გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 04.10.2002
საქმის ნომერი
3კ/857-02
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
04.10.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

3კ-857-02 3კ-857-02 4 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი,მ. წიქვაძე

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

1998წ. 6 თებერვალს სადგურ ...-ში მატარებლის შემადგენლობიდან ვაგონ-ცისტერნის ამოვარდნის შედეგად დაიღვარა 21231 ლიტრი ნავთობი, რომელმაც დატბორა ვ. ც.-ის საკარმიდამო ნაკვეთი.

2000წ. 14 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს “...-ს” ვ. ც.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3573 ლარის გადახდა. იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა სარჩელის დაკმაყოფილების დროისათვის ფულის კურსი ვ. ც.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა ლარის იმ დროისათვის აშშ დოლართან მიმართებაში კურსის ცვლილებით მიყენებული ზიანის 5957 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს სარჩელის განხილვის დროს არ მოუთხოვია ფულის კურსის გათვალისწინებით ზიანის ანაზღაურება, ხოლო შემდგომში ამ მოთხოვნის დაყენება უსაფუძვლოდ მიაჩნია.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა დამატებით 2384 ლარის გადახდა, სარჩელის დაკმაყოფილებისას ლარის დოლართან შეფარდების კურსის შესაბამისად.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მიუთითა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, რადგან მოსარჩელის მოთხოვნა არის უსაფუძვლო და უკანონო.

სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 5 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად სააპელაციო საჩივრის ვადის გადაცილების გამო.

მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და მიუთითა, რომ 2001წ. 27 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ხოლო დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეს ჩაბარდა 2002წ. 18 იანვარს, შესაბამისად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაც უნდა აითვალოს აღნიშნული თარიღიდან. სააპელაცო საჩივარი შეტანილ იქნა 2002წ. 13 თებერვალს ე.ი. არ არის დარღვეული სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა.

სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 16 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2002წ. 27 ნოემბერს სასამართლო სხდომაზე, ორივე მხარის თანდასწრებით, გამოცხადდა დასაბუთებული გადაწყვეტილება და შესაბამისად გასაჩივრების ვადაც აითვალა აღნიშნული დღიდან. ე.ი. გასაჩივრების საბოლოო ვადას წარმოადგენდა 2001წ. 27 დეკემბერი, ხოლო სააპელაციო საჩივარი მოპასუხის მიერ შეტანილ იქნა 2002წ. 13 თებერვალს, ორი თვის დაგვიანებით.

შპს “...-ის” კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა უზენაეს სასამართლოს განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლით მივიდა დასკვნამდე, რომ შპს “...-ის” კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.

დადგენილია, რომ მოპასუხეს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2002წ. 18 იანვარს, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეიტანა 2002წ. 13 თებერვალს კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დაცვით.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სსკ-ს 369-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მოპასუხეს გაშვებული ჰქონდა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა.

სსკ-ს 369-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

სსკ-ს 288-ე მუხლის “ლ” ქვეპუნქტის შესაბამისად სასამართლო სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს გადაწყვეტილებისა და განჩინების გამოცხადების შესახებ.

აღნიშნული ნორმის მიხედვით, პალატა თვლის, რომ სასამართლო სხდომის ოქმში აღნიშნული უნდა იყოს სასამართლოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილება გამოცხადდა, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმში დაფიქსირებულია გადაწყვეტილების გამოცხადების შესახებ, მასში დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადების თაობაზე აღნიშნული არ არის. ამდენად, საოლქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლო სხდომის ოქმის მიხედვით სასამართლოს მიერ გამოცხადდა დასაბუთებული გადაწყვეტილება საფუძველი არა აქვს. მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, მოსამართლემ მათ განუმარტა, რომ ორ კვირაში მიიღებდნენ დაბეჭდილ გადაწყვეტილებას, რის გამოც ორი კვირის შემდეგ მივიდა სასამართლოში გადაწყვეტილების მისაღებად. ამდენად, არც საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ რაიონულმა სასამართლომ 2001წ. 27 ნოემბერს გამოაცხადა დასაბუთებული გადაწყვეტილება.

სსკ-ს 249-ე მუხლის მე5 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით პროცესის მონაწილე მხარეებს უნდა განუმარტოს გასაჩივრების შესაძლებლობა, ორგანო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, გასაჩივრების წესზე, გასაჩივრების ვადასა და იმ მომენტზე, საიდანაც იწყება გასაჩივრების ვადის ათვლა.

თუ მხარეს არ ეცნობება გასაჩივრების უფლების შესახებ, ან ეცნობა ზემოთ აღნიშნული რომელიმე მოთხოვნის დარღვევით, მაშინ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დინება უნდა დაიწყოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან.

მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში სააპელაციო წესით. მასში არ არის მითითებული იმ მომენტზე, საიდანაც იწყება გასაჩივრების ვადის დენა და ორგანო, სადაც შეიძლება გასაჩივრება. ამდენად, პროცესის მონაწილე მხარეებს საპროცესო კანონის მოთხოვნათა დარღვევით განემარტათ გასაჩივრების ვადასა და წესზე, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დინება უნდა დაიწყოს გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან ე.ი. 2002წ. 18 იანვრიდან. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი მოპასუხემ შეიტანა 2002წ. 13 თებერვალს კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დაცვით.

აღნიშნული გამო, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება უნდა გაუქმდეს, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს მიჩნეული და განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “...-ის” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 მარტის განჩინება.

შპს “...-ის” სააპელაციო საჩივარი დასაშვებად იქნეს მიჩნეული და საქმე სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.