დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1015-1290-05 17 ნოემბერი 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),ლ. ლაზარაშვილი
დავის საგანი: გადაწყვეტილების განმარტება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 29 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილება და კოოპერატივ „ძ.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შპს „ი.-ს” კოლოპერატივ „ძ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 16 539 აშშ დოლარის გადახდა, გადახდის დროისათვის არსებული ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში. შპს „ი.-ს” ასევე დაეკისრა კოოპერატივ „ძ.-ის” სასარგებლოდ ადვოკატების მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი _ 661,56 აშშ დოლარი ეროვნულ ვალუტაში გადახდა. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. 2005წ. 29 მარტს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა სასამართლო აღმასრულებელმა ა. კ.-მ და მოითხოვა გადაწყვეტილების განმარტება, კერძოდ, მოითხოვა განემარტოს ვინ არის ვალდებული კოოპერატივ „ძ.-ის” წინაშე თანხის გადახდისა _ შპს ი.-ი” მთელი თავისი ქონებით, თუ შპს „ი.-ის” დამფუძნებლები მთელი თავისი ქონებით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 10 ივნისის განჩინებით გადაწყვეტილება განმარტებულ იქნა შემდეგნაირად: „კოოპერატივ „ძ.-ის” სასარგებლოდ თანხის გადახდა გადაწყვეტილებით ევალება შპს „ი.-ს” (თავისი ქონებით) და არა მის დამფუძნებლებს”. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სააღსრულებო ფურცელში მოვალის გრაფაში შეცდომით იყო მითითებული დამფუძნებლებზე. სააპელაციო პალატის 2005წ. 10 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა კოოპერატივ „ძ.-ის” დირექტორმა. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებულია შეცდომა და არ არის მითითებული დამფუძნებლებზე სასამართლოს სსკ-ის 260-ე მუხლის შესაბამისად უნდა გაესწორებინა დაშვებული შეცდომა.
სააპელაციო სასამართლომ 2005წ. 13 ივლისის განჩინებით არ დააკმაყოფილა კერძო საჩივარი და საქმის მასალებთან ერთად გადააგზავნა უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ” და „ვ” ქვეპუნქტების თანახმად, სააღსრულებო ფურცელში გადადის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, კრედიტორისა და მოვალის დასახელება. სადავო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით კოოპერატივ „ძ.-ის” სასარგებლოდ თანხის გადახდა დაეკისრა შპს „ი.-ს” და არა მის დამფუძნებლებს. შესაბამისად, სასამართლოს მიერ სწორად იქნა განმარტებული, რომ თანხის გადახდის ვალდებულება გადაწყვეტილებით დაეკისრა შპს „ი.-ს” და არა მის დამფუძნებლებს. სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გადაწყვეტილების იმგვარად განმარტებით, როგორსაც კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს გამოიწვევდა გადაწყვეტილების შინაარსის შეცვლას, რაც დაუშვებელია. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება განმარტებულია სწორად და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კოოპერატივ „ძ.-ის” დირექტორის ი. ჯ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 10 ივნისის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.