გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-983-1255-05 12 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ახალაძე,ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: გარიცხული პარტნიორისათვის წილის ფულადი კომპენსაცია.
აღწერილობითი ნაწილი:
ი. გ.-მა სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შპს „მ.-ის“ მიმართ და მიუთითა, რომ 1998წ. 10 დეკემბერს სასამართლოში დარეგისტრირებული შპს „ო.-ას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი პარტნიორი იყო, მისი წილი საწესდებო კაპიტალში შეადგენდა 50%_ს. შპს-მ გადაწყვიტა მათ მიერ იჯარით აღებული შენობის შესყიდვა პირდაპირი მიყიდვის გზით. შენობის ღირებულება განისაზღვრა 21067,50 აშშ დოლარით. მოსარჩელის განმარტებით, მან 1996 წელს გადაიხადა 8494 აშშ დოლარი, 1997 წელს _ 784 აშშ დოლარი, სულ _ 9285 აშშ დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ შემდგომში ქონების მართვის სამმართველომ შეამცირა ქონების ღირებულება 13866 დოლარამდე, მოსარჩელემ ვერ შეძლო დარჩენილი 4371 აშშ დოლარის გადახდა და 1997წ. 31 დეკემბერს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით გარიცხულ იქნა პარტნიორობიდან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1997წ. 31 დეკემბრის დადგენილებით შესაბამისი ცვლილებები შევიდა სამეწარმეო რეესტრში შპს „ო.-ასთან“ მიმართებაში, კერძოდ, შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს „მ.-ი“, ასევე, გაიზარდა საზოგადოების საწესდებო კაპიტალი პრივატიზებული შენობის ხარჯზე და იგი განისაზღვრა 20430 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3.3 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისაგან საზოგადოების წილის კომპენსაციის სახით 9285 დოლარისა და 1000 ლარის დაბრუნება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 4 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით, რომლითაც მოითხოვა შპს „მ.-ის“ საწესდებო კაპიტალიდან თავისი წილის _ 9285 აშშ დოლარისა და 1000 ლარის დაბრუნება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ივლისის განჩინებით ი. გ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ამ განჩინებაზე ი. გ.-ის მიერ შეტანილი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 3 თებერვლის განჩინებით და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა სააპელაციო პალატას.
სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას არ გამოცხადდნენ შპს „მ.-ის“ დირექტორი და მისი წარმომადგენელი ბ. ბ.-ე. აპელანტ ი. გ.-ის წარმომადგენელმა მ. დ.-ემ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ი. გ.-ის სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, მან მოითხოვა, ახალი გადაწყვეტილებით შპს „მ.-ს“ ი. გ.-ის სასარგებლოდ საწესდებო კაპიტალში მისი წილის კომპენსაციის სახით გადასახდელად დაკისრებოდა 10454 ლარი, რის საფუძვლადაც მიუთითა, რომ აღნიშნული თანხა შეტანილი იყო ი. გ.-ის, როგორც შპს „ო.-ას“ პარტნიორის, მიერ ამ საზოგადოების საწესდებო კაპიტალში და, მიუხედავად იმისა, რომ ი. გ.-ი გარიცხულ იქნა შპს „ო.-ას“ (ამჟამად _ შპს „მ.-ის“) პარტნიორობიდან,M „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 3.5 მუხლის შესაბამისად, უფლება ჰქონდა, მოეთხოვა მისი წილის კომპენსაცია.
სააპელაციო პალატამ 2005წ. 3 მაისს შპს „მ.-ის“ წარმომადგენელთა გამოუცხადებლობის გამო გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდა ი. გ.-ის სარჩელი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით, გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებზე მითითებით, მაგრამ სასამართლოში არ შემოსულა რაიმე ცნობა იმის შესახებ, თუ რამ შეუშალა ხელი მის წარმომადგენლებს, გამოცხადებულიყვნენ სასამართლოში. სააპელაციო პალატის აზრით, ამ შემთხვევაში არ არსებობდა სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები. სსკ-ის 230-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 3.5 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, იურიდიულად ამართლებს ი. გ.-ის მოთხოვნას და დააკმაყოფილა მისი სარჩელი. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ უცვლელად დატოვა 2005წ. 14 ივნისის განჩინებით, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს “მ.-ის” საჩივარი. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 14 ივნისის განჩინებაზე და 2005წ. 3 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს „მ.-ის“ დირექტორმა ც. ც.-ემ. კასატორს განჩინება მიაჩნია უკანონოდ. მისი აზრით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. პალატამ არ გამოიყენა საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 ნაწილი, რომლის ძალითაც მას უარი უნდა ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ასევე, კასატორი მიიჩნევს, რომ პალატამ არასწორად განმარტა სსკ-ის 70-78-ე მუხლები, რასაც არასწორი გადაწყვეტილება მოჰყვა.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 24 ივნისის დადგენილებით შპს “მ.-ის” სარეგისტრაციო მონაცემებში შეტანილ იქნა ცვლილებები, მათ შორის ცვლილება, რომლის თანახმად, შპს “მ.-ის” ახალი საფირმო სახელწოდება გახდა შპს “მ-2004-ი”.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. პალატა მიიჩნევს, რომ შპს „მ.-ის“ დირექტორი და მისი წარმომადგენელი სასამართლოს სხდომაზე მოწვეული არ იყვნენ ზემოთ მითითებულ ნორმათა დაცვით. აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა სსკ-ის 70-ე და 73-ე მუხლების შინაარსის ანალიზი. 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო სხდომის თაობაზე უწყებით ეცნობებათ როგორც მხარეებს, ასევე, მათ წარმომადგენლებს. აღნიშნული ნორმა შეიცავს კუმულაციურ პირობას, რომელიც ითვალისწინებს როგორც მხარისათვის, ასევე, მისი წარმომადგენლისათვის უწყების გაგზავნას. შპს „მ.-ის“ დირექტორის წარმომადგენლისთვის უწყების გადაცემა არ ნიშნავს მითითებული იურიდიული პირისათვის უწყების ჩაბარებას, მითუმეტეს, რომ გ. გერაძე ც. ც.-ის წარმომადგენელია და არა შპს „მ.-ის“. სსკ-ის 73-ე მუხლი განსაზღვრავს უწყების გაგზავნის წესს. საქმეზე მტკიცებულებად მიჩნეული, 210-ე და 211-ე საქმის ფურცელზე განთავსებული უწყებები ადასტურებს იმ გარემოებას, რომ უწყებები არ არის გაგზავნილი და ჩაბარებული კანონის მოთხოვნათა დაცვით. გ. გ.-ე საქმეში მონაწილე მხარე არ არის, ამიტომ მას 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით უწყება არ უნდა გადასცემოდა. მითითებული პიროვნება მხარეც ყოფილიყო, მას სასამართლოსათვის უნდა წარედგინა უწყების მეორე ცალი ადრესატის ხელმოწერით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ უწყება ჩაბარდა შპს „მ.-ის“ სათანადო თანამდებობის პირს. აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ შპს „მ.-ს“ კანონმდებლობით დადგენილი წესით უწყება არ ჩაბარებია.
სსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სახეზეა 233-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევა, რის გამოც სასამართლო ვალდებული იყო, გაეუქმებინა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისავთის დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „მ-2004-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 ივნისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.