გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.09.2002
საქმის ნომერი
3კ/660-02
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
20.09.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

3კ-660-02 20 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),ლ. გოჩელაშვილი,მ. წიქვაძე

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 13 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს ...შემოქმედებითი კავშირის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგიის 2001წ. 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება ... კავშირისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში უცვლელად დარჩა.

2001წ. 16 ნოემბერს საოლქო სასამართლოს 2001წ. 13 მარტის გადაწყვეტილების აღსასრულებლად სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი.

2002წ. 1 მარტს საქართველოს ... კავშირის თავმჯდომარე თ. წ.-მ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და ითხოვა სსკ-ს 48-ე და 263-ე მუხლების თანახმად კავშირის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდის გარკვეული დროით გადავადება ან განაწილვადება, ან მისი აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 4 აპრილის საოქმო განჩინებით თ. წ.-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სსკ 48-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდის გადადება ან განაწილვადება ხდება სარჩელის აღძვრისას, რაც გამოყენებულ იქნა განმცხადებლის მიერ და მას გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. რაც შეეხება გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებელმა შეგნებულად ჩაიყენა თავი ისეთ მდგომარეობაში, რომ არ გადაეხადა სახელმწიფოს სასარგებლოდ დაკისრებული თანხა. კერძოდ, სამაუწყებლო კომპანია “...-ს" მიერ მისთვის გადახდილი 5000 ლარი მიღებული და გახარჯულია. ამასთან, კოლეგიის აზრით, სსკ-ს 263-ე მუხლის პირველი ნაწილი ეხება მხარის სასარგებლოდ მეორე მხარისთვის დაკისრებული თანხის გადახდის გადავადებას და განაწილვადებას, რასაც ადასტურებს აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის შინაარსი, რომლის მიხედვით განცხადება განიხილება სასამართლოს სხდომაზე, სხდომის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობებათ მხარეებს. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო მხარეს არ წარმოადგენს.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. წ.-ის წარმომადგენელმა ო. ბ.-მ. კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა კოლეგიის 2002წ. 22 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა საქმის მასალები კერძო საჩივრის ფარგლებში და თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 263-ე მუხლის თანხმად სასამართლოს, რომელმაც საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაუდოს ან გაუნაწილვადოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საოლქო სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სსკ-ს 263-ე მუხლი ითვალისწინებს მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებით მხარის სასარგებლოდ მეორე მხარისათვის დაკისრებული თანხის და არა სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადებას და განაწილვადებას. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული თანხის გადახდა (სასამართლო ხარჯები) სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს საქმის განხილვაში მონაწილე მხარეს და მის მიმართ გამოიყენება იგივე წესი, რაც დადგენილია მითითებული საპროცესო ნორმით, რადგან სასამართლო ხარჯები სსკ-ს 53-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა განაწილდეს მხარეთა შორის, ე.ი. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში უნდა აღინიშნოს რომელ მხარეს რა ოდენობით დაეკისრა სასამარათლოს ხარჯი.

პალატა თვლის, რომ საქართველოს საერთო ეროვნული შემოქმედებით კავშირს უნდა გაუნაწილვადდეს სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გადახდა მისი ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე. მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ საქმის მასალებში წარმოდგენილია შესაბამისი დოკუმენტი.

პალატას მიიჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორს სახელმწიფიო ბაჟის 5000 ლარის გადახდა უნდა გაუნაწილვადდეს ყოველთვიურად 100 ლარის გადახდით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს ... კავშირის თავმჯდომარის წარმომადგენლის _ ო. ბ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 13 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს ... შემოქმედებით კავშირზე გადასახდელად დაკისრებული თანხა 5000 ლარი (სასამართლო ხარჯები), განაწილვადდეს და ყოველთვიურად გადახდილ იქნეს 100 ლარის ოდენობით. აქედან 30% უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 70% საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის საქართველოს ეროვნული ბანკის ¹000141107 ანგარიშზე.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.