დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-530(კ-24) 23 ივლისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორები - მ.შ-ი, მო.შ-ი, ი.შ-ი, ა.შ-ი, არ.შ-ი, ა.ს-ი, ნ.რ-ი, ს.დ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 13 მარტს მ.შ-მა, მო.შ-მა, ი.შ-მა, ა.შ-მა, არ.შ-მა, ა.ს-მა, ნ.რ-მა და ს.დ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეების განმარტებით, 2022 წლის 8 სექტემბერს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ძალადაკარგულად გამოაცხადა მისივე გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მოსარჩელეებისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. მოსარჩელეების განმარტებით, ისინი 12 წელზე მეტია ცხოვრობენ საქართველოში და არ ჩაუდენიათ არავითარი სამართალდარღვევა თუ დანაშაული, არ ყოფილან შემჩნეული აკრძალულ საქმიანობაში, ამდენად, მათთვის გაუგებარია თუ რა გახდა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების მიღების საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 8 სექტემბრის №1000552361/5 გადაწყვეტილების, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 24 მაისის №1000552361 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - მ.შ-ისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 8 სექტემბრის №1000677343/5 გადაწყვეტილების, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 15 აგვისტოს №1000677343 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - მო.შ-ისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 8 სექტემბრის №1000598655/5 გადაწყვეტილების, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 22 მარტის №1000598655 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ი.შ-ისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 8 სექტემბრის №1000776214/5 გადაწყვეტილების, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 10 იანვრის №1000776214 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ა.შ-ისათვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 8 სექტემბრის №1000557515/5 გადაწყვეტილების, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 14 ივლისის №1000557515 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - არ.შ-ისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 8 სექტემბრის №1000665352/5 გადაწყვეტილების, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 5 ივნისის №1000665352 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ა.ს-ისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 8 სექტემბრის №1000712828/5 გადაწყვეტილების, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 27 ივლისის №1000712828 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ნ.რ-ისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 8 სექტემბრის №1000608498/5 გადაწყვეტილების, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 1 ივნისის №1000608498 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ს.დ-ისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ, ბათილად ცნობა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით მ.შ-ის, მო.შ-ის, ი.შ-ის, ა.შ-ის, არ.შ-ის, ა.ს-ის, ნ.რ-ის, ს.დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ.შ-მა, მო.შ-მა, ი.შ-მა, ა.შ-მა, არ.შ-მა, ა.ს-მა, ნ.რ-მა და ს.დ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით მ.შ-ის, მო.შ-ის, ი.შ-ის, ა.შ-ის, არ.შ-ის, ა.ს-ის, ნ.რ-ისა და ს.დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის საფუძველი, რისი მიღების შემდეგაც, ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გაიცემა შესაბამისი ბინადრობის მოწმობა. აღნიშნული იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საშუალებას აძლევს ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში, ისარგებლოს სამედიცინო, სადაზღვევო თუ საბანკო და სხვა მსგავსი ტიპის მომსახურებით. შესაბამისად, სახელმწიფო მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში წყვეტს იკისროს თუ არა ვალდებულებები კონკრეტული უცხოელის მიმართ. ბინადრობის მოწმობის გაცემით სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მისი საქართველოში კანონიერად ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. ამავე კანონის მე-15 მუხლის თანახმად, ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებისა და მიზნების გათვალისწინებით, საქართველოში გაიცემა რამდენიმე სახის ბინადრობის ნებართვა, მათ შორის, ამავე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მუდმივი ცხოვრების ნებართვა და „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შრომითი ბინადრობის ნებართვა.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას. ამავე კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 აგვისტოს №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა შეუწყვიტოს, თუ მისთვის ცნობილი გახდება კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის შესახებ. ამდენად, მოქმედი კანონმდებლობა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში ანიჭებს უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის უფლებამოსილებას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ასევე ,,საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი მე-12 მუხლის „გ“ და „კ“ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, სამსახური პრევენციული ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია გააფრთხილოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები იმ შესაძლო ქმედებათა შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას და ღია და ფარული წყაროებიდან მოიპოვოს ინფორმაცია, განახორციელოს მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება. „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიტიკური დამუშავება და გამოყენება და კონკრეტული სადაზვერვო ან/და ტერორისტული ქმედებების და მათ განხორციელებასთან დაკავშირებული გარემოებების გამოვლენა და თავიდან აცილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია მოსარჩელეების თაობაზე. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ მითითებული გარემოებები ვერ აბათილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ.შ-მა, მო.შ-მა, ი.შ-მა, ა.შ-მა, არ.შ-მა, ა.ს-მა, ნ.რ-მა და ს.დ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორების განმარტებით, 2022 წლის 8 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტომ ყოველგვარი მიზეზის გარეშე ძალადაკარგულად გამოაცხადა მისივე გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები, რის შედეგადაც საქართველოში ბინადრობის უფლება გაუუქმდათ ირანის რვა მოქალაქეს, რომლებიც საქართველოში 12 წელზე მეტია ცხოვრობენ. სერვისების განვითარების სააგენტომ აღნიშნული აქტების ძალადაკარგულობის გამოცხადების შემდეგ ერთი და იმავე მიზეზით დაასაბუთა თავისი გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეებმა უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი დაარღვიეს. ადმინისტრაციული ორგანო კონკრეტულად ვერ უთითებს რა საფუძვლით და რომელი ფაქტობრივი გარემოებების დარღვევით შეუწყდა მოსარჩელეებს მუდმივი ცხოვრების უფლება, შრომითი ბინადრობა თუ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვები. მოსარჩელეების ოჯახი მრავალი წელია ცხოვრობს საქართველოში, არ ჩაუდენიათ არავითარი სამართალდარღვევა თუ დანაშაული, არ ყოფილან შემჩნეული აკრძალული საქმიანობაში. საქართველოში ცხოვრების ნებართვა მიღებული აქვთ კანონიერად. მოსარჩელეები ერთი ოჯახის წევრები არიან, რომლებიც საქართველოში ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან, კერძოდ, ისინი არიან შპს „გ...ას“ დამფუძნებლები და პარტნიორები, დირექტორია მ.შ-ი, ხოლო პარტნიორები - მისი ოჯახის წევრები. აღნიშნული კომპანია ახორციელებს ირანის რესპუბლიკაში რეგისტრირებული ...ის წარმომადგენლობას და უზრუნველყოფს ადგილობრივ კომპანიებთან თანამშრომლობის ხელშეწყობას. საქმეში წარმოდგენილია შპს „ტ...ს“ გენერალური მენეჯერის მიერ გაცემული დახასიათება, სადაც შპს „გ...“ დახასიათებულია დადებითად. ასევე საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ შპს „გ...ს“ საშუალებით და ხელშეწყობით სხვა ირანულმა ...მა დაიწყეს ... საქართველოში.
კასატორების განმარტებით, მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არც ერთი გარემოების დარღვევას, ადმინისტრაციული ორგანო კი, თავის მხრივ, ვერ უთითებს, თუ კონკრეტულად რა საფუძვლით შეუწყდათ მოსარჩელეებს ბინადრობის უფლებები. მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოს ბინადრობის საკითხის გადაწყვეტისას მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსს მე-6-მე-7 მუხლების მიხედვით, აღნიშნული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღწევადაც იგი გამოიცა, ვინაიდან, გასაჩივრებული გადაწყვეტილებებით ადგილი აქვს მოსარჩელეების უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელ შეზღუდვას. მოსარჩელეებს ერთმევათ საქართველოში ლეგალურად ყოფნისა და ერთად ცხოვრების უფლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ.შ-ის, მო.შ-ის, ი.შ-ის, ა.შ-ის, არ.შ-ის, ა.ს-ის, ნ.რ-ისა და ს.დ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.შ-ის, მო.შ-ის, ი.შ-ის, ა.შ-ის, არ.შ-ის, ა.ს-ის, ნ.რ-ისა და ს.დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში სადავოა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელეებისათვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის, მუდმივი ცხოვრების ნებართვების და შრომითი ბინადრობის ნებართვების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება კანონმდებლობა ადამიანის უფლებების, საქართველოს მოქალაქეობის, მიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და ქვეყნიდან გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო უფლებამოსილია, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების შესაბამისად შეიმუშაოს სათანადო საიმიგრაციო პოლიტიკა და განსაზღვროს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოში შესვლის, დროებით ან მუდმივად ყოფნის პირობები და წესი. საიმიგრაციო საკითხების რეგულირებისას, მათი პოლიტიკური ხასიათიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ხელისუფლება ფართო მიხედულების ზღვრით სარგებლობს..“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/9/810,927 გადაწყვეტილება საქმეზე სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - გარნიკ ვარდერესიანი, არტავაზდ ხაჩატრიანი და ანი მინასიანი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, II-13).
საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში უცხოელის შემოსვლა თუ გარკვეული დროით ყოფნა, არ არის აბსოლუტური უფლება, სათანადო საფუძვლების არსებობისას აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს, მით უფრო მაშინ, როდესაც დღის წესრიგში სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის საკითხი დგას. ის, რომ სახელმწიფოს, მასზე დაკისრებული საჯარო წესრიგის უზრუნველყოფის ვალდებულებიდან გამომდინარე, აქვს თავის ტერიტორიაზე უცხოელთა შესვლის, დარჩენის და ყოფნის ხანგრძლივობის კონტროლის უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განიმარტა: კონვენცია არ ახდენს კონკრეტულ ქვეყანაში უცხოელის შესვლისა და ყოფნის უფლების უზრუნველყოფას (Lupsa v. Romania, 20.06.2002წ.; Nunez v. Norway, 21.06.1988წ.; Jeunesse v. The Netherlands, 13.12.2012წ.), თუმცა სახელმწიფოს მიერ უცხოელთა მიმართ განხორციელებული ქმედებები სათანადო ნორმატიულ საფუძველს უნდა ეფუძნებოდეს.
უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, რომლის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის საფუძველი, რისი მიღების შემდეგაც, ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გაიცემა შესაბამისი ბინადრობის მოწმობა. აღნიშნული იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საშუალებას აძლევს ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში, ისარგებლოს სამედიცინო, სადაზღვევო თუ საბანკო და სხვა მსგავსი ტიპის მომსახურებით. შესაბამისად, სახელმწიფო მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში წყვეტს იკისროს თუ არა ვალდებულებები კონკრეტული უცხოელის მიმართ. ბინადრობის მოწმობის გაცემით სახელმწიფო იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მისი საქართველოში კანონიერად ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. ამასთან, ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებისა და მიზნების გათვალისწინებით, საქართველოში გაიცემა რამდენიმე სახის ბინადრობის ნებართვა, მათ შორის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შრომითი ბინადრობის ნებართვა, „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მუდმივი ცხოვრების ნებართვა და „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა. ბინადრობის ნებართვის გაცემით უცხოელი მოიპოვებს საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობაში ჩაბმის შესაძლებლობას, კერძოდ, ისარგებლოს სამედიცინო, სადაზღვევო თუ საბანკო და სხვა მსგავსი ტიპის მომსახურებით. შესაბამისად, სახელმწიფო მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში წყვეტს იკისროს თუ არა ვალდებულებები კონკრეტული უცხოელის მიმართ. ბინადრობის მოწმობის გაცემით სახელმწიფო იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მისი საქართველოში კანონიერად ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.
საკასაციო სასამართლოს მითითებით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დეტალურად და ამომწურავად არის გაწერილი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. მათ შორის, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ („ა“ ქვეპუნქტი) და თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს („გ“ ქვეპუნქტი). ამავე კანონის 21-ე მუხლი განსაზღვრავს საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს, თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, შეუწყვიტოს უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა, საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ.შ-ი (დაბ: ...წ. პასპორტის N...) არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე. 2017 წლის 04 მაისს მ.შ-მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ მოთხოვნით.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 24 მაისის N1000552361 გადაწყვეტილებით მ.შ-ის მიეცა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 8 სექტემბრის №1000552361/5 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 24 მაისის N1000552361 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ.შ-ისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ. მ.შ-ის მიმართ გაცემული საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა ძალადაკარგულად გამოცხადდა 2022 წლის 08 სექტემბრიდან.
მო.შ-ი (დაბ: ...წ.) არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე. 2019 წლის 26 ივლისს მო.შ-მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ მოთხოვნით.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 15 აგვისტოს 1000677343 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მო.შ-ის 2019 წლის 26 ივლისის N1000677343 განცხადება და მო.შ-ის მიეცა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 08 სექტემბრის №1000677343/5 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 15 აგვისტოს 1000677343 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მო.შ-ისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ. მო.შ-ის მიმართ გაცემული საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა ძალადაკარგულად გამოცხადდა 2022 წლის 08 სექტემბრიდან.
ი.შ-ი (დაბ: ...წ.) არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 21 ივნისის N1000554530 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი.შ-ის 2017 წლის 23 მაისის N1000554530 განცხადება და ი.შ-ის მიეცა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა 2017 წლის 22 ივნისიდან 2018 წლის 16 მაისამდე.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 22 მარტის N1000598655 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი.შ-ის 2018 წლის 13 მარტის N1000598655 განცხადება და ი.შ-ის გაუგრძელდა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა 2022 წლის 01 დეკემბრამდე.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 08 სექტემბრის №1000598655/5 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 22 მარტის N1000598655 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი.შ-ისთვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ. ი.შ-ის მიმართ გაცემული საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა ძალადაკარგულად გამოცხადდა 2022 წლის 08 სექტემბრიდან.
ა.შ-ი (დაბ: ...წ.) არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე.
2021 წლის 31 დეკემბერს ა.შ-მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ მოთხოვნით.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 10 იანვრის N1000776214 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა.შ-ის 2021 წლის 30 დეკემბრის N1000776214 განცხადება და ა.შ-ის მიეცა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 2022 წლის 10 იანვრიდან 2023 წლის 10 იანვრამდე.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 8 სექტემბრის №1000776214/5 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 10 იანვრის N1000776214 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა.შ-ისთვის საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ. ა.შ-ის მიმართ გაცემული საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა ძალადაკარგულად გამოცხადდა 2022 წლის 08 სექტემბრიდან.
არ.შ-ი (დაბ: ...წ.) არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე. 2017 წლის 15 ივნისს არ.შ-მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ მოთხოვნით.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 14 ივლისის N1000557515 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა არ.შ-ის 2017 წლის 15 ივნისის N1000557515 განცხადება და არ.შ-ის მიეცა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა. გადაწყვეტილება ამოქმედდა 2017 წლის 29 ივლისიდან.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 8 სექტემბრის №1000557515/5 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 14 ივლისის N1000557515 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ.შ-ის მიმართ საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ. არ.შ-ის მიმართ გაცემული საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა ძალადაკარგულად გამოცხადდა 2022 წლის 08 სექტემბრიდან.
ა.ს-ი (დაბ: ...წ.) არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე. 2019 წლის 6 მაისს ა.ს-მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ მოთხოვნით.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 5 ივნისის N1000665352 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა.ს-ის 2019 წლის 06 მაისის N1000665352 განცხადება და ა.ს-ის მიეცა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 8 სექტემბრის №1000665352/5 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 05 ივნისის N1000665352 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა.ს-ის მიმართ საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ. ა.ს-ის მიმართ გაცემული საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა ძალადაკარგულად გამოცხადდა 2022 წლის 08 სექტემბრიდან.
ნ.რ-ი (დაბ: ...წ.) არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე. 2020 წლის 26 ივნისს, ნ.რ-მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ მოთხოვნით.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 27 ივლისის N1000712828 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ.რ-ის 2020 წლის 26 ივნისის N1000712828 განცხადება და ნ.რ-ის მიეცა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 08 სექტემბრის N1000712828/5 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 27 ივლისის N1000712828 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ.რ-ისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ. ნ.რ-ის მიმართ გაცემული საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა ძალადაკარგულად გამოცხადდა 2022 წლის 08 სექტემბრიდან.
ს.დ-ი (დაბ: ...წ.) არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე.
2018 წლის 14 მაისს, ს.დ-მა განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ მოთხოვნით.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 01 ივნისის N1000608498 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ს.დ-ის 2018 წლის 14 მაისის N1000608498 განცხადება და ს.დ-ის მიეცა საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 8 სექტემბრის N1000608498/5 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 01 ივნისის N1000608498 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს.დ-ისთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ. ს.დ-ის მიმართ გაცემული საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა ძალადაკარგულად გამოცხადდა 2022 წლის 08 სექტემბრიდან.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, როგორსაც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლიდან გამომდინარე, ეწევა ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციასა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას. ამავე კანონის პირველი მუხლის თანახმად კი, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის შეწყვეტის თაობაზე. ამგვარად, მოქმედი კანონმდებლობა უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის არა მხოლოდ მინიჭების, არამედ გაცემული ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტის პროცესში ავალდებულებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მიმართოს და გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მასზე დაყრდნობით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოება.
საკასაციო სასამართლომ სწორედ გასაჩივრებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 8 სექტემბრის №1000552361/5, №1000677343/5, №1000598655/5, №1000776214/5, №1000557515/5, №1000665352/5, №1000712828/5 და №1000608498/5 გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმების მიზნით კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელეებისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის, მოკლევადიანი ბინადრობისა და შრომითი ბინადრობის ნებართვების შესახებ გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადებას.
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური ინტერესია უზრუნველყოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის სათანადოდ დაცვა. ამგვარად, სწორედ სახელმწიფოა უფლებამოსილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, განსაზღვროს, თუ რა ფორმით დაარეგულიროს უცხოელთა სამართლებრივი სტატუსი სახელმწიფოში. აღნიშნული ინტერესების დაცვის მნიშვნელობასა და სახელმწიფოს ფართო მიხედულების ზღვარზე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტიც, რომელიც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, რომ ინფორმაცია გამოითხოვოს შესაბამისი ორგანოებიდან.
ამასთან, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების (წესრიგის) დაცვის ინტერესები მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც: ა) პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს უქმნის საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; ბ) არსებობს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე: ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან; ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან; ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან; ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან). ამავე მუხლის მე-3 პუნქტით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ ინფორმაცია საქმის განმხილველ ორგანოს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ინტერესებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საიდუმლო ინფორმაციაში ასახული მონაცემების ერთობლიობა უნდა ქმნიდეს სავარაუდოების გარკვეულ ხარისხს (ალბათობის მაღალ ხარისხს), რაც შექმნის დასაბუთებულ მოლოდინს უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის დამაბრკოლებელი რომელიმე გარემოების არსებობის, ბინადრობის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობაზე, რომ „კონსტიტუციური უფლებების... შეზღუდვის შეფასების საზომი, თანაზომიერების პრინციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კრძალავს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ: ა) ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში; ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში; გ) დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი; დ) გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს; ე) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.
ამდენად, კანონმდებლობა ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია, თავისივე ინიციატივით გადაამოწმოს მის მიერ მიღებული აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხი, მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოში უცხოელის უფლებების განხორციელება და მოვალეობების შესრულება არ უნდა ლახავდეს საქართველოს ინტერესებს, არ უნდა ზღუდავდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ სხვა პირთა უფლებებს და არ უნდა უგულებელყოფდეს მათ კანონიერ ინტერესებს. ხოლო ასეთი გარემოების გამოვლენა, მათ შორის, უცხოელის მიერ იმგვარი საქმიანობა, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე იწვევს საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტას.
განსახილველ შემთხვევაში, სამართალწარმოება ემსახურება იმის გამორკვევას, საქართველოში მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვების, მოკლევადიანი და შრომითი ბინადრობის ნებართვების გაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადება წარმოადგენდა თუ არა თანაზომიერ ჩარევას მათ უფლებებში და იყო თუ არა აღნიშნული სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის აუცილებელი ღონისძიება.
სასამართლო მხედველობაში იღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეს ლუპსა რუმინეთის წინააღმდეგ (Lupsa v. Romania, №10337/04). აღნიშნულ საქმეზე, რუმინეთის პროკურატურის ბრძანებით, მომჩივნის რუმინეთის ტერიტორიაზე ყოფნა გამოცხადდა არასასურველად და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი რუმინეთიდან 10 წლით გაძევებისა და დეპორტირების შესახებ იმ საფუძვლით, რომ რუმინეთის დაზვერვის სამსახურს მიღებული ჰქონდა „საკმარისი და სერიოზული სადაზვერვო ინფორმაცია, რომ მისი საქმიანობა საფრთხეს უქმნიდა ეროვნულ უშიშროებას“ (Lupsa v. Romania, №10337/04, §39, 08.06.2006წ.). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სიცხადის ხარისხი, რაც შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას მოეთხოვება, მეტწილად რეგულირების კონკრეტულ სფეროზეა დამოკიდებული. საფრთხეები, რომლებიც ეროვნულ უშიშროებას ემუქრება განსხვავდება ხასიათისა და დროის მიხედვით და ამიტომ წინასწარ მათი განსაზღვრა რთულია. თუმცა პირს, რომლის მიმართაც ხორციელდება ეროვნული უშიშროების ინტერესებზე დამყარებული ღონისძიება, არ უნდა წაერთვას თვითნებობის გამომრიცხავი ყველა გარანტია, რაც ნიშნავს იმას, რომ სადავო ღონისძიება ზედმიწევნით უნდა გამოიკვლიოს დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა ორგანომ, რომელიც უფლებამოსილია შეამოწმოს ყველა შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება, რათა შეაფასოს ღონისძიების კანონიერება და უზრუნველყოს ხელისუფლების მიერ შესაძლო თვითნებობის პრევენცია (იქვე, §37-38).
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა და გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია, პრიორიტეტულია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხები, თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს საჯარო და კერძო ინტერესთა შეპირისპირებისა და მათ შორის გონივრული ბალანსის უზრუნველყოფის ხარჯზე, რაც გამორიცხავს რომელიმე მხარის ინტერესების მომეტებული მოცულობით შეზღუდვას. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 30 სექტემბრის განჩინებაში მოყვანილ სამართლებრივ მსჯელობაზე: „ზოგადად ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული, დაეყრდნოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციას და მხოლოდ მის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, მასში მითითებული ცნობები გარკვეულ შემთხვევებში არის კონკრეტული და პირდაპირ მიუთითებს ისეთი გარემოებების არსებობაზე, რომელიც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების მაღალი რისკის არსებობაზე დასაბუთებულ ეჭვს იწვევს და აბსოლუტურად საკმარისი არის პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა საიდუმლო მასალებში მითითებული ინფორმაცია იყოს ზოგადი, შეიცავდეს საფრთხის მხოლოდ აბსტრაქტულ ფორმულირებას, არ ქმნიდეს ზემოხსენებული ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების საფუძვლიან ეჭვს და მოითხოვდეს დამატებით სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებასა და ერთობლივ გამოკვლევას“ (სუსგ №ბს-1248(კ-20), 30.09.2021წ.).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი. საკასაციო პალატა გაეცნო რა კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსს, საქმეში დაცულ მასალებს, მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებისათვის ბინადრობის ნებართვების გაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადება მართებულია. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საიდუმლო ინფორმაციაში ასახული მონაცემების გათვალისწინებით სააგენტო უფლებამოსილი იყო, მიეღო გასაჩივრებული გადაწყვეტილებები. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი არ ჰქონია შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა იმ მიზნის შესაბამისად, რასაც განსაზღვრავს კანონი და განცხადების განხილვის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დაცვით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ეროვნული უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის არსებობის შემთხვევაშიც კი, გადაწყვეტილებები, რომლებმაც პირის უფლებებში ჩარევა გამოიწვია, უნდა დაექვემდებაროს სათანადო კონტროლს, რომელიც უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი, კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში საიდუმლო ინფორმაციის გამოყენება შეეძლება (Al-Nashif v. Bulgaria, 20.06.2002წ.; Chahal v. The United Kingdom, 15.11.1996წ.). ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ უარყოფს სახელმწიფოს მიერ უცხოელის თავის ტერიტორიაზე შესვლის ან ყოფნის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა იმ პირობით, რომ სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებას ექნება შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი და რომ მასზე ქმედითი კონტროლი განხორციელდება. განსახილველ შემთხვევაში, დგინდება, რომ სადავო აქტის მიმართ სასამართლო კონტროლის აღნიშნული წინაპირობები სახეზეა. როგორც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა, აგრეთვე საკასაციო პალატამ გამოითხოვა სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად არსებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაცული ინფორმაცია და შეაფასა საქმეში დაცულ მტკიცებულებებთან, მხარეთა ზეპირ და წერილობით ახსნა-განმარტებებთან ერთობლიობაში. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესთან მიმართებით ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი სრულად დაცულია, ადმინისტრაციული ორგანოსადმი მინიჭებული დისკრეციის ბოროტად გამოყენებისგან დასაცავად სასამართლოს მხრიდან განხორციელდა „ადეკვატური და ქმედითი“ პროცედურები საქმის „ეფექტიანი განხილვის“ მიზნით (Lupsa v. Romania (§34), 08.06.2006წ.). მართალია, უშუალოდ მხარე ვერ გაეცნო სადავო აქტის საფუძვლად არსებულ მონაცემებს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია შესწავლილ და შეფასებულ იქნა სასამართლოს მიერ. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თუ სასამართლო, მათ შორის საკასაციო პალატა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებულ მონაცემებს არასარწმუნოდ და შესაბამისად, საქართველოში მუდმივი ცხოვრების ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას დაუსაბუთებლად მიიჩნევდა, იგი მიიღებდა მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილებას, თუმცა როგორც ზემოთ აღინიშნა კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მოწოდებული საიდუმლო ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით სადავო აქტით დამდგარი სამართლებრივი შედეგი მართებულია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ.შ-ის, მო.შ-ის, ი.შ-ის, ა.შ-ის, არ.შ-ის, ა.ს-ის, ნ.რ-ისა და ს.დ-ის საკასაციო საჩივარზე გ.გ-ის მიერ 16.04.2024წ. №8350, №9119, №4186, №9709, №4494, №5020, №9306, №2957 საგადასახადო დავალებებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟები - 300-300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ.გ-ეს (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თითოეული 16.04.2024წ. №8350, №9119, №4186, №9709, №4494, №5020, №9306, №2957 საგადასახადო დავალებიდან გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.შ-ის, მო.შ-ის, ი.შ-ის, ა.შ-ის, არ.შ-ის, ა.ს-ის, ნ.რ-ისა და ს.დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინება;
3. გ.გ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს მ.შ-ის საკასაციო საჩივარზე 16.04.2024წ. №8350 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. გ.გ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს მო.შ-ის საკასაციო საჩივარზე 16.04.2024წ. №9119 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. გ.გ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს ი.შ-ის საკასაციო საჩივარზე 16.04.2024წ. №4186 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
6. გ.გ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს ა.შ-ის საკასაციო საჩივარზე 16.04.2024წ. №9709 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
7. გ.გ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს არ.შ-ის საკასაციო საჩივარზე 16.04.2024წ. №4494 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
8. გ.გ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს ა.ს-ის საკასაციო საჩივარზე 16.04.2024წ. №5020 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
9. გ.გ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს ნ.რ-ის საკასაციო საჩივარზე 16.04.2024წ. №9306 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
10. გ.გ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს ს.დ-ის საკასაციო საჩივარზე 16.04.2024წ. №2957 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
11. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე