დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 19.05.2006
საქმის ნომერი
ას-773-1044-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.05.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-773-1044-05 19 მაისი, 2006 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი

დავის საგანი: ბინის ქირის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 18 ოქტომბერს გ. ა-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ქ-შვილის მიმართ ბინის ქირის გადახდევინებისა და საეზოვე მიწის ნაკვეთის გამონთავისუფლების თაობაზე. სარჩელის საფუძვლად მიუთითა შემდეგი გარემოება: ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა დედამისს _ თ. ა-შვილს, რომელმაც 1980 წელს აღნიშნული სახლი მას აჩუქა; სახლი დღეისათვის საკუთრების უფლებით ირიცხება მოსარჩელის სახელზე; მოპასუხე ე. ქ-შვილს ათეული წლების განმავლობაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ქირავნობის უფლებით უკავია აღნიშნული ბინის 21,32 კვ.მ ¹7 ოთახი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 1979 წელს დედამისმა _ თ. ა-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ქ-შვილის მიმართ და მოითხოვა ქირის გადახდევინება, რაც დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა ქირის გადახდა თვეში 3 მანეთისა და 36 კაპიკის ოდენობით.

მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია 22 წელი, ამ ხნის განმავლობაში შეიცვალა გარემოებები, შეიცვალა ბინის ქირავნობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმები. სკ-ის 398-ე მუხლის თანახმად, გ. ა-შვილი მოითხოვს, რომ ბინის ქირა გაიზარდოს და მოპასუხეს ყოველთვიურად დაეკისროს ბინის ქირა 100 ლარის ოდენობით, აგრეთვე, დაეკისროს უკანასკნელი 3წ. გადაუხდელი ბინის ქირა 3600 ლარის ოდენობით. მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მოსარჩელემ ქირის ოდენობა 50 ლარით შეამცირა.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე აჭარბებს დამქირავებლის უფლებამოსილებას და მისი ნების გარეშე სარგებლობს საეზოვე ნაკვეთით, უადგილოდ ჰყრის ნაგავსა და მიწას, რაც ხელს უშლის საკუთრებით ნორმალურ სარგებლობაში.

მოპასუხე ე. ქ-შვილმა სარჩელი არ ცნო.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ. ა-შვილის სარჩელი. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ და განხილულ იქნა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება _ დაკმაყოფილდა გ. ა-შვილის სარჩელი და ე. ქარქუასაშვილს ა-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად ბინის ქირის გადახდა 50 ლარის ოდენობით და სამიწ. გადაუხდელი ბინის ქირა 1300 ლარის ოდენობით.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ქ-შვილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა მოქირავნედ, ვინაიდან მეუღლესა და მის ოჯახთან უკვე გაწყვეტილი ჰქონდა ნათესაური ურთიერთობები. სახლის გაჩუქების შემდეგ ახალ მესაკუთრესა და ქ-შვილს შორის ჩამოყალიბდა იგივე ურთიერთობები სკ-ის 572-ე მუხლის თანახმად, მაგრამ ეს სარგებლობა ვერ განიხილება 1998წ. 25 ივნისის კანონით. ამდენად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულია ქირავნობის ურთიერთობა განუსაზღვრელი ვადით.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სკ-ის 531-ე მუხლის თანახმად, დამქირავებელი მოვალეა, გადაუხადოს გამქირავებელს დათქმული ქირა. მართალია, ქირა სასამართლომ დაადგინა, მაგრამ სკ-ის 398-ე მუხლით, მხარეს შეუძლია მოითხოვოს გაზრდილი ქირა. აპელანტმა გაანახევრა თავისი მოთხოვნა, კერძოდ, მოითხოვა 50 ლარის დაკისრება ყოველთვიურად. სააპელაციო სასამართლომ სამიწ. გადაუხდელი ქირა კი გამოითვალა ზემოთ მითითებული თანხიდან.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 8 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ქ-შვილის წარმომადგენელმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 8 დეკემბრის განჩინებით ე. ქ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 8 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მხარეებს წარმოეშვათ გარკვეული უფლებები და ვალდებულებები, რომელთა დარღვევისათვის შეიძლება დადგეს შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი. სკ-ის 317-ე მუხლის I ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრებით ან კანონით გათვალისწინებული საფუძვლებიდან. პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების წარმოშობის კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი არის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ვალდებულია, ბინის სარგებლობისათვის გადაიხადოს ქირა.

პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება სკ-ის 398-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით, რადგან მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმა აწესრიგებს სახელშეკრულებო ურთიერთობას, ხელშეკრულების მისადაგებას შეცვლილი გარემოებებისადმი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ. ა-შვილს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ, სკ-ის 398-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, აღნიშნული მუხლი გამოყენებულ უნდა იქნეს ძველი ხელშეკრულებების მიმართ, რადგან მიიჩნია, რომ მითითებული ნორმის მოქმედება, კანონის დროში მოქმედების პრინციპიდან გამომდინარე, ეხებათ სწორედ იმ ხელშეკრულებებს, რომელიც დაიდო ამ კოდექსის მოქმედების პერიოდში და გარემოებებისადმი მისადაგებაც სწორად ასეთ ხელშეკრულებაზე უნდა გავრცელდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 აპრილის გადაწყვეტილებაზე საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-შვილმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით: კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, კერძოდ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 1507-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნები.

სამოტივაციო ნაწილი:

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და ამის შედეგად სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.

კასატორი არ უთითებს საკასაციო საჩივარში იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც მიუთითებენ მის მიერ მითითებული თანხის დაკისრების საფუძვლების და მისი ოდენობის გამოანგარიშების მართებულობაზე და, აგრეთვე, რაც არ იქნა გამოკვლეული ან არასათანადოდ შეფასებული სააპელაციო სასამართლოს მიერ. სსკ-ის 404-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ვერ შეამოწმებს თავისი ინიციატივით პროცესუალურ დარღვევებს, რადგან ამის შესახებ არ არის მითითებული საკასაციო საჩივარში.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა სკ-ის 1507-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნები. სკ-ის ნორმები ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვებიან ამ კანონის ამოქმედების შემდეგ იმ გამონაკლისების გარდა, როდესაც ამ კანონის გამოყენებისას არსებობს მხარეთა ნება ან სამართლებრივი ურთიერთობა ეხება უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ა-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 აპრილის გადაწყვეტილება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.