განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№15511-13 15 მაისი, 2013 წელი
ბ-ი კ, 15511-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - დ. ბ-ის
ადვოკატ - ლ. ტ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ კ. ბ-ის საჩივარი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 26 იანვრის განაჩენით კ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში კახეთის პრობაციის ბიუროდან „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეღავათების გავრცელების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად შევიდა მსჯავრდებულ კ. ბ-ის პირადი საქმე.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ბ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ კ. ბ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 26 იანვრის განაჩენით მის მიმართ დანიშნული ძირითადი სასჯელი და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 3 თვით - პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა კ. ბ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, რომლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. ამავე კანონის მე-18 მუხლის საფუძველზე, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა. რადგან კ. ბ-ი არის ადრე ნასამართლევი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 27 იანვრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ კ. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე