დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 25.09.2024
საქმის ნომერი
ბს-561(კ-24)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.09.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ბს-561(კ-24) 25 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. ბ-ე, მესამე პირები - გ. ც-ი, დ. ც-ი, ნ. ც-ი, მ. ც-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. ბ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 29 აპრილის №03-2224/ო ბრძანება, მ. ბ-ეის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე; ბ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მ. ბ-ეის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაბმულ იქნენ გ. ც-ი, დ. ც-ი, ნ. ც-ი, მ. ც-ი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ბ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 29 აპრილის №03-2224/ო ბრძანება, მ. ბ-ეის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. ბ-ეის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ მხედველობაში მიიღო და გაითვალისწინა მხოლოდ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტება, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი განმარტება და მტკიცებულებები ფორმალურადაა ნახსენები გადაწყვეტილებაში. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ შეისწავლა და გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემობები, თუმცა დამატებით რა უნდა გამოეკვლია ადმინისტრაციულ ორგანოს სასამართლო ვერ მიუთითებს.

კასატორის მითითებით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში რამდენჯერმე გახორციელდა მონიტორინგი მხარის მიერ განაცხადში მითითებულ მისამართზე. 2020 წლის 3 ნოემბერს მისამართზე იმყოფებოდა მოსარჩელის დედა - ნ. მ-ი, რომელმაც ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლებს განუმარტა, რომ მოსარჩელე ოჯახთან ერთად ცხოვრობს საჩხერის რაიონში, სოფ. ...ში. მითითებულ მისამართზე 2020 წლის 10 ნოემბერს განხორციელდა მონიტორინგი. მხარემ განმარტა, რომ სახლი მამამთილის საკუთრებაა. მამა და ძმა სახელმწიფოს მხრიდან არიან დაკმაყოფილებულები. მეუღლე არის დედისერთა, მონიტორინგის განხორციელებისას იმყოფებოდა სამსახურში. 2022 წლის 21 მარტს მისამართის დაზუსტების მიზნით მხარესთან განხორციელდა სატელეფონო კონტაქტი. მხარემ განმარტა, რომ ცხოვრობს საჩხერის რაიონ, სოფ. ...ში და ითხოვა მონიტორინგის ჩატარება მითითებულ მისამართზე. 2022 წლის 5 აპრილს მონიტორინგი განხორციელდა მითითებულ მისამართზე. მხარემ განმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 2021 წლიდან, მანამდე ცხოვრობდა მარნეულში. განმარტა, რომ სახლი არის მამამთილის და დედამთილის საკუთრება და ისინი მის მეუღლეს მათ მემკვიდრედ არ აღიარებენ, თუმცა აღნიშნული არ დასტურდება, მითუმეტეს, როდესაც მეუღლე დედისერთაა. მოსარჩელის განაცხადი არ დაკმაყოფილდა ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის საფუძვლით, მეუღლის მშობლების საკუთრების გამო.

კასატორის განმარტებით, უპირატესობა ისეთ ოჯახებს მიენიჭათ, ვისაც არსად გააჩნია წასასვლელი და არ აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს თუნდაც ნათესავის/ახლობლის ბინით. ოჯახი, იმთავითვე ერთ-ერთი წევრის საკუთრებაში ცხოვრობს დღემდე, რაც საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებაა. მოქმედი კანონმდებლობა გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის აწესებს გარკვეულ რიგითობას, პრიორიტეტულობას, რაც დადგენილია იმპერატიულად, კერძოდ, პირველ რიგში და საკითხის განხილვის ეტაპზე ხდება იმ დევნილი ოჯახების დაკმაყოფილება, რომლებიც უპირატესად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას. ცხადია, ნორმა არ უარყოფს და ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებას - საცხოვრებლით უზრუნველყოს ყველა დევნილი ოჯახი, მათ შორის, ის ოჯახები, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ალტერნატიულ საცხოვრებელზე ან გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი, თუმცა, შესაბამისი რიგითობის დაცვით. ამდენად, სასამართლო თუ ამგვარად მიუდგება საკითხს და მიმდინარე ეტაპზე იმ პირების მოთხოვნას დააკმაყოფილებს, რომელთა მოთხოვნის დაკმაყოფილების ჯერიც იმპერატიული დანაწესის გათვალისწინებით შემდეგი ეტაპია, სასამართლო არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს დევნილ ოჯახებს და ხელოვნურად გამოიწვევს მათთვის მინიჭებული უფლებების უხეშ დარღვევას.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მ. ბ-ეის სახელზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები ასევე გაცემულია მ. ბ-ეის შვილების - ნ. ც-ის, დ. ც-ის და მ. ც-ის სახელზე (ს.ფ 15, 17-19); ბ) საქმეში წარმოდგენილი ქორწინების №37151002034 მოწმობის თანახმად, მ. ბ-ე და გ. ც-ი არიან მეუღლეები. საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობების თანახმად, ნ. ც-ი, დ. ც-ი და მ. ც-ი არიან მათი შვილები (ს.ფ 16-19); გ) 2018 წლის 28 სექტემბერს, მ. ბ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. ამასთან, შეავსო შესაბამისი კითხვარი (ს.ფ 55-61); დ) საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 2019 წლის მდგომარეობით, მ. ბ-ეის ოჯახი შეფასდა 2.50 ქულით: საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.5 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები - 2 არასრულწლოვანი - 1.00 ქულა. აქვე აღინიშნა, რომ სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ორი შვილი, მშობლები და ძმა. განაცხადს აკეთებს ორ შვილთან ერთად. განმცხადებლის ძმას, გ. ბ-ეს საკუთრებაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი 6459.00 კვ.მ.) მიწის ნაკვეთი მის: ქ. მარნეული. განმცხადებლის მამას, ე. ბ-ეს საკუთრებაში გააჩნია ორი სახნავი და ერთი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი მის: ქ. მარნეული (3217.00 კვ.მ., 2344.00 კვ.მ., 2500.00 კვ.მ.) განმცხადებლის დედას, ნ. მ-ის საკუთრებაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთი, მის: ქ. მარნეული (12500.00 კვ.მ.) (ს.ფ. 54). საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 2020 წლის მდგომარეობით, მ. ბ-ეის ოჯახი შეფასდა 6.00 ქულით: საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.5 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები - 3 არასრულწლოვანი - 2.00 ქულა, სოციალური კრიტერიუმი - 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით - 2.50 ქულა. აქვე აღინიშნა, რომ სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს სამი შვილი, მშობლები და ძმა. განაცხადს აკეთებს სამ შვილთან ერთად. განმცხადებლის ძმას, გ. ბ-ეს საკუთრებაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი 6459.00 კვ.მ.) მიწის ნაკვეთი მის: ქ. მარნეული. განმცხადებლის მამას, ე. ბ-ეს საკუთრებაში გააჩნია ორი სახნავი და ერთი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი მის: ქ. მარნეული (3217.00 კვ.მ, 2344.00 კვ.მ, 2500.00 კვ.მ) განმცხადებლის დედას, ნ. მ-ის საკუთრებაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთი, მის: ქ. მარნეული (12500.00 კვ.მ). მესამე შვილი მ. ც-ი განაცხადში დაემატა დევნილთა ბაზის საფუძველზე (ს,ფ, 53). საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 2022 წლის მდგომარეობით, მ. ბ-ეის ოჯახი შეფასდა 7.50 ქულით: 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 1 წევრი - 1.50 ქულა, საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1.5 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები - 3 არასრულწლოვანი - 2.00 ქულა, სოციალური კრიტერიუმი - 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით - 2.50 ქულა. აქვე აღინიშნა, რომ სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს სამი შვილი. განაცხადს აკეთებს მათთან და არადევნილ მეუღლესთან გ. ც-ითან ერთად. არადევნილ მეუღლეს მშობლებთან ერთად გააჩნდა საკუთრება, 25.02.2022 წელს საჯარო რეესტრის ამონაწერში თანამესაკუთრედ აღარ ფიქსირდება, საჩხერე, ს. .... განმცხადებლის მამას, ე. ბ-ეს დაკანონებული აქვს საცხოვრებელი ფართი, მარნეული ...ის დასახლება „... (...), ასევე საკუთრებაში გააჩნია ორი სახნავი და ერთი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი მის: ქ. მარნეული (3217.00 კვ.მ., 2344.00 კვ.მ., 2500.00 კვ.მ.) (ს.ფ 51); ე) 2020 წლის 3 ნოემბერს უფლებამოსილი პირების მიერ მონიტორინგი განხორციელდა განმცხადებლის მიერ განცხადებაში მითითებულ მისამართზე (ქ. მარნეული, ...ის დასახლება №70), სადაც იმყოფებოდა განმცხადებლის - მ. ბ-ეის დედა - ნ. მ-ი, რომელმაც განმარტა, რომ მ. ბ-ე მის მეუღლეთან - გ. ც-ითან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს საჩხერის რაიონში, სოფ. ...ში (ს.ფ. 73). 2020 წლის 10 ნოემბერს განმცხადებლის დედის მიერ მითითებულ მისამართზე (საჩხერის რაიონი, სოფ. ...) განხორციელდა მონიტორინგი. ,,გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმაში’’ მიეთითა, რომ აღნიშნულ მისამართზე ოჯახი ცხოვრობს 1 თვეა. მანამდე ცხოვრობდნენ მარნეულში ...ას №70-ში, ქირის გარეშე. ამავე მონიტორინგის ფორმაში აღინიშნა, რომ მონიტორინგის დროს საჩხერის რაიონის სოფ. ...ში დახვდათ განმცხადებელი 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად. ისინი არიან სოციალურად დაუცველები. განმცხადებლის მშობლები და ძმა - გ. ბ-ე დაკმაყოფილებულები არიან DRCI პროგრამის ფარგლებში, მათ აუშენეს საცხოვრებელი სახლი. საჩხერის რაიონში, სოფელ ...ში სახლი არის მამამთილის საკუთრება. მათი განმარტებით სახლი მიწისძვრის გამო დაზიანებულია წლებია. განმცხადებლის მეუღლე - გ. ც-ი არის დედისერთა. მონიტორინგის დროს იმყოფებოდა მარნეულში სამუშაოდ. ოჯახი უფრო ხშირად იმყოფება და ცხოვრობს მარნეულში (ს.ფ. 74-77). 2022 წლის 21 მარტს, მისამართის დაზუსტების მიზნით, მხარესთან განხორციელდა სატელეფონო კონტაქტი. მ. ბ-ემ განმარტა, რომ ცხოვრობს საჩხერის რაიონის, სოფელ ...ში და ითხოვა მონიტორინგის ჩატარება მითითებულ მისამართზე (ს.ფ. 78). 2022 წლის 5 აპრილს მონიტორინგი განხორციელდა განმცხადებლის მიერ მითითებულ მისამართზე საჩხერის რაიონის, სოფელ ...ში. მხარენ განმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 2021 წლიდან, მანამდე ცხოვრობდა მარნეულში. განმარტა, რომ სახლი არის მამამთილის და დედამთილის საკუთრება და ისინი მის მეუღლეს მათ მემკვიდრედ არ აღიარებენ ბანკთან დაკავშირებული ვალების და პრობლემების გამო (ს.ფ 79-82); ვ) დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 15 აპრილის №39 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად, განიხილა, ქ. მარნეულში ახალაშენებულ კორპუსებში, დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხი. კომისიის გადაწყვეტილებით, მ. ბ-ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან, ამ ეტაპზე, მისი განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, მეუღლის მშობლების საკუთრებაში ცხოვრების გამო (ს.ფ 95-100); ზ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 29 აპრილის №03-2224/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე, მ. ბ-ეის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), ამ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა მარნეულის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე (ს.ფ 101); თ) საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი: 25/02/2022) თანახმად, უძრავი ქონება მდებარე: რაიონი საჩხერე, სოფელი ... (ს/კ ...) წარმოადგენს დ. ც-ის და ფ. ბ-ის თანასაკუთრებას (ს.ფ. 67). საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი: 06/08/2012) თანახმად, უძრავი ქონება (სასოფლო-სამეურნეო (სახნავი)) მდებარე: ქალაქი მარნეული (ს/კ ...) წარმოადგენს ნ. მ-ის საკუთრებას (ს.ფ. 68). საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი: 26/01/2018) თანახმად, უძრავი ქონება (სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი)) მდებარე: ქალაქი მარნეული (ს/კ ...) წარმოადგენს გ. ბ-ეის საკუთრებას (ს.ფ. 69). საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი: 05/03/2014) თანახმად, უძრავი ქონება (სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო)) მდებარე: ქალაქი მარნეული, ქუჩა ...ა (ს/კ ...) წარმოადგენს ე. ბ-ეის საკუთრებას (ს.ფ. 301). საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი: 25/07/2012) თანახმად, უძრავი ქონება (სასოფლო-სამეურნეო (სახნავი)) მდებარე: ქალაქი მარნეული (ს/კ ...) წარმოადგენს ე. ბ-ეის საკუთრებას (ს.ფ. 71). საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი: 25/07/2012) თანახმად, უძრავი ქონება (სასოფლო-სამეურნეო (სახნავი)) მდებარე: ქალაქი მარნეული (ს/კ ...) წარმოადგენს ე. ბ-ეის საკუთრებას (ს.ფ. 74). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 28 თებერვლის №35148 წერილის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით გ. ც-ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის (ს.ფ 23); ი) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 2022 წლის 13 მაისის ამონაწერის თანახმად, მ. ბ-ეის ოჯახი ფიქსირდება სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, მინიჭებული აქვს 44460 ქულა (ს.ფ 24).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1), რომლის მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.

აღნიშნული წესის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოითხოვა მისი ოჯახის, როგორც დევნილი ოჯახის, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. კომისიამ იმსჯელა მ. ბ-ეის განცხადებაზე და მიუხედავად ქულათა საკმარისი რაოდენობისა (7.50 ქულა), წარდგენილი განაცხადი არ დააკმაყოფილა განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის მოტივით - მეუღლის მშობლების საკუთრებაში ცხოვრების გამო.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველზე და აღნიშნავს, რომ ის გარემოება, რომ უძრავი ქონება, რომელშიც ამჟამად მოსარჩელე ოჯახთან ერთად ცხოვრობს რეგისტრირებულია მეუღლის მშობლების საკუთრებაში, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ბინაში, ქირით ან ქირის გარეშე და ამ გარემოებიდან გამომდინარე, შეფასების საერთო სისტემაში დაინტერესებულ პირს ენიჭება კონკრეტული ქულა. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ დღეის მდგომარეობით მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით არ ირიცხება რაიმე უძრავი ქონება. ასეთ პირობებში აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი, განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით. შესაბამისად, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის უფლებას, განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე.

შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე