დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-700-02 30 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),ქ. გაბელაია,თ. კობახიძე
დავის საგანი: ანდერძის ბათილად ცნობა, სახლის მესაკუთრედ და მემკივდრედ ცნობა (ძირითადი სარჩელი), ბინიდან გამოსახლება (შეგებებული სარჩელი).
აღწერილობითი ნაწილი:
შ. და კ. ს-ეებმა სარჩელი შეიტანეს სასამართლოში და მოითხოვეს აწ გარდაცვლილი ე. ი-ის მიერ 1991წ. 21 მარტს დ. და ჯ. ი-ების სახელზე გაცემული ანდერძის გაუქმება შემდეგი საფუძვლით: თბილისში, ... მდებარე სახლი საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ე. ი-ის სახელზე. სახლის ერთ ოთახში სარგებლობის უფლებით ცხოვრობდა დ. ვ-ი. 1980 წელს დ. ვ-მა შ. ს-ეს შინარული ხელშეკრულებით მუდმივად დაუთმო მის მიერ დაკავებული ბინა, რაშიც შ. ს-ემ გადაიხადა 12.800 მანეთი. ხელშეკრულება სამკუთხა ბეჭდითა და ხელმოწერით დაადასტურა სახლის მესაკუთრემ ე.ი-მა იმის გამო, რომ შ. ს-ე არ იყო ჩაწერილი თბილისში ვერ მოახერხა ბინის მის სახელზე გადაფორმება, რის გამოც 1980წ. 28 დეკემბერს ე.ი-მა სადავო ოთახი უანდერძა შ. ს-ის შვილს – კ. ს-ეს. 1991წ. 24 მარტს გარდაიცვალა ე. ი-ი და ამის შემდეგ გაირკვა, რომ გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე, 1991წ. 21 მარტს, ე. ი-ს მთელი თავისი ქონება, მათ შორის სადავო სახლიც, უანდერძებია ძმისშვილების დ. და ჯ. ი-ებისათვის. მოსარჩელეთა აზრით, აღნიშნული ანდერძი არ გამოხატავს ე. ი-ის ნებას. იგი არის კანონის დარღვევით მიღებული და ამიტომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და შეგებებული სარჩელით მოითხოვეს მოპასუხეთა გამოსახლება სადავო ბინიდან. შ. ს-ემ დამატებით სასარჩელო განცხადებით მოითხოვა სადავო ბინის წინ მდებარე მიწის ნაკვეთის (ფართით 48 კვ.მ) მესაკუთრედ ცნობა.
საქმე არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ. ბოლოს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999წ. 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით შ. და კ. ს-ეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შოთა ს-ე ცნობილი იქნა სადავო ბინის მესაკუთრედ, ხოლო ანდერძის გაუქმებისა და მიწის მესაკუთრედ ცნობაზე ეთქვა უარი. ასევე უარი ეთქვათ დ. და ჯ. ი-ებს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ი-მა მოპასუხეების მესაკუთრედ ცნობის ნაწილში. ასევე შეგებებული სარჩელი შეიტანეს შ. და კ. ს-ეებმა და მოითხოვეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მისთვის მიწის ფართის მესაკუთრედ ცნობაზე უარის თქმის ნაწილში.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 13 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კ. ს-ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის ¹1 სახელმწიფო სანოტარო კანტორის ნოტარიუსის ქ-ის მიერ 1991წ. 23 მარტს დადასტურებული ე.ი-ის მიერ გაცემული ანდერძი. კ. ს-ე ცნობილ იქნა სადავო ბინის მემკვიდრედ და მესაკუთრედ, შ. და კ. ს-ეების სარჩელს მიწის ფართის მესაკუთრედ ცნობაზე ეთქვა უარი, ასევე არ დაკმაყოფილდა დ.ი-ის შეგებებული სარჩელი. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით. დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ ე. ი-მა იცოდა ს-ესა და ვ-ს შორის დადებული ხელშეკრულების შესახებ. ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 1990წ. 28 დეკემბერს ე. ი-მა კ. ს-ის სასარგებლოდ გასცა ანდერძი სადავო სახლზე. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ 1991წ. 21 მარტს ე. ი-ის მიერ თავის ძმის შვილებზე გაცემული ანდერძის დადასტურებისას დაირღვა კანონის მოთხოვნები, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის (1964წ.) 551-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, რომ ფიზიკური ნაკლის, ავადმყოფობის ან სხვა მიზეზის გამო მოანდერძის მაგივრად ხელი უნდა მოაწეროს სხვა პირმა მხოლოდ მოანდერძის და არა ნოტარიუსის თხოვნით. ასევე ანდერძის დადასტურებისას დარღვეულია იმ დროს მოქმედი “სახელმწიფო სანოტარო კანტორების მიერ სანოტარო მოქმედების წესის შესახებ” ინსტრუქციის მე-14 და 77-ე მუხლები.
თბილისის საოლქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება დ. ი-ის საკასაციო საჩივრის საფუძველზე გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 10 ოქტომბრის განჩინებით. საკასაციო პალატამ განჩინებაში მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოარკვია შ. და კ. ს-ეების სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებით უარი უთხრა ს-ეებს მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობაზე, მაშინ, როცა ისინი მოითხოვდნენ მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემას.
საქმის ხელახალი განხილვის შემდეგ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა დ. ი-ის სააპელაციო საჩივარი, დაკმაყოფილდა ს-ეების სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილება კ. ს-ეს მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 1991წ. 21 მარტის ანდერძი. კ. ს-ე ცნობილი იქნა სადავო სახლის 5/72 ნაწილის მესაკუთრედ დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ უზენაესი სასამართლოს განჩინების მითითებების საფუძველზე გაარკვია ს-ების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა და მიიჩნია, რომ მათი მოთხოვნა ანდერძის ბათილობაზე არ არის ხანდაზმული, რადგან ს-ებმა ანდერძის ბათილობის საფუძვლების არსებობის შესახებ შეიტყვეს მას შემდეგ, რაც ი-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მათი ბინიდან გამოსახლების შესახებ – 1997 წელს. სკ-ს (1964წ.) მე-80 მუხლის თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როცა მხარემ შეიტყო დარღვეული უფლებების არსებობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ 1991წ. 21 მარტის ანდერძის შედგენის და დადასტურების დროს დარღვეული იქნა სკ-ს (1964წ.) 551-ე მუხლის მე-3 ნაწილი და “სახელმწიფო სანოტარო კანტორების მიერ სანოტარო მოქმედებათა წესის შესახებ ინსტრუქციის მე-14 და 77-ე მუხლები, რის გამოც აღნიშნული ანდერძი ბათილად ცნო სკ-ს 48-ე მუხლის თანახმად.
სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა დ. ი-მა, რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას შემდეგი საფუძვლით: სადავო ანდერძი შედგენილია მაშინდელი კანონმდებლობის სრული დაცვით, რასაც ადასტურებს ქ-ის ჩვენება, ასევე გაუგებარია სააპელაციო პალატის მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადების ათვლა, რადგან მოსარჩელეს შ. და კ. ს-ებმა, როგორც უზენაესი ისე საოლქო სასამართლოს სხდომებზე დაადასტურეს, რომ სადავო ანდერძის შესახებ შეიტყვეს 1991წ. სექტემბერში, როდესაც მიმართეს ნოტარიუსს ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მისაღებად, გარდა ამისა, შ. ს-ეს და ნ. თ-ეს სადავო ფართი უკავიათ დროებით სარგებლბაში და მათ 1996წ. 7 მაისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს გადაწყვტილებით დაფიქსირებული აქვთ ბინის ქირის გადახდა თვეში 5 ლარის ოდენობით.
საკასაციო საჩივარი შეიტანეს ასევე შ. და კ. ს-ეებმა, რომლითაც ითხოვენ გადაწყვეტილების გაუქმების იმ ნაწილში, რომლითაც მათ უარი ეთქვათ მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემაზე. მას შემდეგ, რაც შ. ს-ეს ჩაბარდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მან განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა გადაწყვეტილებაში დაშვებული მექანიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ, რომ გადაწყვეტილებაში გამორჩენილია სიტყვა “მესაკუთრედ”, სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 8 აპრილის განჩინებით ზეპირი მოსმენის გარეშე განხილული იქნა ს-ის განცხადება და გაასწორა გადაწყვეტილებაში დაშვებული მექანიკური შეცდომები, კერძოდ, სამოტივაციო ნაწილში ი-ის მიერ ს-ეების გამოსახლების სარჩელის აღძვრის თარიღად ნაცვლად მითითებული 1997წლისა, მიეთითა 1996 წელი, ხოლო სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტს დაემატა შემდეგი სიტყვები “მემკვიდრე და მესაკუთრე” და წინადადება ჩამოყალიბდა შემდეგნაირად “კ.ს-ე ცნობილ იქნას თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 5/7 ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ”. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა დ. ი-მა, სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 24 აპრილის განჩინებით ი-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, კერძო საკასაციო საჩივარი, საქმის მასალები და საკასაციო საჩივრები გადმოგზავნილი იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. პალატა თვლის, რომ მოცემულ სიტუაციაში ერთობლივად უნდა იქნეს განხილული საკასაციო საჩივრები და დ. ი-ის კერძო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრები და თვლის, რომ დ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა დაკმაყოფილდეს შ. და კ. ს-ეების საკასაციო საჩივარი, ასევე უნდა დაკმაყოფილდეს დ. ი-ის კერძო საჩივარი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ 1991წ. 21 მარტს ე. ი-ის მიერ ანდერძის შედგენის დროს დარღვეული იქნა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 551-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა მოანდერძის მაგივრად ფიზიკური ნაკლის, ავადმყოფობის ან სხვა მიზეზთა გამო ხელი უნდა მოაწეროს სხვა პირმა მხოლოდ მოანდერძის თხოვნით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ანდერძზე მოანდერძის მაგივრად ხელი მოაწერა ა-მა, რის შესახებაც ე. ი-ს მისთვის არ უთხოვია. მოწმე ყ-ის ახსნა-განმარტების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ი-ის გარდაცვალებიდან მეორე დღეს დ. ი-მა სთხოვა მას ანდერძზე ხელის მოწერა. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ანდერძის შედგენის დროს დარღვეული იყო “სახელმწიფო სანოტარო მოქმედებათა და წესების შესახებ” ინსტრუქციის მე-14 და 77-ე მუხლების მოთხოვნები, რის საფუძველზეც ანდერძი ცნო ბათილად.
სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში დ. ი-ის მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შესახებ წამოყენებული პრეტენზია არც დამატებითია და არც დასაბუთებული. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ანდერძზე ხელმოწერა არ მომხდარა მოანდერძის თხოვნით და დარღვეული იქნა ანდერძის დამოწმების წესები, სკ-ს (1964წ.) 48-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ სწორად ცნო ბათილად სადავო ანდერძი და აღადგინა მანამდე არსებული ვითარება.
პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის დროს სააპელაციო სასამართლოში კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორ ი-ის მოსაზრებას, რომ ს-ებმა გაუშვეს სარჩელით სასამართლოსათვის მიმართვის ვადა, მათ იცოდნენ ანდერძის შესახებ 1991წ. სექტემბერში, სასამართლოში კი სარჩელი შეიტანეს 1996 წელს. პალატა იზიარებს ს-ის პოზიციას, რომ მართალია, მან სადავო ანდერძის არსებობის შესახებ იცოდა 1991 წელს, მაგრამ მას არ ჰქონდა საშუალება ენახა ეს ანდერძი, ანდერძი მხოლოდ მას შემდეგ ნახა, რაც ი-მა სასამართლოში იჩივლა, მაშინ შეიტყო, რომ ანდერძი შედგენილი იყო კანონის მოთხოვნების დარღვევით და მაშინვე მიმართა სასამართლოს. ამდენად, მისი სასამართლოსათვის მიმართვის ვადა უნდა აითვალოს იქიდან, როცა შეიტყო ანდერძის ბათილობის საფუძვლების არსებობის შესახებ.
რაც შეეხება შ. და კ. ს-ეების საკასაციო საჩივარს მიწის საკითხთან დაკავშირებით, პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოში ს-ებს ჰქონდათ დაყენებული საკითხი სადავო სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მიწის სარგებლობაში გადაცემის შესახებ. წინა სასამართლო სხდომებზე აღნიშნული საკითხი იყო სასამართლოს მსჯელობის საგანი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში კი მითითებულა რომ მიწის საკითხი ს-ემ სასამართლო სხდომაზე მოხსნა, რასაც ს-ე სადავოდ ხდის. მართალია, სხდომის ოქმის მე-6 გვერდზე ჩაწერილი ს-ის სიტყვები: “მიწის საკითხსაც ვხსნი”, მაგრამ პალატა მიიჩნევს, რომ მიუხედავად ამისა, სასამართლოს თავისი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში უნდა ემსჯელა, გადაეწყვიტა აღნიშნული საკითხი და თუ ჩათვალა, რომ ს-ემ სარჩელზე ამ ნაწილში უარი თქვა, მაშინ ამ ნაწილში საქმე უნდა შეეწყვიტა წარმოებით, რაც სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით გაკეთებული არ არის. აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მეოთხე პუნქტი და ამ ნაწილში საქმე განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს მითითებული საკითხის გასარკვევად.
პალატა თვლის, რომ ასევე უნდა დაკმაყოფილდეს დ. ი-ის კერძო საჩივარი, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ს-ის განცხადების საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ 2002წ. 8 აპრილის განჩინებით გაასწორა 2002წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილებაში დაშვებული მექანიკური შეცდომები და სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: “ს-ე ცნობილი იქნეს თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 5/7- ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ”. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი-მა იმ საფუძვლით, რომ საუბარი უნდა იყოს არა 5/7, არამედ 5/72 ნაწილზე.
პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ამ მოსაზრებას და თვლის, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 8 აპრილის განჩინება აღნიშნული ხარვეზის გამოსწორების მინით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე, 412-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილება 1991წ. 21 მარტის ანდერძის ბათილობის და კ. ს-ის თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 5/72 ნაწილზე ცნობის ნაწილში.
2. დაკმაყოფილდეს კ. და შ. ს-ების საკასაციო საჩივარი, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების დანარჩენ ნაწილში უცვლელად დატოვების შესახებ და ამ ნაწილში საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.
3. დაკმაყოფილდეს დ. ი-ის კერძო საჩივარი. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 აპრილის განჩინება და შ.ს-ის განცხადება 2002წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილებაში დაშვებული მექანიკური შეცდომების გასწორების შესახებ ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.