დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-731-1005-05 12 დეკემბერი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ახალაძე
დავის საგანი: დადგენილების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი «.. ..ის» მეპაიე ნ. ქ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ბ-ის, ვ. მ-ის, ჟ. ო-ის, შ. ჭ-ის, რ. ფ-ისა და ო. ც-ის მიმართ კოოპერატივის წევრთა 2003წ. 29 აპრილის კრებისა და დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 მაისის დადგენილებების გაუქმების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: კოოპერატივი „მ-ი» დაარსდა 1997წ. 2 მაისს, რეგისტრაცია გაიარა 62 წევრმა. 1998წ. 10 ივნისს მისი შემადგენლობიდან გავიდა 13 მეპაიე. სასამართლოს 2000წ. 5 აპრილის დადგენილებით „მ-ს» შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა „.. ..ი». იმავე დადგენილებით „.. ..ის» შემადგენლობიდან გავიდა 13 წევრი, ხოლო საბოლოოდ მეპაიეთა რიცხვი შემცირდა 42-მდე. 2000წ. 15 დეკემბერს გამოცხადდა კოოპერატივის თვითლიკვიდაცია, ხოლო ლიკვიდატორად დაინიშნა ნ. ქ-ი. 2003წ. 29 მაისის კრების გადაწყვეტილებით, მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა, ხოლო მის ადგილას დაინიშნენ მ. ბ-ი, ჟ. ო-ი, შ. ჭ-ი, რ. ფ-ი. ნ. ქ-მა მოითხოვა კოოპერატივ „.. ..ის» მეპაიეთა 2003წ. 29 აპრილისა და 21 მაისის კრების დადგენილებების გაუქმება.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ნ. ქ-ის გამოუცხადებლობის გამო, მას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რაც გაასაჩვრა ნ. ქ-მა იმ მოტივით, რომ სასამართლოში გამოცხადება ვერ შეძლო, ვინაიდან ჩართული იყო „იუსაიდის» პროგრამაში. ამასთან, ავადმყოფობის გამო, ამბულატორიულად მკურნალობდა. დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 მაისის განჩინებით ნ. ქ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და 2003წ. 29 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
რაიონული სასამართლოს აღნიშნული განჩინება ნ.ქ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 თებერვლის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტიელბა გაუქმდა, ხოლო საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად. დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 მაისის განჩინებით ნ.ქ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს აღნიშნული განჩინება ნ.ქ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 აპრილის განჩინებით, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 241-ე, 233-ე მუხლებით და მიუთითა, რომ რაიონული სასამართლოს 2004წ. 29 აგვისტოს გამოტანისას აპელანტი სასამართლოს სხდომის თარიღის შესახებ გაფრთხილებულ იქნა სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, რაც თავად ნ.ქ-მაც დაადასტურა. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, „იუსაიდის» პროგრამაში მონაწილეობის მიღებისა და ავადმყოფობის გამო, სასამართლო პროცესზე საპატიოდ გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ნ. ქ-ის 2003წ. 28 აგვისტოს დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში შეტანილი განცხადების თანახმად, მოსარჩელე სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის მიზეზად მიუთითებდა „იუსაიდის» პროგრამაში მონაწილეობას, მაგრამ აღნიშნულის დასადასტურებლად მას რაიმე მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია. სერტიფიკატის მიხედვით, მან სასწავლო პროგრამა გაიარა 12-17 ივლისს, რაც თვითონვე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 102-ე, 103-ე მუხლებზე და მიიჩნია, ვინაიდან აპელანტმა მის მიერ დასახელებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, სასამართლო პროცესზე მისი გამოუცხადებლობა საპატიოდ ვერ ჩაითვლება. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ნ. ქ-ი სხდომის გადადების მიზეზად 2004წ. 28 აგვისტოს შეტანილ განცხადებაში უთითებდა „იუსაიდის» პროგრამაში მონაწილეობასაა და არა ავადმყოფობაზე. ცნობის მიხედვით კი ის 2003წ. 27 აგვისტოდან 2003წ. 2 სექტემბრამდე რაისაავადმყოფოში ამბულატორიულად მკურნალობდა. აღნიშნულით სასამართლომ დაასკვნა, რომ ქ-ს სასამართლო სხდომაზე გამოცხადება შეეძლო. ამასთან, ცნობის მიხედვით, აპელანტი გადიოდა ამბულატორულ და არა სტაციონალურ მკურნალობას წოლითი რეჟიმის პირობებში.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ.ქ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი მოტივებით: სააპელაციო პალატამ ნ.ქ-ის რაიონული სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობა უკანონოდ არ ჩათვალა საპატიოდ. მხარის მითითებით, მან სწორედ იმიტომ შეიტანა განცხადება სხდომის გადადების თაობაზე და სასამართლოს აცნობა მისი გამოუცხადებლობის მიზეზის თაობაზე, მას სურდა საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება. რაც შეეხება მტკიცებულებათა წარმოდგენას, კასატორის განმარტებით, იგი ჩართული იყო „იუსაიდის» პროგრამაში, გადიოდა მეორე ტურს, თუმცა პროგრამა ჯერ დამთავრებული არ იყო. მხარეს გავლილი ჰქონდა მხოლოდ პირველი ტური, რომლის დამადასტურებელი სერტიფიკატი დაერთო განცხადებას. რაიონულმა სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 284-ე მუხლის მოთხოვნა, არ იმსჯელა მის შუამდგომლობაზე საქმის განხილვის გადადების შესახებ და გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ნ.ქ-მა მიუთითა, რომ ამავე დროს 2003წ. 27 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე იგი იყო ავად და საავადმყოფოში ამბულატორიულად მკურნალობდა. მხარის განმარტებით, აღნიშნულის შესახებ 28 აგვისტოს განცხადებაში არ მიუთითა, რადგან სთხოვა რა სასამართლოს სხდომის გადადების შესახებ „იუსაიდის» პროგრამაში მონაწილეობის მიზეზით, ივარაუდა, რომ სასამართლო სხვა დროისათვის გადადებდა საქმის განხილვას გამოჯანმრთელდებოდა და შეძლებდა ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად სხდომაზე გამოცხადებას. შემდგომში, როდესაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო, საჩივარში მიუთითა ავადმყოფობის შესახებაც და დაურთო ცნობაც. ნ.ქ-ის განმარტებით, მართალია, მას წოლითი რეჟიმი დანიშნული არ ჰქონდა, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ არ შეეძლო სხდომაზე გამოცხადება. სააპელაციო პალატის დასკვნები წინააღმდეგობრივია, რადგან სასამართლომ ცნო მისი ავადმყოფობის ფაქტი, მაგრამ, ვინაიდან დანიშნული წოლითი რეჟიმი არ ჰქონდა, აღნიშნული გარემოება სხდომაზე გამოცხადებისათვის ხელშემშლელად არ მიიჩნია. კასატორმა მიუთითა სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტზე, 241-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ხსენებული ნორმების მოთხოვნები არ გაითვალისწინა და რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უკანონოდ დატოვა ძალაში. ნ.ქ-მა მოითხოვა სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 410-ე მუხლის «ბ» პუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამართლის ნორმები.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ნ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა მისი გამოუცხადებლობის გამო. დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ნ. ქ-ი სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით იყო გაფრთხილებული. სასამართლო სხდომამდე, 2003წ. 28 აგვისტოს, ნ.ქ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც განმარტა, რომ გაიარა «იუსაიდის» პროგრამის ტრეინინგის პირველი ტური, რომლის დამადასტურებელი სერტიფიკატი დაერთო განცხადებას, ხოლო სხდომის დღეს მონაწილეობდა მეორე ტურში, რის გამოც სასამართლო პროცესზე ვერ გამოცხადდებოდა. ამასთან, ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულება ნ.ქ-ს არ წარმოუდგენია. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე 2003წ. 17 სექტემბერს შეტანილ საჩივარში ნ.ქ-მა სასამართლო სხდომაზე საპატიოდ გამოუცხადებლობის საფუძვლად მიუთითა თავის ავადმყოფობაზე, რომლის დამადასტურებლად წარადგინა შპს „ ს-ის» 2003წ. 3 სექტემბრის ¹56 ცნობა ამავე წლის 27 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე ამბოლატორიულად მკურნალობის შესახებ.
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ამ სახის პრეტენზია კასატორს არ წარმოუდგენია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ გარემოებებს და მიიჩნია, რომ ნ. ქ-ის მიერ დასახელებული გარემოებები სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ შეფასდება. სასამართლომ ამ დასკვნის მიღებისას მართებულად მიუთითა სსკ-ის 241-ე მუხლზე, რომლის ძალითაც დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან იგი, საპატიო მიზეზის გამო, ვერ გამოცხადდა რაიონული სასამართლოს სხდომაზე. სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» პუნქტის თანახმად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ, ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. კასატორი სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნევს «იუსადის» პროგრამაში მის მონაწილეობას და ამავდროულად _ ავადმყოფობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ ნ.ქ-მა დაუწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დღეს _ 2003წ. 29 აგვისტოს «იუსაიდის» პროგრამაში მისი მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, რაც, სსკ-ის 102-103-ე მუხლების თანახმად, მას ევალებოდა. მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე საპატიოდ გამოუცხადებლობის და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად დასახელებული გარემოების მტკიცების ტვირთი ამავე მხარეს აკისრია. რაც შეეხება ავადმყოფობას, ასეთი გარემოების არსებობის შესახებ სასამართლოსათვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს უცნობი იყო. ამდენად, კასატორის არგუმენტი გასაჩივრებული განჩინებისა და სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნები წინააღმდეგობრივია, რადგან სასამართლომ ცნო მისი ავადმყოფობის ფაქტი, მაგრამ, ვინაიდან წოლითი რეჟიმი არ ჰქონდა დანიშნული, ავადმყოფობა სხდომაზე გამოცხადებისათვის ხელშემშლელ მოვლენად არ მიიჩნია. მართალია, მას წოლითი რეჟიმი დანიშნული არ ჰქონდა, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ არ შეეძლო სხდომაზე გამოცხადება. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და თვლის, რომ სასამართლო სხდომაზე მხარის გამოცხადების ხელშემშლელ გარემოებად ამბულატორიულად მკურნალობა ვერ მიიჩნევა. ნ.ქ-ი თვითონვე უთითებს რა საქმის განხილვის დღეს «იუსაიდის» პროგრამაში მისი მონაწილეობის ფაქტზე, ეს გარემოებაც არასარწმუნოს ხდის მის სასამართლო სხდომაზე საპატიოდ გამოუცხადებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხვონათა დაცვით და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ქ-ი საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 აპრილის განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.