დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 26.06.2024
საქმის ნომერი
ბს-227(კ-24)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.06.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ბს-227(კ-24) 26 ივნისი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - დ. ჭ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 28 ივნისს დ. ჭ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ.

მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 27 მაისის №MIA 9 21 01328485 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მოსარჩელე დ. ჭ-ას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის აბაშის რაიონული სამმართველოს ...ის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის მისი დათხოვნის დღიდან თანამდებობაზე აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით დ. ჭ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ჭ-ამ. აპელანტმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ჭ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დ. ჭ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 27 მაისის №MIA 9 21 01328485 ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა დადგენილად მიჩნეულ იმ ფატობრივ გარემოებებზე, რომლებიც გახდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ, 2021 წლის 24 მაისს დამტკიცებული ამავე სამინისტროს მოსამსახურე დ. ჭ-ასა და სხვათა მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ დასკვნაში მიეთითა, რომ მოპოვებული მტკიცებულებებისა და ახსნა-განმარტების საფუძველზე, დადასტურებულად იქნა მიჩნეული ის ფაქტი, რომ პოლიციის რიგითმა დ. ჭ-ამ ჩაიდინა ქმედება, რაც გამოიხატა შინაგან საქმეთა სამინისტროში დადგენილი საწვავის უზრუნველყოფის წესის გვერდის ავლაში, რასაც შედეგად მოჰყვა საწვავის არასამსახურებრივად გამოყენების რისკი და გახარჯული საწვავის კონტროლის მექანიზმების მოშლა, რითაც წარმოიქმნა ქონებრივი ზიანის წარმოშობის რისკი. კერძოდ, 2020-2021 წლებში შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის აბაშის რაიონული სამმართველოსთვის, სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობების განხორციელების მიზნით ყოველთვიურად გამოიყოფოდა 2700 ლიტრი ბენზინის და 2300 ლიტრი დიზელის საწვავი, რაც ირიცხებოდა როგორც სამსახურებრივ, ასევე კერძო ავტომანქანებისთვის შპს „ს...ს“ (...) მიერ დამზადებულ პლასტიკურ ბარათებზე. იმ მოტივით, რომ თითქოს ხსენებულ სამმართველოს არ ჰყოფნიდა ბენზინი, ხოლო დიზელი თვის ბოლოს რჩებოდა ნაშთად, 2020 წლის მარტის თვეში, აბაშის რაიონული ...ის კ. ნ-ას დავალებით, ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი გ. ბ-ა შეუთანხმდა აბაშის რაიონში არსებულ ბენზინგასამართი სადგური „ნ...ს“ მენეჯერს გ. გ-ას, რომ ყოველთვიურად საჭიროებიდან გამომდინარე აბაშის რაიონული სამმართველოს მოსამსახურეები აღნიშნულ ბენზინგასამართ სადგურზე „ნისიად“ ჩაისხამდნენ ბენზინს, რის სანაცვლოდაც მიუტანდნენ შესაბამისი რაოდენობის დიზელის საწვავს. აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად, 2020 წლის მარტის თვიდან, აბაშის რაიონული სამმართველოს მოსამსახურეები, მათ სარგებლობაში არსებული (როგორც სამსახურებრივი, ისე საკუთარი) მანქანებისათვის დამზადებულ საწვავის ბარათებზე ბენზინის ლიმიტის ამოწურვის შემდგომ ბენზინს ისხამდნენ „ნ...ს“ ავტოგასამართ სადგურზე. პერიოდულად ხსენებული გასამართი სადგურის მენეჯერი გ. გ-ა უკავშირდებოდა დ. ჭ-ას და ატყობინებდა, თუ რამდენი ლიტრი დიზელის საწვავი იყო მისატანი ვალის დაფარვის მიზნით. თავის მხრივ დ. ჭ-ა ვალად აღებული საწვავის რაოდენობის შესახებ ახსენებდა კ. ნ-ას და მისი თანხმობის შემდეგ, აბაშის მუნიციპალიტეტში მდებარე შპს „ს...ს“ (...) კუთვნილი ავტოგასამართ სადგურზე, აბაშის რაიონული სამმართველოს საწვავის ბარათებიდან, 20 ლიტრიან პლასტმასის ჭურჭელში ჩასხმის გზით ანაღდებდა იმდენივე რაოდენობის დიზელის საწვავს, რამდენი ბენზინიც ვალად ჰქონდათ ჩასხმული, რის შემდეგ კუთვნილი „...“-ის მოდელის ავტომანქანით სახელმწიფო ნორმით ... მიჰქონდა „ნ...ს“ ავტოგასამართ სადგურზე. სწორედ ამ მიზნით, 2021 წლის აპრილის თვეში, დ. ჭ-ამ აბაშის მუნიციპალიტეტში მდებარე შპს „ს...ს“ (...) კუთვნილი ავტოგასამართ სადგურზე, აბაშის რაიონული სამმართველოს კუთვნილი საწვავის ბარათებიდან გაანაღდა 500 ლიტრი დიზელის საწვავი. აღნიშნული საწვავი დ. ჭ-ამ ჩაასხა 25 ცალ 20 ლიტრიან პლასტმასის ჭურჭელში, რომელიც მოათავსა მის კუთვნილ „...“-ის მოდელის ავტომანქანაში, სახ. ნომრით ... და მიიტანა „ნ...ს“ ავტოგასამართ სადგურზე. სამსახურებრივი შემოწმებისას გამოკითხულმა დ. ჭ-ამ განმარტა, რომ კ. ნ-ასთან შეთანხმებით, ხსენებული 500 ლიტრი დიზელის საწვავით მოხდა, აბაშის რაიონული სამმართველოს მოსამსახურეების მიერ „ნ...ს“ ავტოგასამართი სადგურიდან ვალზე აღებული ბენზინის საწვავის გასტუმრება.

დასკვნის მიხედვით, კ. ნ-ა თვითონ არ ახორციელებდა და არც დაქვემდებარებული სხვა მოსამსახურისთვის ჰქონდა დავალებული ვალად აღებული ბენზინის საწვავის რაოდენობის აღრიცხვა-კონტროლი, არამედ ვალის გადახდა ხდებოდა ავტოგასამართი სადგურის მენეჯერის მიერ დასახელებული რაოდენობის შესაბამისად. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კ. ნ-ას მითითებით დ. ჭ-ას ფუნქცია-მოვალეობას წარმოადგენდა სამმართველოზე რიცხული და პირად სარგებლობაში არსებული ავტომანქანების საწვავით უზრუნველყოფის საკითხების ორგანიზება. მიუხედავად აღნიშნულისა, ეს უკანასკნელი არ აღრიცხავდა ვალად აღებული ბენზინის რაოდენობას და გასტუმრების მიზნით, ყოველგვარი კონტროლის მექანიზმის გარეშე აბრუნებდა გ. გ-ას მიერ დასახელებული რაოდენობის დიზელის საწვავს. აღნიშნულის გამო, გ. გ-ას მიერ პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ვალად ჩასხმული საწვავის ოდენობაზე მეტის მოთხოვნის შემთხვევაში არ არსებობდა არანაირი კონტროლის მექანიზმი.

სამინისტროს პრეტენზია, ასევე, გამოიხატა იმაში, რომ სამსახურებრივი შესყიდვისას გათვალისწინებული იყო ხარისხი, რათა არ მომხდარიყო სამსახურებრივი მანქანების დაზიანება. თავისი ქმედებით კ. ნ-ამ რისკის ქვეშ დააყენა ავტომანქანების ტექნიკური მდგომარეობა, ვინაიდან მის მიერ ვერ განხორციელდებოდა „ნასესხები“ ბენზინის საწვავის ხარისხის კონტროლი. ასევე, დასკვნაში აღინიშნა, რომ კ. ნ-ას გადაწყვეტილებით აბაშის რაიონულ სამმართველოში ფორმალურად იწარმოებოდა საწვავის ჟურნალები, რომლებშიც არასრულყოფილად იყო შეყვანილი ინფორმაცია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სატრანსპორტო საშუალებებში ჩასხმული საწვავის ოდენობების შესახებ, არ იყო მითითებული, რომელი ბარათის გამოყენებით მოხდა საწვავის განაღდება, რის გამოც ხსენებული ჟურნალების გამოყენებით საწვავის სამსახურებრივი მიზნით გამოყენების დადგენა ფიქცია იყო. აგრეთვე, ჟურნალებში არ იყო გამიჯნული ვალად აღებული საწვავი, რის გამოც ჟურნალები ვერ იქნებოდა მიჩნეული ფაქტის დამადასტურებელ დოკუმენტად.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო შემთხვევამდე მოსარჩელეს არ ჩაუდენია რაიმე სახის ადმინისტრაციული გადაცდომა, ამასთან, საქმეში არ იყო წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელე უარყოფითად ხასიათდებოდა. დასახელებული გარემოებების, ასევე, საქმეზე არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და დ. ჭ-ას ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხარისხის მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამინისტროს მიერ მოსარჩელისათვის სახდელის სახედ სამსახურიდან დათხოვნის შეფარდება არ იყო მის მიერ ჩადენილი ქმედების ადეკვატური.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა გენერალური ინსპექციის დასკვნის შინაარსზე, კერძოდ, მასში აღინიშნა, რომ საბოლოოდ დ. ჭ-ას ქმედებას არ მოჰყოლია კონკრეტულად რაიმე მძიმე შედეგი სამსახურისათვის, არამედ მისმა ქმედებებმა შექმნა საწვავის არასამსახურებრივად გამოყენებისა და ქონებრივი ზიანის წარმოშობის რისკი.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მოსარჩელის ქმედებას სამსახურისათვის მძიმე შედეგები არ გამოუწვევია, მის მიერ ჩადენილმა ქმედებამ შექმნა გარკვეული სახის რისკი, რაც ვერ ჩაითვლებოდა იმ სახის და ხარისხის გადაცდომად, რომელიც ცალსახად გაამართლებდა და დაასაბუთებდა დ. ჭ-ას სამსახურიდან გათავისუფლებას. ამასთან, საააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 10 ნოემბრის №ბს-763(2კ-22) განჩინებაზე, რომლის საფუძველზეც კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აბაშის რაიონული ...ის კ. ნ-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის შესახებ.

შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები და საკითხის თავიდან განხილვის შედეგად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, უნდა გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ ვერ იქნა მითითებული ვერც ერთი კონკრეტული გარემოება, რომელიც სამინისტროს მიერ არ იქნა მოკვლეული და შეფასებული ადმინისტრაციული წარმოების დროს, გარემოება, რომლის გამორკვევა-შეფასებაც სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნიდა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ სრულად გაიზიარა სამინისტროს პოზიცია, რომ დ. ჭ-ას მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის მოთხოვნათა დარღვევას, რასაც თავად მოსარჩელეც აღიარებდა.

კასატორის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებისას, სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არის მისთვის შეუძლებელი საქმის გარემოებების გამოკვლევა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტა საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებით. იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების სრული ანალიზითა და ურთიერთშეჯერებით გაიზიარა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია და დადგენილად მიიჩნია დ. ჭ-ას მიერ არაერთი დისციპლინური გადაცდომა, დაუსაბუთებელია, თუ რატომ იყო შეუძლებელი სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტით თავად მიეღო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილება.

კასატორი მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ მისცემია ადეკვატური სამართლებრივი შეფასება. სასამართლომ, ერთი მხრივ, გაიზიარა სამინისტროს პოზიცია, დაეთანხმა დ. ჭ-ას მხრიდან კანონის მოთხოვნათა დაუცველობას, ხოლო, მეორე მხრივ, მიიჩნია, რომ სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არასაკმარისად შეიცავდა ფაქტობრივ და სამართლებრივ მოტივაციას. კასატორის მითითებით, ერთადერთი არგუმენტაცია, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა მიღებული განჩინება, უკავშირდება მატერიალური ზიანის ოდენობის განსაზღვრას, თუმცა სასამართლოს არ უმსჯელია იმ საფრთხეებსა და დარღვევებზე, რომელიც დ. ჭ-ას ქმედებით დადგა, რაც საკმარის საფუძველს ქმნიდა დისციპლინური სახდელის სახით მის მიმართ გამოყენებულიყო სამსახურიდან დათხოვნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საკასაციო საჩივრის ფარგლებში, შესაფასებელ საგანს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად საფუძვლიანობის შემოწმება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

მოსარჩელე დ. ჭ-ა 2013 წლიდან, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის აბაშის რაიონული სამმართველოში ...ის პოზიციაზე, ხოლო 2020 წლის 23 დეკემბრიდან იგი დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის აბაშის რაიონული სამმართველოს ...ის თანამდებობაზე.

„დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2021 წლის 27 მაისის №MIA 9 21 01328485 ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის აბაშის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დ. ჭ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ (სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება), „გ“ (ქონებრივი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტების საფუძველზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ, 2021 წლის 24 მაისს დამტკიცებული ამავე სამინისტროს მოსამსახურე დ. ჭ-ასა და სხვათა მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ დასკვნაში მიეთითა შემდეგი: მოპოვებული მტკიცებულებებისა და ახსნა-განმარტების საფუძველზე, დადასტურებულად იქნა მიჩნეული ის ფაქტი, რომ პოლიციის რიგითმა დ. ჭ-ამ ჩაიდინა ქმედება, რაც გამოიხატა შინაგან საქმეთა სამინისტროში დადგენილი საწვავის უზრუნველყოფის წესის გვერდის ავლაში, რასაც შედეგად მოჰყვა საწვავის არასამსახურებრივად გამოყენების რისკი და გახარჯული საწვავის კონტროლის მექანიზმების მოშლა, რითაც წარმოიქმნა ქონებრივი ზიანის წარმოშობის რისკი. უფრო კონკრეტულად კი, 2020-2021 წლებში შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის აბაშის რაიონული სამმართველოსთვის, სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობების განხორციელების მიზნით ყოველთვიურად გამოიყოფოდა 2700 ლიტრი ბენზინის და 2300 ლიტრი დიზელის საწვავი, რაც ირიცხებოდა როგორც სამსახურებრივ, ასევე კერძო ავტომანქანებისთვის შპს „ს...ს“ (...) მიერ დამზადებულ პლასტიკურ ბარათებზე. იმ მოტივით, რომ თითქოს ხსენებულ სამმართველოს არ ჰყოფნიდა ბენზინი, ხოლო დიზელი თვის ბოლოს რჩებოდა ნაშთად, 2020 წლის მარტის თვეში, აბაშის რაიონული ...ის კ. ნ-ას დავალებით, ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი გ. ბ-ა შეუთანხმდა აბაშის რაიონში არსებულ ბენზინგასამართი სადგური „ნ...ს“ მენეჯერს გ. გ-ას, რომ ყოველთვიურად საჭიროებიდან გამომდინარე აბაშის რაიონული სამმართველოს მოსამსახურეები აღნიშნულ ბენზინგასამართ სადგურზე „ნისიად“ ჩაისხამდნენ ბენზინს, რის სანაცვლოდაც მიუტანდნენ შესაბამისი რაოდენობის დიზელის საწვავს. აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად, 2020 წლის მარტის თვიდან, აბაშის რაიონული სამმართველოს მოსამსახურეები, მათ სარგებლობაში არსებული (როგორც სამსახურებრივი, ისე საკუთარი) მანქანებისათვის დამზადებულ საწვავის ბარათებზე ბენზინის ლიმიტის ამოწურვის შემდგომ ბენზინს ისხამდნენ „ნ...ს“ ავტოგასამართ სადგურზე. პერიოდულად ხსენებული გასამართი სადგურის მენეჯერი გ. გ-ა უკავშირდებოდა დ. ჭ-ას და ატყობინებდა, თუ რამდენი ლიტრი დიზელის საწვავი იყო მისატანი ვალის დაფარვის მიზნით. თავის მხრივ დ. ჭ-ა ვალად აღებული საწვავის რაოდენობის შესახებ ახსენებდა კ. ნ-ას და მისი თანხმობის შემდეგ, აბაშის მუნიციპალიტეტში მდებარე შპს „ს...ს“ (...) კუთვნილი ავტოგასამართ სადგურზე, აბაშის რაიონული სამმართველოს საწვავის ბარათებიდან, 20 ლიტრიან პლასტმასის ჭურჭელში ჩასხმის გზით ანაღდებდა იმდენივე რაოდენობის დიზელის საწვავს, რამდენი ბენზინიც ვალად ჰქონდათ ჩასხმული, რის შემდეგ კუთვნილი „...“-ის მოდელის ავტომანქანით სახელმწიფო ნორმით ... მიჰქონდა „ნ...ს“ ავტოგასამართ სადგურზე. სწორედ ამ მიზნით, 2021 წლის აპრილის თვეში, დ. ჭ-ამ აბაშის მუნიციპალიტეტში მდებარე შპს „ს...ს“ (...) კუთვნილი ავტოგასამართ სადგურზე, აბაშის რაიონული სამმართველოს კუთვნილი საწვავის ბარათებიდან გაანაღდა 500 ლიტრი დიზელის საწვავი. აღნიშნული საწვავი დ. ჭ-ამ ჩაასხა 25 ცალ 20 ლიტრიან პლასტმასის ჭურჭელში, რომელიც მოათავსა მის კუთვნილ „...“-ის მოდელის ავტომანქანაში, სახ. ნომრით ... და მიიტანა „ნ...ს“ ავტოგასამართ სადგურზე. სამსახურებრივი შემოწმებისას გამოკითხულმა დ. ჭ-ამ განმარტა, რომ კ. ნ-ასთან შეთანხმებით, ხსენებული 500 ლიტრი დიზელის საწვავით მოხდა, აბაშის რაიონული სამმართველოს მოსამსახურეების მიერ „ნ...ს“ ავტოგასამართი სადგურიდან ვალზე აღებული ბენზინის საწვავის გასტუმრება.

დასკვნის მიხედვით, კ. ნ-ა თვითონ არ ახორციელებდა და არც დაქვემდებარებული სხვა მოსამსახურისთვის ჰქონდა დავალებული ვალად აღებული ბენზინის საწვავის რაოდენობის აღრიცხვა-კონტროლი, არამედ ვალის გადახდა ხდებოდა ავტოგასამართი სადგურის მენეჯერის მიერ დასახელებული რაოდენობის შესაბამისად. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კ. ნ-ას მითითებით დ. ჭ-ას ფუნქცია-მოვალეობას წარმოადგენდა სამმართველოზე რიცხული და პირად სარგებლობაში არსებული ავტომანქანების საწვავით უზრუნველყოფის საკითხების ორგანიზება. მიუხედავად აღნიშნულისა, ეს უკანასკნელი არ აღრიცხავდა ვალად აღებული ბენზინის რაოდენობას და გასტუმრების მიზნით, ყოველგვარი კონტროლის მექანიზმის გარეშე აბრუნებდა გ. გ-ას მიერ დასახელებული რაოდენობის დიზელის საწვავს. აღნიშნულის გამო, გ. გ-ას მიერ პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ვალად ჩასხმული საწვავის ოდენობაზე მეტის მოთხოვნის შემთხვევაში არ არსებობდა არანაირი კონტროლის მექანიზმი.

სამინისტროს პრეტენზია, ასევე, გამოიხატა იმაში, რომ სამსახურებრივი შესყიდვისას გათვალისწინებული იყო ხარისხი, რათა არ მომხდარიყო სამსახურებრივი მანქანების დაზიანება. თავისი ქმედებით კ. ნ-ამ რისკის ქვეშ დააყენა ავტომანქანების ტექნიკური მდგომარეობა, ვინაიდან მის მიერ ვერ განხორციელდებოდა „ნასესხები“ ბენზინის საწვავის ხარისხის კონტროლი. ასევე, დასკვნაში აღინიშნა, რომ კ. ნ-ას გადაწყვეტილებით აბაშის რაიონულ სამმართველოში ფორმალურად იწარმოებოდა საწვავის ჟურნალები, რომლებშიც არასრულყოფილად იყო შეყვანილი ინფორმაცია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სატრანსპორტო საშუალებებში ჩასხმული საწვავის ოდენობების შესახებ, არ იყო მითითებული, რომელი ბარათის გამოყენებით მოხდა საწვავის განაღდება, რის გამოც ხსენებული ჟურნალების გამოყენებით საწვავის სამსახურებრივი მიზნით გამოყენების დადგენა ფიქცია იყო. აგრეთვე, ჟურნალებში არ იყო გამიჯნული ვალად აღებული საწვავი, რის გამოც ჟურნალები ვერ იქნებოდა მიჩნეული ფაქტის დამადასტურებელ დოკუმენტად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პოლიციელი შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ იქნეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო. იმავე დანაწესს შეიცავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ვ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა. სამინისტროს მოსამსახურისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდების და მისი მოხსნის წესს ადგენს მინისტრი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვით, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი. დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა; ა1) სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება; ბ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; გ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; დ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა; ვ) მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს; ზ) ფიცის გატეხვა; თ) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა; ი) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისციპლინური სახდელის შერჩევის მართებულობის გამოსარკვევად და შესაბამისად, გასაჩივრებული ბრძანების კანონიერების შემოწმებისას, არსებითია მხედველობაში იქნეს მიღებული ყველა ის გარემოება, რომელიც კავშირშია მოსარჩელის პიროვნებასთან, გადაცდომის ხასიათთან და ა.შ. შესაბამისად, სადავო საკითხი შეფასებულ უნდა იქნეს არა ერთი კონკრეტული შემთხვევის კონტექსტში, არამედ უფრო ფართო ჭრილში, რათა დადგინდეს გადაცდომის რეალური სიმძიმე, ხარისხი და ჩადენილ ქმედებასთან მიმართებით საბოლოოდ გამოყენებული სახდელის ადეკვატურობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის #989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-4 მუხლის მე-10 პუნქტზე, რომლის თანახმად, დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება. როგორც უკვე აღინიშნა, არსებითია ისეთ ფაქტორებზე ყურადღების გამახვილება, როგორიცაა სამსახურიდან გათავისუფლებული პირის პიროვნება, მისი ზოგადი დამოკიდებულება დაკისრებული სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებისას, მანამდე არსებული დისციპლინური გადაცდომების არსებობა, ასევე, ის, თუ რა კონკრეტული ზიანი მიაყენა ჩადენილმა ქმედებამ ადმინისტრაციულ ორგანოს, რა დოზითა და სახით შეაფერხა ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციონირება, აგრეთვე, სხვა ისეთი ფაქტორები, რომელიც ცალსახად უპირობოდ გაამართლებს დ. ჭ-ას სამსახურიდან დათხოვნას.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის ხსენებული ქმედების ჩადენის ფაქტს, თუმცა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედებები არ ქმნიდა სამსახურიდან მისი გათავისუფლების საკმარის საფუძველს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო შემთხვევამდე მოსარჩელეს არ ჩაუდენია რაიმე სახის დისციპლინური გადაცდომა (აღნიშნული მოპასუხის წარმომადგენელმაც დაადასტურა სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე). ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თავად გენერალური ინსპექციის დასკვნის შინაარსის მიხედვით, დ. ჭ-ას ქმედებას შედეგად არ მოჰყოლია სამსახურისათვის (სახელმწიფოსათვის) ქონებრივი ზიანის მიყენების ფაქტი, არამედ მისმა ქმედებებმა შექმნა ქონებრივი ზიანის წარმოშობის რისკი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით, მხარეთა ახსნა-განმარტებების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ იყო ჩადენილი დარღვევის სიმძიმეზე, პროპორციულობასა და თანაზომიერებაზე მსჯელობის გვერდის ავლით გამოეყენებინა ყველაზე მკაცრი ღონისძიება მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ. აქვე, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს დადგენილად მიჩნეულ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ დ. ჭ-ა მოქმედებდა აბაშის რაიონული ...ის კ. ნ-ას მითითებებით, თავად კ. ნ-ას მიმართ გამოცემული აქტი სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწვეტლად ბათილად იქნა ცნობილი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ახალი აქტის გამოცემა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის №ბს-763(2კ-22) განჩინებით კანონიერ ძალაში შევიდა. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები, ვინაიდან, არსებობს დ. ჭ-ას მიერ ჩადენილი გადაცდომის (სამსახურისათვის არსებითი ზიანის მიყენების დადასტურებული ფაქტის არ არსებობის პირობებში), პროპორციული და თანაზომიერი დისციპლინური სახდელის გამოყენების საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახლა მსჯელობის ცალსახა საფუძველი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. მაკარიძე