დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№172აპ-13 18 ნოემბერი, 2013 წელი
მ-ე ხ, 172აპ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ხ. მ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივლისის განაჩენით ხ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ხ. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 17 თებერვლიდან.
2013 წლის 12 სექტემბერს მსჯავრდებულმა ხ. მ-მ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე. თავის განცხადებაში საკასაციო გასაჩივრების ვადის გაშვების მიზეზად მან მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ფინანსურად უჭირს და ვერ შეძლო ადვოკატის აყვანა; არის სოციალურად დაუცველი, ამასთან, აქვს ჯანმრთელობის პრობლემაც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ხ. მ-ს უარი ეთქვა საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე.
მსჯავრდებულმა ხ. მ-მ აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. საჩივრით იგი ითხოვს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები და კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 523-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანა მხარეებს შეუძლიათ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში იმავე სასამართლოში, რის შესახებაც ცნობილი იყო ხ. მ-ს. ამდენად, კასატორის მიერ მითითებული გარემოება, რომ საკასაციო გასაჩივრების ვადა გაუშვა მატერიალური პრობლემების გამო, ვერ იქნება მიჩნეული მის მიერ საკასაციო გასაჩივრების ვადის გაშვების საპატიო მიზეზად.
საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის განმხილველმა სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა, მაგრამ სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი, რასაც ეთანხმება საკასაციო პალატა და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება არის კანონიერი, დასაბუთებული და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის კანონიერი საფუძველი, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 სექტემბრის განჩინება, რომლითაც მსჯავრდებულ ხ. მ-ს უარი ეთქვა მის მიერ არასაპატიო მიზეზით გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე, არის კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ხ. მ-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 სექტემბრის განჩინება, რომლითაც მსჯავრდებულ ხ. მ-ს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივლისის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი