დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 23.07.2024
საქმის ნომერი
ბს-980(კ-23)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.07.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-980(კ-23) 23 ივლისი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ტ.ც-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ტ.ც-ამ 2019 წლის 16 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ტ.ც-ასათვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2019 წლის 23 ივლისის №SSVA 00015868 წერილობითი უარის ბათილად ცნობა და ამავე სამსახურისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელე ტ.ც-ასათვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭების შესახებ.

მოსარჩელის მოსაზრებით, მას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებაზე უარი უკანონოდ ეთქვა, ვინაიდან მოსარჩელის დედა - თ.კ-ა დაიღუპა 1993 წლის 3 მაისს, რა დროსაც ის გადაადგილდებოდა თავის მეუღლესთან და ძმასთან ერთად სამხედრო/სამსახურებრივი ავტომანქანით კონკრეტული სამსახურებრივი მოვალეობის სამხედრო დავალების შესრულებისას. მის თანმხლებ პირებს - მეუღლეს და ძმას მინიჭებული აქვთ აფხაზეთის ომში დაღუპულის სტატუსი. აღნიშნული კი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სწორედ საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა მოსარჩელის ოჯახის წევრი - დედა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით ტ.ც-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ.ც-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის განჩინებით ტ.ც-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ტ.ც-ას განცხადებაზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებით არ დადასტურდა თ.კ-ას (მოსარჩელის დედა) კანონით გათვალისწინებულ შეიარაღებულ ფორმირებაში ჩარიცხვისა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი. შესაბამისად, არ დადასტურდა, რომ მოსარჩელის დედა დაიღუპა საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ან/და საბრძოლო მოქმედებების პერიოდში ასრულებდა მისთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო შემთხვევაში არ დასტურდება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის ისეთი არსებითი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე, მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ.ც-ამ.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მტკიცებულებები და შესაბამისად, ვერ დადგინდა ვერცერთი ფაქტობრივი გარემოება. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებზე მიუთითებს, კერძოდ, თ.კ-ა დახვრეტილია აფხაზეთში სეპარატისტებისა და მათ მიერ დაქირავებული „ბოევიკების“ მიერ, გენოციდის საფუძველზე, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს და წინააღმდეგობაში მოდის რეალურად არსებულ ფაქტებთან და საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან. სააპელაციო პალატამ მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი მოსაზრებები გაითვალისწინა, შეფასების გარეშე დატოვა მოსარჩელის ყველა არგუმენტი და მოსაზრება, რითაც დაირღვა კანონმდებლობის მოთხოვნები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ტ.ც-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ტ.ც-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების მიხედვით, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ტ.ც-ასთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერება.

საქართველოს მოქალაქეების ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად განსაზღვრავს „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი. ხსენებული კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო პოლიტიკა ვეტერანების მიმართ ითვალისწინებს სახელმწიფო და ადგილობრივი მიზნობრივი პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ამ კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური შეღავათების გარანტიების, მათი პრაქტიკული შესრულებისთვის ღონისძიებათა სისტემას. კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, რომელიც 31 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არის ამ კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.

„ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით, ვეტერანების სოციალური დაცვა ითვალისწინებს: ა) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებები ვრცელდება დაღუპული /გარდაცვლილი/ ვეტერანების ოჯახის შემდეგ წევრებზე: ა) შრომისუუნარო მშობლებზე მიუხედავად მათი ასაკისა; ბ) მეუღლეზე, რომელიც მეორედ არ დაქორწინებულა; გ) არასრულწლოვან/18 წლის ასაკამდე/შვილებზე და ოჯახის სხვა შრომისუუნარო წევრებზე, რომლებიც იმყოფებოდნენ დაღუპული/გარდაცვლილი/ პირის კმაყოფაზე და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებდნენ მარჩენალის პენსიას. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, დაღუპულთა (გარდაცვლილთა) ოჯახის წევრების სოციალური დაცვა ითვალისწინებს: ა) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) საყოფაცხოვრებო–კომუნალური მომსახურების – წყლის, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანის, გაზის, ელექტროენერგიის, ტელეფონის სააბონენტო გადასახადებისაგან გათავისუფლებას, აგრეთვე ქალაქში საქალაქო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) სარგებლობას, სოფლად – საგარეუბნო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით სარგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღნიშნული კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების (შემდგომში ოჯახის) სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათთვის კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად. ამავე კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება იმ პირთა ოჯახებზე, რომლებიც იყვნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (მათ შორის, ყოფილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს), საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (მათ შორის, ყოფილი სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, საგარეო დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, ფინანსური პოლიციის) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი სამხედრო ან გასამხედროებული ორგანიზაციების მოსამსახურეები და მუშაკები (მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებებში ჩარიცხული სამოქალაქო პირები – მოხალისეები, რომლებიც: ა) დაიღუპნენ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის; ბ) საბრძოლო მოქმედებების პერიოდში ასრულებდნენ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ტ.ც-ამ 2019 წლის 21 მაისს და 2019 წლის 22 ივლისს მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მისთვის, ომში დაღუპულის (მისი დედის - თ.კ-ას) ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2019 წლის 23 ივლისის №SSVA 00015868 წერილით მოსარჩელე ტ.ც-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა. სადავო აქტით ტ.ც-ას განემარტა, რომ პირის ომში დაღუპულად მიჩნევისათვის აუცილებელია ორი ძირითადი პირობის არსებობა: პირი (მათ შორის, მოხალისე) ჩარიცხული უნდა ყოფილიყო სახელისუფლებო შეიარაღებულ ფორმირებაში პასუხისმგებელი მეთაურობის განკარგულებაში და მისი დაღუპვის მიზეზი უნდა იყოს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. აღნიშნული უნდა დადასტურდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაციით; ხოლო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ვერ დადგინდა თ.კ-ას საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და დაღუპვის ფაქტი.

საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის №871 ბრძანებით დამტკიცებულ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქციას, რომლის მე-6 მუხლით განისაზღვრა იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომლებიც ომში დაღუპულის ოჯახის წევრის კატეგორიის მოწმობის მაძიებლის მიერ უნდა იქნეს წარდგენილი შესაბამის სამსახურში, კერძოდ, მითითებული მუხლის „თ.ვ.“ ქვეპუნქტის თანახმად, სხვა დოკუმენტების გარდა, ომში დაღუპულის ოჯახის წევრის მოწმობის მაძიებელმა უნდა წარადგინოს გარდაცვლილის ომში მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთი (დედანი და ასლი).

საქმეში წარმოდგენილი მასალებით, კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის 2019 წლის 30 ივლისის ცნობის თანახმად, აფხაზეთში სეპარატისტებისა და მათ მიერ დაქირავებული „ბოევიკების“ მიერ დახვრეტილი მოსახლეობის სიაში მოქალაქე ც-ა ხ., მცხოვრები №..., №..., 1993 წლის 3 მაისს დაიღუპა ქალაქის დაბომბვის დროს მეუღლე კ-ა თ...სთან და ცოლის ძმა თ.კ-სთან ერთად, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს 2020 წლის 12 ოქტომბრის ცნობის მიხედვით, აფხაზეთში სეპარატისტებისა და მათ მიერ დაქირავებული „ბოევიკების“ მიერ დახვრეტილ მოსახლეობის სიაში მოქალაქე კ-ა ც-ა თ. , 50 წლის, მოკლეს 1993 წლის 3 მაისს მეუღლესთან და ძმასთან ერთად და იგი ირიცხება დახვრეტილთა სიაში 389-ე ნომრად. საქმეში წარმოდგენილ საბრძოლო მოკვლევებში ასევე მითითებულია, რომ ხელმძღვანელის დავალებით მანქანით გადაადგილდებოდნენ ე.წ. „...ის“ მიმართულებით, სადაც იყო კომენდატურის გარაჟი, გზად მოჰყვნენ საარტილერიო-სანაღმტყორცნო ცეცხლდაშენის არეალში, ერთ-ერთი ჭურვი მოხვდა მანქანას, სადაც იმყოფებოდა თ.კ-ა, რის შედეგადაც ის ადგილზევე გარდაიცვალა. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ ქ. სოხუმის სამხედრო კომენდატურის სიაში თ.კ-ა აღნიშნული არ არის. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 4 აპრილის ცნობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის საარქივო მასალებში ინფორმაცია თ.კ-ას 1992-1993 წლებში სამხედრო სამსახურის გავლის ან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ არ იძებნება, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2021 წლის 29 აპრილის წერილის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში თ.კ-ას შესახებ ინფორმაცია ვერ იქნა მოძიებული. საქმის სასამართლოში განხილვისას, მოწმის სახით გამოძახებულმა გ.მ-მა, რომელიც ქ. სოხუმის ...ის სამხედრო კომენდატურის მეთაური იყო, განმარტა, რომ მისთვის თ.კ-ას და მისი მეუღლის ქ. სოხუმში გადაადგილების დროს მათი დაბომბვის შედეგად გარდაცვალების ფაქტი ცნობილია, თუმცა მოწმემ ასევე განმარტა, რომ თ.კ-ას ქ. სოხუმის ...ის სამხედრო კომენდატურის ...ად მუშაობის, ასევე, მის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტს იგი ვერ დაადასტურებდა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მართალია, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა მხოლოდ უშუალოდ საცეცხლე შეტაკებებში პირის ჩართულობას არ გულისხმობს მოწინააღმდეგეთა განადგურების მიზნით, თუმცა პირის კონკრეტული მოქმედება, ასევე გარემოება, რომლის შედეგადაც იგი გარდაიცვალა, განპირობებული უნდა იყოს მისი სამხედრო სამსახურით და მისი კონკრეტული როლით ამა თუ იმ საბრძოლო მოქმედებაში. ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში, საბრძოლო მოკვლევებში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს მოსარჩელის დედის - თ.კ-ას საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობით განპირობებული გარდაცვალების დამადასტურებელ მტკიცებულებას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საბრძოლო დანაყოფში ჩარიცხვის ფაქტი უნდა დადასტურდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების მართვაზე კანონით უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული სათანადო დოკუმენტით, თუმცა თავდაცვის სამინისტროს მიერ ასეთი ფაქტი, მოცემულ შემთხვევაში, არ დადასტურდა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა მოსარჩელის ოჯახის წევრის (დედის) საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ან/და საბრძოლო მოქმედებების პერიოდში მისთვის დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის დროს გარდაცვალება.

ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის და შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ტ.ც-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. მაკარიძე