შეწყდა

ადმინისტრაციული 14.05.2024
საქმის ნომერი
ბს-1116(კ-22)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.05.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

საქმე #ბს-1116 (კ-22) 14 მაისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

განიხილა ტ. ა-ას განცხადებები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.07.2022წ. განჩინებაზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ტ. ა-ამ 13.12.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 12.11.2021წ. N1000712185 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ტ. ა-ასათვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოპასუხისათვის გამოცემის დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.03.2022წ. გადაწყვეტილებით ტ. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ტ. ა-ას მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.07.2022წ. განჩინებით ტ. ა-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.03.2022წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.07.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ტ. ა-ას მიერ. საკასაციო საჩივარი დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ტ. ა-ას წარმომადგენელმა მ. ლ-ემ 01.05.2024წ. განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ ტ. ა-ამ მიიღო ბინადრობის ნებართვა და შესაბამისად საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა, ხოლო 13.05.2024წ. განცხადებით დააზუსტა მოთხოვნა და საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი განცხადებების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. ა-ას განცხადებები უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.

სასკ-ის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები: დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ განცხადება წარმოდგენილია ტ. ა-ას წარმომადგენლის მ. ლ-ეის მიერ, რომლის საგანმკარგულებლო უფლებამოსილება დასტურდება საქმეში დაცული რწმუნებულებით (ს.ფ. 345-350). 19.03.2024წ. გაცემული N240334918 რწმუნებულებით წარმომადგენელს განუსაზღვრელი ვადით აქვს მინიჭებული სარჩელზე უარის თქმის უფლება, რაც ადასტურებს წარმომადგენლის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებამოსილებას. ამდენად, ტ. ა-ას წარმომადგენელმა მ. ლ-ემ განახორციელა სსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია - უარი თქვა საკასაციო საჩივარზე, რაც საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ტ. ა-ას საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 372-ე, 378-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ტ. ა-ას განცხადებები დაკმაყოფილდეს;

2. ტ. ა-ას საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო;

3. შ. მ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ტ. ა-ას საკასაციო საჩივარზე 26.08.2022წ. N28697277 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: გადახდის დანიშნულება _ საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისთვის სახელმწიფო ბაჟის თანხის 100%, ხაზინის ერთიანი ანგარიშის #200122900, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი _ 300773150, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ TRESGE22;

4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმეზე წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი