განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№16151-13 22 მაისი, 2013 წელი
მ-ი მ, 16151-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - გ. ყ-ის
მსჯავრდებულ - მ. მ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. მ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 7 დეკემბრის განაჩენით მ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მან სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელიდან 1 წელი უნდა მოიხადოს თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 4 წელი, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი. მ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 10 ოქტომბრიდან.
მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი.
2013 წლის 18 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში შევიდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის პრობაციის ბიუროდან წერილი და მასალები მსჯავრდებულ მ. მ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. მ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ მ. მ-ს გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 7 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი და სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წელი - პირობით, 2 წლისა და 5 თვის გამოსაცდელი ვადით. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 მარტის განჩინებით:
აღმოიფხვრა 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაში არსებული უზუსტობა და სამოტივაციო ნაწილის მე-5 აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
„შესაბამისად, მას უნდა გაუნახევრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 7 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაუდგინდეს 2 წელი პირობით, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით“.
აღმოიფხვრა 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაში არსებული უზუსტობა და სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
„1. მსჯავრდებულ მ. მ-ს გაუნახევრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 7 დეკემბრის განაჩენით სსკ–ის 239–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 წელი პირობით – 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით“. სხვა ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. მ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული; ამავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევაზე.
ამდენად, მსჯავრდებული მ. მ-ი უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 7 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელის - 5 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული მ. მე-ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 7 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელის - 5 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან.
განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი