დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-730-1001-04 11 იანვარი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: თანხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 23 ოქტომბერს ნ. ბ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს ი. კ-ის წინააღმდეგ და მიუთითა, რომ მათ შორის 2001წ. 14 ივნისს დადებულ იქნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 2728 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, სესხის უზრუნველსაყოფად კი დაიტვირთა ი. კ-ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ.თბილისში, ..., ბინა 16.
ვინაიდან მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ დაუბრუნა ვალი, ნ. ბ-ემ სარჩელით მოითხოვა იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაციის ხარჯზე 2728 აშშ დოლარის უკან დაბრუნება.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ი. კ-ეს დაეკისრა სახელშეკრულებო დავალიანების 2728 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის _ 140 ლარის გადახდამოსარჩელე ნ. ბი-ის სასარგებლოდ, იპოთეკის საგნის საჯარო აუქციონზე იძულებითი წესით რეალიზაციის ხარჯზე. იპოთეკის საგნის სარეალიზაციოდ აუქციონის მოწყობა-ჩატარება დაევალა ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს. მოსარჩელეს უარი ეთქვა ხელშეკრულების შეუსრულებლობით წარმოშობილი ზარალის _ 245 აშშ დოლარისა და წარმომადგენლის მომსახურებისათვის 400 ლარის ანაზღაურებაზე დაუსაბუთებლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ემ. სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებისას აპელანტი ი. კ-ე გარდაიცვალა. თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2004წ. 10 თებერვლის განჩინებით ი. კ-ის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ მისი მეუღლე ლ. გ-ი და შვილი – გ. გ-ი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ის 316-317-ე მუხლებით, 361-ე და 69-ე მუხლებით და მიუთითა, რომ ვინაიდან მოვალის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული, მას სასამართლომ მართებულად დააკისრა თანხის გადახდა.
პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2001წ. 14 ივნისის ხელშეკრულება ხელმოწერილია მხარეთა მიერ და ეს სადავოდ არავის გაუხდია. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მიერ სკ-ის მე-300 მუხლის გამოყენებას, რომლის თანახმად, თუ მოვალე გააჭიანურებს იმ მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც იპოთეკაა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. კ-ის უფლებამონაცვლეებმა გ. და ლ. გ-ებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში. კასატორთა აზრით, სასამართლომ არასწორად იმსჯელა უფლებამონაცვლეობის დასაშვებობაზე და გამოიყენა სსკ-ის 92-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა. მოქალაქის გარდაცვალება მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველი, თუ გარდაცვლილის უფლება-მოვალეობა შეიძლება გადავიდეს მონაცვლე პირზე მატერიალური სამართლის თვალსაზრისით. ი. კ-ეს გარდაცვალების მომენტისთვის არ გააჩნდა არანაირი სამკვიდრო ქონება. ქ. თბილისში, ს. ... მდებარე ბინა ¹16 წარმოადგენდა მისი შვილის, ამჟამად უფლებამონაცვლედ მიჩნეული გ. გ-ის საკუთრებას, რის გამოც უფლებამონაცვლეობა მოცემულ შემთხვევაში დაუშვებელია. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კასატორებს მიაჩნიათ, რომ გ. გ-ის სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო განხილვის დასრულებამდე ი. კ-ის სააპელაციო საჩივრის მიმდინარე განხილვა იქნება შეუძლებელი და სსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე უნდა შეჩერდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა უფლებამონაცვლეობის საკითხზე. სკ-ის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი. ამ შემთხვევაში სასამართლოს 2004წ. 10 თებერვლის განჩინებით ი. კ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ ლ. და გ. გ-ები, რომლებიც ცხოვრობენ ი. კ-ის სახელზე რიცხულ ბინაში და წარმოადგენენ მის მემკვიდრეებს. ის გარემოება, რომ თითქოს ი. კ-ის სამკვიდრო ქონებას არ წარმოადგენს მითითებული საცხოვრებელი ბინა, გაზიარებული ვერ იქნება. გადაწყვეტილება, რომლითაც ი. კ-ის საკუთრების უფლება გაუქმდა სადავო ბინაზე, ბათილადაა ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 ოქტომბრის განჩინებით.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს აღნიშნული ნორმის თაობაზე საერთოდ არ უმსჯელია და იგი გამოყენებული არ არის. რაც შეეხება საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნას სსკ-ის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი არ უთითებს, თუ რატომ იყო შეუძლებელი სააპელაციო საჩივრის განხილვა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 ივლისის გადაწყვეტილებაზე მანამ, სანამ არ იქნებოდა განხილული გ. გ-ის სარჩელი ი. კ-ის მიმართ. კასატორის ასეთი მოთხოვნა დაკავშირებულია საქმის განხილვის გაჭიანურებასთან და იგი არ გამომდინარეობს მხარის დასაბუთებული ან დამატებითი საკასაციო პრეტენზიიდან. მითუმეტეს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს იმ გარემოებას, რომ გ. გ-ის სარჩელის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება უპირობოდმოახდენს გავლენას დღეისათვის განსახილველ დავაზე.
პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში არ არსებობსგასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. და ლ. გ-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 7 აპრილის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.