გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-611-01 10 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი
სარჩელის საგანი: პატივისა და ღირსების შელახვა და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ნ-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს ჩ. ე-შვილის მიმართ პატივისა და ღირსების შელახვისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ იმ მოტივით, რომ მოპასუხის ოჯახთან წარმოშობილი მიწის ნაკვეთის შესახებ დავის გამო ჩ. ე-შვილი მას და მისი ოჯახის წევრებს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, სწამებდა ცილს. მოსარჩელემ მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მოითხოვა მოპასუხისთვის 3000 ლარის დაკისრება.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2000წ. 29 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ. ნ-შვს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელეს სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის საკომპენსაციოდ 3000 ლარის გადახდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებანი იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. სასამართლომ მიუთითა სკ-ს მე-18 და 413-ე მუხლებზე. 2001წ. 23 აგვისტოს განჩინებაზე, რომლითაც ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მოპასუხემ 2001წ. 9 ოქტომბერს შეიტანა სააპელაციო საჩივარი. თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 25 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული გასაჩივრების საპროცესო ერთთვიანი ვადის დარღვევის გამო. სასამართლომ მიუთითა, რომ 2001წ. 23 აგვისტოს აპელანტი ესწრებოდა სასამართლო სხდომას, სადაც გამოცხადდა დასაბუთებული განჩინება და მხარეებს განემარტათ, რომ მისი გასაჩივრება შეიძლებოდა გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში.
აღნიშნული განჩინება ჩ. ე-შვილმა გაასაჩივრა კერძო საჩივრით და განმარტა, რომ, მართალია, იგი 2001წ. 23 აგვისტოს ესწრებოდა სასამართლო სხდომას, მაგრამ მოსამართლეს დასაბუთებული განჩინება არ გამოუცხადებია, არამედ განუმარტა მხარეებს, რომ დასაბუთებული განჩინება ჩაბარდებოდათ გარკვეულ ვადაში. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ დასაბუთებული განჩინების ასლი მას უშუალოდ სასამართლოში ჩაბარდა 2001წ. 11 სექტემბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩ. ე-შვილს მიაჩნია, რომ მას სააპელაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა არ დაურღვევია.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 01 აპრილის განჩინებით ჩ. ე-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს კერძო საჩივრის ფარგლებში მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით არის დადასტურებული, ჩ. ე-შვილს რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 აგვისტოს განჩინება ჩაბარდა უშუალოდ სასამართლოში 2001წ. 11 სექტემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეიტანა 2001წ. 9 ოქტომბერს, კანონით დადგენილი ერთთვიანი საპროცესო ვადის დაცვით.
სსკ-ს 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების (განჩინების) გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სსკ-ს 369-ე მუხლის II ნაწილის თანახმად ჩ. ე-შვილს გაშვებული ჰქონდა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა, რადგან ამავე კოდექსის 288-ე მუხლის “ლ” ქვეპუნქტის შესაბამისად სასამართლომ სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს ცნობები გადაწყვეტილებისა და განჩინების გამოცხადების შესახებ, ხოლო “მ” ქვეპუნქტის თანახმად, ცნობები გადაწყვეტილების (განჩინების) შინაარსის, მისი გასაჩივრების წესისა და ვადის განმარტების შესახებ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2001წ. 23 აგვისტოს სხდომის ოქმში დაფიქსირებულია, რომ გამოცხადდა განჩინება, მაგრამ მასში დასაბუთებული განჩინების გამოცხადების შესახებ აღნიშნული არ არის.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ კერძო საჩივრის ავტორი ესწრებოდა სასამართლოს სხდომას და დასაბუთებული განჩინების გამოცხადებას, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან საქმის მასალებითა და სხდომის ოქმით არ დასტურდება, რომ 2001წ. 23 აგვისტოს სასამართლომ გამოაცხადა დასაბუთებული განჩინება.
აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, ხოლო სააპელაციო საჩივარი საოლქო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს მიჩნეული და მიღებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჩ. ე-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 25 ოქტომბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.