დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 08.05.2013
საქმის ნომერი
2კ-1564-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
08.05.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№15641-13 8 მაისი, 2013 წელი

ლ-ე ლ.- 15641-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ დ. ბ-ის

ადვოკატ – ს. ბ-ს

მსჯავრდებულ _ ლ. ლ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ლ. ლ-ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 16 აგვისტოს განაჩენით ლ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 261–ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ-ის 42–ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3.000 ლარი.

ლ. ლ-ეს 5 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – იმერეთის პრობაციის ბიურომ წარდგინებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ლ. ლ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით იმავე სასამართლოს 2012 წლის 16 აგვისტოს განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული ლ. ლ-ე მთლიანად გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის – 2 წლის პირობითი მსჯავრისა და 3 წლის გამოსაცდელი ვადის შემდგომი მოხდისაგან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ლ. ლ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3 მუხლის თანახმად: ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელისგან ადრე განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“.

ამდენად, ლ. ლ-ე კანონიერად გათავისუფლდა საქართველოს სსკ–ის 261–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან. რაც შეეხება ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეულ უფლებებს, ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის თანახმად, საქალაქო სასამართლომ ასევე კანონიერად დატოვა უცვლელად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ლ. ლ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

გ. შავლიაშვილი