გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
განჩინება
¹ ას-773-1408-03 24 ოქტომბერი, 2005 წ.,ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ახალაძე
დავის საგანი: ძირითად სარჩელში _ ბინიდან გამოსახლება; შეგებებულ სარჩელში _ ხელშეკრულებასა და საჯარო რეესტრში ცვლილების შეტანა, თანხის დაკისრება, მართლზომიერ მფლობელად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. დ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ს., ც., მ. და ნ.ნ-ეების მიმართ ბინიდან გამოსახლებისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: ვ.დ-ემ 1994წ. 13 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა ო. ნ-ისაგან ქ. თბილისში, ... ქ. ¹3-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2,რომელიც საჯარო რეესტრში აღრიცხა მის სახელზე. მოპასუხეებს აღნიშნული ფართი უკანონოდ აქვთ დაკავებული. მათ გამოსახლებას ითხოვდა ყოფილი მესაკუთრე ჯერ კიდევ 1980 წელს იმ საფუძვლით, რომ ისინი ბინაში შეიჭრნენ მოტყუებით, მესაკუთრის თანხმობის გარეშე. მოსარჩელის მოთხოვნა ემყარება სკ-ის 170-ე და 172-ე მუხლებს.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და შეგებებული სარჩელით მოითხოვეს 1994წ. 31 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრში ცვლილების შეტანა, ვ.დ-ისათვის 14 914 აშშ დოლარის დაკისრება და სადავო ფართის მართლზომიერ მფლობელებად ცნობა შემდეგი დასაბუთებით: მოპასუხეთა მშობლებმა ხ. მ-ისაგან, რომელიც იყო სახლის მესაკუთრე გ.ე-ის ახლო ნათესავი და ცხოვრობდა იმავე სახლში, 1973 წელს 8000 მანეთად შეიძინეს ერთი ოთახი, ხოლო 1979 წელს _ 2700 მანეთად მეორე ოთახი, რაზედაც შედგა ხელწერილი. 1981 წელს საცხოვრებელი სახლის ნახევარი საკუთრების უფლებით შეიძინა ო. ნ-მა, ხოლო 1994 წელს _ ვ. დ-ემ. 1998 წელს მოპასუხეებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს სადავო ფართის მესაკუთრედ ცნობის შესახებ. ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2000წ. 17 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ს. ნ-ის სარჩელი ქ.თბილისში ... ქ.¹3-ში მდებარე მის მიერ დაკავებულ ფართობზე მესაკუთრედ ცნობაზე და ს. ნ-ეს დაეკისრა ვ. დ-ის სასარგებლოდ გადაუხდელი ბინის ქირის _ 156,06 ლარისა და ყოველთვიურად 3.06 ლარის გადახდა. კიროვის სასამართლოს 1980წ. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ. ე-ის სარჩელი ნ-ების ბინიდან გამოსახლების თაობაზე. ამდენად, მოცემული დავაზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. ვ. დ-ის მიერ სადავო ფართის შეძენით დაირღვა ნ-ეთა ბინის უპირატესი შესყიდვის უფლება, რაც მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ც., მ., ნ.და ს. ნ-ეები ცნობილ იქნენ სადავო ფართის მართლზომიერ მფლობელად და მოსარგებლეებად, დანარჩენ ნაწილში კი შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. დ-ემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, ს. ნ-ე ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან, ხოლო შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ქ. თბილისში, ... ქ. ¹3-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის 1/2 საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ვ.დ-ეს. ს. ნ-ის მამინაცვალმა გადაუხადა ყოფილი მესაკუთრე გ. ე-ის ახლობელ ხ. მ-ს 8000 მანეთი, ხოლო 2700 მანეთი _ გ. ე-ის ახლობელ ზ. დ-ს. პალატამ მიიჩნია, რომ ბინის მესაკუთრესა და ს. ნ-ის ოჯახს შორის გარიგება არ დადებულა, რის გამოც შეგებებული სარჩელი არ დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეებს შორის უნდა არსებობდეს გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ, რაც დასტურდება ისეთი გარემოებებით, როგორიცაა სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადებისა და მესაკუთრისათვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული გარემოებები არ დასტურდება.
სააპელაციო პალატის აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ს., ც., მ. და ნ.ნ-ეებმა, მათმა წარმომადგენელმა ა. ს-ემ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ვ. დ-ის სარჩელისათვის უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით: ქ. თბილისის კიროვის რ-ის სახალხო სასამართლოს 1980წ. 28 მარტის გადაწყვეტილებით სადავო ბინის ყოფილი მესაკუთრე გ. ე-ის სარჩელს ნ-ეების ოჯახის ფართიდან გამოსახლების შესახებ უარი ეთქვა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს კოლეგიამ 1980წ. 22 აპრილის განჩინებით. კასატორთა აზრით, სააპელაციო პალატამ აღნიშნულ გადაწყვეტილები შესაბამისად ვერ შეაფასა. საოლქო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 393-ე მუხლის მოთხოვნა, როდესაც არ გამოიყენა, ამავე კოდექსის 272-ე მუხლის «ბ” პუნქტი, ვინაიდან ვ. დ-ე სარჩელით ითხოვდა ნ-ეების ოჯახის ბინიდან გამოსახლებას, რაც გ. ე-ის მოთხოვნის საფუძველზე ერთხელ უკვე გახდა სასამართლოს განხილვის საგანი და აღნიშნულზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, ხოლო ის ფაქტი, რომ მოცემულ შემთხვევაში ბინის მესაკუთრე სხვა პიროვნებაა არსებითი მნიშვნელობის არ არის. კასატორთა აზრით, საოლქო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა საქმეში მოწმედ ჩართული ბ-ის განმარტებაზე იმის შესახებ, რომ მან პირადად მოაწერა ხელი 1973წ. ხელწერილს, ასევე სათანადო შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ ნ-ეების ოჯახი 30 წლის განმავლობაში დამოუკიდებლად იხდიდნენ კომუნალურ გადასახადებს და ჩაწერილნი იყვნენ საბინაო წიგნში, რაც მესაკუთრის თანხმობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. მხარის განმარტებით, 1973წ. ხელწერილის ეგზემპლარი საქმის განხილვის მხოლოდ მოცემულ ეტაპზე მოწმე ბ-მა მოძებნა და წარმოადგინა სასამართლოში. კასატორთა მიერ სადავო ბინის ფართის კანონიერად სარგებლობის უფლებას ადასტურებს სასამართლოს 1980წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელზეც სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, თუკი საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, იგი აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს საოლქო სასამართლოს შესაბამის პალატას. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუკი მისი იურიდიული დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
მოცემული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა გამოიხატება იმაში, რომ სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, ს., ც. მ. და ნ. ნ-ეებმა შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის დასადასტურებლად მიუთითეს კონკრეტულ მტკიცებულებებზე _ ქ. თბილისის კიროვის რ-ის სახალხო სასამართლოს 1980წ. 28 მარტის გადაწყვეტილებასა და ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2000წ. 17 მაისის გადაწყვეტილებაზე.
სსკ-ის 249-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცა რა მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებს, დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნა მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ დასკვნის გამოტანის თაობაზე.
სასამართლომ მიუთითა «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის მეორე ნაწილზე და დაასკვნა, რომ მხარეებს შორის საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება არ დადებულა, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი გარემოებები _ სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადებისა და მესაკუთრისათვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა, მოცემულ შემთხვევაში არ დგინდება. სასამართლოს ეს შეფასება არ ეფუძნება საქმეში წარმოდგენილ მასალებს, აღნიშნულთან მიმართებით სასამართლოს არ შეუფასებია საქმის ფურცელ 71-73-ზე (საბინაო კომუნალური მომსახურების ცენტრის მიერ გაცემული ცნობა და კომუნალური გადასახადების ქვითრები) წარმოდგენილი მტკიცებულებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ს., ც., მ. და ნ. ნ-ეების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად უნდა იმსჯელოს მხარეთა მიერ წარმოდგენილ და საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებაზე და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს., ც., მ. და ნ.ნ-ეების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.