დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 14.11.2005
საქმის ნომერი
ას-785-1063-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.11.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-785-1063-05 14 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ახალაძე,ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ყადაღისაგან ქონების განთავისუფლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ე. ჯ.-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხონის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე, მისი უზრუნველყოფის მიზნით, მესამე პირების – ე. ჭ.-ისა და ლ. გ.-ის განცხადებათა საფუძველზე იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ხონის რაიონის სასამართლო აღმასრულებლის დ. ხ.-ს მიერ მ. ჭ.-ის უძრავ-მოძრავ ქონებაზე დადებული .-ის მოხნა, კერძოდ, საცხოვრებელ სახლზე, მდებარე ხონის რაიონის სოფ. ... და მაღაზიაზე, მდებარე ქ.ხონში, ... აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად სარჩელთან ერთად წარმოადგინა ხონის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მ. ჭ.-ს ე. ჯ.-ას სასარგებლოდ დაეკისრა 4800 აშშ დოლარისა და 11743 ლარის გადახდა. მოსარჩელის განმარტებით, მ. ჭ.-მ აღნიშნული ვალის არსებობა დაადასტურა თავისი ხელწერილით და გადასცა მოსარჩელეს მინდობილობა, რომელიც მას აძლევდა უფლებას თავისი შეხედულებისამებრ განეკარგა თავისი წილი მაღაზიაში, რასაც მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი თვლიან საკუთრებაში ამ ქონების გადაცემად. აღნიშნულის გამო, მ. ჭ.-ის ვალის დაფარვის მიზნით კრედიტორების მოთხოვნის უზრუნველსაყოფად ამ მაღაზიის დაყადაღება არ მიაჩნიათ სწორად.

ხონის რაიონულმა სასამართლომ 2005 წლის 22 თებერვალს განიხილა ე. ჯ.-ას სარჩელი და მიღებული გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა იგი იმ საფუძვლით, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 82-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს სარჩელი უნდა აღეძრა მოვალის და კრედიტორის მიმართ, ხოლო, ვინაიდან სარჩელი აღძრული იყო აღმასრულებლის მიმართ, სასამართლომ სსკ-ის 85-ე მუხლის საფუძველზე არ დააკმაყოფილა სარჩელი.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ჯ.-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ იგი წინააღმდეგი არ არის, მოხდეს მხარეთა შეცვლა, მაგრამ სასამართლოს დრო უნდა მიეცა მათთვის ამ ხარვეზის შესავსებად. ამასთან მიიჩნია, რომ აღმასრულებელი ხ.-ა უნდა ყოფილიყო მხარედ ჩართული. ასევე, აპელანტის აზრით, კრედიტორების განცხადება არ უნდა განხილულიყო გამარტივებული წესით, ხოლო აღმასრულებელი, რომელმაც იცოდა, რომ დაყადაღებული ქონების მეწილე იყო თავიდან, ვალდებული იყო მოეხდინა რეაგირება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი აღძრულია არასათანადო მოპასუხის მიმართ და ამ მიმართებაში კანონიერია ხონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ხონის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ჯ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მან მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოში მ. ჭ.-ის მოპასუხედ, ხოლო მესამე პირებად ე. ჭ.-ის და ლ. გ.-ის ჩართვა, მაგრამ, მისი აზრით, დ. ხ.-ა უნდა ყოფილიყო საქმეში მხარედ. აღნიშნულისათვის კი სასამართლო ვალდებული იყო, მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ხონის რაიონულმა სასამართლომ ე. ჯ.-ას სარჩელი არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ სარჩელი აღძრული იყო არასათანადო მხარის მიმართ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება.

სსკ-ის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია, მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ დავაში სააღრსლუბო ბიურო არ შეიძლება მონაწილეობდეს როგორც მოპასუხე. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს, ანუ ასეთი დავების განხილვის დროს მხარედ აუცილებლად ჩართული უნდა იყოს მოვალე და კრედიტორი.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს უნდა გამოეტანა განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ. სსკ-ის 185-ე და 368-ე მუხლები განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება სასამართლომ დაავალოს მხარეს ხარვეზის შევსება. არასათანადო მხარის შეცვლის თაობაზე ხარვეზის შესახებ განჩინების გამოტანას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

ასევე პალატა მიიჩნევს, რომ სკ-ის 85-ე მუხლი ითვალისწინებს არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლას და არა ყველა მათგანის ერთად ჩაბმას მოპასუხედ, რის თაობაზეც უთითებს კასატორი.

რაც შეეხება აღმასრულებლის ქმედებებს, რომლებზეც საუბარია საკასაციო საჩივარში, ისინი შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით და არა ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ სარჩელის მეშვეობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. ჯ.-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 9 მაისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.