დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 08.11.2005
საქმის ნომერი
ას-788-1075-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.11.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-788-1075-05 8 ნოემბერი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),ლ. ლაზარაშვილი

დავის საგანი: გამოსახლება და ბინის ქირის გადახდევინება.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ბ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. გ.-ის მიმართ და აღნიშნა, რომ 1993წ. 8 სექტემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა თბილისში, ... მდებარე ბინა. ამ ბინის მესაკუთრედ იგი აღრიცხულია თბილისის ტექაღრიცხვის ბიუროში. ბინა მისმა რძალმა მ. ბ.-მა მიაქირავა მოპასუხეს თვეში 120 ლარის გადახდის პირობით.

ლ.ბ.-ის განმარტებით, მოპასუხემ მხოლოდ 100 ლარი გადაუხადა, ხოლო დარჩენილ 380 ლარს არ უხდის და არ ათავისუფლებს ბინას.

ლ.ბ.-მ მოითხოვა, სკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, კ.გ.-ის გამოსახლება თბილისში, ... მდებარე ბინიდან, მასთან მყოფ პირებთან ერთად, ასევე, მის სასარგებლოდ მიღებული ბინის ქირის _ 380 ლარის დაკისრება. 2004წ. 10 ნოემბერს სასამართლოს შეგებებული სასარჩელო განცხადებით მიმართა კ. გ.-მ და მოითხოვა ზიანის ასანაზღაურებლად მის სასარგებლოდ ლ.ბ.-ზე 2000 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის დაკისრება. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 15 ნოემბრის განჩინებით კ.გ.-ს ხარვეზის შესავსებად, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, მიეცა 10 დღის ვადა. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 1 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

სასამართლოს 2004წ. 13 დეკემბრის განჩინებით კ. გ.-ის შეგებებული სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში. იმავდროულად 2004წ. 13 დეკემბერს კ.გ.-მა საჩივარი შეიტანა სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება.

2004წ. 10 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა ამ საქმეზე სასამართლოს 2004წ. 1 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის არსებითად განხილვის დღედ განისაზღვრა 2004წ. 28 დეკემბერი.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 28 დეკემბრის სხდომაზე მოპასუხე ჯ.გ.-მა, სხდომის გადადების თაობაზე შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ, დატოვა დარბაზი. სასამართლომ მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. გ.-მ. აპელანტმა მოითხოვა ამ საქმეზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

სააპელაციო სასამართლომ 2005წ. 19 აპრილის გადაწყვეტილებით გააუქმა ამ საქმეზე თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 28 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და კ.გ.-ის საჩივარი 2004წ. პირველი დეკემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმის განხილვის დაწყების წინ სასამართლომ უნდა გააფრთხილოს მხარეები, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობის მიუღებლობა ან სხდომის მიტოვება საქმის ნებისმიერ ეტაპზე, ჩაითვლებოდა გამოუცხადებლობად და გამოტანილი იქნება დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილ სასამართლოს 2004წ. 28 დეკემბრის სხდომის ოქმში არაფერია აღნიშნული გაფრთხილების შესახებ, თუ რა შედეგები მოჰყვებოდა სასამართლოს ნებართვის გარეშე სხდომის მიტოვებას.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ.ბ.-მა. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გამოსახლების ნაწილში. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა სსკ-ის 238-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 232-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ” ქვეპუნქტის თანახმად, უწყება უნდა შეიცავდეს მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონის დარღვევით მიღებულად ჩაითვლება და უნდა გაუქმდეს, როცა მხარე არ არის გაფრთხილებული გამოუცხადებლობის შედეგებზე, კერძოდ, გამოუცხადებლობის შემთხვევაში გამოტანილი იქნება დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სსკ-ის 232-ე მუხლის თანახმად, გამოუცხადებლად ითვლება მხარე, რომელიც, თუმცა სასამართლო სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადდა, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის განხილვის დაწყების წინ სასამართლომ უნდა გააფრთხილოს მხარეები, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობის მიუღებლობა ან სხდომის მიტოვება სასამართლოს ნებართვის გარეშე, ჩაითვლება როგორც გამოუცხადებლობა და გამოტანილი იქნება დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ სასამართლოს არ გაუფრთხილებია მხარეები საქმის განხილვაში მონაწილეობის ან სხდომის მიტოვების შედეგებზე ანუ იმის შესახებ, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობაზე უარის თქმისა ან სხდომის მიტოვების შემთხვევაში მის წინააღმდეგ გამოტანილი იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოების გამო, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დაუშვებელი იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გააუქმა იგი. ამდენად, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 19 აპრილის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.