დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 23.07.2024
საქმის ნომერი
ბს-850(კ-23)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.07.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-850(კ-23) 23 ივლისი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე)- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. ე-ი

მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ე-იმა 2021 წლის 12 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 მარტის №003253 დადგენილების, ასევე, ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ განუხილველად დატოვებისა და ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 14 ივნისის №813 ბრძანების ბათილად ცნობა.

მოსარჩელის განმარტებით, 2021 წლის აპრილში მისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოში მისი ანგარიშები დაყადაღებულია და ირიცხება მოვალეთა რეესტრში. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოვალეს აცნობა, რომ მას დაკისრებული აქვს ჯარიმის და/ან საურავის სახით 10 000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ასევე აღსრულების საფასური 700 ლარი. მისთვის ცნობილი გახდა, რომ იგი 2018 წლის 16 მარტის დადგენილებით 10 000 ლარით დაჯარიმდა სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მსუბუქი კონსტრუქციის ღობის განთავსებისათვის. მოსარჩელის მითითებით, მას არანაირი კონსტრუქციის ღობე არ განუთავსებია, რის გამოც მიღებულ სადავო აქტებს მიიჩნევს უკანონოდ და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის გარეშე მიღებულად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით გ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 14 ივნისის №813 ბრძანება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ. ე-ის საჩივართან დაკავშირებით. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, ადმინისტრაციულ საჩივარზე უფლების მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ის სხვა უფლებების და ინტერესების დაცვის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს, რაც განაპირობებს საჩივრის უფლების დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობას. სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითადი მახასიათებელი სწორედ ის არის, რომ დაინტერესებულ მხარეს მიეცეს შესაძლებლობა, ადმინისტრაციულ ორგანოს მოსთხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა. იმ მომენტამდე გასაჩივრების ვადის დინების ათვლის დაწყება, ვიდრე პირს არ მისცემია აქტის შინაარსის ოფიციალური წყაროს მეშვეობით გაცნობის შესაძლებლობა, არღვევს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესს. მართალია, კანონმდებლობა უშვებს გამოქვეყნების გზით ადრესატისთვის აქტის ჩაბარებულად მიჩნევის შესაძლებლობას, თუმცა მხოლოდ სათანადო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, პირველ რიგში, ხდება იმ საკითხის დადგენა, საჩივარი წარდგენილია თუ არა კანონით განსაზღვრულ ვადაში და უფლებამოსილი პირის მიერ, რის შემდეგაც ხდება საქმის გარემოებათა არსებითი გამოკვლევა და მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. მხარისათვის სადავო დადგენილების პირადად ვერჩაბარების გამო, გზავნილის ობიექტის ფასადზე განთავსებით დაცულია მხარისათვის სადავო დადგენილების გაცნობის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესი. შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადის ათვლაც სწორედ დადგენილების ობიექტის ფასადზე განთავსების თარიღიდან - 2018 წლის 12 აპრილიდან უნდა მოხდეს. მოცემულ შემთხვევაში კი, სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით №19/01211183676-01 ადმინისტრაციული საჩივარი წარმოდგენილია 2021 წლის 28 აპრილს, რითაც გაშვებულია სადავო აქტის გასაჩივრებისათვის კანონით გათვალისწინებული 15 დღიანი ვადა. მოსარჩელეს არც რაიმე საპატიო მიზეზზე მიუთითებია, რის გამოც სადავო დადგენილების გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა იქნა გაშვებული. სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისთვის ზედამხედველობის სამსახურის დადგენილება შესული იყო ძალაში და ექვემდებარებოდა აღსრულებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 16 მარტის №003253 დადგენილების და ასევე, ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ განუხილველად დატოვების და ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 14 ივნისის №813 ბრძანების კანონიერება. ხსენებული აქტებით გ. ე-ი დაჯარიმდა 10 000 ლარით სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მსუბუქი კონსტრუქციის ღობის განთავსებისათვის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის 36-ე მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე), ბ) არსებული შენობა - ნაგებობის რეკონსტრუქციაზე, გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე, დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. ამავე კანონქვემდებარე აქტის მე-3 მუხლის 74-ე პუნქტით განმარტებულია „უნებართვო მშენებლობის“ არსი, კერძოდ, მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ წარმოადგენს უნებართვო მშენებლობას.

სამშენებლო საქმიანობის სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განხორციელებას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსიც უზრუნველყოფს. მითითებული კოდექსის მე-4 თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის.

სადავო პერიოდში მოქმედი „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების“ თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - თბილისი) ტერიტორიაზე მშენებლობის ზედამხედველობას და ამ მიზნით სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერებას ან/და დემონტაჟს, საჯარიმო სანქციების გამოყენებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ახორციელებდა. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო დადგენილებას მშენებლობის შეჩერების შესახებ იღებს იმ შემთხვევაში, თუკი მშენებარე ობიექტზე არსებული დარღვევების გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე. დადგენილების მიღების შემდეგ ეს ორგანო უფლებამოსილია გასცეს მითითება დარღვევების გამოსწორების შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2021 წლის 9 იანვარს გ. ე-ის მიმართ შედგა №003253 მითითება, რომლის თანახმად, გ. ე-იმა ქ. თბილისში, ... მე-... მიკრო/რაიონი, კორპუსი ...-ის მიმდებარედ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განათავსა მსუბუქი კონსტრუქციის ღობე. ამავე მითითებით დამრღვევს განესაზღვრა 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადა, განხორციელებული მსუბუქი კონსტრუქციის ღობის მოწყობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარსადგენად ან უსაფრთხოების ნორმების დაცვით, უნებართვოდ განხორციელებული ობიექტის დემონტაჟის განსახორციელებლად. ხსენებული მითითება 2018 წლის 10 იანვარს ჩაიბარა გ. ე-იმა.

ასევე დადგენილია, რომ გ. ე-ის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2018 წლის 18 იანვრის №003253 შემოწმების აქტი, 2018 წლის 23 იანვარს გაეგზავნა მისამართზე - ქ. თბილისი, ...ს დასახლება, მე-... მ/რაიონი, კორპ. ..., ბინა .... კურიერი აღნიშნულ მისამართზე გამოცხადდა 2018 წლის 24 იანვარს და 2018 წლის 9 თებერვალს, რა დროსაც მისამართზე არავინ დახვდა. დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე 2018 წლის 16 მარტს მიიღო №003253 დადგენილება, რომლითაც გ. ე-ი დაჯარიმდა 10 000 ლარით ქ. თბილისში, ... მე-... მიკრო/რაიონი, კორპ. ...-ის მიმდებარედ, ნაკვეთი ..., №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მსუბუქი კონსტრუქციის ღობის განთავსებისათვის. ამავე დადგენილებით გ. ე-ის დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების, კერძოდ, მსუბუქი კონსტრუქციის ღობის დემონტაჟი. გ. ე-ისათვის 2018 წლის 16 მარტის №003253 დადგენილების პირადად ჩაბარება ვერ მოხერხდა, რადგან ადრესატი პირი არ იმყოფებოდა ობიექტზე. დადგენილება ორჯერ გაიგზავნა გ. ე-ითან მისამართზე - ქ. თბილისი, ..., მე-... მ/რაიონი, კორპ. ..., ბინა ..., თუმცა გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა არასწორი მისამართის გამო. გ. ე-ითან ვერც ტელეფონით დაკავშირება ვერ მოხერხდა. ამასთან, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ გ. ე-ის რეგისტრირებულ მისამართს წარმოადგენს ქ. თბილისი, ...ს დასახლება, მე-... მ/რაიონი, კორპუსი ..., ბინა ....

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლში განსაზღვრულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები, კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით. აღნიშნული მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. ამავე მუხლის მე-9 ნაწილი კი ადგენს, რომ თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. კანონით გათვალისწინებულ ვადაში (2 თვის ვადაში, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით) დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ამ კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან (მე-13 და მე-14 ნაწილები).

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 10 000 ლარით.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში 2018 წლის 9 იანვრის №003253 მითითებაში დაფიქსირებულ სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით დაინიშნა საქმის განხილვა, თუმცა არც აღნიშნული სხდომების შესახებ იყო მხარისათვის ცნობილი, ვინაიდან უწყებების განთავსება მოხდა პირდაპირ სადავო ობიექტის ფასადზე. მიუხედავად იმისა, რომ გ. ე-ისათვის ცნობილი არ იყო არც შემოწმების აქტის და არც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამართული სხდომების შესახებ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ იგი დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით. უფრო მეტიც, ამავე დადგენილებით გ. ე-ის დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების - მსუბუქი კონსტრუქციის ღობის დემონტაჟი. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ასევე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

სასამართლო განმარტავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის გაცნობის წესის დაცვა, აქტის გამომცემი ორგანოს მხრიდან, მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს საჯარო ინტერესების გატარების კუთხით, რამდენადაც ადმინისტრაციული აქტი ვერ ამოქმედდება (გარდა საგამონაკლისო წესისა), თუკი მას დაინტერესებული მხარე არ იცნობს. ამასთან, აღნიშნული დანაწესის დაცვა აუცილებელია პირის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის მავალდებულებელი ან შემზღუდავი შინაარსისაა. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას.

საკასაციო პალატა საგულისხმოდ მიიჩნევს, აღნიშნოს, რომ უფლების მზღუდავი დასაბუთებული აქტის არგაცნობისას პირი მოკლებულია შესაძლებლობას, ისარგებლოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებრივი გარანტიებით, მათ შორის უფლებით - სადავო გახადოს აქტის კანონიერება. მოცემულ შემთხვევაში კი, იქმნება იმგვარი მოცემულობა, რომ გ. ე-ის იმ პირობებში დაეკისრა საურავი, როდესაც მისთვის ცნობილი არ იყო ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 16 მარტის №003253 დადგენილების თაობაზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელისთვის აღსრულების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შესახებ მას შემდეგ შეიტყო, როდესაც ყადაღა დაედო მის ანგარიშებს საქართველოში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს, რისი შესაძლებლობაც განსახილველ შემთხვევაში გ. ე-ის არ მიეცა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, გამოეყენებინა კანონით გათვალისწინებული ყველა მის ხელთ არსებული შესაძლებლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის კანონით დადგენილი წესით გასაცნობად, თუმცა ზედამხედველობის სამსახური, შემოიფარგლა გასაცნობი აქტის მხოლოდ სადავო ობიექტზე განთავსებით.

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო, ეცნობებინა და ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაერთო პირი, რომლის ინტერესებსაც შესაძლოა შეხებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამ პირობებში კი, შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის შესრულება.

ამასთანავე, საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შესახებ შესაძლო სამართალდამრღვევის ინფორმირებულობა უპირობოდ არ მოიაზრებს უფლების მზღუდავი აქტის დაინტერესებული პირისათვის ჩაბარებას, ამ აქტის შინაარსის მისთვის გაცნობას და არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს ადრესატისათვის აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის, დადგენილი პროცედურის დაცვით გაცნობის ვალდებულებისგან. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების საბოლოო პროდუქტი დაინტერესებული პირის მიმართ ყოველთვის უარყოფით შედეგს არ მოასწავებს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელემ იცოდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, აღნიშნული უპირობოდ არ ნიშნავს რომ მას წინასწარ უნდა განესაზღვრა მხოლოდ დაჯარიმების შესახებ აქტის მიღების შესაძლებლობა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე