გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 03.04.2006
საქმის ნომერი
ას-981-1245-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.04.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-981-1245-05 3 აპრილი, 2006 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ მ. ვ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ტ. ვ-ძე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ნ. ვ-ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ სამკვიდრო ქონება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ტ. ვ-ძემ სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მ. ვ-ძის მიმართ და სამოქალაქო კოდექსის 1336-ე, 1371-ე მუხლების თანახმად, მოითხოვა გარდაცვლილი დედის, ვ. ვ-ძის დანაშთი ქონებიდან სავალდებულო წილის გამოყოფა შემდეგი საფუძვლებით: 2001 წლის 6 აპრილს გარდაეცვალა დედა ვ. ვ-ძე, იმავე წლის 6 ივლისს კი _ ძმა ი. ვ-ძე. ვ. ვ-ძეს დარჩა ორი მემკვიდრე, თვითონ და მისი და – მოპასუხე მ. ვ-ძე. 1995 წლის 3 ივლისს გაფორმებული ანდერძით ვ. ვ-ძემ ქონება დაუტოვა მოპასუხე მ. ვ-ძეს. მოსარჩელე წარმოადგენს რა გარდაცვლილი დედის პირველი რიგის მემკვიდრეს, მიუხედავად ანდერძის შინაარსისა სამკვიდროდან ეკუთვნის სავალდებულო წილი. მოსარჩელემ ამავდროულად აღნიშნა, რომ სავალდებულო წილის მოთხოვნის ვადა გაშვებულად არ უნდა ჩაეთვალოს, ვინაიდან მხარეთა შორის დედამისის ანდერძის კანონიერებასთან დაკავშირებით დავა იხილებოდა სასამართლოში და გადაწყვეტილება კანონიერ ძალში შევიდა 2003 წლის 26 დეკემბერს. მოსარჩელემ მოითხოვა დედის ვ. ვ-ძის დანაშთი ქონებიდან 1/4, ხოლო გარდაცვლილი ძმის ქონებიდან 1/2 წილის მიკუთვნება.

მოპასუხე მ. ვ-ძემ სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელესთან დავა დედის მიერ დატოვებულ ანდერძთან დაკავშირებით დიდი ხანია მიმდინარეობს. მოპასუხის განმარტებით ტ.ვ-ძეს სასამართლოს გადაწყვეტილებით უარი ეთქვა დედამისის მიერ დატოვებული ანდერძის ბათილად ცნობაზე. ამ ანდერძით კი მამკვიდრებლის, ვ.ვ-ძის მთელი ქონება ეანდერძა მას, ხოლო გარდაცვლილ ძმას ი.ვ-ძეს არ გააჩნდა არანაირი ქონება.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით ტ. ვ-ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა: მოსარჩელეს დედის დანაშთი ქონებიდან გამოეყო 1/4, ხოლო ი. ვ-ძის ქონებიდან 1/2 წილი, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მ. ვ-ძემ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ტ. ვ-ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელეს გარდაცვლილი დედის დანაშთი ქონებიდან სავალდებულო წილის სახით გამოეყო 2/8, ხოლო გარდაცვლილი ძმის სავალდებულო წილიდან 1/8, სულ ვ. ვ-ძის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან მოსარჩელეს გამოეყო 3/8. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა: სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გარდაცვლილ ვ. ვ-ძეს დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე _ სამი შვილი, მათ შორის სამკვიდრო ანდერძით დაუტოვა ერთ ერთს, მ. ვ-ძეს. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1371-ე და 1374-ე მუხლების საფუძველზე, სამკვიდროდან სავალდებულო წილი უნდა მიეღოთ ი. და ტ. ვ-ძეებს, თითოეულს 1/4¼-ის ოდენობით. ვინაიდან ი. ვ-ძე გარდაცვლილია, დედის დანაშთი ქონებიდან მისი წილი სამკვიდროს¼1/4, უნდა გაიყოს მის მემკვიდრეებზე, და-ძმაზე, მ. და ტ. ვ-ძეებზე. ტ.ვ-ძეს მოუწევს 1/4-ის ნახევარი ანუ 1/8. შესაბამისად, დედის დანაშთი ქონებიდან მისი კუთვნილი სავალდებულო წილიც განისაზღვრება ნაცვლად 1/4-ისა 2/8-ში, ანუ მთლიანად დედის _ ვ.ვ-ძის დანაშთი ქონების 3/8 უნდა მიიღოს ტ.ვ-ძემ. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ტ. ვ-ძის განმარტება იმის შესახებ, რომ ი.ვ-ძე იყო ვ. ვ-ძის კომლის წევრი და ეკუთვნოდა კომლის ქონების ნახევარი, იმ დასაბუთებით, რომ ტ.ვ-ძემ ვერ წარმოადგინა, ზემოაღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ვ-ძეს არ გააჩნდა რაიმე ქონება და შესაბამისად არც სამკვიდრო დაუტოვებია, ვინაიდან 1974 წელს სამხედრო სამსახურიდან დაბრუნდა ფსიქიკურად დაავადებული, პირველი ჯგუფის ინვალიდი. ასევე დადგენილია, რომ ი. ვ-ძე არ წარმოადგენდა მამკვიდრებლის, ვ. ვ-ძის კომლის ქონების თანამესაკუთრეს.

საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ვ-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: კასატორის განმარტებით სასამართლოს მიერ ტ.ვ-ძის მოთხოვნა ისე დაკმაყოფილდა, რომ მითითებული არ არის მტკიცებულებებზე. სასამართლოს გადაწყვეტილება ტ. ვ-ძისათვის სავალდებულო წილის მიკუთვნების თაობაზე არაკანონიერია. კასატორის მითითებით, მისი გარდაცვლილი ძმა ი. ვ-ძე 1974 წელს ჯარიდან დაბრუნების შემდეგ გახდა შრომისუუნარო, იყო დედის კმაყოფაზე და დამოუკიდებლად არ შეუქმნია რაიმე ქონება. საკასაციო საჩივრის ავტორი ასევე აცხადებს, რომ მამკვიდრებელმა, რომელსაც საანდერძო განკარგულების გაცემისას საღი აზროვნება გააჩნდა, სამოქალაქო კოდექსის 1375-ე მუხლის დაცვით, კანონიერად განკარგა საკუთარი ქონება და ტ. ვ-ძეს არ გააჩნია სამკვიდრო მასიდან რაიმეს მოთხოვნის უფლება. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს ვ. ვ-ძისგან ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში მიღებული აქვს საკმარისი ქონება და მხოლოდ ანდერძის არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი დედამისის დანაშთი ქონების განაწილება კანონით მემკვიდრეებს შორის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ვ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს და ტ. ვ-ძის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ვ. ვ-ძის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან მას სავალდებულო წილის სახით უნდა მიეკუთვნოს 1/4, ხოლო ძმის _ აწ გარდაცვლილი ი.ვ-ძის დანაშთი ქონებიდან წილის მიღებაზე უარი უნდა ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დაადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ამ სახის პრეტენზია კასატორს არ წარმოუდგენია, სააპელაციო სასამართლომ კი დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მამკვიდრებელს ვ.ვ-ძეს დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილები მ., ი. და ტ. ვ-ძეები. ვ.ვ-ძე გარდაიცვალა 2001 წლის აპრილში. მან მთელი თავისი ქონება ანდერძით დაუტოვა ერთ-ერთ შვილს მ. ვ-ძეს. ასევე დადგენილია, რომ სამკვიდრო ქონებიდან, სავალდებულო წილი უნდა მიეღოთ დანარჩენ ორ შვილს _ ი. და ტ. ვ-ძეებს, თითოეულს სამკვიდროს 1/4 წილის ოდენობით. ი. ვ-ძე გარდაიცვალა 2001 წლის 6 ივნისს.

სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლის თანახმად, მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი). ამავე კოდექსის 1374-ე მუხლის თანახმად, თითოეული მემკვიდრის სავალდებულო წილის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა კანონით მემკვიდრე, რომლებიც მოწვეული იქნებოდნენ სამკვიდროს მისაღებად, ანდერძი, რომ არ ყოფილიყო. ანდერძით მემკვიდრეები მხედველობაში არ მიიღებიან.

აღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, ვ. ვ-ძის დანაშთ ქონებაზე სავალდებულო წილის გამოანგარიშებისას ანდერძით მემკვიდრე მ. ვ-ძის უფლება სავალდებულო წილზე არ უნდა იქნეს გათვალისწინებული, ვინაიდან მას ანდერძით მიეკუთვნა მთელი სამკვიდრო. ამდენად, სადავო სამკვიდროზე სავალდებულო წილის მიღების უფლება გააჩნდათ ტ. და ი. ვ-ძეებს. შესაბამისად, მათი სავალდებულო წილი შეადგენს სამკვიდროს 1/4-ს.

რაც შეეხება ი. ვ-ძის სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრეობას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი.ვ-ძე გარდაიცვალა რა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ორი თვეში, მისი სამკვიდრო ქონება უნდა განისაზღვროს შემდეგნ.დ: სამოქალაქო კოდექსის 1372-ე მუხლის თანახმად, სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება ი.ვ-ძეს წარმოეშვა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. ვინაიდან მან გარდაცვალების გამო ვერ მოასწრო სავალდებულო წილის მიღება, ამავე ნორმის მეორე წინადადების თანახმად, ასეთი მოთხოვნის უფლება გადადის მის მემკვიდრეებზე.

ამასთან, საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ი. ვ-ძის ქონებიდან 1/8 უნდა მიეკუთვნოს ტ. ვ-ძეს. სასამართლომ ამ გარემოებაზე იმსჯელა და ჩათვალა, რომ მოსარჩელე ტ.ვ-ძეს დედის დანაშთი ქონებიდან წილის მისაღებად მოთხოვნის ვადის გაშვების საპატიო მიზეზი გააჩნია, მაგრამ იგივე გარემოება ძმის _ ი.ვ-ძის დანაშთი ქონების დაგვიანებით მოთხოვნის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება, გარდა ქონების იმ წილის მოთხოვისა, რაც ი.ვ-ძეს ვ.ვ-ძის სამკვიდროდან უნდა მიეღო.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო ქონება შეიცავს რა მამკვიდრებლის იმ ქონებრივ უფლებებს _ სამკვიდრო აქტივს, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის და მათ შორის ამავე კოდექსის 1371-ე მუხლით გათვალისწინებულ სავალდებულო წილს. ამ უფლების მქონე პირის გარდაცვალების შემთხვევაში მიუღებელი სავალდებულო წილი განხილულ უნდა იქნეს, როგორც სამკვიდრო აქტივის ნაწილი და მასზე მემკვიდრეობის უფლება უნდა განხორციელდეს სამოქალაქო კოდექსის 1337-ე მუხლით დადგენილი რიგითობით კანონით მემკვიდრეობისას. ამასთან, სასამართლო მხარეთა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ამ შემთხვევაში განსხავავებით სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირებისაგან, რაიმე გამონაკლისი კანონით დადგენილი არ არის. რაც შეეხება სამკვიდროს მიღების ვადას, კანონის თანახმად (სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლი), სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ტ. ვ-ძის მიერ ი. ვ-ძის დანაშთ ქონებიდან სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიო მიზეზი დადგენილი არ არის, რაც ტ.ვ-ძის ამ მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.

ამდენად, ტ. ვ-ძის წილი ვ. ვ-ძის დანაშთ ქონებაში შეადგენს მის სავალდებულო წილს _ 1/4-ს და შესაბამისად სარჩელიც ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ვ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს და ტ. ვ-ძის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ვ. ვ-ძის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან მას სავალდებულო წილის სახით უნდა მიეკუთვნოს 1/4, ხოლო ძმის _ აწ გარდაცვლილი ი.ვ-ძის დანაშთი ქონებიდან წილის მიღებაზე უარი უნდა ეთქვას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

მ. ვ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

ტ. ვ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, ვ. ვ-ძის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან მას სავალდებულო წილის სახით მიეკუთვნოს 1/4, ხოლო ძმის _ აწ გარდაცვლილი ი.ვ-ძის დანაშთი ქონებიდან წილის მიღებაზე უარი ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.