დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 10.05.2006
საქმის ნომერი
ას-109-549-06
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
10.05.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹ ას-109-549-06 10 მაისი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი),მ. ცისკაძე

დავის საგანი: ქონების გაყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს «ა-ა 2000-მა» სარჩელი აღძრა სასამართლოში ფირმა «გ-რის» მიმართ ერთობლივი საწარმო „ი-სის“ ქონების გაყოფისა და მიყენებული ზარალის ანაზღაურების თაობაზე შემდეგი საფუძვლით: 1992წ. 5 ოქტომბერს მხარეთა შორის დაიდო ერთობლივი საწარმო «ი-ის» შექმნის ხელშეკრულება, რომელსაც უნდა ეწარმოებინა უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტი. აღნიშნული მიზნით, მხარეებმა შეიძინეს ძვირადღირებული დანადგარები და ნედლეული. საერთო საქმიანობის სათანადოდ განუხორციელებლობის გამო მოსარჩელემ მოითხოვა ქონების გაყოფა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «ა-ა 2000-ის» მიმართ ერთობლივი საწარმოს „ი-სის“ ქონებიდან წილის გამოყოფის თაობაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 2 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ა-ა-2000-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მხარეთა შორის სადავო ქონება გაყოფილ იქნა, რაზეც შპს „ა-ა-2000-ის“ წარმომადგენელმა შეიტანა საჩივარი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 16 აგვისტოს განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. მხარეებს განემარტათ, რომ აღნიშნულ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999წ. 1 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. ამავე სასამართლოს 1999წ. 10 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით დარჩა განუხილველი. საჩივრის ავტორს უფლება მიეცა, აღნიშნული განჩინება გაესაჩივრებინა საკასაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებულ განჩინებაზე შპს „ა-ა 2000-მა“ გაასაჩივრა საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 9 ივნისის განჩინებით შპს „ა-ა-2000-ის“ კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს. საკასაციო პალატამ ჩათვალა, რომ შპს „ა-ა-2000-ის“ წარმომადგენელ თ. ა-ძის მიერ სააპელაციო სასამართლოს 1999წ. 10 სექტემბრის განჩინებაზე შეტანილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს კერძო საჩივრად, ვინაიდან საკასაციო საჩივარი თავისი არსითა და შინაარსით წარმოადგენს კერძო საჩივარს, ამასთან, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე, კანონის თანახმად, შეიძლებოდა მხოლოდ კერძო საჩივრის შეტანა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 17 თებერვალის განჩინებით შპს „ა-ა-2000-ის“ კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 16 აგვისტოს განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივარი, აღნიშნულ განჩინებაში მითითებული გასაჩივრების წესის მიუხედავად, თავისი შინაარსით წარმოადგენს სააპელაციო საჩივარს. ამდენად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999წ. 1 სექტემბრის განჩინებით ხარვეზი დაუდგინდა და სახელმწიფო ბაჟის გადახდა მხარეს დაევალა არა კერძო, არამედ სააპელაციო საჩივარზე. ამავე სასამართლოს 1990წ. 10 სექტემბრის განჩინებით კი, დასახელებული ხარვეზის გამოუწორებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. მითითებული განჩინების გასაჩივრება დასაშვებია არა საკასაციო, არამედ კერძო საჩივრით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999წ. 1 სექტემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის ხარვეზის დადგენის შესახებ აპელანტმა ჩაიბარა ამავეწ. 6 სექტემბერს, რაც დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი განჩინებაზე შესრულებული მინაწერით. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში _ 1999წ. 10 სექტემბრამდე მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია, სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, შპს „ა-ა-2000-ის“ სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა-ა-2000-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 16 აგვისტოს განჩინებით შპს „ა-ა-2000-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ამავე სასამართლოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება შპს „ა-ა-2000-მა“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999წ. 1 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და ამავეწ. 10 სექტემბრამდე მიეცა ვადა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის წარმოსადგენად.

ზემოხსნებული განჩინების ასლი აპელანტმა ჩაიბარა 1999წ. 6 სექტემბერს, რაც დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებით.

სსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მოცემულ შემთხვევაში შპს «ა-ა 2000-ს» სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში _ 1999წ. 10 სექტემბრამდე მითითებული ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს, ამდენად, მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას შპს «ა-ა 2000-ის» განსახილველი კერძო საჩივრის დაუსაბუთებლობის შესახებ და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს «ა-ა 2000-ის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა/რ/ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999წ. 10 სექტემბრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 17 თებერვალის განჩინებები დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.