გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.06.2024
საქმის ნომერი
ბს-784(2კ-23)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.06.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ბს-784(2კ-23) 24 ივნისი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

კასატორი (მოსარჩელე) - ა. მ-ა, გ. გ-ა

კასატორი (მესამე პირები) - მ. გ-ა, ნ. გ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა. მ-ამ და გ. გ-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 1 თებერვლის №03-547/ო ბრძანება; ბ) დაევალოს მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს. აქვთ მძიმე მატერიალური მდგომარეობა. ჰყავთ 2 არასრულწლოვანი შვილი და ცხოვრობენ ქალაქ ზუგდიდში, ...ის ქუჩა №..., კორპ. 1, ბინა №...-ში. არასრულწლოვან ნ. გ-ას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მუდმივად უწევთ მკურნალობა ზუგდიდში და კონსულტაციების გავლა თბილისში. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 1 თებერვლის ბრძანებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, საცხოვრებელთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციის გამო.

მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო მისამართზე მათი ცხოვრების ფაქტი დასტურდება სხვადასხვა მტკიცებულებებით, მათ შორის, ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. მოპასუხეს არ გამოუკვლევია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და უსაფუძვლოდ უთხრა უარი მოსარჩელეებს საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 მაისის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირებად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ჩაებნენ მ. გ-ა და ნ. გ-ა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით ა. მ-ას და გ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის პირველი თებერვლის №03-547/ო ბრძანება და მოპასუხეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სადავო საკითხთან დაკავშირებით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ა. მ-ა და გ. გ-ა იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში; ბ) ... წლის ...ს დაბადებული ა. მ-ას სახელზე 2021 წლის 17 ივნისს გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის №A374182 მოწმობა. ... წლის ...ს დაბადებული გ. გ-ას სახელზე 2007 წლის 20 დეკემბერს გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის №... მოწმობა. 2006 წლის 13 ოქტომბერს დაბადებული ნ. გ-ას სახელზე 2021 წლის 17 ივნისს გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის №A374180 მოწმობა. ... წლის ...ს დაბადებული მ. გ-ას სახელზე 2014 წლის 18 იანვარს გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის №A237864 მოწმობა; გ) 2021 წლის 28 იანვრის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, ა. მ-ას მიერ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე განაცხადი წარდგენილია მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად. კრიტერიუმებში მინიჭებულია: საცხოვრებლის ფინანსური პირობები (ნაქირავები) - 1.50 ქულა; ორი არასრულწლოვანი - 1 ქულა; ... პირი - 3 ქულა; ომში გარდაცვლილი ან უგზოუკვლოდ დაკარგული ოჯახის წევრი - 1.50 ქულა; ჯამში - 7 ქულა; დ) 2014 წლის 30 ივნისს ა. მ-ას მიერ წარდგენილ განაცხადში საცხოვრებელ მისამართად მითითებულია - ზუგდიდი, ...ის ქუჩა №.... 2019 წლის 18 სექტემბერს წარდგენილი განცხადებით ა. მ-ამ განაცხადა საცხოვრებელი მისამართის ცვლილების შესახებ და მისამართად მიუთითა - ზუგდიდი, ...ის ქუჩა №4. 2021 წლის 24 ივნისს წარდგენილ განცხადებაში ა. მ-ას საცხოვრებელ მისამართად მითითებულია - ზუგდიდი, ...ის ქუჩა №4, ..., ბინა .... საჯარო რეესტრის 2018 წლის 10 ივლისის ამონაწერის თანახმად, ზუგდიდში, რ. ...ის შესახვევში №4-ში არსებული ბინა №... (...), 67.07 კვ.მ, 2016 წლის 20 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულია დ. ბ-ას სახელზე. ქალაქ ზუგდიდის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის 2022 წლის 20 აპრილის №10 ცნობის თანახმად, ა. მ-ა ნამდვილად ცხოვრობს 2019 წლიდან (20.04.2022 წლამდე) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ქ. ზუგდიდის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში, ...ის ქუჩაზე (№4, კორპუსი №1, ბინა №...). 2022 წლის 21 თებერვლის ამონაწერში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ა. მ-ას ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი მისამართია - ზუგდიდი, ...ის ქუჩა №..., ..., ბინა ...; ე) 2021 წლის 13 ივლისის გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, ა. მ-ას ოჯახის მონიტორინგი განხორციელებულია მისამართზე - ზუგდიდი, ...ის ქუჩა №..., ..., ბინა .... მონიტორინგს ესწრებოდა - ა. მ-ა, რომელმაც განმარტა, რომ მისამართზე ცხოვრობს ერთი თვეა ქირით. ასევე, აღნიშნა, რომ შეიცვალა რამდენიმე მისამართი, მაგრამ ცხოვრობდა გალში. ამავე ფორმის თანახმად, მონიტორინგისას ნ. გ-ა იმყოფებოდა სახლში, მ. გ-ა იმყოფებოდა სტუმრად, ხოლო გ. გ-ა იმყოფებოდა გალში სამუშაოდ. დამატებითი მოკვლევის მიზნით ა. მ-ას ოჯახის მონიტორინგი განხორციელებულია 2021 წლის 4 ნოემბერს, მისამართზე - ზუგდიდი, ...ის ქუჩა №..., ..., ბინა .... გასაუბრების ოქმის თანახმად, მისამართზე კარი დაკეტილი იყო, ამავე სართულზე მცხოვრები პირებიდან ა. მ-ას არავინ იცნობდა. ა. მ-ას ოჯახის მონიტორინგი განხორციელებულია 2021 წლის 2 ივნისს, მისამართზე - ზუგდიდი, ...ის ქუჩა №.... გასაუბრების ოქმის თანახმად, მისამართზე ცხოვრობს თამარ თირქია, რომელიც არ იცნობს ა. მ-ას; ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის №79 სხდომის ოქმის თანახმად, ა. მ-ას ოჯახის სულადობაა - 4, სარეიტინგო ქულაა - 10, მოთხოვნილი საცხოვრებელი ფართის ოთახის ოდენობა - 2. ამავე ოქმის თანახმად, განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე საცხოვრებელზე არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების გამო (დაემატა სიღარიბის მაჩვენებელი - 3 ქულა). სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 1 თებერვლის №03-547/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №79), ა. მ-ას ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო, უარი ეთქვა ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

სასამართლომ განმარტა, რომ მოცემული სადავო საკითხის გადაწყვეტისას, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს ფართო მიხედულების ფარგლებით, რაც მაღალი ხარისხით წარმოუშობს მას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერ ვალდებულებას. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ, გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს. სწორედ, ფაქტების შეფასებას მიჰყავს ადმინისტრაციული ორგანო საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე. ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული და შეფასებული სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რის შედეგადაც მიღებულია დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. მოპასუხის პოზიცია არ არის სათანადოდ გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით და არ ემყარება იმგვარ დასაბუთებულ ვარაუდს, რაც შეიძლება გამხდარიყო მოსარჩელეთათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. ა. მ-ამ 2014 წლიდან წარდგენილი განაცხადის შემდგომ რამდენჯერმე, მათ შორის, 2019 წელს მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადებით და მიუთითა საცხოვრებელი მისამართი - ზუგდიდი, ...ის ქუჩა №4, ..., ბინა .... დადგენილია, რომ 2021 წლის 13 ივლისის მონიტორინგისას განმცხადებელი იმყოფებოდა მითითებულ მისამართზე. შევსებული ფორმის თანახმად, ა. მ-ამ აღნიშნა, რომ ამ მისამართზე ცხოვრობს ერთი თვეა. ამ თვალსაზრისით, როგორც წარდგენილი განცხადების, ასევე, სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით, გამოვლენილია შეუსაბამობა, რომელიც უპირობოდ არ მიუთითებს სადავო საკითხის (საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდება) ადმინისტრაციული ორგანოს შეფასების სისწორეზე. ამასთან, საგულისხმოა - მხოლოდ ის გარემოება, რომ გ. გ-ა მონიტორინგის დროს იმყოფებოდა გალში, არ ნიშნავს, რომ მისი და მისი ოჯახის წევრების საცხოვრებელი მისამართი არ არის ქალაქი ზუგდიდი.

სასამართლომ ასევე მიუთითა საქმეში წარმოდგენილ ქალაქ ზუგდიდის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის 2022 წლის 20 აპრილის №10 ცნობაზე და მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილება არ ემყარება საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას, რის გამოც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, უფრო დეტალური პროცედურის უზრუნველყოფით მიიღოს სათანადო და დასაბუთებული გადაწყვეტილება.

სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებულია დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 1 თებერვლის №03-547/ო ბრძანება და უნდა დაევალოს მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სადავო საკითხთან დაკავშირებით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ა. მ-ას, გ. გ-ას, მ. გ-ას, ნ. გ-ას მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინებით აპელანტების ა. მ-ას, გ. გ-ას, მ. გ-ას, ნ. გ-ასა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. მ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე არის: აფხაზეთი, გალი, ს. ..., დროებითი საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი): სამეგრელო-ზემო სვანეთი, აბაშა (მისამართის გარეშე), სარეგისტრაციო №..., ა. მ-ას დევნილი ოჯახი შედგება: 1) თავად - ა. მ-ა; 2) მეუღლე - გ. გ-ა (დაბ. ... წ.), სარეგისტრაციო №..., საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე: აფხაზეთი, გალი, ს. ..., დროებითი საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი): სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი, ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. №12; 3) შვილი - მ. გ-ა (დაბ. ... წ.), სარეგისტრაციო №..., საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე: აფხაზეთი, გალი, ს. ..., დროებითი საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი): სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი, ქ. ზუგდიდი, ...ის ქ. №12; 4) შვილი - ნ. გ-ა (დაბ. ... წ.) არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, სარეგისტრაციო №..., საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე: აფხაზეთი, გალი, ს. ..., დროებითი საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი): სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი, მისამართის გარეშე (დევნილის მოწმობა გაცემულია 17.06.2021 წელს). დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების მიხედვით, დევნილი ოჯახი შეფასებულია 10.00 ქულით.

სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ ა. მ-ა, გოდერძ, მ. და ნ. გ-აები (ა. მ-ას განაცხადით გათვალისწინებული პირები), როგორც იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები (დევნილი ოჯახი) ექვემდებარებიან გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, თუმცა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №79) ა. მ-ას ოთხსულიან დევნილ ოჯახს ეთქვა „უარი - არსებითად მცდარი ინფორმაცია საცხოვრებელზე“, ხოლო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 1 თებერვლის №03-547/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის №79 სხდომის ოქმის საფუძველზე - საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო, უარი ეთქვა ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა ... პირთა განსაკუთრებული საჭიროებები, რაც განსახილველ შემთხვევაში არ იქნა მხედველობაში მიღებული. ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას, თუმცა ზემოაღნიშნული, სადავოდ ქცეული გადაწყვეტილების გამოცემისას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, არ იქნა გათვალისწინებული. ამასთან, ა. მ-ას დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ეკისრება კანონისმიერი ვალდებულება გაითვალისწინოს არასრულწლოვანი ბავშვების (მ. და ნ. გ-აების) საუკეთესო ინტერესები, აგრეთვე ნ. გ-ას განსაკუთრებული საჭიროებები.

სააპელაციო პალატამ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს სააპელაციო საჩივარსა და სადავო ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში მითითება ა. მ-ას დევნილი ოჯახის მიერ საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების თაობაზე და განმარტა, რომ საქმის მასალებით დასტურდება, რომ დევნილ ოჯახს არ გააჩნია საკუთრებაში საცხოვრებელი სახლი, ამასთან არ გააჩნია მუდმივი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი. მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დევნილი ოჯახი პერიოდულად იძულებული ხდება შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი და იცხოვროს სხვადასხვა მისამართზე (ქირით, ნათესავთან და ა. შ.), რაც პალატის მოსაზრებით არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოსთვის, დევნილი ოჯახის მხრიდან საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდებას, მითუმეტეს დევნილი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 01.02.2022 წლის №03-547/ო ბრძანება გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე (არ იქნა გათვალისწინებული ა. მ-ას დევნილი ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილების შეცვლის საფუძვლები, არასრულწლოვანი ბავშვების (მათ შორის შშმ პირის) საუკეთესო ინტერესები, რაც თავის მხრივ ეწინააღმდეგება ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და არის კანონშეუსაბამო.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და საქმის ყველა გარემოების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შედეგად ადმინისტრაციული ორგანოსათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს წინამდებარე გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება, ასევე უნდა გაითვალისწინოს არასრულწლოვანი ბავშვების (მათ შორის შშმ პირის) უფლებების კუთხით არსებული მთელი რიგი საერთაშორისო თუ შიდა საკანონმდებლო აქტებით გაწერილი მოთხოვნები და საკითხი არსებითად უნდა გადაწყვიტოს მათი გათვალისწინებით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ა. მ-ას, გ. გ-ას, მ. გ-ას, ნ. გ-ას მიერ.

5.1 კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განმარტავს, რომ მოსარჩელე ა. მ-ამ განაცხადი შეავსო გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე 2014 წლის 30 ივნისს. განაცხადში შეყვანილი ჰყავს მეუღლე - გ. გ-ა და ორი შვილი - ნ. გ-ა და მ. გ-ა. მათი სარეგისტრაციო ნომერი სხვადასხვაა: ა. მ-ას სარეგისტრაციო ნომერია ..., ხოლო გ. გ-ას, ნ. გ-ას და მ. გ-ას ერთი სარეგისტრაციო ნომერი აქვთ - .... მოსარჩელე ა. მ-ა ცხოვრობს ოჯახთან ერთად და მათი ფაქტობრივი მისამართი იყო სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი, ...ის ქ. №.... აღნიშნული მისამართია მითითებული განაცხადის შევსებისას, ხოლო შემდგომში ა. მ-ამ განცხადებით მიმართა სააგენტოს და განმარტა, რომ ფაქტობრივი მისამართი შეიცვალა. ა. მ-ას მიერ ახალ მისამართად მითითებულ იქნა: სამეგრელო - ზემო სვანეთი, ქ. ზუგდიდი, ...ის ქუჩა №4, კორპუსი 1, ბინა №.... მოცემული მისამართი ასევე მითითებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

მოსარჩელეს 2021 წლის 28 იანვრის მონაცემებით, წინასწარი შეფასების მიხედვით, მინიჭებული აქვს საერთო ჯამში 7 ქულა: 1) საცხოვრებლის ფინანსური პირობები/ ნაქირავები - 1.50 ქულა; 2) 18 წლამდე ასაკის წევრები/2 არასრულწლოვანი - 1 ქულა; 3) „შშმპ“ - მკვეთრად გამოხატული, ნ. გ-ა - 3 ქულა; 4) ომში დაღუპული წევრი/წევრები, გარდაიცვალა ან უგზოუკვლოდ დაიკარგა საქართველოში არსებული კონფლიქტების შედეგად - 1.50 ქულა.

2021 წლის 9 ივლისს მონიტორინგის ჯგუფმა განახორციელა ვიზიტი ქ. ზუგდიდში, ...ის ქუჩა №4, კორპუსი 1, ბინა №..., სადაც ჯგუფს მოსარჩელე ა. მ-ა დახვდა. მან განმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს ერთი თვეა, მანამდე ცხოვრობდა სხვადასხვა მისამართზე. აღნიშნული ბინა ეკუთვნის თ. ჯ-ას და ქირას უხდის 150 ლარს. საჯარო რეესტრის ამონაწერით აღნიშნული ბინის მესაკუთრეა დ. ბ-ა (ს/კ ...). მოსარჩელემ განმარტა, რომ მისი მეუღლე - გ. გ-ა იმყოფება სამუშაოდ გალში. მისი შვილები ... გალის რაიონის, სოფელ ...ის საჯარო სკოლაში. ასევე მისი მშობლები, დევნილები ცხოვრობენ გალის რაიონი, სოფელ ...ში. მოსარჩელის დედამთილი, დევნილი - ნა. გ-ა ცხოვრობს გალში, ხოლო მული, დევნილი- ლ. გ-ა ცხოვრობს გალში, ...ში.

2021 წლის 4 ნოემბერს დამატებითი მოკვლევის მიზნით, მონიტორინგი განხორციელდა ქ. ზუგდიდში, ...ის ქუჩა №4, კორპუსი 1, ბინა №..., სადაც მონიტორინგის ჯგუფს არ დახვდა მოსარჩელე ა. მ-ა და არცერთი მისი ოჯახის წევრი. კარი დაკეტილი იყო. მონიტორინგის თანამშრომლები გაესაუბრნენ სამ სხვადასხვა ოჯახს და არავინ იცნობდა ა. მ-ას.

2021 წელს 2 ივნისს მონიტორინგი განხორციელდა ქ. ზუგდიდში, ...ის №..., სადაც ჯგუფს მოსარჩელე ა. მ-ა არ დახვდა. აღნიშნულ მისამართზე დახვდათ ა. თ-ა, რომელმაც განმარტა, რომ სახლი თავად შეიძინა და თვითონ ცხოვრობს. ასევე არ იცის, მანამდე ვინ ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე. აპლიკაციაში მითითებული ტელეფონის ნომერი გამორთული იყო და ვერ დაზუსტდა მისამართი.

კასატორის მოსაზრებით, მოცემული ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება, რომ მოსარჩელე ა. მ-ა და მისი ოჯახის წევრები ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ მისამართზე არ ცხოვრობენ. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით ვერ დასტურდება უტყუარად, რომ მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები ცხოვრობენ სადავო მისამართზე. ამ ფაქტობრივ გარემოებას ცხადყოფს ის ფაქტიც, რომ რამდენიმეჯერ განხორციელებული მონიტორინგის დროს მოსარჩელე არცერთხელ არ იმყოფებოდა მისამართზე. ბავშვები სკოლაში ... გალში. მისი ახლო ნათესავებიც ცხოვრობენ გალში. დგინდება ფაქტი, რომ მოსარჩელეები ცხოვრობენ გალში და იშვიათად გადმოდიან კონტროლირებად ტერიტორიაზე.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მოსარჩელეს 2021 წლის 17 ნოემბერს გრძელვადიან განსახლებაზე უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ არსებითად მცდარ ინფორმაციას აწვდიდა საცხოვრებელზე. მოსარჩელეებს და მისი ოჯახის წევრებს დაემატათ ქულა, კრიტერიუმში სიღარიბის მაჩვენებელი - 3 ქულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს და მის ოჯახის წევრებს საერთო ჯამში აქვთ 10 ქულა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ათასობით დევნილი ოჯახი ჰყავს საცხოვრებლით დასაკმაყოფილებელი. ამ ოჯახების უმეტესობას არ აქვს საკუთრება. ყველა ოჯახს სურს რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ბინა, რაც ასევე სახელმწიფოს ინტერესიცაა, თუმცა სახელმწიფო თავისი რესურსის გათვალისწინებით, ეტაპობრივად აკმაყოფილებს საცხოვრებლით და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფისას ითვალისწინებს სასწრაფოდ განსახლების საჭიროებას. სწორედ ამ მიზნით გამოყოფს იმ ოჯახებს, ვისაც მითითებული აქვს განაცხადში სწორი ინფორმაცია, არ აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და პრიორიტეტულად მიიჩნევს მას. ამავე მიზნით განისაზღვრა საკითხის მომწესრიგებელი აქტებით რიგითობისა და ოჯახების საჭიროების პრიორიტეტულობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ისეთ ქაოსურ სურათს, რაც ხდებოდა ამ საკითხის მომწესრიგებელი აქტების მიღებამდე. ის გარემოება, რომ დევნილი ოჯახი სახელმწიფოს არ ჰყავს საცხოვრებლით უზრუნველყოფილი არ დგას ეჭვის ქვეშ, თუმცა ბენეფიციარებსაც აქვთ თმენის ვალდებულება დაელოდონ თავიანთ რიგს.

5.2 კასატორების - ა. მ-ა, გ. გ-ა, მ. გ-ა და ნ. გ-ა განმარტავენ, რომ სარჩელი არის საფუძვლიანი. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადგილი ჰქონდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის არსებით დარღვევას. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სრულად უნდა დაკმაყოფილებულიყო სასარჩელო მოთხოვნა.

კასატორები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ განჩინებაში კანონმდებლობის არაერთი აღნიშვნისა და მითითებისა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, ნაცვლად იმისა, რომ სასამართლოს დაეცვა კანონმდებლობით გათვალისწინებული ბავშვის ინტერესები, ბავშვის უფლებები და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, პალატამ უცვლელი დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილებით წინააღმდეგობაში მოდის თავისსავე მსჯელობასა და სამართლებრივ დასაბუთებასთან.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 2 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ა. მ-ას, მ. გ-ას, ნ. გ-ას საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. გ-ას საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ა. მ-ას, გ. გ-ას, მ. გ-ას, ნ. გ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ა. მ-ას, გ. გ-ას, მ. გ-ას, ნ. გ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები), ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები (საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება).

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 1 თებერვლის №03-547/ო ბრძანების კანონიერების შეფასება და მოპასუხისთვის მოსარჩელეებისა და მათი ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებული პირების) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოცემული საკითხის მარეგულირებელი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს (მუხლი 2).

საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად (მუხლი 1).

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1 მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს დასახელებული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) საქმეში წარმოდგენილი ქორწინების მოწმობის მიხედვით, ა. მ-ა და გ. გ-ა იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში (ს.ფ 20); ბ) ... წლის ...ს დაბადებული ა. მ-ას სახელზე 2021 წლის 17 ივნისს გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის №A374182 მოწმობა. ... წლის ...ს დაბადებული გ. გ-ას სახელზე 2007 წლის 20 დეკემბერს გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის №... მოწმობა. 2006 წლის 13 ოქტომბერს დაბადებული ნ. გ-ას სახელზე 2021 წლის 17 ივნისს გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის №A374180 მოწმობა. ... წლის ...ს დაბადებული მ. გ-ას სახელზე 2014 წლის 18 იანვარს გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის №A237864 მოწმობა (ს.ფ 32, 27-29); გ) 2021 წლის 28 იანვრის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, ა. მ-ას მიერ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე განაცხადი წარდგენილია მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად. კრიტერიუმებში მინიჭებულია: საცხოვრებლის ფინანსური პირობები (ნაქირავები) - 1.50 ქულა; ორი არასრულწლოვანი - 1 ქულა; ... პირი - 3 ქულა; ომში გარდაცვლილი ან უგზოუკვლოდ დაკარგული ოჯახის წევრი - 1.50 ქულა; ჯამში - 7 ქულა (ს.ფ 73); დ) 2014 წლის 30 ივნისს ა. მ-ას მიერ წარდგენილ განაცხადში საცხოვრებელ მისამართად მითითებულია - ზუგდიდი, ...ის ქუჩა №.... 2019 წლის 18 სექტემბერს წარდგენილი განცხადებით ა. მ-ამ განაცხადა საცხოვრებელი მისამართის ცვლილების შესახებ და მისამართად მიუთითა - ზუგდიდი, ...ის ქუჩა №4. 2021 წლის 24 ივნისს წარდგენილ განცხადებაში ა. მ-ას საცხოვრებელ მისამართად მითითებულია - ზუგდიდი, ...ის ქუჩა №4, ..., ბინა .... საჯარო რეესტრის 2018 წლის 12 ივლისის ამონაწერის თანახმად, ზუგდიდში, რ. ...ის შესახვევში №4-ში არსებული ბინა №... (...), 67.07 კვ.მ, 2016 წლის 20 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულია დ. ბ-ას სახელზე. ქალაქ ზუგდიდის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის 2022 წლის 20 აპრილის №10 ცნობის თანახმად, ა. მ-ა ნამდვილად ცხოვრობს 2019 წლიდან (20.04.2022 წლამდე) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ქ. ზუგდიდის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში, ...ის ქუჩაზე (№4, კორპუსი №1, ბინა №...). 2022 წლის 21 თებერვლის ამონაწერში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ა. მ-ას ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი მისამართია - ზუგდიდი, ...ის ქუჩა №4, ..., ბინა ... (ს.ფ 77-78, 93, 112, 109, 139, 24); ე) 2021 წლის 13 ივლისის გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, ა. მ-ას ოჯახის მონიტორინგი განხორციელებულია მისამართზე - ზუგდიდი, ...ის ქუჩა №..., ..., ბინა .... მონიტორინგს ესწრებოდა - ა. მ-ა, რომელმაც განმარტა, რომ მისამართზე ცხოვრობს ერთი თვეა ქირით. ასევე, აღნიშნა, რომ შეიცვალა რამდენიმე მისამართი, ცხოვრობდა გალში. ამავე ფორმის თანახმად, მონიტორინგისას ნ. გ-ა იმყოფებოდა სახლში, მ. გ-ა იმყოფებოდა სტუმრად, ხოლო გ. გ-ა იმყოფებოდა გალში სამუშაოდ. დამატებითი მოკვლევის მიზნით ა. მ-ას ოჯახის მონიტორინგი განხორციელებულია 2021 წლის 4 ნოემბერს, მისამართზე - ზუგდიდი, ...ის ქუჩა №4, ..., ბინა .... გასაუბრების ოქმის თანახმად, მისამართზე კარი დაკეტილი იყო, ამავე სართულზე მცხოვრები პირებიდან ა. მ-ას არავინ იცნობდა. ა. მ-ას ოჯახის მონიტორინგი განხორციელებულია 2021 წლის 2 ივნისს, მისამართზე - ზუგდიდი, ...ის ქუჩა №.... გასაუბრების ოქმის თანახმად, მისამართზე ცხოვრობს თამარ თირქია, რომელიც არ იცნობს ა. მ-ას (ს.ფ 118-121, 122, 123); ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის №79 სხდომის ოქმის თანახმად, ა. მ-ას ოჯახის სულადობაა - 4, სარეიტინგო ქულაა - 10, მოთხოვნილი საცხოვრებელი ფართის ოთახის ოდენობა - 2. ამავე ოქმის თანახმად, განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე საცხოვრებელზე არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების გამო (დაემატა სიღარიბის მაჩვენებელი - 3 ქულა). სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 1 თებერვლის №03-547/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №79), ა. მ-ას ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო, უარი ეთქვა ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე (ს.ფ 65-72, 31).

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის, სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამ მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1).

პალატა მიუთითებს აღნიშნული წესის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. იმავე „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით კი დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ზემოაღნიშნული ბრძანებით ასევე დამტკიცებულია „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი №7) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი №8), რომლებშიც მოცემულია ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასდეს კონკრეტული დევნილი ოჯახის მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით.

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ზემოაღნიშნული ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ით გათვალისწინებული „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ და ბრძანების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით დამტკიცებული დანართი №4-ით გათვალისწინებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“.

წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ თუ სამმართველოს ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლ(ებ)ის მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი. ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, საცხოვრებელ მისამართზე, ოჯახის შემადგენლობაზე და/ან გადასაცემ საცხოვრებელ ფართზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა რაოდენობა (ნაკლებობა), არამედ საცხოვრებელზე არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამტკიცოს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები გასაჩივრებული აქტის კანონიერებას არ ადასტურებს.

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით დგინდება, რომ სადავო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელეთა კანონიერ უფლებას. ადმინისტრაციული ორგანო ვერ ადასტურებს მოსარჩელეების მიერ საცხოვრებლის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოსთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებას. მოცემულ საქმეში სადავო არ არის, რომ მოსარჩელეთა დევნილ ოჯახს არ გააჩნია საკუთრება, ცხოვრობენ სხვის სახლში. ამასთან, 2021 წლის 13 ივლისს მონიტორინგის განხორციელების დროს სადავო მისამართზე იმყოფებოდნენ სწორედ მოსარჩელე ა. მ-ა და მისი არასრულწლოვანი შვილი ნ. გ-ა. კასატორის მითითება, რომ დამატებითი მოკვლევის დროს, 2021 წლის 4 ნოემბერს სადავო მისამართზე არავინ იმყოფებოდა, არ წარმოადგენს მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს. მონიტორინგის დროს დევნილის მისამართზე არ ყოფნა, არ ართმევს დევნილ ოჯახს საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესაძლებლობას, არ გამორიცხავს გრძელვადიანი განსახლების საჭიროებას.

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიზანს არ წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რა დროს, რა მისამართზე იმყოფება იძულებით გადაადგილებული პირი. შესაბამისად, სხვადასხვა მიზეზით ფაქტობრივად სხვადასხვა მისამართზე ყოფნა, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის ოჯახს არ აქვს გრძელვადიანი საცხოვრებელი და ცხოვრობს სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, დევნილებს შეუქმნას ეკონომიკური და სოციალური გარანტიები გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კუთხით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მითითება მოსარჩელეთა მიერ საცხოვრებლის შესახებ არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მოცემული დავის გადაწყვეტისას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას და აღნიშნულთან მიმართებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.04.18წ. №ბს-990-986(2კ-17) განჩინებაზე, რომლის თანახმად, „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მითითებული მუხლით რეგლამენტირებული სასამართლოსათვის მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილება - უარი თქვას სადავო საკითხის მოწესრიგებაზე და აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, არ წარმოადგენს უპირობო და შეუზღუდავ უფლებამოსილებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი. ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმის მონაწილე პირებს უფლება აქვთ პირველ ინსტანციაში უკვე განხილულთან ერთად სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები. ანუ სააპელაციო სასამართლო, საკასაციო ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, შებოჭილი არაა პროცესუალური შესაძლებლობით, საქმეზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს და შეაფასოს მტკიცებულებები.“

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს სრული პროცესუალური უფლებამოსილება ჰქონდა თავად გადაეწყვიტა დავა და შეემოწმებინა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერება. იმ შემთხვევაში, თუ დავის გადაწყვეტისას სასამართლო საჭიროდ მიიჩნევდა გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას ან დადგენას, შესაძლებლობა ჰქონდა ესარგებლა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული საპროცესო კომპეტენციით და თავად მოეპოვებინა მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია, რატომ იყო შეზღუდული საქმეზე თავად მიეღო გადაწყვეტილება. ამასთან, გარდა იმისა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება სასამართლოს მხრიდან სადავო საკითხის მატერიალური კანონიერების შეფასების შეუძლებლობას უნდა დაუკავშირდეს, გათვალისწინებულ უნდა იქნეს შესაბამისი დავის სასამართლო წესით გონივრულ ვადაში დასრულების ინტერესი. საქმის გონივრულ ვადაში, ეფექტიანად განხილვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. საქმის განხილვის ვადის გონივრულობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის სირთულე, მოდავე მხარეების და შესაბამისი კომპეტენტური უწყებების ჩართულობა, ასევე საქმის განხილვის შედეგი დაინტერესებული მხარეებისათვის (სუს 2020 წლის 17 სექტემბრის №ბს-1198(კ-19) განჩინება). განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით დავის გადაწყვეტა არ პასუხობს ზემოაღნიშნულ პრინციპებს. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო წესით სრულად შესაძლებელია სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.

გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ მოსარჩელეების შვილი - ნ. გ-ა არის ... პირი, იგი მუდმივად საჭიროებს მკურნალობას და შესაბამისად, სტაბილურ საცხოვრებელს (ს.ფ 95). ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გათვალისწინებული არასრულწლოვნის განსაკუთრებული საჭიროებები და საუკეთესო ინტერესები. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს ... პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. ამასთან, ბავშვის უფლებათა კოდექსით დამატებით იქნა დადგენილი გარანტიები ... არასრულწლოვან პირთა უფლებების დასაცავად. აღნიშნული კოდექსის კონკრეტული ნორმები სახელმწიფოს უწესებს ვალდებულებას ... პირს შეუქმნას გარემო, სადაც მას ექნება სათანადოდ განვითარების რეალური შესაძლებლობა. საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიღებულ „... პირთა უფლებების კონვენციაზე“ (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით), რომლის პრეამბულაში გაცხადებულია, რომ ... პირებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთონ სტრატეგიებსა და პროგრამებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის, უშუალოდ მათთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში. იმავე კონვენციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ... პირთა უფლებას ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტზე საცხოვრებელ პირობებზე მათთვის და მათი ოჯახებისათვის, რაც მოიცავს ადეკვატურ კვებას, ტანსაცმელს, საცხოვრებელ პირობებს; ასევე უფლებას საცხოვრებელი პირობების უწყვეტ გაუმჯობესებაზე; იღებენ შესაბამის ზომებს აღნიშნული უფლების დაცვისა და რეალიზებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. მითითებულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს, გარდა იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულების შესრულებისა, ... იძულებით გადაადგილებული პირის განაცხადის განხილვისას, ეკისრება აგრეთვე მისი საჭიროებების გათვალისწინების ვალდებულება, რათა ... პირები ადეკვატური საცხოვრებელი პირობებით იყვნენ უზრუნველყოფილნი.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, სახეზეა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 1 თებერვლის №03-547/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოსარჩელის ოჯახის მიმართ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობები. შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, ხოლო ა. მ-ას, გ. გ-ას, მ. გ-ას და ნ. გ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ა. მ-ას, გ. გ-ას, მ. გ-ას და ნ. გ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. ა. მ-ას და გ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

5. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 1 თებერვლის №03-547/ო ბრძანება;

6. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს ა. მ-ას, გ. გ-ას და მისი ოჯახის (განაცხადით გათვალისწინებული პირების) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე