დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 25.09.2002
საქმის ნომერი
3კ/966-02
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
25.09.2002

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

3კ-966 3კ-966 25 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ცისკაძე (თავმჯდომარე),თ. კობახიძე,რ. ნადირიანი

დავის საგანი: დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ჯ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: უ. და ი. ჯ.-ების მიმართ და მოითხოვა მამის, 1991 წელს გარდაცვლილი ბ. ჯ.-ს, დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, ასევე 1995 წელს გარდაცვლილ ბიძის, ივ. ჯ.-ს, დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება.

ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. ჯ.-ს სარჩელი მოპასუხეების უ. და ი. ჯ.-ების მიმართ დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურების შესახებ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. მ. ჯ.-მ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 22 მაისის განჩინებით განუხილველი დატოვა მ.ჯ.-ს სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო. სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ რაიონულმა სასამართლომ 2001წ. 20 აგვისტოს გამოაცხადა დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომლის გამოცხადებას ესწრებოდა მ.ჯ.-ა. სსკ-ს 369-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მას სააპელაციო საჩივარი უნდა შეეტანა ერთი თვის ვადაში, მან კი სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2001წ. 3 ოქტომბერს, რითაც დაარღვია კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა.

მ. ჯ.-მ კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივარის წარმოებაში მიღება. კერძო საჩივრის მოტივებს წარმოადგენს შემდეგი: ბაღდათის რაიონულმა სასამართლომ 2001წ. 20 აგვისტოს არ გამოაცხადა დასაბუთებული გადაწყვეტილება, გამოცხადდა მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი. სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ მიუთითა, რომ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ერთ კვირაში გამოაცხადებდა, მაგრამ არ გამოუცხადებია. მას სასამართლო გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა მხოლოდ 2001წ. 4 სექტემბერს, რის გამოც კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა არ დაურღვევია.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 ივნისის განჩინებით დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდა მ.ჯ.-ს კერძო საჩივარი. სააპელაციო პალატის განჩინებაში მითითებულია, რომ რაიონული სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება და არა მისი სარეზოლუციო ნაწილი გამოქვეყნდა იმავე დღეს, 2001წ. 30 აგვისტოს, რომელსაც ესწრებოდა მ.ჯ.-ა (რასაც ადასტურებენ უ. და ი. ჯ.-ები), ამიტომ მან დაარღვია სააპელაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ.ჯ.-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. ჯ.-ს სარჩელი მოპასუხეების: უ. და ი. ჯ.-ების მიმართ დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურების შესახებ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

მ. ჯ.-მ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

რაიონული სასამართლოს 2001წ. 20 აგვისტოს სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ გამოქვეყნდა დასაბუთებული გადაწყვეტილება და არა სარეზოლუციო ნაწილი. მ. ჯ.-მ სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2001წ. 3 ოქტომბერს. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველი მ.ჯ.-ას სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დარღვევის გამო, სსკ-ს 369-ე მუხლის საფუძველზე. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილში კი აღნიშნულია, რომ თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. ვინაიდან მ. ჯ.-მ დაარღვია ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნა, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა 374-ე მუხლის პირველი ნაწილის მესამე წინადადება, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 284-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ჯ.-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 მაისის და 20 ივნისის განჩინებები მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.