გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-73-410-05 14 ივნისი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ფულადი თანხების გადახდევინება.
აღწერილობითი ნაწილი:
ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე ნ. შ.-ის მოთხოვნა და მოპასუხე ა. ჩ.-ს მის სასარგებლოდ დაეკისრა 15156 ლარის გადახდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი, ასევე, მთლიანად დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა 15156 ლარის გადახდა.
ა. ჩ.-ის საკასაციო საჩივრის საფუძველზე საქმე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატამ და 2004წ. 24 მარტის განჩინებით, გააუქმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე კონკრეტული მითითებებით ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2004წ. 9 სექტემბერს აპელანტის გამოუცხადებლობის გამო გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და ლანჩხუთის რაიონის 2002წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილება დატოვა უცვლელად.
ა. ჩ.-მ და მისმა წარმომადგენელმა პ. ს.-მ საჩივარი შეიტანეს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და მოითხოვეს მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ 2004წ. 9 სექტემბერს სასამართლო სხდომაზე მათი ერთი საათით დაგვიანება განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ ლანჩხუთის და სამტრედიის რაიონებს შორის დამაკავშირებელი ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მიმდინარე გაზის რემონტით, რის გამოც შეზღუდული იყო ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 ნოემბრის განჩინებით ა. ჩ.-ისა და მისი წარმომადგენლის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტები სხდომაზე დასწრების მიზეზების საპატიოდ ცნობის თაობაზე და მიიჩნია, რომ ეს გარემოებები არ შეიძლება ჩაითვალოს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. კერძოდ, სასამართლომ არ გაიზიარა ...-ის თემის გამგებლის ცნობა, რომ ბათუმი-სამტრედია-თბილისის ცენტრალურ გზაზე მ\წლის სექტემბრის თვეში სუფსა-ლანჩხუთის მონაკვეთზე მიმდინარეობდა გზის სარემონტო სამუშაოები და ხშირად იკეტებოდა გზა, ავტომობილებისათვის შეზღუდული იყო მოძრაობა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა სუფსა-ლანჩხუთის და არა ლანჩხუთი-ქუთაისის მონაკვეთზე. მოწინააღმდეგე მხარე ნ. შ.-ე და მისი ადვოკატი ლ. დ.-ი ლანჩხუთიდან მივიდნენ სასამართლოში. აპელანტს შეეძლო სატელეფონო კავშირის მეშვეობით ეცნობებინა სასამართლოსათვის სხდომაზე მოსალოდნელი დაგვიანების შესახებ, რაც მას არ გაუკეთებია.
ა. ჩ.-მ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საოლქო სასამართლოს 2004წ. 10 ნოემბრის განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად ქუთაისის საოლქო სასამართლოსათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
სხდომის დღეს 2004წ. 9 სექტემბერს ბათუმი-სამტრედია-ქუთაისის ცენტრალური გზის სუფსა-ლანჩხუთის მონაკვეთზე მიმდინარეობდა გზის სარემონტო სამუშაოები, საქალაქთაშორისო ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდა, რის გამოც ლანჩხუთიდან ქუთაისში ელექტრომატარებლით გაემგზავრნენ და დააგვიანეს ერთი საათით. აღნიშნულ დღეს დილის 10 საათზე ადვოკატმა ს.-მ ლანჩხუთის რაიონული სასამართლოდან წამოიღო 1994წ. სარეგისტრაციო ჟურნალი სოფ. ... მდებარეობს სუფსა-ლანჩხუთის გზის შუა მონაკვეთზე. ამდენად, საქალაქთაშორისო ავტომანქანებმა ჯერ უნდა გაიაროს სუფსა-ლანჩხუთის და შემდეგ ლანჩხუთი-ქუთაისის მონაკვეთი. კასატორს და მის წარმომადგენელს არ ჰქონდათ ტელეფონი, რომ დაკავშირებოდნენ საოლქო სასამართლოს. სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ ადვოკატი ლ. დ.-ი ლანჩხუთიდან ჩავიდა საოლქო სასამართლოში, ვინაიდან იგი ქუთაისელია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 9 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ა. ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი და ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 5 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა სსკ-ის 387-ე მუხლით მიიჩნია, რომ აპელანტი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველია.
მხარეები სადაოდ არ ხდიან იმ ფაქტს, რომ გაფრთხილებულნი იყვნენ 2004წ. 9 სექტემბერს 12 საათზე სასამართლო სხდომის თაობაზე და სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგებზე. სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ აპელანტი და მისი წარმომადგენელი მითითებული სხდომის დღეს გამოცხადდნენ ქუთაისის საოლქო სასამართლოში მცირედი დაგვიანებით.
სსკ-ის 233-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მისი არგუმენტი გზის სარემონტო სამუშაოების წარმოების გამო სხდომაზე ერთი საათით დაგვიანების საპატიოდ მიჩნევის თაობაზე.
...-ის თემის გამგებლის მიერ გაცემული მიმართვით ირკვევა, რომ ბათუმი-თბილისის ცენტრალურ გზაზე 2004წ. სექტემბერში მიმდინარეობდა გზის სარემონტო სამუშაოები. აღნიშნულის გამო ხშირად იკეტებოდა გზა, საქალაქთაშორისო ავტომობილების (ტრანსპორტის) მოძრაობა შეზღუდული იყო. მართალია გამგებლის მიმართვაში ცალსახად არაა მითითებული 9 სექტემბერს აღნიშნულ მაგისტრალზე მოძრაობის შეზღუდვის თაობაზე, მაგრამ სარემონტო სამუშაოების წარმოების და ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის ფაქტი ამ პერიოდში დადასტურებულია; დაუსწრებელი გადაწყვეტილება ერთგვარი სანქციაა უპასუხისმგებლო მხარის წინააღმდეგ, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ გაფრთხილებულია სათანადო წესით არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება სასამართლო სხდომაზე და თავისი გამოუცხადებლობით ხელს უშლის მართლმსაჯულების დროულ განხორციელებას. არის თუ არა მხარის გამოუცხადებლობა სასამართლოს მიმართ გამოვლენილი უპასუხისმგებლობისა და უპატივცემლობის გამოხატვა არა მარტო კონკრეტული მტკიცებულების, არამედ გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე უნდა გადაწყდეს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სხდომაზე ერთი საათით დაგვიანება არ უნდა იქნეს შეფასებული სასამართლოსა და გამოცხადებული მხარის წინაშე უპატივცემულობის გამოხატვად და მხარის ბრალეულად არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობად, მაშინ, როცა აპელანტი ქუთაისიდან საკმაოდ მოშორებით რაიონში ცხოვრობს და არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების გამო ერთი საათით მას შეეძლო დაეგვიანა სასამართლო სხდომაზე.
საკასაციო პალატა ამასთან აღნიშნავს, რომ არასწორია სასამართლოს მოსაზრება, რომ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა სუფსა-ლანჩხუთის და არა ლანჩხუთი-ქუთაისის მონაკვეთზე. სოფ. ..., სადაც კასატორი ცხოვრობს სუფსა-ლანჩხუთის მონაკვეთზე მდებარეობს, ასე, რომ იგი ამ მონაკვეთის გაუვლელად ვერ შეძლებდა ლანჩხუთი-ქუთაისის მონაკვეთის გავლას; გასაზიარებელია კასატორის მოსაზრებაც, რომ სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ მოწინააღმდეგე მხარე და მისი ადვოკატი ლ. დ.-ი სასამართლოში ლანჩხუთიდან ჩავიდნენ და როგორც ამ უკანასკნელმა დაადასტურა, არავითარი სარემონტო სამუშაოები ამ მონაკვეთზე არ მიმდინარეობდა და არც გზა ყოფილა გადაკეტილი. აღნიშნული განმარტება საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტით არ დასტურდება, გარდა ამისა, ადვოკატი ლ. დ.-ი გურიის რეგიონში არ ცხოვრობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს აპელანტის გამოუცხადებლობა სასამართლო სხდომაზე საპატიოდ უნდა მიეჩნია, გაეუქმებინა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და არსებითად განეხილა სააპელაციო საჩივარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 10 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.