დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-604-02 12 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი, თ. კობახიძე
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 15 იანვრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2000წ. 18 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ბ-ეს რ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1257 აშშ დოლარის გადახდა.
2001წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი და იგი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის და ისანი-სამგორის სააღსრულებო ბიუროს მიერ მიღებულ იქნა წარმოებაში.
რ. ნ-მა 15.06.01წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ... მდებარე ბინაზე ვ. ბ-ის წილის განსაზღვრა და ამ წილზე გადახდევინების მიქცევა.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 ივლისის გადაწყვეტილებით რ. ნ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, აღნიშნულ მისამართზე მდებარე ოთხოთახიანი იზოლირებული ბინა ცნობილ იქნა ნ. ბ-ის და ვ. ბ-ის თანასაკუთრების ბინად თანაბარ წილში და გადახდევინება მიექცა ბინის ნახევარზე, რომელიც ეკუთვნის ბარბაქაძეს.
რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ბ-ემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 5 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში. ამასთან შეჩერდა გადაწყვეტილების აღსრულება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002წ. 12 თებერვლის განჩინებით ვ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რაიონული სასამრათლოს 2001წ. 11 ივლისის გადაწყვეტილება.
რ. ნ-ის განცხადების საფუძველზე სააპელაციო პალატამ 2002წ. 14 მარტის განჩინებით გააუქმა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.
ვ. ბ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 მარტის განჩინება. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სასამართლოს არ ჰქონდა გადაწყვეტილების შეჩერების გაუქმების უფლება, რადგანაც საქმე საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. ვ. ბ-ეს შეტანილი აქვს საკასაციო საჩივარი საქარვთელოს უზენაეს სასამართლოში და საკასაციო საჩივარი ჯერ არ განხილულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. ბ-ემ მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 14 მარტის განჩინების გაუქმება და საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე აღსრულების შეჩერება. თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 8 აპრილის განჩინებით ვ. ბ-ის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ ვ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 375-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. სასამრათლოს შეუძლია აღსრულების შეჩერება, აღსრულების ღონისძიებებისის გაუქმება, აგრეთვე აღსრულების გაგრძელება უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიების გამოყენებით.Aაღნიშნული ნორმა ითვალისწინებს დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას.
მოცემულ საქმეზე არ ასებობს დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილება, საქმეში არ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ. Aაღნიშნულის გამო დაუსაბუთებელია სააპელაციო პლატის მიერ გადაწყვეტიელბის აღსრულების შეჩერება და სწორია პალტის განჩინება, რომლითაც გაუქმდა თბილისი ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 ივლისის გადაწყვეტილების შეჩერება.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს ვ. ბ-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამრათლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 14 მარტის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.