შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№46აპ-132 30 ივლისი, 2013 წელი
ვ-ე გ, 46აპ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ვ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 აგვისტოს განაჩენით გ. ვ-ე, – ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებული ხ-ს რაიონის სოფელ თ-ი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 19,180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.
საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის საფუძველზე გ. ვ-ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 3500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. გ. ვ-ს დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან – 2011 წლის 27 დეკემბრიდან.
განაჩენით გ. ვ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა თაღლითობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა მოტყუებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2011 წლის აგვისტოში გ. ვ-მ განიზრახა ფ. ჭ-ს კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მან დაარწმუნა ფ. ჭ-ა, რომ თითქოს თავისი ნაცნობების დახმარებით შეეძლო, გავლენა მოეხდინა თბილისის მერიაში გამოცხადებულ საჯარო აუქციონის შედეგებზე, სადაც გასაყიდად გამოტანილი იქნებოდა 2443 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე თ-ი, ი-ს ქუჩის მიმდებარედ (საკადასტრო კოდი ...), რისთვისაც გ. ვ-მ ფ. ჭ-ს მოსთხოვა 15 000 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ნაწილი, თითქოს უნდა გადაეცა იმ ადამიანებისათვის, რომლებიც აუქციონის მოგებაში ეხმარებოდნენ. აუქციონზე გამარჯვებულად უნდა გამოცხადებულიყო ფ. ჭ-ა, რომელიც რეალურად აუქციონში მონაწილეობას მიიღებდა მეგობრის – მ. დ-ს სახელით. ფ. ჭ-ა გ. ვ-ს შემოთავაზებას დაეთანხმა და დაჰპირდა, რომ მოთხოვნილ თანხას – 15000 აშშ დოლარს გადასცემდა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისა და რეალიზაციის შემდეგ.
2011 წლის 18 აგვისტოს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების მიუხედავად, ფ. ჭ-ს მეგობარ მ. დ-ს სახელზე ვერ მოხერხდა დასახელებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია დადგენილ ვადაში, თანხის სრულად შეუტანლობის გამო და მიწის ნაკვეთი დარჩა კვლავ მერიის თვითმმართველობის საკუთრებაში. შესაბამისად, ფ. ჭ-მ გ. ვ-ს ვეღარ გადაუხადა 15 000 აშშ დოლარი, რის გამოც ფ. ჭ-ს კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების გაადვილების მიზნით 2011 წლის 19 სექტემბერს გ. ვ-მ მ. დ-ს გაუფორმა ფიქტიური სესხის ხელშეკრულება. მიუხედავად ამისა, გ. ვ-მ მაინც ვერ შეძლო დანაშაულებრივი განზრახვის ბოლომდე სისრულეში მიყვანა, ვინაიდან დააკავეს საამისოდ უფლებამოსილმა მოხელეებმა.
მსჯავრდებულმა გ. ვ-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 აგვისტოს განაჩენი მიიჩნია დაუსაბუთებლად, უკანონოდ და სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. საჩივრით აპელანტი ითხოვდა მის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და სანაცვლოდ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე და 2013 წლის 17 იანვრის განაჩენით საჩივრის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–6, მე–18, მე–20 მუხლებისა და 23–ე მუხლის მე–2 და მე–4 ნაწილების თანახმად, მსჯავრდებულის სასარგებლოდ ცვლილება შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 აგვისტოს განაჩენში, რომლის თანახმადაც:
გ. ვ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 19,180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით და ამნისტიის აქტის საფუძველზე სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა დანიშნული საპატიმრო სასჯელის მოხდისაგან.
საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, გ. ვ-ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 3500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს ამავე კანონის მე–18 მუხლის თანახმად, არ შეცვლილა.
მსჯავრდებულმა გ. ვ-მ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის განაჩენი იმავე საფუძვლებით და იმავე მოთხოვნით საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორმა მ. კ-მ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ გაიზიარა და საჩივრის შესაგებელში მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწვლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასარგებლოდ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტებს თავისი უდანაშაულობის შესახებ და მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ფ. ჭ-ს პიროვნებასა და მის მიერ მიცემული ჩვენებების უტყუარობაზე კასატორის შეფასებები დამყარებულია ვარაუდებსა და მისთვის მისაღებ მოსაზრებებზე, მაშინ, როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების – ფ. ჭ-ს, მ. დ-ს, ზ. ჩ-ს, დ. ა-ს, გ. ს-ს ჩვენებები, ჩატარებული ოპერატიულ– სამძებრო ღონისძიებების ამსახველი მასალები (კრებსები), მსჯავრდებულ გ. ვ-ს მიერ ფ. ჭ-ს გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები, აუქციონის შედეგების ამსახველი დოკუმენტები, გ. ვ-ს მოთხოვნით, მ. დ-ნ არარსებულ სესხზე ფიქტიური ხელშეკრულების გაფორმება, საქმის გარემოებებთან ამ მტკიცებულებათა რელევანტურობა, დასაშვებობისა და უტყუარობის მაღალი ხარისხი ეჭვის გამომრიცხავად ადასტურებენ გ. ვ-ს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მასალები და გასაჩივრებულ განაჩენში სწორი სამართლებრივი შეფასებები მისცა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია; შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. ვ-ს მიმართ, საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის დანიშვნისას გათვალისწინებული არ ყოფილა მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობა, კერძოდ, გ. ვ-ე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია გაათავისუფლოს იგი, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი, დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301–ე, 303–ე მუხლებით, 307–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ვ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასარგებლოდ, კერძოდ: მსჯავრდებული გ. ვ-ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ–ის 19,180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის – 3500 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდისაგან.
სხვა ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი