დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-577(კ-23) 06 თებერვალი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „ი...“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
მესამე პირი - შპს „ა...“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ი...მ“ წარმომადგენლის მეშვეობით 2021 წლის 01 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხის 2021 წლის 22 ივლისის №SP210606354/869637 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე სასამართლოს გარეშე ხარჯის, საადვოკატო წარმომადგენლობითი მომსახურების სახით, 2 000 ლარის ოდენობით მოპასუხისთვის დაკისრება. ამავდროულად შპს „ი...მ“ დავის არსებითად გადაწყვეტამდე დავალიანების გადახდევინების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს №SP210606354/869637 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.
სარჩელის მიხედვით, შპს „ი...ს“ მიმართ გამარტივებული საქმისწარმოების ფარგლებში 2021 წლის 22 ივლის გამოცემული იყო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს №SP210606354/869637 ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ. მოსარჩელის მითითებით, გამარტივებული საქმისწარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება არ ჩაბარებია, რათა კანონით მინიჭებული უფლებით ესარგებლა - განეცხადებინა პროტესტი და შპს „ა....სთან“ გაეგრძელებინა დავა სამოქალაქო საქმისწარმოების ფარგლებში, ვინაიდან, მხარის მოსაზრებით, მოთხოვნა იყო უსაფუძვლო და ემსახურებოდა შპს „ა....ის“ უსაფუძვლო გამდიდრებას. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს წარმოადგენდა საზოგადოების დირექტორი და საზოგადოებისთვის შეტყობინების ჩაბარებასაც სამოქალაქო კანონმდებლობა არეგულირებდა. კონკრეტულ შემთხვევაში, საფოსტო გზავნილები ორ სხვადასხვა მისამართზე ჩაბარდა ერთსა და იმავე პირს, რომელიც არ იყო გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილი, ვინაიდან აღარ მუშაობდა დაწესებულებაში. საქმეში აპლიკანტის სახელზე ასევე დევს საფოსტო გზავნილი, სადაც ორი სხვადასხვა მისამართია აღნიშნული.
შპს „ი...ს“ წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ შპს „ა....ის“ მოთხოვნით სადავო აქტი ნებისმიერ დროს შეიძლებოდა შესულიყო კანონიერ ძალაში, რაც კომპანიას მიმდინარე ტენდერებში, სახელმწიფო მნიშვნელობის საგზაო პროექტებში ფინანსურად დაასუსტებდა და სახელმწიფო ტენდერების შესრულების ვადების შეფერხების რისკს გაზრდიდა, გარდა ამისა, ბრძანება მიექცეოდა იძულებით აღსასრულებლად, რაც, თავის მხრივ, დამატებით გამოიწვევდა სააღსრულებო ხარჯებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 03 სექტემბრის განჩინებით შპს „ი...ს“ შუამდგომლობა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 22 ივლისის №SP210606354/869637 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა; საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა ზემოხსენებული ბრძანების მოქმედება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 სექტემბრის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „ა....“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ი...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესი გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-74-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ჩაბარება ამავე დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდებოდა. თუ აღსრულების ეროვნული ბიურო შეტყობინებას უგზავნის ზემოაღნიშნულ სუბიექტებს სამუშაო ადგილის მიხედვით, გზავნილი კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად მიიჩნევა მაშინაც, როდესაც იგი მიიღო არა უშუალოდ ადრესატმა, არამედ შესაბამისი ორგანიზაციის სათანადოდ უფლებამოსილმა პირმა. ასეთი პირი ვალდებულია, თავისი ხელმოწერით დაადასტუროს სასამართლო გზავნილის ჩაბარება და გადასცეს იგი ადრესატს.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრებები და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები ვერ გახდებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რამეთუ რესპონდენტს 2021 წლის 29 ივნისის შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე გაეგზავნა აპლიკანტის მიერ მითითებულ მისამართზე (სენაკი, ...ას ქ. №3), რომელიც ჩაბარდა კომპანიის ტექნიკური განყოფილების უფროსს - დ.ბ-ს (პირადი ნომერი: ...). პალატის მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, ხოლო აპელანტის მიერ, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ვერ იქნა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ შეტყობინება ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს, რამაც გამოიწვია შემდგომში გასაჩივრებული უკანონო აქტის გამოცემა.
სასამართლოს მოსაზრებით, შპს „ი...ს“ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინების შემცველი გზავნილი ჩაბარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე საქმეში დაცულ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერზე, რომლითაც დასტურდებოდა, რომ შპს ,,ი...ს“ იურიდიულ მისამართს წარმოადგენდა სენაკი, ...ას ქ. №3. ამასთან, სასამართლოში დავის მიმდინარეობის პერიოდშიც მოსარჩელეს რეგისტრაციის მისამართი არ შეუცვლია. შესაბამისად, პალატამ აღნიშნა, რომ იურიდიული პირი თვითონ ირჩევს მისამართს და პასუხისმგებელია მითითებულ მისამართზე გაგზავნილი დოკუმენტაციის ჩაბარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ საჩივრის ავტორი, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე უთითებდა რეგისტრაციის მისამართის ფორმალურობაზე, პალატამ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ ადგილზე მისულ ფოსტის თანამშრომელს დახვდა პირი, რომელმაც დოკუმენტი ჩაიბარა. შესაბამისად, პალატა დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ის მსჯელობა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება რეგისტრაციის მისამართთან მიმართებით არ შეიძლებოდა გამხდარიყო კანონით დადგენილი წესით ჩაბარებული დოკუმენტის ჩაუბარებლად მიჩნევის საფუძველი. პალატამ ასევე, დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ შპს „ი...ს“ შეტყობინების ჩაბარებიდან, შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში, სააღსრულებო ბიუროსათვის არ წარუდგენია რაიმე მოსაზრება დავალიანების თაობაზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით გამოსცა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „ი...ს“ მიერ.
კასატორის, შპს „ი...ს“, წარმომადგენლის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია უმნიშვნელოდ ის ფაქტები, რომ საფოსტო გზავნილები ორ სხვადასხვა მისამართზე ერთსა და იმავე არაუფლებამოსილმა პირმა ჩაიბარა, რადგან ამ პერიოდში აღნიშნული პირი შპს „ი...ში“ არ მუშაობდა. საქმეში დაცულია აპლიკანტის სახელზე საფოსტო გზავნილი, სადაც ორი სხვადასხვა მისამართია აღნიშნული, განსხვავებით მიღების ბარათისაგან. კასატორის განმარტებით, წარმომადგენლობითი უფლებამოსილი პირია საზოგადოების დირექტორი და შეტყობინების ჩაბარებას არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამავე კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით, რა წინაპირობაც კონკრეტულ შემთხვევაში დაცული არ ყოფილა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 05 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შპს „ი...ს“ საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ი...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 912 მუხლი განსაზღვრავს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ გამარტივებული წარმოების ზოგად პრინციპებს, რომლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ თავით დადგენილი წესით ახორციელებს გამარტივებულ წარმოებას ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების შესახებ მოთხოვნებთან დაკავშირებით. გამარტივებული წარმოება არ დაიშვება, თუ მოთხოვნის წამოყენება დამოკიდებულია ჯერ კიდევ შეუსრულებელ საპასუხო ვალდებულებაზე. გამარტივებული წარმოება აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიშვება მაშინაც, როდესაც მხარეებს ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰქონდათ დავის განხილვისა და გადაწყვეტის განსხვავებული წესები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულია დავის არბიტრაჟის მიერ განხილვა, ხოლო ამავე კანონის 917 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია რესპონდენტისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „ა...მ“ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა გამარტივებული წარმოების გზით შპს ,,ი...სთვის“ დავალიანების - 89235.34 ლარის დაკისრების მიზნით გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა. 2021 წლის 29 ივნისს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა გამოსცა გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ №SP210606354/862156 შეტყობინება, რომლითაც რესპონდენტს - შპს „ი...ს“ განესაზღვრა 10 კალენდარული დღე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გასატარებელი მოქმედებებისათვის. ამავე კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების განუხორციელებლობიდან გამომდინარე კი, 2021 წლის 22 ივლისს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა №SP210606354/869637 ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის თანახმადაც რესპონდენტს - შპს „ი...ს“ დაეკისრა დავალიანების გადახდა 89235.34 ლარის ოდენობით, აპლიკანტის - შპს „ა....ის“ მიმართ.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ მტკიცებულებაზე, რომლის თანახმად შპს „ი...ს“ შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ გაეგზავნა მისამართზე (სენაკი, ...ას ქ. №3), რომელიც ჩაჰბარდა კომპანიის ტექნიკური განყოფილების უფროსს - დ.ბ-ს. ყურადსაღებია ასევე ის გარემოებაც, რომ ზემოხსენებული შეტყობინება იმავდროულად გაეგზავნა შპს „ი...ს“ დირექტორს, შემდეგ მისამართზე: ქ. სენაკი, ...ის ქუჩა №32, სადაც გზავნილი ასევე ჩაჰბარდა დ.ბ-ის. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ი...ს“ იურიდიულ მისამართს წარმოადგენს სენაკი, ...ას ქ. №3, 10, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად კი, მეწარმის იურიდიული მისამართი არის მისი ფიზიკური მისამართი საქართველოს ტერიტორიაზე. ამდენად, ცალსახაა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტულ შემთხვევაში დაცულია გზავნილის გაგზავნისა და ჩაბარებისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-74-ე მუხლებით დადგენილი წესი, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ იურიდიული პირი თვითონ ირჩევს მისამართს და პასუხისმგებელია მითითებული მისამართზე გაგზავნილი დოკუმენტაციის ჩაბარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ საჩივრის ავტორი, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე უთითებს რეგისტრაციის მისამართის ფორმალურობაზე, ფაქტია, რომ ადგილზე მისულ ფოსტის თანამშრომელს დახვდა პირი, რომელმაც დოკუმენტი ჩაიბარა. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება რეგისტრაციის მისამართის ფორმალურობასთან დაკავშირებით არ შეიძლება გახდეს კანონით დადგენილი წესით ჩაბარებული დოკუმენტის ჩაუბარებლად მიჩნევის საფუძველი.
საკითხზე თუ ვინ მიიჩნევა სასამართლო კორესპონდენციის ჩაბარებაზე ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირად, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, კანონმდებელი ორგანიზაციისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარების ნამდვილობას უკავშირებს ობიექტურ ფაქტორს. ნორმის ამ ნაწილით კანონმდებელი შეგნებულად არ აზუსტებს კონკრეტული პირის უფლებამოსილებას შეტყობინების ჩაბარებაზე და ალტერნატიულად, ზოგადი სახით, ჩამოთვლის იმ სუბიექტებს, რომელთაც უფლება აქვთ შეტყობინება ჩაიბარონ ორგანიზაციის სახელით. ამ პირთა წრეს განეკუთვნებიან: კანცელარია ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეული ან/და პირი, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირი, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. უფლებამოსილ პირად, გარდა ზემოაღნიშნულისა, შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე ფორმით იმყოფება შრომით ურთიერთობაში ორგანიზაციასთან. თავის მხრივ, შრომითი ურთიერთობა დამსაქმებლისა და დასაქმებულის იმგვარი ურთიერთობაა, რაც დასაქმებული პირის ნებისმიერ თანამდებობაზე მუშაობის მიუხედავად, ავალდებულებს მას კეთილსინდისიერად განახორციელოს ხელმძღვანელობისათვის შეტყობინების ჩაბარება (სუსგ №ას-1289-1309-2011, 14.11.2011 წ., №ას-330-2019 19.11. 2019 წ.).
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველსა და მე-3 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, მოსარჩელეა ვალდებული, სათანადოდ დაასაბუთოს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამასთან მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით.
კასატორი, როგორც სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში, ასევე საკასაციო საჩივარშიც მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება არ ჩაჰბარებია. პირი, ვინც ჩაიბარა შეტყობინება, ამჟამად არ მუშაობდა შპს „ი...ში“, შესაბამისად, მიიჩნევდა, რომ არაუფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებული დოკუმენტი არ შეიძლება ჩათვლილიყო ჩაბარებულად, თუმცა მას ამ გარემოების დასადასტურებლად მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ი...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინება;
3. შპს „ი...ს“ (ს/ნ...) დაუბრუნდეს 23.05.2023წ. №... საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა