დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-870(კ-23) 23 ივლისი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - გ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)- ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აგვისტოს განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება, დისკრიმინაციის დადგენა, მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 28 თებერვალს და 21 მარტს გ. მ-იმა სარჩელით მიმართა ცაგერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, საკრებულოს აპარატის უფროსის გ. მ-ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 იანვრის №ბ81.81220312 ბრძანებისა და საკრებულოს აპარატის უფროსის გ. მ-ის ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის - აპარატის უფროსის სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 თებერვლის №ბ81.81220521 ბრძანების ბათილად ცნობის, ასევე, ამავე საკრებულოში აპარატის უფროსის ან ტოლფას თანამდებობაზე გ. მ-ის დანიშვნის მოპასუხისათვის დავალების მოთხოვნით.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 მაისის განჩინებით, გ. მ-ის მიერ წარდგენილი სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად და მიენიჭა საქმის №3/36-22წ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის განჩინებით, აღნიშნული საქმე განსახილველად გადაეცა საჩხერის რაიონულ სასამართლოს.
საჩხერის რაიონულ სასამართლოში გ. მ-იმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა: ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხრიდან მოსარჩელე გ. მ-ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა, გ. მ-ისათვის დისციპლინური ღონისძიების სახით საყვედურის გამოცხადების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2022 წლის 26 იანვრის №ბ81.81220312 ბრძანებისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის აპარატის უფროსის სამსახურიდან გ. მ-ის გათავისუფლების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2022 წლის 21 თებერვლის №ბ81.81220521 ბრძანების ბათილად ცნობა, ამავე საკრებულოში აპარატის უფროსის ან ტოლფას თანამდებობაზე გ. მ-ის დანიშვნის, 2022 წლის 21 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გ. მ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და დისკრიმინაციული მოპყრობის გამო გ. მ-ისათვის 3500 (სამი ათასხუთასი) ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების მოპასუხისათვის დავალება.
მოსარჩელის განმარტებით, იგი ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლეს 2022 წლის 21 თებერვლის №ბ81.81220521 ბრძანების საფუძველზე. სამსახურიდან განთავისუფლებას წინ უსწრებდა დისციპლინური საქმის წარმოების მის მიმართ დაწყება (2022 წლის 21 იანვარს). ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის №ბ81.81220211 ბრძანებით შეიქმნა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისია. აღნიშნულ კომისიას დაევალა მისი ე.წ. დისციპლინური გადაცდომის შესწავლა, რომელიც გამოიხატებოდა სპეციალურ ჟურნალში სამუშაო ადგილას გამოცხადებისა და სამუშაო დროის დაფიქსირების წესის დარღვევაში.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის მიერ არ დარღვეულა კანონი, რასაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ედავებოდა. იგი დაისაჯა არარსებული დარღვევისათვის. ამასთან, სხვა თანამშრომლების მიმართ არ გამოყენებულა არანაირი დისციპლინური ღონისძიება. მიუხედავად დისციპლინური კომისიის მიერ დისციპლინური საქმის განხილვისას დაშვებული მთელი რიგი დარღვევებისა და დისციპლინური საქმის წარმოების დროს კანონმდებლობის უგულებელყოფისა, მის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური ღონისძიების სახე - საყვედური, რაც მის მიერ კანონით დადგენილ ვადაში იქნა გასაჩივრებული სასამართლოში. მოცემულ შემთხვევაში კი, მის მიმართ უკვე მეორედ იქნა დაწყებული დისციპლინური წარმოება, რომლის შედეგადაც, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2022 წლის 21 თებერვლის ბ81.81220521 ბრძანებით იგი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელე მიიჩნევს, მისთვის როგორც პირველად შეფარდებული დისციპლინური ღონისძიება, ასევე, მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რადგანაც, მისი ე.წ. „დასჯა“ და საჯარო სამსახურიდან დათხოვნა განხორციელდა იმის გამო, რომ მისი მეუღლე არის ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ცაგერი საქართველოსთვის“ წევრი (ანუ წევრი ოპოზიციური პარტიიდან). მოსარჩელე მიიჩნევს, რომ იგი არის დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი პოლიტიკური ნიშნით.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-იმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აგვისტოს განჩინებით გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით საყვედურის გამოცხადების შესახებ გამოცემულ ბრძანებასთან დაკავშირებით ჩატარებულ ადმინისტრაციული წარმოების დარღვევებზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება წარიმართა არასწორად, არასრულყოფილად, კანონის მოთხოვნათა გვერდის ავლით, რა დროსაც მოსარჩელემ ვერ ისარგებლა სამართლებრივი დაცვის კანონით მინიჭებული საშუალებებით. დისციპლინური კომისიის მიღებულ არც ერთ დასკვნას არ გააჩნია თარიღი. კომისიის მთავარი დოკუმენტი მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპამდე სასამართლოში არ იქნა წარმოდგენილი. აღნიშნული დოკუმენტი ასევე არ არის ატვირთული ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ ელექტრონული წარმოების პროგრამაში, არ არის გატარებული და არ აქვს მინიჭებული კანცელარიაში ან დისციპლინური კომისიისადმი მიმართვის/გატარების დამადასტურებელი ნომერი. ამასთან, საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელე სამუშაოზე გამოცხადებას, სამუშაო ადგილიდან გასვლას და სამუშაოს დამთავრებას აფიქსირებს სპეციალურ ჟურნალში ხელმოწერით. საკრებულოს აღნიშნული მოწესრიგება აღრიცხვის სისტემასთან დაკავშირებით არ შეესაბამება ბრძანებას, კერძოდ, არაა მითითებული თანამდებობა, პირადი ნომერი, ნამუშევარი საათების დასაჯამებელი გრაფა. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა უფლება, მოსარჩელისაგან მოეთხოვა თავად მის მიერვე დარღვეული საკანონმდებლო მოთხოვნის დაცვა. ეს ფაქტი კი ადასტურებს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების უსამართლობასა და უკანონობას.
გ. მ-ი აღნიშნავს, რომ მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე 2022 წლის 13 იანვრის ბრძანება გამოცემულია ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 2 ივლისის ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის მოსარჩელის მხრიდან დარღვევის გამო. კასატორის მითითებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 2 ივლისის ხსენებული ბრძანება კი დამტკიცებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონის“ 58-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც შინაგანაწესის დამტკიცების პერიოდში გაუქმებული იყო. კასატორი მიუთითებს, რომ ძალადაკარგულად გამოცხადებული კანონის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტებიც ძალადაკარგულია. შესაბამისად, საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანების საფუძვლად მითითებულია გაუქმებული ნორმის საფუძველზე დამტკიცებული შინაგანაწესის დარღვევა.
კასატორი დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენის თაობაზე მიუთითებს, რომ შეფასების პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა ევალება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პირს, რაზედაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ უმსჯელიათ. ამასთან, შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომა არ დაუკისრებიათ ამ პოზიციაზე დასაქმებული პირისთვის, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს არათანაბარი მოპყრობის კვალიფიკაციისათვის. ასევე მიუთითებს, რომ მისი სამსახურიდან განთავისუფლება მოხდა პოლიტიკური ნიშნით, კერძოდ, მისი მეუღლის ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ცაგერი საქართველოსთვის“ წევრობის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. მ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, კონსტიტუციით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან განთავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი (ამჟამად მოქმედი რედაქციის 25-ე მუხლი) იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. ამდენად, საჯარო მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ. მ-ის ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2014 წლიდან გათავისუფლებამდე ეკავა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობა. შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
დადგენილია, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 2 ივლისის №1-073 ბრძანებით დამტკიცდა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შინაგანაწესი, რომლის მე-2 მუხლით განსაზღვრულია სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული, კერძოდ: საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურე მუშაობს ხუთ დღიანი კვირით; მუშაობის ხანგრძლივობა განისაზღვრა 8 საათით, ერთ საათიანი შესვენებით; სამუშაო დღე იწყება 9:00 საათზე და მთავრდება 18:00 საათზე. შესვენება იწყება 13:00 საათზე და მთავრდება 14:00 საათზე; საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურე, რომელიც მისი უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სამსახურებრივ საქმეზე თავისი მოვალეობის შესასრულებლად იმყოფება სამუშაო ადგილის გარეთ, ითლება სამსახურში მყოფად; საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელე სამუშაოზე გამოცხადებას, სამუშაო ადგილიდან გასვლას და სამუშაოს დამთავრებას აფიქსირებს სპეციალურ ჟურნალში ხელმოწერით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 12 თებერვლის №01-15/ნ ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და მისი წარმოების წესის პირველი მუხლის შესაბამისად, სამუშაო დროის აღრიცხვის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის (დანართი №2) კომპონენტებს, შევსებისა და წარმოების პროცედურებს; სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა არის დასაქმებულთა სამუშაო დროის (ნამუშევარი საათების) აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი, რომელიც მოიცავს წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით აღრიცხულ მონაცემებს დასაქმებულთა მიერ ნამუშევარი საათების შესახებ; სამუშაო დროის აღრიცხვა, ამ წესის შესაბამისად, სავალდებულოა საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული დამსაქმებლებისთვის (ფიზიკური ან იურიდიული პირი ან/და პირთა გაერთიანება). „წესის“ მე-2 მუხლის შესაბამისად, სამუშაო დროის აღრიცხვის დროის ფორმის წარმოება დასაშვებია როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით. ხსენებული „წესის“ მე-5 მუხლი ითვალისწინებს სამუშაოზე გამოცხადებისა და არგამოცხადების გრაფებს, სადაც მიეთითება საანგარიშო პერიოდში/თვის განმავლობაში აღნიშვნები სამუშაოზე გამოცხადების/არგამოცხადების შესახებ თარიღების მიხედვით შესაბამისად.
დადგენილია, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მატერიალური ფორმით წესრიგდებოდა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვა. საქმის მასალებით, კერძოდ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელთა გამოცხადების ჟურნალში არ ფიქსირდება სამუშაოზე გამოცხადებისას, სამუშაო ადგილიდან გასვლისას და სამუშაოს დამთავრებისას გ. მ-ის ხელმოწერა 2022 წლის 10 იანვრიდან 25 იანვრის ჩათვლით, ხოლო 26 იანვრიდან მისი ხელის მოწერა დაფიქსირებულია ჟურნალში. შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2022 წლის 25 იანვრის №ბ81.81220252 ბრძანებით დაიწყო დისციპლინარული წარმოება საკრებულოს აპარატის უფროსის - გ. მ-ის მიმართ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 2 ივლისის №1-073 ბრძანების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოვალეობის შეუსრულებლობაზე დასაბუთებული ეჭვის არსებობის გამო. აღნიშნული ბრძანება გ. მ-ის გაეგზავნა და ეცნობა, რომ იგი უფლებამოსილი იყო 4 დღის ვადაში წარმოედგინა ახსნა-განმარტება. გ. მ-იმა 2022 წლის 25 იანვრის წერილობით ახსნა-განმარტებაში მითითებულია, რომ მან იცოდა აღრიცხვის ჟურნალის არსებობის თაობაზე, თუმცა იგი მაინც არ აწერდა ხელს. ახსნა-განმარტებაში იგი მიუთითებს, რომ აღრიცხვის ჟურნალი არ შეესაბამებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 12 თებერვლის ბრძანებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გ. მ-ის ევალებოდა სამსახურში გამოცხადების პროცესის უზრუნველყოფა, რადგანაც, იგი დებულების თანახმად, უძღვებოდა აპარატის საქმიანობას და ამასთან, ადგენდა შრომის შინაგანაწესს. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავისი მოსამსახურის - აპარატის უფროსის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის (საყვედური) შეფარდების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართებულობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო გ. მ-ის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2022 წლის 21 თებერვლის №ბ81.81220521 ბრძანების კანონიერებასთან დაკავშირებით მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის დანაწესზე, რომლის შესაბამისად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე შეაფასოს წელიწადში ერთხელ, „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული მოხელის შეფასების წესის შესაბამისად. ამავე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, მოხელის შეფასების პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ, მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ, შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენლის ჩართულობით. მოხელის შეფასებისათვის გამოიყენება ოთხდონიანი შეფასების სისტემა: ა) საუკეთესო შეფასება – მოვალეობა ან/და მოსალოდნელზე მეტი სამუშაო საუკეთესოდ შესრულდა, მოხელე მკვეთრად გამოირჩევა შედეგებით ან/და პროფესიული უნარ-ჩვევებით; ბ) კარგი შეფასება – მოვალეობა კარგად შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ- ჩვევები სტაბილურად შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს; გ) დამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა ნაწილობრივ კარგად შესრულდა და გაუმჯობესებას საჭიროებს, მოხელე არსებითად არ გამოირჩევა პროფესიული უნარ-ჩვევებით; დ) არადამაკმაყოფილებელი შეფასება – მოვალეობა არ შესრულდა, მოხელის შედეგები ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, მოხელის შეფასება ხდება დოკუმენტური მასალების შეფასებით და მოხელესთან გასაუბრებით; საჯარო დაწესებულება მოხელეთა შეფასების შედეგებს ასახავს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესი და პირობები“, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის 2020 წლის 16 დეკემბრის №13-93 ბრძანებით დამტკიცებული „ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების სისტემა“.
დადგენილია, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2022 წლის 26 იანვრის №ბ81.81220261 და 2022 წლის 1 თებერვლის №ბ81.81220321 ბრძანებებით დაიწყო დისციპლინური წარმოება ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის გ. მ-ის მიმართ. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძვლად მითითებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლი, „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 28 აპრილის №220 დადგენილებით დამტკიცებული მოხელის შეფასების წესის განუხორციელებლობა, რის გამოც ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეებს. საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეებისათვის მიყენებული ზიანი კვალიფიცირდება შემდეგი კრიტერიუმებით: ა) შეფასების შედეგად მათ მიმართ არ გამოყენებულა წახალისების ფორმები; ბ) შეფასების შედეგების საფუძველზე საკრებულოს აპარატის მოხელეებს არ მინიჭება მოხელის კლასი; გ) მოხელის კლასის მიუნიჭებლობის გამო მოხელეებისთვის არ დაწესებულა და მათ ვერ მიიღეს საკლასო დანამატი; დ) მოხელეებს კლასის მინიჭების პროცესში ფაქტობრივად დაეკარგათ 4 წელი; ე) შეფასების შედეგების არქონის გამო მოხელეთათვის ვერ განისაზღვრა პროფესიული განვითარების საჭიროებები და მათ მიმართ არ დაგეგმილა გადამზადების პროცესი, შესაბამისად, შეფერხდა კარიერული განვითარების პროცესიც. ამ შემთხვევაში კომისიამ მიიჩნია, რომ გ. მ-ის მიერ ჩადენილ იქნა მძიმე დისციპლინური გადაცდომა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რაც მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი იყო. აღნიშნული რეკომენდაცია გაიზიარა საკრებულოს თავმჯდომარემ და გ. მ-ი დათხოვნილ იქნა სამსახურიდან.
საკასაციო პალატა მიუთითებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №22 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცებულია ცაგერის საკრებულოს აპარატის დებულება. დებულების მე-8 მუხლის თანახმად, განსაზღვრულია აპარატის უფროსის ფუნქციები, კერძოდ: 1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე; 2. აპარატის უფროსი: ა) უძღვება აპარატის საქმიანობას; ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას; გ) საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს აპარატის შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს; დ) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ე) საკრებულოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს დასამტკიცებლად; ვ) ადგენს შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ზ)ახორციელებს ამ დებულებით, საკრებულოს, საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; 3. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე; 4. აპარატის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე; 5. აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობებს ასრულებს აპარატის უფროსის მოადგილე ან აპარატის ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლი ითვალისწინებს მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და სამართლებრივი აქტების მოთხოვნების დაცვის ვალდებულებას, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე ვალდებულია დაიცვას ამ კანონით განსაზღვრული საჯარო სამსახურის პრინციპები და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისაგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საჯარო სამსახურის რეპუტაციას. დასახელებული ნორმების საფუძველზე დადგინდა, რომ მოხელეთა შეფასების განხორციელება ეკისრებოდა პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს აპარატის უფროსს, რაც გ. მ-ის არ განუხორციელებია.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოხელის დისციპლინური გადაცდომებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა; ბ) საჯარო დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა; გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი უნდა იყოს; მოხელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია განზრახ თუ გაუფრთხილებლობით; ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის სიმძიმე; გ) მოქმედებს თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა; დ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის შეფასების შედეგები; ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის მიზეზი; ვ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობა; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მცდელობა, თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგი; თ) სხვა გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრაზე. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 98-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში. ხსენებული კანონის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესით, დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. მ-ის მიერ უგულებელყოფილ იქნა კანონით მისთვის სავალდებულო პროცედურის განხორციელების უზრუნველყოფა, რამაც საბოლოო ჯამში ზიანი მიაყენა საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეებს. შეფასების შედეგების არქონის გამო მოხელეთათვის ვერ განისაზღვრა პროფესიული განვითარების საჭიროებები და მათ მიმართ არ დაგეგმილა გადამზადების პროცესი, შესაბამისად, შეფერხდა კარიერული განვითარების პროცესიც. აღნიშნული გარემოებები კი „საჯარო სამსახურის“ შესახებ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიიჩნევა მძიმე გადაცდომად, რაც, ამავე კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე, გ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2022 წლის 21 თებერვლის №ბ81.81220521 ბრძანების კანონშესაბამისობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მისი გაუქმების საფუძვლები.
დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენის თაობაზე მოთხოვნასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მიხედვით, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. კანონის წინაშე თანასწორობის უფლების არსიდან გამომდინარე, ხსენებული კონსტიტუციური ნორმით დაცულ სფეროში მოიაზრება ნებისმიერი, მათ შორის, ისეთი ნიშანიც, რომელიც პირდაპირ არ არის მითითებული დასახელებულ ნორმაში. ამდენად, კონსტიტუცია კრძალავს თანასწორთა განსხვავებას ნებისმიერი ნიშნის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, მას პირდაპირ ითვალისწინებს თუ არა შესაბამისი მუხლი. დისკრიმინაციის არსი განმარტებულია „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში, რომელიც ითვალისწინებს პირდაპირ და ირიბ დისკრიმინაციას. კანონის მიხედვით, პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას, რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს, ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, ხოლო ირიბი დისკრიმინაცია განიმარტება, როგორც მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს რომელიმე ნიშნის გამო, არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, არ დასტურდება გ. მ-ის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი, ვინაიდან, იგი ვერ ასახელებს კონკრეტულ ფაქტებსა თუ გარემოებებს, რომელიც სასამართლოს მიერ გახდებოდა შესაფასებელი დისკრიმინაციული მოპყრობის კუთხით. მოსარჩელის ზოგადი მითითება, რომ იგი მისი მეუღლის პარტიული კუთვნილების გამო გაათავისუფლეს, კონკრეტული მტკიცებულების სასამართლოში წარმოდგენის გარეშე, არ ქმნის მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენისათვის საკმარის გარემოებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ბრძანებები კანონშესაბამისია. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნები თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლოა და მართებულად არ დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 აგვისტოს განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე