გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 30.11.2004
საქმის ნომერი
ას-1010-1267-04
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
30.11.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1010-1267-04 30 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი,მ. სულხანიშვილი

სარჩელის საგანი: რეგისტრაციის გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს ...-ის მშრომელთა პროფკავშირების ცენტრალურმა საბჭომ სარჩელი აღძრა სასამართლოში ბოლნისის რაიონის ...-ის გაერთიანების წინააღმდეგ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2004წ. 26 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, საქართველოს ...ის მშრომელთა პროფკავშირების ცენტრალურმა საბჭოს დირექტორმა მ.ჟ.-მა ზემოხსენებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2004წ. 11 მაისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი მხარემ შეიტანა ამავე წლის 14 ივნისს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2004წ. 25 ივნისის განჩინებით იხელმძღვანელა სსკ-ის 369-ე და 374-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარემ სააპელაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა დაარღვია, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიიჩნია.

2004წ. 12 ივლისს საქართველოს ...ის მშრომელთა პროფკავშირების ცენტრალურმა საბჭოს წარმომადგენელმა ლ.ლ.-მ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს, ხოლო 26 ივლისს შეტანილი კერძო საჩივრით მოითხოვა წარმოდგენილი სააპელაციო და დაზუსტებული სააპელაციო საჩივრების წარმოებაში მიღება და არსებითად განხილვა. სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 25 ივნისის განჩინებას მხარე არ დაეთანხმა და მიუთითა, რომ სსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების პირველი ნაწილების თანახმად, აპელანტს გასაჩივრებული განჩინების ასლი ჩაბარდა 2004წ. 11 მაისს, კანონით გათვალისიწნებული ერთთვიანი ვადის ათვლა დაიწყო 12 მაისს და, ვინაიდან 12 ივნისი უქმე დღე იყო, ვადის დენა დამთავრდა პირველი სამუშაო დღეს _ 14 ივნისს. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის აზრით, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2004წ. 29 ივლისის განჩინებით საქართველოს ...ის მშრომელთა პროფკავშირების ცენტრალურმა საბჭოს წარმომადგენელი ლ.ლ.-ის არგუმენტები არ გაითვალისწინა, კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა და განსახილველად გადმოუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლოს წარმოდგენილი კერძო საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის არსებითად განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემული საქმის მასალებითა და სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დადგენილია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2004წ. 26 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, საქართველოს ...ის მშრომელთა პროფკავშირების ცენტრალური საბჭოს დირექტორმა მ.ჟ.-მა ზემოხსენებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2004წ. 11 მაისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი მხარემ შეიტანა ამავე წლის 14 ივნისს.

სსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო მე-2 ნაწილით, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, მაშინ ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ზემოხსენებული კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარეებისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.

მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი აპელანტს ჩაბარდა 2004წ. 11 მაისს. ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის ათვლა დაიწყო 11 მაისის მომდევნო დღიდან _ 2004წ. 12 მაისიდან და, ვინაიდან, მომდევნო თვის შესაბამისი რიცხვი უქმე დღეს _ შაბათს დაემთხვა, სადავო ვადის დენა დამთავრდა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს _ 14 ივნისს. ამდენად, საქართველოს ...ის მშრომელთა პროფკავშირების ცენტრალურ საბჭოს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არ დაურღვევია. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 61-ე მუხლი და არ გამოიყენა ამავე კოდექსის მე-60 მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 ივნისისა და 2004წ. 29 ივლისის განჩინებები უნდა გაუქმდეს. საქართველოს ...ის მშრომელთა პროფკავშირების ცენტრალური საბჭოს სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს არსებითად განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს ...ის მშრომელთა პროფკავშირების ცენტრალური საბჭოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 ივნისისა და 2004წ. 29 ივლისის განჩინებები, ხოლო საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს განსახილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.