დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-971-1206-04 28 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),რ. ნადირიანი,ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
მოსარჩელე კ. ო.-მ სარჩელით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: მ. ფ.-ს, ი. ბ.-ს, ც. და ლ. ფ.-ს მიმართ საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლებისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვის თაობაზე, მოსარჩელემ მიუთითა, რომ ბინა მდებარე, ქ.თბილისში, ..., მემკვიდრეობით მიიღო მეუღლის _ ი. შ.-ის გარდაცვალების შემდეგ. ბინა საკუთრების უფლებით ირიცხება მის სახელზე, სადავო ბინაში უკანონოდ შეიჭრა მ.ფ.-ა და დაეუფლა საცხოვრებელ ბინაში არსებულ მის მოძრავ ქონებას. რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 მარტის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხეების მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლება.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კ.ო.-ს სარჩელი, მ.ფ.-ა ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა მ.ფ.-მ საჩივრით, რომლითაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაფუქმება იმ მოტივით, რომ იმყოფებოდა ავად, რის გამოც ვერ შეძლო სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადება.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 აპრილის განჩინებით მ. ფ.-ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ძალაში იქნა დატოვებული ამავე სასამართლოს 2003წ. 5 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
2003წ. 23 აპრილის განჩინება გასაჩივრებული იქნა მ.ფ.-ს მიერ სააპელაციო საჩივრით, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. სააპელაციო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო მისი ავადმყოფობით, რომლის შესახებაც მან აცნობა მოსამართლეს პირადად; სარჩელში მითითებული გარემოებები არ ამართლებს იურიდიულად სარჩელს, ვინაიდან იგი არის სადავო ბინის თანამესაკუთრე კანონის საფუძველზე. აქედან გამომდინარე სასამართლოს არ ჰქონდა უფლება მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2004წ. 27 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, დადგენილია, რომ მოპასუხეებს, მ. ფ.-ს, ი. ბ.-ს, ც. და ლ. ფ.-ებს 2003წ. 5 მარტის სასამართლოს მთავარ სხდომის თაობაზე ეცნობათ სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეები გამოსახლებულნი იქნენ სადავო ბინიდან. დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა მ.ფ.-მ საჩივრით, რომლითაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება იმ მოტივით, რომ იგი იმყოფებოდა ავად, რის დამადასტურებლადაც საჩივარს დაურთო ავადმყოფობის შესახებ სამედიცინო ცნობა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში მ.ფ.-მ ვერ დაადასტურა, რომ მისი გამოუცხადებლობა 2003წ. 5 მარტის სასამართლო სხდომაზე გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. მ.ფ.-ს მიერ წარმოდგენილი ცნობა ავადმყოფობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან ექიმ ოკუჯავას მიერ გაცემულილ განმარტებით დგინდება, რომ მ.ფ.-ზე არ გახსნილა ანკეტა და არც სარეგისტრაციო ჟურნალში მომხდარა მისი რეგისტრაცია. ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდება და არც აპელანტი უარყოფს, რომ იგი 2003წ. 5 მარტს. სხდომის დაწყების წინ იმყოფებოდა სასამართლოს შენობაში, რაც შეეხება აპელანტის მტკიცებას, რომ მან ავადმყოფობის თაობაზე პირადად აცნობა მოსამართლეს, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან საქმის მასალებით ზემოაღნიშნული არ დასტურდება.
სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სარჩელში მოპასუხედ დასახელებულია მ.ფ.-ს მეუღლე ი. ბ.-ა, რომელიც ასევე გაფრთხილებული იქნა სასამართლოს მთავარი სხდომის თაობაზე სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მ.ბ.-ა სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც რაიმე მტკიცებულება იქნა ის მიერ წარმოდგენილი მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე.
სსკ-ის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზვნაი შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებულიი ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. პალატამ დამტკიცებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე არის სადავო ბინის მესაკუთრე, ვინაიდან იგი საჯარო რეესტრში აღრიცხულია ასეთად, ხოლო სკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების ბინიდან გამოსახლების თაობაზე, სკ-ის 170-172-ე მუხლების საფუძველზე იურიდიულად გამართლებულია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. და ი. ფ.-ებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საკასაციო საჩივრის ავტორებს მიაჩნიათ, რომ გასაჩივრებული განჩინება არასწორი და უსამართლოა. ისინი თვლიან, დაუსწრებელი გადაწყვეტილება მათი ბინიდან გამოსახლების შესახებ არ შეიძლება აღსრულდეს მანამ, სანამ კანონიერად არ იქნება ცნობილი მათი უფლებები ბინაზე. კასატორების აზრით, ბინის მართლზომიერი მფლობელები არიან და არ შეიძლება მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად სადავო ბინიდან მათი გამოსახლება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. და ი. ფ.-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 27 მაისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.