დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 31.10.2013
საქმის ნომერი
175აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
31.10.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№175აგ-13 31 ოქტომბერი, 2013 წელი

ო-ი თ., 175აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ო-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის განაჩენით თ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მას დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარი.

თ. ო-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2006 წლის 19 მარტიდან 2006 წლის 5 მაისამდე – 48 დღე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 ივნისის განაჩენით თ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ამ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წელი, 10 თვე და 14 დღე - მთლიანად დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ო-ს ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, 10 თვითა და 14 დღით, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 10 აპრილიდან.

მას დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 3500 ლარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 10 სექტემბრის განაჩენით ცვლილება შევიდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 ივნისის განაჩენში და თ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 180–ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.

საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ამ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წელი, 10 თვე და 12 დღე - მთლიანად დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ თ. ო-ს განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, 10 თვითა და 12 დღით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 3500 ლარი.

თ. ო-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 10 აპრილიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 26 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ თ. ო-ის ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ თ. ო-ის მიმართ საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 180–ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები შემცირდა ერთი მეოთხედით და მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 8 წლის, 10 თვისა და 12 დღის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 10 აპრილიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ თ. ო-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე, მსჯავრდებულ თ. ო-ის მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, კერძოდ: ბოლო განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნულ (ამნისტიით შემცირებულ) სასჯელს - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის განაჩენით დანიშნული და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შემცირებული სასჯელიდან - 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ თ. ო-ს მოსახდელად განესაზღვრა - 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც დაეწყო - 2010 წლის 10 აპრილიდან.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული თ. ო-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შთანთქმის პრინციპით დანიშვნას იმ მოტივით, რომ სასჯელის ნაწილობრივი შეკრების შედეგად დაირღვა მისი კანონიერი უფლებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევმა თ. ო-მა ჩაიდინა ახალი განზრახი მძიმე დანაშაული. მას ამნისტიის საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით, ხოლო გასაჩივრებული განაჩენით სასჯელი დაუდგინდა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, რის შედეგადაც მსჯავრდებულს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ. ო-ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, სასჯელის შთანთქმის წესით დანიშვნა აშკარად უსამართლოა, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ თ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივნისის განაჩენი თ. ო-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე