გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 19.09.2005
საქმის ნომერი
ას-1072-1310-05
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.09.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1072-1310-05 19 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ახალაძე,ნ. კვანტალიანი

პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ......-ის აგრარული ბაზრის შრომითი კოლექტივის წარმომადგენლის _ ნ. ჯ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე ........-ის აგრარული ბაზრის შრომითი კოლექტივის წევრების სარჩელის გამო მოპასუხეების საქართველოს ცეკავშირის, თ. დ-ისა და შპს კერძო არბიტრაჟ “მ-ის” მიმართ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

2002წ. 21 იანვარს კერძო არბიტრაჟის შპს “მ-ის” საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. დ-ის საარბიტრაჟო პრეტენზია და იგი ცნობილ იქნა ......-ის აგრარული ბაზრის მესაკუთრედ. ამავე გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრს დაევალა ......-ის აგრარული ბაზრის თ. დ-ის სახელზე აღრიცხვა.

......-ის აგრარული ბაზრის შრომითი კოლექტივის თორმეტმა წევრმა სარჩელით მიმართა სასამართლოს საქართველოს ცეკავშირის, თ.დ-ისა და შპს კერძო არბიტრაჟ “მ-ის” მიმართ, რომლითაც მოითხოვეს 2002წ. 21 იანვრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 30 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შპს კერძო არბიტრაჟ “მ-ის” 2002წ. 21 იანვრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი საჯარო რეესტრში ......-ის აგრარული ბაზრის თ. დ-ის სახელზე აღრიცხვის თაობაზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ......-ის აგრარული ბაზრის შრომითი კოლექტივის წევრებმა, ვ. ს-მა და სხვებმა, გაასაჩივრეს სააპელაციო წესით და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად განსაზღვრულ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინებაზე ......-ის აგრარული ბაზრის შრომითი კოლექტივის ყოფილი წევრების ვ. ს-ისა და სხვათა წარმომადგენელმა, ნ. ჯ-მა 2005წ. 24 იანვარს შეიტანა კერძო საჩივარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 აგვისტოს განჩინებით კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საკასაციო პალატა კერძო საჩივრისა და საქმის მასალების განხილვის შედეგად თვლის, რომ სააპელაციო პალატის 2005წ. 15 აგვისტოს განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სსკ-ის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუდოს ან გაუნაწილვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, ანდა შეამციროს ხარჯების ოდენობა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 ივნისის განჩინებით ნ. ჯ-ს დაევალა ........-ის აგრარული ბაზრის შრომითი კოლექტივის ყველა წარმომადგენლის (აპელანტის), კერძოდ, ც. კ-ის, რ. გ-ის, მ. ხ-ის, ი. მ-ის, ა. ა-ის, ქ. ი-ის, თ. შ-ის, ი. გ-ის, ნ. მ-ის, მ. თ-ის და ზ. ჯ-ის მიერ მის სახელზე გაცემული, სსკ-ის 98-ე მუხლის შესაბამისად გაფორმებული მინდობილობებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. 2005წ. 24 ივნისს ნ. ჯ-მა წარმოადგინა მინდობილობები არასრულად, ამასთან, მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მის მარწმუნებელთა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო. ამის დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა ქ. თელავის გამგებლის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, .......-ის აგრარული ბაზრის ყოფილი თანამშრომლები: ვ. ს-ი, ნ. მ-ე, ქ. ი-ი, ა. ა-ი, ზ. ჯ-ი, მ. ხ-ი, ნ. ს-ი, მ. თ-ი, ი. ი-ი, ი. გ-ე, გ. ბ-ი, ზ. ე-ი, ვ. ბ-ი და მ. გ-ა, 2001წ. ოქტომბრიდან დღემდე არიან უმუშევრები.

სააპელაციო სასამართლომ 2005წ. 27 ივნისის განჩინებით არ დააკმაყოფილა ნ. ჯ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე და განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 15 დღე სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, ასევე, რ. გ-ისა და ი. მ-ის მიერ მის სახელზე გაცემული, სათანადო წესით გაფორმებული მინდობილობების წარმოსადგენად.

სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის განმავლობაში ნ.ჯ-მა წარმოადგინა ქ.თელავის გამგებლის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, ........-ის აგრარული ბაზრის ყოფილი თანამშრომლები: ვ. ს-ი, ნ. მ-ე, ქ. ი-ი, ა. ა-ი, ზ. ჯ-ი, მ. ხ-ი, ნ. ს-ი, მ. თ-ი, ი. ი-ი, ი. გ-ე, გ. ბ-ი, ზ. ე-ი, ვ. ბ-ი და მ. გ-ა, 2001წ. ოქტომბრიდან დღემდე არიან უმუშევრები განიცდიან ეკონომიკურ გაჭირვებას და კვლავ იშუამდგომლა სსკ-ის 48-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ, ხოლო რ. გ-ისა და ი. მ-ის ნაწილში მოითხოვა კერძო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმა აღნიშნული პირების საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის გამო.

სააპელაციო სასამართლომ 2005წ. 15 აგვისტოს განჩინების გამოტანისას, რომლითაც დაუშვებლად მიიჩნია კერძო საჩივარი, იხელმძღვანელა “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონით და აღნიშნა, რომ მოცემული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია იმ პირთა და ორგანიზაციათა წრე, რომლებიც თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. დროებით უმუშევრობის მოტივით სახელმწიფო ბაჟისგან კერძო პირთა განთავისუფლებას კი კანონი არ ითვალისწინებს. ასევე მიუთითა სსკ-ის 47-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ კერძო საჩივრის ავტორებს, მოცემული მუხლიდან გამომდინარე, მათი ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ წარმოუდგენიათ.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 აგვისტოს განჩინება დაუსაბუთებულია იმის გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორები შუამდგომლობდნენ არა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების, არამედ სსკ-ის 48-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ, რაც ყოველთვის სასამართლოს მიხედულებაზეა დამოკიდებული. სახელმწიფო ბაჟის გადადების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ერთო კრიტერიუმით _ მხარეთა ქონებრივი მდგომარეობით, რის გამოც მხარეს არა აქვს საშუალება წინასწარ გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი.

სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. მოცემულ შემთხვევაში ნ. ჯ-ის მიერ წარმოდგენილ იქნა ქ. თელავის გამგებლის მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად, ......-ის აგრარული ბაზრის ყოფილი თანამშრომლები არიან უმუშევრები და განიცდიან ეკონომიკურ გაჭირვებას.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება წარმოდგენილ ცნობას და არასაკმარისად დაასაბუთა სახელმწიფო ბაჟის გადადების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 აგვისტოს განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ........-ის აგრარული ბაზრის შრომითი კოლექტივის წარმომადგენელ ნ. ჯ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 აგვისტოს განჩინება და საქმე .......-ის აგრარული ბაზრის შრომითი კოლექტივის წარმომადგენლის, ნ. ჯ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.