დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 06.03.2006
საქმის ნომერი
ას-1073-1319-05
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
06.03.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-1073-1319-05 6 მარტი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: ლიტვის ქ. ... მეოთხე სანოტარო ბიუროს მიერ გ. ჭ-ძის სახელზე გაცემული ¹2-5983 მინდობილობის, გ. ჭ-ძისა და შ. ქ-ძეს შორის 2003წ. 16 აპრილის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების და საჯარო რეესტრის ¹13-312/2003 ჩანაწერის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. ლ-ოვმა და გ. ლ-ოვმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხეების შ. ქ-ძის, გ. ჭ-ძის, ნოტარიუს ქ. გ-იას მიმართ. მათ სარჩელში მიუთითეს, რომ ისინი ცხოვრობენ ქ. თბილისში ... ¹3-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. მათ საკუთრებაშია 21,61 კვ.მ-ის ოთახი, ხოლო მეორე 13 კვ.მ-ის ოთახის მესაკუთრე იყო ნ. ქ-შვილი, რომელიც 1993 წლიდან მუდმივად ცხოვრობს ლიტვაში. საცხოვრებელი სახლის დანარჩენი ფართი საერთო საკუთრებაშია. ნ. ქ-შვილმა 2000წ. 31 მაისს ქ. ... სანოტარო ბიუროში გააფორმა მინდობილობა გ. ჭ-ძეზე, რათა ამ უკანასკნელს განეკარგა მხარეთა საერთო საკუთრებაში არსებული‚ მისი კუთვნილი წილი. გ. ჭ-ძემ ამ მინდობილობის საფუძველზე 2003წ. 16 აპრილს სახლის ნაწილის ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა შ. ქ-ძესთან, რაც დამოწმებული იყო ნოტარიუს ქ. გ-იას მიერ და 2003წ. 5 იანვარს რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში. მოსარჩელეებმა მოპასუხეებისაგან მოითხოვეს ლიტვის ქ. ... მეოთხე სანოტარო ბიუროში 2000წ. 31 მაისს ნ. ქ-შვილის მიერ გ. ჭ-ძის სახელზე გაცემული მინდობილობის, გ. ჭ-ძეს და შ. ქ-ძეს შორის 2006წ. 16 აპრილს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საქართველოს საჯარო რეესტრის ¹13-312/2003 ჩანაწერის გაუქმება.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიოული სასამართლოს 2004წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოსარჩელეებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

ი. ლ-ოვმა და გ. ლ-ოვმა სააპელაციო საჩივარით მოითხოვეს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება.

აპელანტებმა 2005წ. 10 აგვისტოს განცხადებით მიმართეს სააპელაციო პალატას და მოითხოვეს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის დადება ქ. თბილისში, ... ¹3 მდებარე საცხოვრებელი სახლის იმ ნაწილზე, რომელიც ირიცხება შ. ქ-ძის სახელზე. მათ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვეს იმის გამო, რომ შ. ქ-ძე ახორციელებს თავისი წილის იზოლირებას და რემონტს მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით, რაც ლახავს მათი‚ როგორც თანამესაკუთრის უფლებებს და სადავო წილის უპირატესი შესყიდვის კანონიერ ინტერესს. აპელანტების აზრით‚ მოპასუხის აღნიშნული ქმედება გააძნელებს და შეუძლებელს გახდის სასამართლოს მიერ შემდგომში საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 აგვისტოს განჩინებით ი. და გ. ლ-ოვებს უარი ეთქვათ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შ. ქ-ძის სახელზე აღრიცხული სახლის ნაწილის დაყადაღებაზე. სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ ი. და გ. ლ-ოვების მიერ აღძრულია აღიარებითი სარჩელი, რომლითაც ისინი მოითხოვენ მინდობილობის და ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას და საჯარო რეესტრის ჩანაწერში შესაბამისი ცვლილებების შეტანას. აღიარებითი სარჩელის უზრუნველყოფას კი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, მით უფრო რომ მოსარჩელეებს არ დაუყენებიათ ვინდიკაციური სარჩელი სადავო ბინის მიკუთვნებისა და გამოთხოვის თაობაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 აგვისტოს განჩინებაზე ი. და გ. ლ-ოვებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა მათი მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ სადავო საკითხს წარმოადგენს საერთო საკუთრებაში არსებული ფართი და მოპასუხეების მიერ განხორციელებული მოქმედებები მიზნად ისახავენ სახლის იზოლირებას და საერთო სარგებლობის ფართის მითვისებას, რითაც ხელყოფენ მათ კანონიერ ინტერესებს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 აგვისტოს განჩინებით უარი ეთქვა ი. და გ. ლ-ოვებს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო: დავის საგნიდან გამომდინარე მინდობილობისა და ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა აღიარებითი სარჩელის კატეგორიას მიეკუთვნება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა კი აღიარებითი სარჩელის განხილვისას არ გააძნელებს და შეუძლებელს არ გახდის ამ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლომ გაითვალისწინა ისიც, რომ მოსარჩელეებს არ აღუძრავთ მოთხოვნა სადავო ბინის მიკუთვნებისა და მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ, რომლის უზრუნველსაყოფად საჭირო იქნებოდა სადავო ბინის დაყადაღება. სააპელაციო პალატამ დავის არსიდან გამომდინარე ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხეებისათვის სადავო ოთახის რეკონსტრუქციისა და რემონტის შესრულების აკრძალვის შესახებ დამატებითი ღონისძიების გამოყენება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ ი. და გ. ლ-ოვების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ი. და გ. ლ-ოვებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხეების შ. ქ-ძის, გ. ჭ-ძის, ნოტარიუს ქ. გ-იას მიმართ და მოითხოვეს ლიტვის ქალაქ ... მეოთხე სანოტარო ბიუროში 2000წ. 31 მაისს ნ. ქ-შვილის მიერ გ. ჭ-ძის სახელზე გაცემული მინდობილობის, გ. ჭ-ძეს და შ. ქ-ძეს შორის 2003წ. 16 აპრილს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების და საქართველოს საჯარო რეესტრის ¹13-312/2003 ჩანაწერის გაუქმება. მოსარჩელეებმა 2005წ. 10 აგვისტოს განცხადებით მიმართეს სააპელაციო პალატას და მოითხოვეს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის დადება ქალაქ თბილისში გაგარინის მესამე შესახვევის ¹3 მდებარე საცხოვრებელი სახლის იმ ნაწილზე, რომელიც ირიცხება შ. ქ-ძის სახელზე. მათ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვეს იმ მიზნით, რომ შ. ქ-ძის მიერ თავისი წილის იზოლირება და რემონტი მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით გააძნელებს და შეუძლებელს გახდის სასამართლოს მიერ შემდგომში საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

სსკ-ის 191-ე მუხლის მეორე წინადადების იმპერატიული მოთხოვნაა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. ამ ნორმის შესაბამისად საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია მოსარჩელეების მოთხოვნა მოპასუხეების ბინაზე ყადაღის დადების, მათი ბინის რეკონსტრუქციის, საერთო ფართის მითვისების და რემონტის აკრძალვის თაობაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, ვინაიდან დავის საგნიდან გამომდინარე, ზემოხსენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობით არ შეფერხდება და არც შეუძლებელი გახდება მოცემულ საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა ი. და გ. ლ-ოვების განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეებს არ აღუძრავთ მოთხოვნა სადავო ბინის მიკუთვნებისა და მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ.

სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად‚ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა დამოკიდებულია დავის საგნის ღირებულებაზე და კერძო საჩივრებისათვის შეადგენს სადავო საგნის ღირებულების 1,5 პროცენტს. სასამართლო ითვალისწინებს საქმის ფურცელ 18-ზე ლ-ოვების მიერ მითითებულ გარემოებებს, მათი ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, რის გამოც სსკ-ის 48-ე მუხლის თანახმად, უმცირებს მათ სახელმწიფო ბაჟის ოდენობას 75 ლარამდე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 48-ე, 419-ე, 420-ე და 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. და გ. ლ-ოვების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 აგვისტოს განჩინება.

ი. და გ. ლ-ოვებს დაეკისროთ კერძო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის 75 ლარის გადახდა.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება