დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№15321-13 1 მაისი, 2013 წელი
წ-ი პ, 15321-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, თეიმურაზ თოდრია
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - ვ. ნ-ის
მსჯავრდებულ - პ. წ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ პ. წ-ის საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის განაჩენით:
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.
პ. წ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 წელი ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. მას 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. პ. წ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 24 თებერვლიდან.
2013 წლის 15 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №1 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ პ. წ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ პ. წ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ პ. წ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელად დაენიშნა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც პროპორციულად, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 3 წელი და 9 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობითად, 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ პ. წ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის განაჩენით დამატებით სასჯელად დანიშნული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 3 წლით და განესაზღვრა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 2 წლითა და 3 თვით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 24 თებერვლიდან.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა პ. წ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, თუ ყველა დაზარალებულის უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.
საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებულების უფლებამონაცვლეს სასამართლოდან გაეგზავნა შესაბამისი წერილობითი შეტყობინება, ხოლო პასუხი მიღებული არ არის, რაც რაიონულმა სასამართლომ შეაფასა როგორც თანხმობაზე უარი.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა ამავე კანონის მე-16 მუხლით, რომლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ პ. წ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
თ. თოდრია