დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-60-414-05 18 მაისი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: თ. თოდრია (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე
დავის საგანი: მფლობელობის შეწყვეტის ფაქტის დადგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 8 ივლისს ჟ. ა.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების _ მ., დ. თ.-ებისა და ს. მ.-ს მიმართ, მოსარჩელემ მოითხოვა, რომ დადგინდეს მოპასუხეების მიერ ქ.თბილისში, მდებარე ორი ოთახის მფლობელობის შეწყვეტის ფაქტი. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: დადგენილ იქნა ქ.თბილისში,…მდებარე-ში მდებარე ლიტერ “ა”-ს 26 კვ.მ ¹4-1 და 23 კვ.მ ¹4-2 ოთახებზე მ. და დ. თ.-ების, ს. მ.-ას მფლობელობის შეწყვეტის ფაქტი.
აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა მ. და დ. თ.-ების, ს. მ.-ს წარმომადგენელმა ა. მ.-მ და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 14 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.მ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 14 ივნისის განჩინება და საქმე საჩივრის განხილვის სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. და დ. თ.-ები და ს. მ.-ა ცხოვრობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრუკლინის შტატში. რაიონული სასამართლოს უწყება 2004წ. 25 თებერვლის სხდომის თაობაზე ზემოაღნიშნულ პირებს გაეგზავნათ 2004წ. 23 იანვარს. 2004წ. 25 თებერვლის სასამართლო სხდომაზე, მოპასუხეების გამოუცხადებლობის გამო, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ჟ. ა.-ის სარჩელი. დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხეების წარმომადგენელმა ა.მ.-მა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოტივაცია საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მხარეებს სათანადო წესის დაცვით ერთი თვით ადრე გაეგზავნათ უწყებები მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შემდეგ გარემოებათა გამო: სსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. აღნიშნული ნორმის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ მხარეებს ჩაბარდეთ სასამართლო უწყება. უწყების მხარეებისათვის მარტოოდენ გაგზავნა არ გულისხმობს, რომ მათთვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომის დღის თაობაზე. საქმის მასალებით კი არ დგინდება მოპასუხეებისათვის უწყების ჩაბარების დრო. სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ამავე კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, რადგან სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა სსკ-ის 241-ე მუხლის მოთხოვნა. ამასთან, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ რაიონულმა სასამართლომ დაარღვია 393-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული საპროცესო სამართლის ნორმები, რის გამოც საქმეზე გამოტანილ იქნა არასწორი გადაწყვეტილება, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია. სააპეალციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჟ. ა.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: კასატორის განმარტებით, მოპასუხეებისათვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომის დღის შესახებ, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო, მათ ვერ მოასწრეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსვლა, რწმუნების გაფორმება და ლეგალიზაცია, რასაც ადასტურებს მათი ახსნა-განმარტება. ჟ.ა.-ის აზრით, მოპასუხეებს უნდა ეცნობებინათ სასამართლოსათვის მათი გამოუცხადებლობის მიზეზი, რასაც ადგილი არ ჰქონდა.
საკასაციო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, რადგან აპელანტი ითხოვდა საქმის წარმოების შეჩერებას, ხოლო სააპელაციო პალატამ გააუქმა რაიონული სასამართლოს 2004წ. 14 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:
სსკ-ის 410-ე მუხლით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას ადგილი არა აქვს.
განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, მართალია, მხარეს (მოპასუხეებს) სასამართლო უწყება გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით, მაგრამ საქმის განმხილველი სასამართლოსათვის ცნობილი არ იყო უწყება სხდომის თაობაზე მოპასუხეს ჩაბარდა თუ არა. სსკ-ის 73-ე მუხლი ადგენს სასამართლო უწყების გაგზავნის წესს. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილით, ადრესატისათვის უწყების ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე აგზემპლარზე, რომელიც სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოუცხადებელი მხარე სხდომაზე მოწვეული არ იყო კანონით დადგენილი წესით.
პალატა თვლის, რომ დაუდგენელი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით სასამართლომ სწორად გამოიყენა სსკ-ის 241-ე მუხლი. პალატა თვლის, რომ უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოპასუხეებს დროულად უნდა ეცნობებინა სასამართლოსათვის მათი გამოუცხადებლობის მიზეზები.
პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლო გასცდა აპელანტის მოთხოვნის ფარგლებს. სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების გაუქმებას და მიუთითებდა იმ საფუძვლებზე, რის გამოც მიაჩნდა იგი უკანონოდ. ამასთან, ვინაიდან სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის უნდა მოწესრიგდეს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონით იშუამდგომლა საქმის არსებითად განხილვის შეჩერება.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაუქმებით და დაუსწრებლობის საფუძვლების შემოწმებით არ გასცდენია მოთხოვნის ფარგლებს, რადგან მითითებული კანონით დავის განხილვა მას შემდეგ უნდა შეჩერდეს, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი გადაწყდება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჟანა ა.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ნოემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.