დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
განჩინება
¹ ას-770-1047-05 26 დეკემბერი, 2005 წ.,ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 5 ნოემბერს ე. ჯ-მ სარჩელით მიმართა მარტვილის რაიონულ სასამართლომ მოპასუხეების სს „.. ..ის” და მისი მარტვილის ფილიალის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. სარჩელში აღნიშნულია, რომ 2004წ. 2 ივნისს მარტვილის რ-ის სოფ. ... მდებარე სახლში გ. ჯ-ა უყურებდა ტელევიზორს, რა დროსაც მოსულმა მაღალი ძაბვის ელექტროდენმა გადაწვა ტელევიზორი. ეზოში შექმნილი ხმაურის გამო გარეთ გასულმა შენიშნა, რომ ელექტრობოძზე ელექტროსადენების მიერთების ადგილას და მეორე სართულზე არსებულ ხის კონსტრუქციას ცეცხლი ეკიდა. მიუხედავად მოსარჩელის მცდელობისა, ვერ მოხერხდა ცეცხლის ჩაქრობა და გაძლიერებული ხანძრის შედეგად ე. ჯ-ს ორსართულიანი სახლი მასში არსებულ ნივთებთან ერთად მთლიანად დაიწვა, რითაც მოსარჩელის მითითებით მიადგა ზიანი 40000 ლარის ოდენობით. მოსარჩელე უთითებდა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნით დასტურდება ხანძრის გამომწვევი მიზეზი - მოპასუხე ელექტროკომპანიის მიერ მიწოდებული მაღალი ძაბვის ელექტროენერგია. ე. ჯ-მ სარჩელით მოითხოვა მოპასუხეებისათვის 40000 ლარის დაკისრება.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 ოქტომბრის განჩინებით სათანადო მოსარჩელედ მიჩნეულ იქნა გ. ჯ-ა, ხოლო სს „.. ..ის» მარტვილის ფილიალი ამოირიცხა მოპასუხეთა სიიდან, ასევე სასამართლოს 2004წ. 4 თებერვლის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება „სა-ა”.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 29 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ჯ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს „სა-ს” გ. ჯ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 8000 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით სს «.. ..ის” მიერ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ ექსპერტის დასკვნა ეფუძნებოდა მეზობლის ახსნა-განმარტებებს, რაც აპელანტის აზრით, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
სააპელაციო სასამართლომ 2005წ. 21 აპრილის განჩინებით სს „.. ..ის” სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ექსპერტის დასკვნა ემყარებოდა მხოლოდ მოსარჩელის მეზობლების ახსნა-განმარტებებს, რადგან ექსპერტიზის დასკვნაშივე იყო მითითებული, რომ იგი ემყარებოდა ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერებას, ნივთიერი მტკიცებულებების შესწავლას, ხანძრის წარმოშობის კერის განადგურებას, აგრეთვე, შეგნებულად დაწვის შედეგად ნივთიერების და მასალების თვითამოღების ვერსიის გამორიცხვას.
სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტიც, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტმა განმარტა, რომ რაიონული სასამართლოს მიერ განსაზღვრული ზიანის ოდენობას – 8000 ლარს ეთანხმებოდა და სადავოდ არ ხდიდა და ზიანის ოდენობის დადგენის მიზნით ექსპერტიზის დანიშვნა არ მოუთხოვია.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „სა-მ” და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ და გაურკვეველი მოტივაციით არ გაიზიარა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტური სამმართველოს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში ხანძრის გაჩენა მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის ზემოქმედების შედეგად. კასატორის აზრით, ექსპერტი აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა მოსარჩელის მეზობლების ახსნა-განმარტებით, რაც ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. მეზობლების ახსნა-განმარტება კი, სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, არ წარმოადგენს მტკიცებულებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სს „.. ..ის” საკასაციო პრეტენზია ძირითადად ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, კერძოდ კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტური სამმართველოს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. კასატორის აზრით, აღნიშნული მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ გ. ჯ-ს სახლში ხანძარი გაჩნდა მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის ზემოქმედების შედეგად. აღნიშნულ მოსაზრებას სასამართლო ვერ დაეთანხმება. მითითებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ. ჯ-ს საცხოვრებელ სახლში ხანძრის წარმოშობის ტექნიკური მიზეზი არის ელექტროენერგიის მოკლე ჩართვა ელექტრომრიცხველთან, რომელიც წარმოიშვა ელექტროქსელში მაღალი ძაბვის მიწოდებით. ექსპერტის ეს დასკვნა მთლიანად უარყოფს კასატორის ზემოთ მითითებულ მოსაზრებას.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ თითქოს ექსპერტის დასკვნა ემყარება მეზობელთა ახსნა-განმარტებებს, რაც არ შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო მტკიცებულებათა სახით ექსპერტიზის ჩატარების დროს. აღნიშნულის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მიერაც მითითებულია, რომ ექსპერტის დასკვნა მიღებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების, საქმის მასალებისა და ნივთობრივი მტკიცებულებების შესწავლით, ხანძრის წარმოშობის კერის განლაგების გათვალისწინებით, აგრეთვე შეგნებულად დაწვის შედეგად ნივთიერებებისა და მასალების თვითაალების ვერსიის გამორიცხვით. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სს „სა-ს” სსკ-ის 173-ე მუხლის საფუძველზე განმეორებითი ან დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნის მოთხოვნა არ დაუყენებია.
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულებები წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შეფასებულია სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო, ვინაიდან კასატორის ბრალი ზიანის მიყენებაში დადასტურებულია საქმის მასალებით, იგი სკ-ის 992-ე, მე-1000 მუხლების საფუძველზე ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი და იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს „სა-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 21 აპრილის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.