 331 ლარი, სექტემბერში _ 338,80 ლარი, ოქტომბერში _ 281,05 ლარი, ნოემბერში _ 200,20 ლარი, დეკემბერში _ 160,16 ლარი. 1997 წლის იანვარში აღებული ჰქონდა 175,33 ლარი, თებერვალში _ 164 ლარი, მარტში _ 164 ლარი, აპრილში _ 160 ლარი, მაისში _ 308 ლარი. სულ აღნიშნულ პერიოდში აღებული თანხა შეადგენდა 3366,74 ლარს, მაშინ როდესაც საშტატო განრიგის თანახმად მას სულ უნდა აეღო 644 ლარი. ამდენად, 2722,74 ლარი თ. ფ-ს ზედმეტად ჰქონდა აღებული, რაც ექვემდებარებოდა დაბრუნებას.

2004 წლის 15 ოქტომბერს მოსარჩელემ დამატებითი სარჩელით მოითხოვა სს “ა.” რეაბილიტაციის მმართველის 2004 წლის 23 აგვისტოს ¹183 ბრძანების გაუქმება. აღნიშნული ბრძანებით ძალადაკარგულად ჩაითვალა სს “ა.” გენერალური დირექტორის 2004 წლის 2 აგვისტოს ¹161 ბრძანება და სს “ა.” შრომითი დავის განმხილველი კომისიის 2002 წლის 13 დეკემბრის ოქმი. ბრძანებაში აღნიშნული იყო, რომ “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის 252 მუხლის თანახმად, სს “ა.” ქონებას განკარგავდა და მართავდა რეაბილიტაციის მმართველი, ხოლო აღნიშნული ბრძანება გამოცემული იყო რებილიტაციის მმართველის გვერდის ავლით; ამასთან, ადმინისტრაციამ ვერ წარმოადგინა ბრძანება სს “ა.” შექმნილი შრომითი დავების განმხილველი კომისიის შექმნის თაობაზე, რაც ეჭვქვეშ აყენებდა ოქმის ხელმომწერ პირთა უფლებამოსილებას, მოთხოვნა განცხადების მიმართვის დღიდან უკვე ხანდაზმული იყო და არ ექვემდებარებოდა განხილვას, მით უმეტეს, თ. ფ-ის სამუშაოზე აღდგენას. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2002 წლის 13 ივლისს შრომის დავის განმხილველმა კომისიამ დააკმაყოფილა მისი განცხადება სამუშაოზე აღდგენის შესახებ, რომელიც არ აღსრულდა. 2004 წლის ივლისში კვლავ მიმართა დირექტორს კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით, რაზედაც მიღებულ იქნა 2004 წლის 2 აგვისტოს ¹161 ბრძანება სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. მოსარჩელის მოსაზრებით, რეაბილიტაციის მმართველს არ ჰქონდა შრომის დავის განმხილველი კომისიის 2002 წლის 13 დეკემბრის ოქმის გაუქმების უფლებამოსილება, ვინაიდან 2002 წელი არ განეკუთვნებოდა მისი მოღვაწეობის სფეროს. მოსარჩელე ასევე მიუთითებდა, რომ მეორეული ლითონების, მასალებისა და ტექნოლოგიური ნარჩენების გადამამუშავებელი საამქრო 1996 წლის 1 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე იმყოფებოდა სრულ სამეურნეო ანგარიშზე. აღნიშნული ვრცელდებოდა უშუალოდ მასზეც, ვინაიდან 1996 წლის 14 აგვისტოს ¹561 ბრძანების მე-3 პუნქტი ადგენდა, რომ საამქროზე, როგორც სრულ სამეურნეო ანგარიშზე მყოფ სტრუქტურულ ერთეულზე, არ უნდა გავრცელებულიყო კომბინატის მასშტაბით დადგენილი საშუალო ხელფასის ზღვარი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს “აზოტის” 2004 წლის 2 აგვისტოს ¹161 ბრძანების მე-3 პუნქტში შეტანილ იქნა ცვლილება და მოსარჩელის სახელფასო ანაზღაურება განხორციელდა სს “ა.” რიგითი ბუღალტრის საშტატო განრიგის თანამდებობრივი განაკვეთის შესაბამისად _ 90 ლარის ოდენობით თვეში; სს “ა.” დაეკისრა 5400 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ; გაუქმდა სს “ა.” რეაბილიტაციის მმართველის 2004 წლის 23 აგვისტოს ¹183 ბრძანება; სს “ა.” შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ შრომის დავის კომისიის 2002 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის შესახებ შეესაბამებოდა შრომის კანონთა კოდექსის 194-ე, 199-ე და 206-ე მუხლების მოთხოვნებს და მოსარჩელეს გაშვებული არ ჰქონდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. ამასთან, შრომის დავის განმხილველი კომისიის ოქმი შედგენილი იყო ოფიციალური პირების მიერ და არ შეიძლებოდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გამხდარიყო მოპასუხის მითითება სს “ა.” შრომის დავის განმხილველი კომისიის არარსებობის თაობაზე, მით უფრო, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში ასეთი ორგანო არსებობდა. შრომის კანონთა კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან მოპასუხემ დააყოვნა მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენა 2002 წლის 13 დეკემბრიდან 2004 წლის 2 აგვისტომდე, ამიტომ მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა დაყოვნების დროისათვის ხელფასი დადგენილების გამოტანის დღიდან აღსრულების დღემდე. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ, მართალია, “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის 252 მუხლის თანახმად, რეაბილიტაციის მმართველი ახორციელებდა რეაბილიტაციის გეგმას, მართავდა და განკარგავდა მოვალის ქონებას, მაგრამ ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, მას შეეძლო, ამავე მუხლის “ა”, “ბ”, “გ” და “დ” ქვეპუნქტებში მითითებული საფუძვლების არსებობისას, სარჩელის შეტანით სადავო გაეხადა ვალაუვალი მოვალის იურიდიული ქმედება. ასეთს კი ადგილი არ ჰქონია, რის გამოც დამატებითი სარჩელი ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას. რაც შეეხებოდა შეგებებულ სარჩელს, რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ სს “ქ.” 1996 წლის 14 აგვისტოს ¹561 ბრძანებით დირექტორს საერთო საკითხებში დაევალა, რომ საამქროზე, როგორც სრულ სამეურნეო ანგარიშზე მყოფ სტრუქტურულ ერთეულზე, არ გაევრცელებინა კომბინატის მაშტაბით დადგენილი საშუალო ხელფასის ზღვარი. აქედან გამომდინარე, მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი ხელფასის გამოანგარიშებისას 1996 წლის 6 მარტის საშტატო განრიგი მხედველობაში არ უნდა ყოფილიყო მიღებული. სასამართლო ასევე აღნიშნავდა, რომ ბუღალტერი შედიოდა იმ ინჟინერ-ტექნიკურ და მუშა პერსონალში, რომელთა ხელფასის ფონდი 1996 წლის 1 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, განისაზღვრებოდა საამქროს შესრულებული სამუშაოს 40%-ით. ვინაიდან მხარეებს წარმოდგენილი არ ჰქონდათ მტკიცებულება საამქროს დღევანდელი ფუნქციონირებისა და მის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ, ამიტომ მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი ყოველთვიური სარგო უნდა აღებულიყო სს “ა.” მოქმედი საშტატო განრიგის მიხედვით. საწარმოში რიგითი ბუღალტრის თანამდებობრივი განაკვეთის _ 90 ლარის ოდენობის შესახებ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ცნობის საფუძველზე სასამართლომ 1999 წლის ივნისიდან მოსარჩელის მიუღებელი იძულებითი განაცდური განსაზღვრა 5400 ლარით.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება განაცდურის ოდენობის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ფ-მა. იგი მოითხოვდა ხელფასის ანაზღაურებას ყოველთვიურად 300 ლარის, სულ _ 24000 ლარის ოდენობით 1997-2004 წლების პერიოდისათვის. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა 1996 წლის 14 აგვისტოს ¹561 ბრძანება, რომლის თანახმად, საამქროზე, როგორც სრულ სამეურნეო ანგარიშზე მყოფ სტრუქტურულ ერთეულზე, არ უნდა გავრცელებულიყო კომბინატის მასშტაბით დადგენილი საშუალო ხელფასის ზღვარი. ამასთან, აპელანტი მიუთითებდა, რომ მას მოპასუხისაგან ანაზღაურებული ჰქონდა 1997-1999 წლების მიუღებელი ხელფასიდან _ 6000 ლარიდან 2000 ლარი, რასაც თავის მოთხოვნაში ითვალისწინებდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა სს “ა.”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით სს “ა.” და თ. ფ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება სს “ა.” 2004 წლის 2 აგვისტოს ¹161 ბრძანების მე-3 პუნქტში ცვლილებების შეტანისა და 5400 ლარის დაკისრების ნაწილში, გაუქმდა სს “ა.” 2004 წლის 2 აგვისტოს ¹161 ბრძანების მე-3 პუნქტი, სს “ა.” დაეკისრა თ. ფ-ის სასარგებლოდ 2145 ლარის გადახდა, ხოლო 2005 წლის მარტიდან სამუშაოზე აღდგენის შესახებ ბრძანების აღსრულებამდე _ ყოველთვიურად 55 ლარის გადახდა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა თ. ფ-ის მოსაზრება, რომ მას იძულებითი განაცდური უნდა ანაზღაურებოდა 300 ლარის ოდენობით 1997 წლის პირველი ივლისიდან. სააპელაციო სასამართლო მიუთითებდა, რომ სს “ა.” 1996 წლის 5 აპრილის ¹176კ ბრძანებით თ. ფ-ი მიღებულ იქნა მეორეული ლითონების მასალებისა და ტექნოლოგიური ნარჩენების გადასამუშავებელ საამქროში ბუღალტრად, ამავე საამქროს 1996 წლის 16 მარტს დამტკიცებული საშტატო განრიგის მიხედვით კი ბუღალტერის სახელფასო განაკვეთი შეადგენდა 55 ლარს. შრომის დავის კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, რომელსაც დაეთანხმა თ. ფ-ი და არ გაუსაჩივრებია და რომელსაც სავალდებულო ძალა ჰქონდა, სს “ა.” სახელფასო სექტორს დაევალა თ. ფ-ისათვის ერთი წლის საშუალო ხელფასის გადახდა საშტატო განრიგის მიხედვით. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ადმინისტრაცია აყოვნებდა შრომითი დავის კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებას, გადაწყვეტილების გამოტანიდან მის აღსრულებამდე, შრომის კანონთა კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა 55 ლარი ყოველთვიურად. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სს “აზოტის” მოსაზრება, რომ მოსარჩელეს უნდა დაებრუნებინა კანონის დარღვევით მითვისებული 2722,74 ლარი საშტატო განრიგით დადგენილი ხელფასის ზევით, რადგან შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მუშაკის მიერ საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასამართლოსათვის მიმართვის ვადა შეადგენდა ერთ წელს მიყენებული ზიანის გამომჟღავნების დღიდან. აღნიშნულის შესახებ საწარმოს ადმინისტრაციისათვის ცნობილი იყო 1996-97 წლებში, რადგან გაზრდილი ხელფასი ფიქსირდებოდა უწყისებში, ამიტომ მოცემულ შემთხვევაში გასული იყო ზემოაღნიშნული ერთწლიანი ვადა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება შრომის დავის განმხილველი კომისიის ოქმის გაუქმების შესახებ, ვინაიდან მიიჩნია, რომ შრომის დავის განმხილველი კომისიის გადაწყვეტილება საწარმოს ადმინისტრაციას უნდა გაესაჩივრებინა შრომის კანონთა კოდექსის 201-ე მუხლის საფუძველზე, ამავე კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული კომისიის გადაწყვეტილება 2003 წლის 18 იანვარს უკვე ცნობილი იყო საწარმოს ყოფილი დირექტორის გ. გ-ისათვის, რომელიც დაეთანხმა სადავო ოქმს და მისი აღსრულების მიზნით რეზოლუციაც კი გამოიტანა. ამდენად, შრომის დავის კომისიის გადაწყვეტილება მის გასაჩივრებაზე უფლებამოსილ პირს არ ჰქონდა კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრებული არც გადაწყვეტილების უსწორობის და არც კომისიის არაუფლებამოსილების გამო, ამიტომ მისი გაუქმება დაუშვებელი იყო. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ვინაიდან შრომის კანონთა კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად კომისიის გადაწყვეტილებას სავალდებულო ძალა ჰქონდა, ამიტომ მისი აღსრულების მიზნით სწორად გამოიცა სს “ა.” 2004 წლის 2 აგვისტოს ¹161 ბრძანება. შესაბამისად, არ არსებობდა აღნიშნული ბრძანებისა და შრომის დავის კომისიის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი და საქალაქო სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა თ. ფ-ის დამატებითი სასარჩელო მოთხოვნა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ა.” და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორის მითითებით, როგორც შრომის დავის განმხილველი კომისიის სხდომის ოქმი, ასევე სს “ა.” გენერალური დირექტორის 2004 წლის 2 აგვისტოს ¹161 ბრძანება, კანონის მოთხოვნათა დარღვევით იყო მიღებული. საწარმოში არ არსებობდა შრომის დავის განმხილველი კომისიის შექმნის ბრძანება, ასევე, “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის 252 მუხლის თანახმად, მოვალის ქონების მართვისა და განკარგვის უფლებამოსილება გააჩნდა რეაბილიტაციის მმართველს და არა გენერალურ დირექტორს. კასატორის განმარტებით, სს “ა.” შეგებებული სარჩელი სასამართლოში შეტანილი ჰქონდა შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის დაცვით, მუშაკის მიერ მიყენებული ზიანის გამომჟღავნების დღიდან 15 დღის ვადაში. კასატორი მიუთითებდა, რომ მეორეული ლითონებისა და მასალების გადამუშავება-დამზადებისა და რეალიზაციის საამქრო, სადაც თ. ფ-ი მუშაობდა, წარმოადგენდა სს “ა.” სრულ სამეურნეო ანგარიშზე მყოფ სტრუქტურულ ერთეულს. საამქროს პერსონალზე ხელფასის განაწილება ხდებოდა არა სს “ა.” მიერ, არამედ საამქროს ადმინისტრაციის მეშვეობით, საამქროს დებულების 3.3 პუნქტისა და სს “ა.” და საამქროს შორის გაფორმებული 1996 წლის 1 მაისის ხელშეკრულების 3.2 პუნქტის შესაბამისად, სს “ა.” ცენტრალურ ბუღალტერიასთან შეუთანხმებლად, რის გამოც, ბუნებრივია, მისთვის ცნობილი ვერ იქნებოდა საამქროს უწყისებში თითოეულ ინჟინერ-ტექნიკურ და მუშა-მოსამსახურეზე დარიცხული ხელფასის რაოდენობა. სს “ა.” მხოლოდ 2004 წლის სექტემბრის თვეში გახდა ცნობილი საამქროში ფინანსური დისციპლინის დარღვევის შესახებ, როცა თ. ფ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოსარჩელემ საქმეზე დასართავად წარადგინა საამქროს პერსონალის სახელფასო უწყისები, ტაბელები და სხვა დოკუმენტები.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ფ-მაც, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება იძულებითი განაცდურის ნაწილში მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო არასწორად დაეყრდნო მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილ 1996 წლის 16 მარტის საშტატო განრიგს და 1996 წლის 5 აპრილის ¹170 ბრძანებას, მაშინ როდესაც საქმეში არსებული უწყისებიდან გარკვევით ჩანდა, რომ მისი საშუალო ხელფასი შეადგენდა თვეში 300 ლარს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შემოწმებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ სს “ა.” და თ. ფ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელე თ. ფ-ი 1996 წლის 5 აპრილიდან მუშაობდა სს “ქ.” მეორეული ლითონების, მასალებისა და ტექნოლოგიური ნარჩენების გადამამუშავებელ საამქროში ბუღალტრად. ამავე საამქროს 1996 წლის 16 მარტის საშტატო განრიგის თანახმად, ბუღალტერის სახელფასო განაკვეთი შეადგენდა 55 ლარს. სს “ქ.” 1997 წლის 9 ივნისის ¹388 ბრძანებით გაუქმდა მეორეული ლითონების, მასალებისა და ტექნოლოგიური ნარჩენების გადამამუშავებელი საამქრო და გამოთავისუფლებული მუშების შრომითი მოწყობა განისაზღვრა გაერთიანების სხვა საამქროებში ვაკანტურ ადგილებზე. მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სს “ა.” 1999 წლის 9 ივნისის ¹217 ბრძანებით. სს “ა.” შრომის დავის განმხილველი კომისიის 2002 წლის 13 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებით მოსარჩელის გათავისუფლება ცნობილ იქნა არაკანონიერად, მოსარჩელე აღდგენილ იქნა სამუშაოზე და აუნაზღაურდა ერთი წლის საშუალო ხელფასი საშტატო განრიგის მიხედვით, ყოველთვიურად 55 ლარის ოდენობით. შრომის დავის კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების აღსასრულებლად, თ. ფ-ის მოთხოვნის საფუძველზე, სს “ა.” გენერალურმა დირექტორმა 2004 წლის 2 აგვისტოს გამოსცა ¹161 ბრძანება, რომლის თანახმად, მოსარჩელე აღდგენილ იქნა სამუშაოზე და აუნაზღაურდა საშტატო განრიგით დადგენილი ხელფასი 55 ლარის ოდენობით, 2002 წლის 13 დეკემბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ არ არსებობს შრომის დავის კომისიის 2002 წლის 13 დეკემბრის ოქმის გაუქმების საფუძველი. აღნიშნული ოქმის გასაჩივრების წესი დადგენილია შრომის კანონთა კოდექსის 200-202-ე მუხლებით, რომელთა თანახმად, თუკი ადმინისტრაცია არ ეთანხმება შრომის დავის კომისიის გადაწყვეტილებას, მისი გასაჩივრება შეუძლია საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირში ათი დღის განმავლობაში, ხოლო სასამართლოს შეუძლია მიმართოს ათი დღის ვადაში პროფკავშირის მიერ შრომის დავაზე გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრების მოთხოვნით, თუკი მიაჩნია, რომ პროფკავშირის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. მოცემულ შემთხვევაში სს “ა.” სადავოდ არ გაუხდია შრომის დავის კომისიის 2002 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება 2004 წლის 23 აგვისტოს ¹183 ბრძანების გამოცემამდე, ხოლო აღნიშნული ბრძანება არ იყო შრომის დავის კომისიის სადავო გადაწყვეტილების თაობაზე შრომის კანონთა კოდექსის დადგენილი ზემოაღნიშნული წესით და ვადებში მიღებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, დაუშვებელი იყო აღნიშნული ბრძანებით შრომის დავის კომისიის ოქმის ბათილად ცნობა.

შრომის კანონთა კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, შრომის დავის კომისიის გადაწყვეტილებას სავალდებულო ძალა აქვს და არავითარ დამტკიცებას არ საჭიროებს. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომის დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან დადგენილება უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს. თუ ადმინისტრაციამ დააყოვნა ასეთი გადაწყვეტილების ან დადგენილების აღსრულება, მუშაკს დაყოვნების დროისათვის ეძლევა საშუალო ხელფასი ან ხელფასის სხვაობა გადაწყვეტილების ან დადგენილების გამოტანის დღიდან მისი აღსრულების დღემდე. მოცემულ შემთხვევაში სს “ა.” ადმინისტრაციას შრომის დავის კომისიის 2002 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ არ აღუსრულებია. მხოლოდ 2004 წლის 2 აგვისტოს გამოიცა ¹161 ბრძანება აღნიშნული გადაწყვეტილების აღსასრულებლად. საკასაციო სასამართლო იზიარებს სს “ა.” მოსაზრებას, რომ “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის 252 მუხლიდან გამომდინარე, ასეთი ბრძანება უნდა გამოეცა საწარმოს რეაბილიტაციის მმართველს და არა გენერალურ დირექტორს, ვინაიდან დაკავშირებული იყო ქონებრივი საკითხის გადაწყვეტასთან. მიუხედავად ამისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ეს გარემოება ვერ გახდება საწარმოს შიდასაზოგადოებრივ ურთიერთობებში მიღებული ბრძანების გაუქმების საფუძველი. შრომის კანონთა კოდექსის 208-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, შრომის დავის კომისიის გადაწყვეტილება სავალდებულო იყო აღსასრულებლად და რეაბილიტაციის მმართველს მოეთხოვებოდა, გამოეტანა ანალოგიური გადაწყვეტილება უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკის უფლებების აღსადგენად. ამიტომ არ არსებობს შრომის დავის კომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად გამოცემული ბრძანების გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზეც, რომ მოსარჩელეს შრომის კანონთა კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შრომის დავის კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებისათვის სწორად მიეცა ხელფასი დადგენილების გამოტანის დღიდან მისი აღსრულების დღემდე თვეში 55 ლარის ოდენობით. 1996 წლის 16 მარტის საშტატო განრიგის მიხედვით, საამქროს ბუღალტერის სახელფასო განაკვეთი შეადგენდა ყოველთვიურად 55 ლარს. შრომის დავის კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, რომლის აღსასრულებლადაც სადავო ¹161 ბრძანება გამოიცა, თ. ფ-ს ხელფასი უნდა ანაზღაურებოდა საშტატო განრიგის მიხედვით, თვეში 55 ლარის ოდენობით. მოსარჩელეს შრომის დავის კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება სადავოდ არ გაუხდია, რის გამოც ამ ეტაპზე მისი პრეტენზია ხელფასის ოდენობის შესახებ საფუძველს მოკლებულია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასევე შრომის კანონთა კოდექსის 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ვინაიდან მოპასუხეს გაშვებული აქვს მუშაკის მიერ საწარმოსათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასამართლოსადმი მიმართვის ერთწლიანი ვადა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს “ა.” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.