დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 18.11.2013
საქმის ნომერი
875აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
18.11.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№875აგ-13 18 ნოემბერი, 2013 წელი

ს-ი ზ, 875აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ს-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 სექტემბრის განაჩენით:

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის – დ. ც-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დამტკიცდა ზემდგომი პროკურორის – ა. ი-ს თანხმობით 2011 წლის 15 სექტემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროს პროკურორ – დ. ც-ს, ბრალდებულ ზ. ს-ა და მისი ინტერესების დამცველს, ადვოკატ ნ. ნ-ს შორის.

ზ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 220–ე მუხლით და სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე შეეფარდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე 4 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი - 1 წელი და 8 თვე, სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 8 თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ–ის 41–42–ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 10 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 3 ივლისიდან.

მსჯავრდებულმა ზ. ს-ა 2013 წლის 3 ივლისს შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. მოტივად მიუთითებდა იმ გარემოებას, რომ დაზარალებულად ცნობილმა შპს „ს-ს“ დირექტორმა ა. დ-ა დამალა არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტი, რომელიც მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენას აბსოლუტურად გამორიცხავდა. ასეთი დოკუმენტია - ხელშეკრულება შპს „ს-ა“ და შპს „ი–ს“ შორის ბაზის მომსახურებაზე, რომლის მიხედვით, ახლად აღებული ხაზების მომსახურება ამ ორი კომპანიის საერთო ბაზიდან მოხდებოდა და ამაში „ი-ი“ საზღაურს გადაიხდიდა. ზ. ს-ი შუამდგომლობაში მიუთითებდა, რომ აღნიშნული დოკუმენტის შინაარსი ცხადყოფს, რომ შპს „ს-ს“ ტენდერში არმონაწილეობა ფიქტიურ (რ. ზ-ე) და ფაქტიურ (თ. კ-ე) პარტნიორებთან შეთანხმებული იყო. იგი ასევე აღნიშნავდა, რომ უამრავი დარღვევა იყო გამოძიების პროცესში, გამოძიება მიმდინარეობდა ტენდენციურად, ჭეშმარიტების დადგენას არავინ ცდილობდა, თავიდანვე თ. კ-ს სასარგებლოდ სძალავდნენ ფულს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ს-ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებული ზ. ს-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 აგვისტოს განაჩენის გაუქმებასა და ნასამართლობის მოხსნას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ზ. ს-ს მიერ თავის შუამდგომლობაში, საჩივარში მითითებული გარემოება, რომ დაზარალებულად ცნობილმა შპს „ს-ს“ დირექტორმა დამალა არსებითი მნიშვნელობის დოკუმენტი - ხელშეკრულება შპს „ს-ა“ და შპს „ი–ს“ შორის ბაზის მომსახურებაზე და ის, რომ ეს ხელშეკრულება მის უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულებაა, მსჯავრდებულ ზ. ს-ს შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა გამოძიებისათვის ასეთი დოკუმენტის არსებობის შესახებ.

ამასთან, მსჯავრდებულ ზ. ს-ნ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით, ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე. მსჯავრდებულს შესაძლებლობა ჰქონდა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია მისი ინტერესების დამცველი ადვოკატისგან და სასამართლომაც განუმარტა განაჩენის გასაჩივრების წესი, რაც მას არ გამოუყენებია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ზ. ს-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ზ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ ზ. ს-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე