დატოვებულია უცვლელად
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-900-02 4 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი, მ. წიქვაძე
დავის საგანი: გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს “ო. ს-ის” დირექტორის ნ. ლ-ის განცხადება და შპს “ო. ს-ის” მიმართ 1999წ. 27 ოქტომბერს გახსნილი გაკოტრების საქმე წარმოებით შეწყდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო შპს “ო. ს-ის” დირექტორის განცხადება გახსნილი გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით. განცხადებას ერთვოდა შპს “ო. ს-ის” საერთო კრების ოქმი და კრედიტორთა სია, რომლებიც ასევე მოითხოვდნენ გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტას. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სასამართლოს მიმართა კრედიტორთა ჯგუფმა გაკოტრების წარმოების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. დადგენილ იქნა, რომ კასატორების საქმის წარმოების შეწყვეტას მხარს არ უჭერდა ყველა კრედიტორი, რის გამოც სასამართლომ “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის 291-ე მუხლის “ა” პუნქტის საფუძველზე 2001წ. 27 დეკემბრის განჩინებით გააუქმა 2000წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილება შპს “ო. ს-ის” მიმართ გახსნილი გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
სასამართლოს 2002წ. 27 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. ლ-ას წარმომადგენელმა ნ. ე-მ, რომელიც მოითხოვდა განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ამასთან მას არ მიეცა საშუალება დაეცვა თავისი მარწმუნებელი და წარმოედგინა შუამდგომლობები.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ 2002წ. 14 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი.
სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო კერძო საჩივარი მიიჩნია დაუშვებლად. სასამართლომ კერძო საჩივარი მიიჩნია ასევე დაუსაბუთებლად. განჩინების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის მე-8 და 291-ე მუხლები. ეს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ლ-ის წარმომადგენელმა ი. გ-ემ, რომელიც მოითხოვს 2000წ. 14 აპრილის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის მე-8 მუხლის მეორე ნაწილი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა კერძო საჩივარი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
“გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის მე-8 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გაკოტრების საქმეზე დადგენილება მიიღოს ზეპირი განხილვის გარეშე.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს არ შეეძლო ზეპირი განხილვის გარეშე განეხილა საქმე მას შემდეგ, როდესაც დანიშნული იყო ზეპირი განხილვის დღე.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით იგი საქმის ზეპირი განხილვის დროს არ გამოცხადდა საპატიო მიზეზით, რის გამოც სასამართლოს უნდა გადაედო საქმის ზეპირი განხილვა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონი, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ კრძალავს სასამართლოს მიერ საჩივრის ზეპირი განხილვის დღის დანიშვნის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, საჩივარი განიხილოს ზეპირი განხილვის გარეშე.
მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების გამო სასამართლომ მართებულად მიიღო გადაწყვეტილება განეხილა საჩივარი ზეპირი განხილვის გარეშე.
ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული კანონის დარღვევას არა აქვს ადგილი და კერძო საჩივარი უსაფუძვლოა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე, “გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ” კანონის მე-8 მუხლის მეორე ნაწილით და 31-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 14 აპრილის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლები გადაეგზავნოს მხარეებს.