დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 17.02.2005
საქმის ნომერი
ას-910-1147-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.02.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-910-1147-04 ას-910-1147-04 17 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ქ. გაბელაია

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. ჭ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე მ. ნ-ის მიმართ და მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დაასაბუთა იმით, რომ მოპასუხე იყო მისი ადვოკატი სამკვიდროს მიღების თაობაზე აღძრულ სამოქალაქო საქმეზე, მოსარჩელეს მ. ნ-ვის მინიჭებული ჰქონდა საპროცესო წარმომადგენელის უფლებამოსილება. მან სათანადოდ ვერ დაიცვა თ.ჭ-ის უფლებები მოცემული საქმის სააპელაციო პალატაში განხილვისას, რის გამოც სააპელაციო პალატამ მისი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანა. თ.ჭ-მა მ. ნ-ს დაავალა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრება, მაგრამ მან საკასაციო საჩივარი შეიტანა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადის დარღვევით, რის გამოც, საკასაციო პალატამ თ.ჭ-ის საკასაციო საჩივარი დატოვა განუხილველი. მ. ნ-ს გამო სამკვიდრო ქონების მიღების თაობაზე თ. ჭ-მა საქმე წააგო.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ჭ-ის სარჩელი მოპასუხე მ. ნ-ის მიმართ 2000 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ თ.ჭ-ს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2002წ. 13 დეკემბერს. საკასაციო საჩივარი კი სასამართლოში შეიტანა 2003წ. 16 იანვარს. საქმის მასალებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მან საქმე წააგო ადვოკატის არასწორი მოქმედების გამო.

თ. ჭ-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა თ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თ. ჭ-სა და მ. ნ-ს შორის 2002წ. 25 ოქტომბერს დაიდო დავალების ხელშეკრულება ერთიწ. ვადით, 2003წ. 25 ოქტომბრის ჩათვლით. ამ მინდობილობით მ.ნ-ი ვალდებული იყო გაესაჩივრებინა სასამართლოს გადაწყვეტილებები. სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ თ.ჭ-ი 2002წ. 15 დეკემბერს ელსმენით დაუკავშირდა მ. ნ-ს და დაავალა საკასაციო წესით გაესაჩივრებინა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება, რომელიც მას უკვე ჩაბარებული ჰქონდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა სკ-ის 709-ე და 712-ე მუხლების, ასევე 361-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნებზე და დადგენილად ჩათვალა, რომ მ.ნ-მა არაჯეროვნად შეასრულა მარწმუნებლის დავალება, მან საკასაციო საჩივარი შეიტანა ერთთვიანი ვადის დარღვევით, რის გამოც განუხილველი დარჩა თ.ჭ-ის საკასაციო საჩივარი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დავალების სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებიდან გამომდინარე თ.ჭ-მა მოითხოვა მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც გამოიხატება მოცემულ სამოქალაქო დავასთან დაკავშირებით მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებაში, კერძოდ, მოითხოვა ადვოკატის ხარჯების, გორიდან თბილისში მიმოსვლასთან დაკავშირებით მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება, მაგრამ მან სასამართლოში ვერ წარმოადგინა იმის მტკიცებულება, რომ სამოქალაქო დავის წარმოებასთან დაკავშირებით მან 1500 ლარის ოდენობით ხარჯები გასწია. სსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლების თანახმად კი იგი იყო ვალდებული ასეთი მტკიცებულებები წარმოედგინა.

თ. ჭ-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის. მისი საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ სააპელაციო პალატამ ერთის მხრივ დადგენილად მიიჩნია, რომ მ.ნ-მა არაჯეროვნად შეასრულა მარწმუნებლის დავალება საკასაციო საჩივრის დროულად შეტანის თაობაზე, მეორეს მხრივ კი მიუთითა, რომ თ.ჭ-მა ვერ შეძლო სათანადო მტკიცებულების წარდგენა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო არ დაინტერესდა, შეეძლო თუ არა მოსარჩელეს სასამართლოსთვის წარედგინა მტკიცებულება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ.ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უცვლელი უნდა დარჩეს სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ივლისის განჩინება შემდეგი გარემოებების გამო:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თ. ჭ-სა და მ. ნ-ს შორის 2002წ. 25 ოქტომბერს დაიდო დავალების ხელშეკრულება ერთიწ. ვადით, 2003წ. 25 ოქტომბრის ჩათვლით. ამ მინდობილობით მ.ნ-ი ვალდებული იყო გაესაჩივრებინა სასამართლოს გადაწყვეტილებები. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მ.ნ-მა არაჯეროვნად შეასრულა მარწმუნებლის დავალება, მან საკასაციო საჩივარი შეიტანა ერთთვიანი ვადის დარღვევით, რის გამოც განუხილველი დარჩა თ.ჭ-ის საკასაციო საჩივარი.

სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ივლისის სხდომაზე თ. ჭ-მა განმარტა, რომ იგი მ. ნ-ს იმიტომ კი არ ედავება, საქმე რომ არ მოიგო, ამის თაობაზე მხარეები არც შეთანხმებულან, არამედ მოითხოვს მოპასუხისათვის იმ ზიანის ანაზღაურების დაკისრებას, რაც მან განიცადა დავალების ხელშეკრულების შეუსრულებლობით. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს თ. ჭ-ის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სასამართლო არ დაინტერესდა, შეეძლო თუ არა მოსარჩელეს სასამართლოსთვის წარედგინა მტკიცებულება.

სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ივლისის სხდომაზე მოსამართლის შეკითხვაზე _ თ.ჭ-ს თუ ჰქონდა იმის მტკიცებულება, რომ ხარჯები გასწია მგზავრობაზე და ადვოკატის ორდერებზე _ მან უპასუხა, რომ არანაირი მტკიცებულება ხარჯების გაწევის თაობაზე არ აქვს, თუმცა უნდა წარმოედგინა. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნაა, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო პალატა თვლის, რომ თ.ჭ-მა ამ ნორმის საფუძველზე ვერ შეძლო სასამართლოსათვის წარედგინა მიყენებული ზიანის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მას არც სასამართლოს წინაშე დაუყენებია შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოთხოვის შესახებ იმავე კოდექსის 103-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატას მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 1 ივლისის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.